გადაწყვეტილება №18700/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18700/2/2023
17.03.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: --------- (ს/ნ------------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------------ის 20.01.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18700/2/2023).
დავის საგანი:
ჯარიმებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 12.10.2022 წლის №085-14 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 30.12.2022 წლის №33829 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 102 304,36 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 49 272,25
დღგ - 4 494
საშემოსავლო გადასახადი - 44 778,25
ჯარიმა - 38 466
საურავი - 14 566,11
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამრეწველო ტექნიკისა და მოწყობილობების მონტაჟი. აუდიტის დეპარტამენტის 30.09.2022 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.06.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდი. გადამხდელი მონაწილეობს ტენდერებშიც. შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელმა წარადგინა საჭირო დოკუმენტაცია და ახსნა-განმარტებები. საბანკო ამონაწერების შესწავლისას თითოეულ მიღებულ თანხაზე გადამხდელმა წარადგინა ახსნა-განმარტება. ამრიგად, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა სრულად და ზედმიწევნით იქნა განსაზღვრული. ასევე, გადამხდელს 2019 წლის ოქტომბრის თვის დეკლარაციაზე მიბმული ჰქონდა ჩასათვლელი ანგარიშ-ფაქტურები, თუმცა საბოლოო თანხის ოდენობის მითითების გარეშე. სწორედ ამიტომ, დღგ-ის ჩათვლა გაზრდილია 4 464 ლარით. როგორც გაირკვა, გადამხდელი დამატებული ღირებულების გადასახადს ადეკლარირებდა საკასო მეთოდის გამოყენებით. შემოწმების პროცესში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა მიღება ჩაბარების აქტებსა და ბანკში ჩარიცხულ თანხებს შორის უადრესით. შემოწმების ფარგლებში დაკორექტირდა გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები და გადამხდელს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა დღგ 8 300 ლარის ოდენობით და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
ამასთან, საგადასახადო კოდექსის მე-100 და 105-ე მუხლების გათვალისწინებით განისაზღვრა გადამხდელის ერთობლივი შემოსავლები და გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯები თითოეულ წელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი 45 114 ლარი და დაეკისრა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 12.10.2022 წლის №085-14 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 30.12.2022 წლის №33829 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 43- ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანია პირნათლად და სრულად ასრულებს საგადასახადო ვალდებულებებს. არასდროს არ არის დაჯარიმებული საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობისთვის და სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისთვის. შემოწმებით ბიუჯეტის მიმართ დამატებით დარიცხული თანხები გამოწვეული იქნა ტექნიკური საკითხებით. ქვეყანაში არსებული პანდემიის პირობებში მოხდა აღრიცხვის მუშაკების ცვლილება, რამაც ფაქტობრივად ხელი შეუშალა საგადასახადო ვალდებულებების სწორად დეკლარირებას. ფაქტობრივად დეკლარაციაზე მიბმული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არ იქნა ასახული საგადასახადო დეკლარაციის შესაბამის გრაფებში. კომპანია აღიარებს ტექნიკური შეცდომებიდან გამომდინარე დამატებით დარიცხულ ძირითად თანხებს და სრულად განახორციელებს აღნიშნული თანხების გადახდას. თუმცა, კომპანიისთვის დღევანდელი პირობების გათვალისწინებით შეუძლებელი იქნება დარიცხული ჯარიმების გადახდა.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებითა და საგადასახადო კოდექსის 269–ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, მომჩივანი ითხოვს როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელი, გათავისუფლდეს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმებისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.
ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას. კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას), ხოლო იმ შემთხვევაში თუ პირი მოქმედებდა თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით არ შეიძლება გათავისუფლდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების და მომჩივნის ჯარიმებისგან გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269–ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმებისგან.
ფაქტობრივი გარემოება
გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამრეწველო ტექნიკისა და მოწყობილობების მონტაჟი. აუდიტის დეპარტამენტის აქტის შემოწმების ფარგლებში დაკორექტირდა გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები და გადამხდელს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა. ამასთან, განისაზღვრა გადამხდელის ერთობლივი შემოსავლები და გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯები. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის ჯარიმებისგან გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269 (1); 270 (1); 275 (2).