ბრძანება N 627
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 627
18 იანვარი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ „---------“ (ს/ნ ---------)
(მის.: ---------)
2024 წლის 8 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 10 იანვრის სხდომაზე (ოქმი №1) განიხილა ი/მ ---------- (ს/ნ ----------) 2024 წლის
8 იანვრის №86534/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 29 დეკემბრის №086-75 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, შემოწმების მიერ გამოყენებულ 10%-იან ფასნამატს. მიუთითებს, რომ მუშაობდა 14მ2 ფართში და ბოსტნეულის მიწოდებას ახდენდა 30 თეთრში. ამასთან, აღნიშნავს, რომ გამოძიების შედეგად, ევრო ერთებთან დაკავშირებული ბრალდება სრულიად მოეხსნა. ითხოვს დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას და იმპორტის გადასახადში დარიცხული თანხების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებით დგინდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 11 მაისის №ბს-152(2კ-23) განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა ----------- სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 6 დეკემბრის №3/ბ-421-2022წ. გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:
„1.---------- (პ/ნ ----------) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ----------- საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ----------- (პ/ნ ----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ნაწილობრივ (შემოწმების შედეგად. სხვა კომპანიის შპს „-----------“ ფასნამატის გავრცელების ნაწილში) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 26.08.2015წ. N081-180 საგადასახადო მოთხოვნა, 26.08.2015წ. № 32320 ბრძანება, 04.11.2015წ. N41336 ბრძანება და ფინანსთა სამინისტროს დავების განმხილველი საბჭოს 17.03.2017წ. გადაწყვეტილება (საჩივრის N°11738/2/15);
4. დაევალოს სსიპ შემოსავლების სამსახურს, სადავო საკითხზე, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი“.
----------- სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 6 დეკემბრის №3/ბ-421-2022 გადაწყვეტილების თანახმად, დაკმაყოფილებული სადავო საკითხის ნაწილში მითითებულია შემდეგი:
„შემოწმების მიერ სხვა კომპანიის (შპს „----------“) ფასნამატის გავრცელება ი/მ ---------- მიმართ, რასაც გადამხდელი არ ეთანხმება და მეტიც მიიჩნევს, რომ შპს „-----------“ აუდირებული ფასნამატის გამოყენების შემთხვევაშიც კი, შეუძლებელია იმ შედეგის მიღება, რაც დაფიქსირებულია აქტში დარიცხვის სახით, პალატა ნაწილობრივ იზიარებს აპელანტის პოზიციას და მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში არსებობს სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანოსთვის საკითხის ხელახლა გამოკვლევისა და შეფასების დავალების წინაპირობები.
განსახილველ შემთხვევაში ის ფაქტი, რომ გადასახადის გადამხდელი ი/მ ---------- სრულყოფილად არ აწარმოებდა საბუღალტრო დოკუმენტაციას, საქმეზე შეკრებილი მასალებით დადგენილია. დადგენილია ისიც, რომ გადამხდელთან არსებული სააღრიცხვო მასალები, საკმარისი არ იყო გადამხდელის საქმიანობაზე სრული სურათის შექმნისათვის. შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის აუცილებლობა, პალატის შეფასებით, წარმოდგენილი საქმის მასალებით დადასტურებულია. ამასთან, ვერც გადასახადის გადამხდელი ასაბუთებს, ერთობლივი შემოსავლის დოკუმენტურად სრულყოფილად განსაზღვრის შესაძლებლობას.
დასახელებული სახელმძღვანელოს დებულებებისა და გასაჩივრებული აქტების შინაარსის ანალიზის გათვალისწინებით, პალატა იზიარებს აპელანტის (მოსარჩელის) არგუმენტებს და მიიჩნევს, რომ სადავო ნაწილში გასაჩივრებული აქტებით სათანადოდ დასაბუთებული არ არის რა კონკრეტული ფაქტებით თუ რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა აუდიტორმა და რომელ სუბიექტებს შორის შედარების შედეგად შეარჩია შპს „----------“, რომლის აუდირებისას გამოვლენილი ფასნამატიც ყველაზე მეტად მიესადაგებოდა ი/მ -----------. ასევე, შემოწმების აქტით დასაბუთებული არ არის რომელი პროდუქციის რეალიზაციაზე გაავრცელა აუდიტორმა ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის აუდირებისას გამოვლენილი ფასნამატი და რომელ პროდუქციაზე დოკუმენტურად დადასტურებული, თუ ასეთ დათვლას ჰქონდა ადგილი, როგორც ამას მიუთითებს შემოსავლების სამსახური. გადასახადის გადამხდელის სადავო აქტებით დეტალურად არ განემარტა, რა მონაცემებზე განსაზღვრა აუდიტორმა დასაბეგრი შემოსავლები, აღნიშნული ბუნდოვანება კი გახდა გადასახადის გადამხდელის პრეტენზიის საფუძველი. კონკრეტული გამოთვლების არარსებობა კი, არ აძლევს პალატას შესაძლებლობას იმსჯელოს სადავო დარიცხვების კანონიერების თაობაზე. მიუხედავად მხარის არაერთი მითითებისა, მოწინააღმდეგე ადმინისტრაციულ ორგანოებს, გარდა ზოგადი მითითებისა, რომ გადასახადის გადამხდელი მხოლოდ წლიურ რპთ-ზე საშუალო ფასნამატის დაფიქსირებით არ უნდა მსჯელობდეს აქტში დაფიქსირებულ შემოსავალზე, ვინაიდან აქტში ასახული რპთ მოიცავს დოკუმენტურ ფასნამატსაც, _ შემოწმების პროცესში შედგენილი რაიმე დეტალური გაანგარიშება (ცხრილები) არც მხარისთვის და არე სასამართლოსთვის არ წარმოუდგენიათ. აქედან გამომდინარე, პალატის შეფასებით, სადავო აქტებში, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისთვის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებისას დაცული არ არის აუდიტის სახელმძღვანელოს ზემოთ დასახელებული მოთხოვნები, რაც გასაჩივრებულ ნაწილში ამ აქტების დაუსაბუთებლობასა და საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე მიუღებლობაზე მიუთითებს.
შესაბამისად, როცა სადავო საკითხის გადაწყვეტაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, როგორც საგადასახადო აუდიტის განხორციელებისას საქმის გარემოებები, ისე აუდიტის შედეგებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა, სათანადოდ არ შეუფასებია, პალატა მიიჩნევს, რომ მიზანშეწონილია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობა. მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ადმინისტრაციულ ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში, რადგან სადავო საკითხის გადაწყვეტა მოპასუხის უფლებამოსილებას განეკუთვნება, სწორედ საგადასახადო ორგანოა ვალდებული სადავო საკითხი შეისწავლოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება.“
--------- სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 6 დეკემბრის №3/ბ-421-2022წ. გადაწყვეტილების და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 11 მაისის №ბს152(2კ-23) განჩინების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 19 დეკემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შემცირდა სულ 471 828 ლარი, მათ შორის, გადასახადი 314 552 ლარი და ჯარიმა 157 276 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 29 დეკემბრის №086-75 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
აუდიტის დეპარტამენტში საკითხის ხელახალი შესწავლის შედეგად დაკორექტირდა გადასახადის გადამხდელის საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელებული ფასნამატი. შედეგად, დაკორექტირდა 2010, 2011, 2012, 2013, 2014 წლების დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბრუნვები, ბრუნვის კორექტირების ფარგლებში საცალოდ რეალიზებულ პროდუქციაზე გავრცელდა ანალოგიური საქმიანობის მქონე აუდირებული კომპანიის სარეალიზაციო ფასნამატი, რომელმაც შეადგინა 10%, რის შედეგადაც შემცირდა საგადასახადო ვალდებულებები.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით,დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული თანხები. კერძოდ, საცალოდ რეალიზებულ პროდუქციაზე გავრცელდა ანალოგიური საქმიანობის მქონე აუდირებული პირის სარეალიზაციო ფასნამატი 10%, რის შედეგადაც შემცირდა დღგსა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა აღსრულება და სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც -------- სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 6 დეკემბრის №3/ბ-421-2022წ. გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ---------- (ს/ნ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს. ითხოვს დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას და იმპორტის გადასახადში დარიცხული თანხების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტში საკითხის ხელახალი შესწავლის შედეგად დაკორექტირდა გადასახადის გადამხდელის საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელებული ფასნამატი. შედეგად, დაკორექტირდა 2010, 2011, 2012, 2013, 2014 წლების დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბრუნვები, ბრუნვის კორექტირების ფარგლებში საცალოდ რეალიზებულ პროდუქციაზე გავრცელდა ანალოგიური საქმიანობის მქონე აუდირებული კომპანიის სარეალიზაციო ფასნამატი, რომელმაც შეადგინა 10%, რის შედეგადაც შემცირდა საგადასახადო ვალდებულებები.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:302(6);