გადაწყვეტილება №20035/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20035/2/2023
10.07.23
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ -------- (ს/ნ ---------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ --------- 21.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20035/2/2023).
დავის საგანი:
საჩივრის განუხილველად დატოვება - გასულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 11.12.2019 წლის №021-167 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 4.05.2023 წლის №9759 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 246 652.25 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 128 612
დღგ - 26 695
საშემოსავლო გადასახადი - 101 786
ქონების გადასახადი - 131
ჯარიმა - 63 917
საურავი - 54 123.25
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები ასახა 2019 წლის 6 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 11 დეკემბრის №43368 ბრძანება და ამავე თარიღის №021-167 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 4.05.2023 წლის №9759 ბრძანებით საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლზე, 299-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-10 ნაწილებზე, 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე და მიიჩნია, რომ საჩივარი წარდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანმა ვერ შეძლო დაესაბუთებინა საჩივრის ვადაში წარდგენის შეუძლებლობა, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის განმარტებით, აუდიტის დეპარტამენტის 11.12.2019 წლის №021-167 საგადასახადო მოთხოვნა ჩაბარდა 2023 წლის 16 მარტს (სატელეფონო საუბარში ახსენებს, რომ პირადად ჩაიბარა ქ. -------ში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში) და შესაბამისად მისი გასაჩივრების 30 კალენდარული დღის ვადის ათვლა დაიწყო 17 მარტიდან. საჩივარი ფოსტაში ჩააბარა 2023 წლის 15 აპრილს (ფოსტაში ჩაბარება ითვლება საჩივრის შეტანის დღედ). შემოსავლების სამსახურის ბრძანება საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე არის დაუსაბუთებელი, ვინაიდან მომჩივანს, არც ფოსტით ჩაბარებია მანამდე საგადასახადო მოთხოვნა და არც ელექტრონულად გაცნობილა. კიდეც, რომ გაცნობოდა ელექტრონულ გვერდზე, გასაჩივრების წესის მიხედვით საგადასახადო მოთხოვნა საჩივრდება მისი ჩაბარებიდან და არა გაცნობიდან 30 კალენდარულ დღეში. შესაბამისად, ვადის ათვლა არა 2020 წლიდან, არამედ 2023 წლის 17 მარტიდან უნდა დაიწყოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანმა 2023 წლის 15 აპრილს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს. ითხოვს, შემოსავლების სამსახურის 4.05.2023 წლის №9759 ბრძანების გაუქმებას და 2023 წლის 15 აპრილის საჩივრის დასაშვებად ცნობას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 და მე-10 ნაწილების თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო. პირისთვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, წერილობითი დოკუმენტი ფიზიკური პირისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ დოკუმენტი ჩაჰბარდა, მის საცხოვრებელ ადგილზე ამ პირთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
შემოსავლების სამსახურის 27.06.2023 წლის №61528-21-14 წერილის თანახმად, აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 6 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, მის საფუძველზე გამოცემული 2019 წლის 11 დეკემბრის №43368 ბრძანება და 2019 წლის 11 დეკემბრის №021-167 საგადასახადო მოთხოვნა, ადრესატს გაეგზავნა საფოსტო გზავნილის მეშვეობით (გადასახადის გადამხდელის იურიდიულ მისამართზე: --------) და 2020 წლის 23 იანვარს ჩაბარდა ადრესატის მამიდას (-------- პ/ნ --------).
სადავო აქტების გასაჩივრების ვადა საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის მე-6 ნაწილის გათვალისწინებით, იყო 24.02.2020 წელი. შემოსავლების სამსახურში საჩივარი წარდგენილია საფოსტო დაწესებულების მეშვეობით - 15.04.2023 წელს, შესაბამისად, გასულია აუდიტის დეპარტამენტის 11.12.2019 წლის №021-167 საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადა.
ამასთან, ზემოაღნიშნულ დოკუმენტაციას გადასახადის გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის (www.rs.ge) საშუალებით 2021 წლის 11 აგვისტოს. აღნიშნული თარიღიდანაც გასულია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადა.
მომჩივნის განმარტებით, აუდიტის დეპარტამენტის 11.12.2019 წლის №021-167 საგადასახადო მოთხოვნა ჩაბარდა 2023 წლის 16 მარტს (სატელეფონო საუბარში ახსენებს, რომ პირადად ჩაიბარა ქ. --------ში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში). მისი არგუმენტი, რომ სადავო აქტები არც ფოსტით ჩაბარებია და არც ელექტრონულად გაცნობა არ მომხდარა, საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის 27.06.2023 წლის №61528-21-14 წერილის თანახმად, ფიქსირდება სადავო აქტების, როგორც ფოსტით ჩაბარება, ასევე ელექტრონულად გაცნობა, საჩივარი კი წარდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 4.05.2023 წლის №9759 ბრძანება, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის განუხილველად დატოვება - გასულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები ასახა 2019 წლის 6 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 11 დეკემბრის №43368 ბრძანება და ამავე თარიღის №021-167 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 4.05.2023 წლის №9759 ბრძანებით საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 4.05.2023 წლის №9759 ბრძანება, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301"ე", 44, 299(4)(10).