ბრძანება N 2433
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 2433
10.02.2023
შპს „--------- “ (ს/ნ -------- )
(მის.: )
2022 წლის 9 დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს „-------- “ (ს/ნ ---------) №224419/21 საჩივარი შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 6 დეკემბრის №CB1423396 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის თაობაზე. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 28 დეკემბრის და 2023 წლის 6 თებერვლის სხდომებზე (ოქმები №124 და №10).
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ კომპანია შექმნის დღიდან არ ფუნქციონირებს. ამასთან, იგი არ იმყოფებოდა საქართველოში, ამდენად, არანაირი შეტყობინება არ მიუღია. აღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ სამართალდარღვევა კომპანიისთვის წარმოადგენს პირველ შემთხვევას, მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმის მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებითა და ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე შპს „-------“ (ს/ნ --------) მიმართ გამოცემული იქნა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ 2022 წლის 24 ოქტომბრის N011-4926 ბრძანება. ამასთან, გადასახადის გადამხდელს დაევალა ბრძანების ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ქონების ნუსხის წარმოდგენა.
„ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ 2022 წლის 24 ოქტომბრის N011-4926 ბრძანება შპს „--------“ (ს/ნ -------) გაეგზავნა იურიდიულ მისამართზე ფოსტის მეშვეობით, რომელიც 2022 წლის 11 ნოემბერს ხელზე ჩაიბარა კომპანიის დირექტორის ოჯახის წევრმა. ვინაიდან მოთხოვნილი ინფორმაცია, შპს „-------“ (ს/ნ -------- ) მიერ არ იქნა წარმოდგენილი დადგენილ ვადაში, აღნიშნულ სამართალდარღვევის ფაქტზე ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 6 დეკემბერს შედგენილ იქნა №CB1423396 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 400 ლარის ოდენობით.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით შპს „-------“ (ს/ნ -------) 2023 წლის 6 თებერვლის მდგომარეობით ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 6360 ლარი, საურავი 701.99 ლარი.
ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ საქმეზე მოწოდებული მასალებით ასევე დგინდება, რომ მომჩივანის მიერ ქონების ნუსხა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტში წარმოდგენილი არ არის.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირს მოსთხოვოს:
ა) მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა;
ბ) მისი ქონების ნუსხის წარდგენა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მითითებულ ვადაში ქონების ნუსხის წარუდგენლობა იწვევს პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ --------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმის მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოება
გადასახადის გადამხდელის მიმართ გამოცემული იქნა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ 2022 წლის 24 ოქტომბრის N011-4926 ბრძანება. ამასთან, გადამხდელს დაევალა ბრძანების ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ქონების ნუსხის წარმოდგენა. ბრძანება გადამხდელს გაეგზავნა იურიდიულ მისამართზე ფოსტის მეშვეობით, რომელიც 2022 წლის 11 ნოემბერს ხელზე ჩაიბარა კომპანიის დირექტორის ოჯახის წევრმა. ვინაიდან მოთხოვნილი ინფორმაცია,გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი დადგენილ ვადაში, აღნიშნულ სამართალდარღვევის ფაქტზე ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 6 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად გადამხდელს სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა.ამასთან, გადამხდელს 2023 წლის 6 თებერვლის მდგომარეობით ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება. ასევე დგინდება, რომ მომჩივანის მიერ ქონების ნუსხა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტში წარმოდგენილი არ არის.
გადაწყვეტილება
ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: (2021-მდე მოქმედი) 161; 269; 270; 272; 275.