გადაწყვეტილება №23985/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 27.11.2024
№ დოკუმენტი 23985/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№23985/2/2024

27 ნოემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---------ი“ (ს/ნ -----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------ს“ 20.09.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23985/2/2024).

 

დავის საგანი:

1. დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება;

2. დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 9 ივლისის №094-32 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 სექტემბრის №19668 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 31 052 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 18 785

ჯარიმა - 9 185

საურავი - 3 082

 

პროცედურული გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 5 ივნისის №13309 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის გასვლითი თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 26 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 8 ივლისის №16107 ბრძანება და 9 ივლისის №094-32 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 31 052 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 7 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 2 სექტემბრის №19668 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელს 2023 წლის ივლისის და აგვისტოს თვეების საანგარიშო პერიოდებში უფიქსირდება გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა მიხედვით არ აქვს საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდზე საწარმოს არ აქვს დღგის ყოველთვიურ დეკლარაციაში სრულად ასახული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების საფუძველზე, შემოწმებით დასაბეგრ ბრუნვებში ჩართულ იქნა აუსახველი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 180- ე, 43-ე მუხლებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლზე და ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, ასევე აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც დგინდება, რომ გადამხდელს 2023 წლის ივლისის და აგვისტოს თვეების საანგარიშო პერიოდებში უფიქსირდება გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა მიხედვითაც აღნიშნულ პერიოდზე საწარმოს არ აქვს დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციაში სრულად ასახული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. კერძოდ, 2023 წლის ივლისის თვეში გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 268 297 ლარს (დღგ-ის გარეშე), აქედან ავანსის სახით წინა საანგარიშო პერიოდის მიხედვით ექვემდებარებოდა დაბეგვრას 68 378 ლარი, ხოლო 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 199 918 ლარს, 2023 წლის აგვისტოს თვეში კომპანიის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 407 387 ლარს (დღგ-ის გარეშე), აქედან ავანსის სახით წინა საანგარიშო პერიოდის მიხედვით ექვემდებარებოდა დაბეგვრას 146 253 ლარი, ხოლო 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 261 133 ლარს. ამავე ინფორმაციით ირკვევა, რომ შემოწმების მიმდინარეობისას ავანსის თანხების განაშთვა განხორციელდა შესრულებული/შესასრულებელი პროექტების შესაბამისად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ასაჩივრებს მიზეზს, რომელმაც გამოიწვია 1.07.2023 – 1.09.2023 პერიოდის დასარიცხი-გასაქვითი თანხების დაუდეკლარირებლობა, ვინაიდან არის თვეები 2023-2024 წლების პერიოდში, სადაც შეუძლებელი იყო დღგ-ის გასაქვითი თანხების დეკლარირება იმ მიზეზით, რომ აუდიტის მიერ შემოწმებულ 1.01.2020 – 1.03.2023 წლებში მიღებულ ავანსზე დარიცხულ დღგ-ზე არ არსებობს ავანსის ფაქტურები, რომელიც შესაძლებლობას მისცემდა მომჩივანს შეემცირებინა შემდგომში ეტაპობრივად გამოწერილი შესრულების ფაქტურების დღგ ავანსის დღგ-ის პროპორციულად.

ითხოვს გადაიხედოს 03.2023; 06.2023; 02.2024; 03.2024 - შემოწმების შემდგომი პერიოდებიც:

2023 წლის მარტის თვეში იმის გამო, რომ ვერსად მოიძიეს მეთოდური მითითება და აუდიტთან შეკითხვაზეც პასუხი ვერ მიიღეს - თუ როგორ შეიმცირონ აუდიტის მიერ შემოწმებისას ავანსებზე დარიცხული დღგ შემდგომ პერიოდში, რადგან არ არსებობდა ავანსის დღგ-ის ფაქტურა, 2023 წლის მარტის თვის დღგ-ის დეკლარაციაზე გადაიხადეს შესრულებების სრული დღგ გასულ პერიოდზე დარიცხული და ამ პერიოდში შესამცირებელი დღგ-ის - 11 614.44 ლარის გათვალისწინების გარეშე, კონკრეტულად არ შემცირებულა:

ა/ფაქტურაზე ეა------- – 2 409.49 ლარი დღგ; შესამცირებელი - 722.85 ლარი დღგ.

ა/ფაქტურაზე ეა-------- – 43.16 ლარი დღგ; შესამცირებელი - 12.95 ლარი დღგ.

ა/ფაქტურაზე ეა-------- – 36262.14 ლარი დღგ; შესამცირებელი - 10878.64 ლარი დღგ.

2023 წლის ივნისის თვეში ა/ფაქტურაზე ეა-------- – 11 158.05 ლარი; შესამცირებელი - 2 247.41 ლარი, რომელიც ვერ გაქვითეს იგივე ავანსის დღგ-ის ფაქტურის არ არსებობის გამო და დარჩა ზედმეტად დეკლარირებული და გადახდილი.

2023 წლის ივლისის დეკლარაციაში სწორედ ზემოთ აღნიშნული მიზეზის გამო იგივე სიტუაციაში აღმოჩნდნენ,ა/ფაქტურაზე ------ – 30 575.22 ლარი დღგ; შესამცირებელი - 9 172.57 ლარი.

ა/ფაქტურაზე ეა------ – 10 451.95 ლარი დღგ; შესამცირებელი - 3 135.58 ლარი.

რომელიც შეუძლებელი იყო შეემცირებინათ ავანსის ფაქტურის არ არსებობის გამო, ამიტომ აღნიშნული ფაქტურა არ მიაკრეს დეკლარაციას, რის გამოც არც გადასახდელი და არც ჩასათვლელი დღგის თანხა არ ასახულა. აღსანიშნავია, რომ ამ დროს წინა მარტის და ივნისის თვეებში არ მოხერხდა ავანსის ფაქტურის არ არსებობის გამო დღგ-ის თანხის გაქვითვა და ზედმეტად დეკლარირებული იყო 11 614.44 + 3 347.41 = 14 961.85 ლარი.

2024 წლის თებერვლის თვეში დაკორექტირებულია ავანსის (აკ -----) ფაქტურა დაბრუნებულ თანხაზე 201 366.29 ლარი, დღგ - 30 716.89 ლარი, რომლის დღგ სრულად ვერ გაქვითეს, რადგან გამოწერილი ავანსის ფაქტურიდან დარჩენილი იყო 27 803.24 დღგ-ის გამოსაქვითი თანხა, აუდიტის მიერ დარიცხულ ავანსის ფაქტურის არ არსებობის გამო გაუქვითავი დარჩა 2 913.65 ლარი დღგ.

2024 წლის მარტის თვეში შესამცირებელი იყო ავანსის თანხიდან უკან დაბრუნებულ 108 234.72 ლარზე 16 510.38 ლარი დღგ-ის თანხა, რაც ვერ მოახერხეს იმის გამო, რომ არ არის გამოწერილი ავანსის ფაქტურა აუდიტის მიერ ავანსზე დარიცხულ თანხაზე და აქედან გამომდინარე ვერც ავანსის კორექტირების ფაქტურა შექმნეს.

ასე რომ, აქვთ გასაქვითი და ზედმეტად გადახდილი დღგ 03.2023 – 11 614.44 ლარი; 06.2023 – 3 347.41 ლარი; 07.2023 – 12 308.15 ლარი; 02.2024 – 2 913.65 ლარი; 03.2024 – 16 510.38 ლარი.

ჯამში: 46 694.03 ლარი, თუ მას დავამატებთ ბარათზე არსებულ 19 756 ლარის ზედმეტობას, საკმაო თანხა დაჯდება კომპანიის ანგარიშზე.

მიუხედავად არაერთი მიმართვისა, სამჯერ წერილობით, რამდენიმეჯერ ზეპირი მიმართვით, ვერასოდეს მიიღეს ჯეროვანი პასუხი შემოსავლების სამსახურიდან, რაც გამოიყვანდათ ამ გაურკვეველი სიტუაციიდან, გარდა ბოლოს მიღებული პასუხიდან - რომ საჭიროა გამოიწეროს ავანსის ანგარიშფაქტურა აუდიტის მიერ დარიცხულ ავანსზე, მაგრამ თუ როგორ ესეც განსჯის საგანია.

მომჩივანი ითხოვს დაუბრუნდეს აუდიტის დეპარტამენტს ხელახლა განსახილველად მითითებული თვეები დამატებით, რადგან შემოსავლების სამსახურს განხილული აქვს მხოლოდ დარიცხული დღგ-ის თვეები და შეგნებულად არის გამოტოვებული თვეები, სადაც შეუძლებელი გახდა ავანსზე მიღებული დარიცხული დღგ-ის თანხის შემცირება.

თავდაპირველად მოგვარდეს აუდიტის მიერ ავანსზე დარიცხული დღგ-ის თანხების გაქვითვის შესაძლებლობა, აღიარდეს ბარათზე ზემოთ მოცემული გასაქვითი დღგ-ის თანხები.

 

2. დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლება

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 9 ივლისის №094-32 საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად, მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 31 052 ლარი. მათ შორის, გადასახადი - 18 785 ლარი, ჯარიმა - 9 185 ლარი და საურავი - 3 082 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე, 275-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული ჯარიმა/საურავი შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი ითხოვს გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობის გარეშე. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 სექტემბრის №19668 ბრძანება;

3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება;

2. დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №13309 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის გასვლითი თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №16107 ბრძანება და №094-32 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 31 052 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც №19668 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302(6);