გადაწყვეტილება №25255/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25255/2/2025
01 ივლისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.06.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება --- ის 3.06.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25255/2/2025).
დავის საგანი:
საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების და საბაჟო დეკლარაციების შესაბამისი საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 13.03.2025 წლის №047-1 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 8.05.2025 წლის №9257 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 37 957.97 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 24 548.13
ჯარიმა - 12 274.10
საურავი - 1 135.74
ფაქტების აღწერა
მომჩივნის საქმიანობაა სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულება (მანქანა-დანადგარების შეკეთება, ფანჩატურისა და საბავშვო პარკის მოწყობის სამუშაოები და სხვა). აუდიტის დეპარტამენტის 10.02.2025 წლის №2142 და 25.02.2025 წლის №3364 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და საბაჟო დეკლარაციების 2024 წლის ივნისისა და ნოემბრის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორის, ასევე 2024 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის დადგენის მიზნით დღგ-ის ნაწილში. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 11.03.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
2024 წლის ივნისისა და ნოემბრის თვეების საანგარიშო პერიოდებში გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილია ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელიც არ არის მიბმული დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციებზე და არ არის დღგ-ით დაბეგრილი, ხოლო 2024 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდში სსიპ ---ის მუნიციპალიტეტისთვის შესრულებულია საბავშვო პარკისა და ფანჩატურის მოწყობის სამუშაოები, რომელიც ასევე არ არის ასახული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში.
მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 13.03.2025 წლის №4260 ბრძანება და ამავე თარიღის №047-1 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 8.05.2025 წლის №9257 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, 168-ე მუხლის პირველი ნაწილით, 180-ე მუხლის პირველი ნაწილით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტით, ყურადღება გაამახვილა შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე და არც ზეპირ განხილვაზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა ისეთი არგუმენტი/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
2024 წლის დეკემბრის თვის დეკლარაციაში შემცირებული გადასახადი რეალურად შეადგენს 2 169,15 (ორიათას ასსამოცდაცხრა ლარი და 15 თეთრი) ლარს, ნაცვლად 12 458 ლარისა. არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს და ითხოვს სადავო აქტების ბათილობას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
2. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე 3 დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში შესაძლებელია გამოიწეროს გამარტივებული ფორმის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანების დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საფ-ის მონაცემები შეიტანება საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დღგ-ის დეკლარაციაში, ხოლო გადამხდელებთან არსებული ეგზემპლარები საგადასახადო ორგანოს კონტროლის მიზნით წარედგინება მხოლოდ მისი მოთხოვნის შემთხვევაში.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილია, რომ 2024 წლის ივნისსა და ნოემბერში მომჩივნის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არ არის დღგ-ით დაბეგრილი, ხოლო 2024 წლის დეკემბერში ---ის მუნიციპალიტეტისთვის შესრულებული სამუშაოები, ასევე არ არის ასახული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. მომჩივნის განმარტებით, 2024 წლის დეკემბრის თვის დეკლარაციაში შემცირებული გადასახადი რეალურად შეადგენს 2 169,15 (ორიათას ასსამოცდაცხრა ლარი და 15 თეთრი) ლარს, ნაცვლად 12 458 ლარისა.
საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლმა აღნიშნა, რომ შემოწმების დანიშვნის საფუძველს წარმოდგენდა ანალიტიკური დეპარტამენტის 7.02.2025 წლის №7884-21-05 სამსახურებრივი ბარათი. 11.03.2025 წელს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დაერიცხა სულ 36 822 ლარი. მათ შორის გადასახადი - 24 548 ლარი, ხოლო ჯარიმა - 12 274 ლარი.
მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 6.03.2024 წელს და ამავე თარიღში რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად. გამოვლინდა, რომ 2024 წლის ივნისისა და ნოემბრის თვეების 4 საანგარიშო პერიოდებში გამოწერილი ელ. ანგარიშ-ფაქტურები (ეა------ ეა----) არ არის მიბმული დღგ-ის დეკლარაციებზე და არ არის დღგ-ით დაბეგრილი, ხოლო 2024 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდში სსიპ ---ის მუნიციპალიტეტისთვის (ს/ნ ----) შესრულებულია საბავშვო პარკისა და ფანჩატურის მოწყობის სამუშაოები (CMR----), რომელიც არ არის ასახული დღგ-ის ბრუნვაში.
მომჩივნის არგუმენტზე, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ სხვაობა გამოწვეულია იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ 2024 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდში მეწარმეს დეკლარირებული დღგ ბრუნვა შეადგენს 88 000 ლარს (დღგ 15 840 ლარი), გაწეული აქვს სამშენებლო/მანქანა-დანადგარების შეკეთების სამუშაოები სხვადასხვა იურიდიული პირებისთვის (სულ დღგ ბრუნვა -100 050.8 ლარი, დღგ-18 009 ლარი), რაზეც გამოწერილია ელ. ანგარიშფაქტურები.
ამავე საანგარიშო პერიოდში სსიპ ---ის მუნიციპალიტეტისთვის (ს/ნ ---) შესრულებულია საბავშვო პარკისა და ფანჩატურის მოწყობის სამუშაოები (CMR---), რომელზეც არ არის გამოწერილი ელ. ანგარიშ-ფაქტურები (დღგ-ის ბრუნვა 57 161 ლარი, დღგ 10 289 ლარი).
ზემოხსენებული ნორმების და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს რაიმე არგუმენტს/მტკიცებულებას, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების და საბაჟო დეკლარაციების შესაბამისი საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორე.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის საქმიანობაა სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულება (მანქანა-დანადგარების შეკეთება, ფანჩატურისა და საბავშვო პარკის მოწყობის სამუშაოები და სხვა). საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
2024 წლის ივნისისა და ნოემბრის თვეების საანგარიშო პერიოდებში გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილია ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელიც არ არის მიბმული დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციებზე და არ არის დღგ-ით დაბეგრილი, ხოლო 2024 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდში მუნიციპალიტეტისთვის შესრულებულია საბავშვო პარკისა და ფანჩატურის მოწყობის სამუშაოები, რომელიც ასევე არ არის ასახული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159; 163; 164; 180.