ბრძანება N 27446
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 27446
07 ნოემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“-ს (ს/ნ ----------)
(მის: ----------)
2023 წლის 13 ოქტომბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2023 წლის 27 ოქტომბერს (ოქმი N112) განიხილა შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) N84076/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 15 სექტემბრის №CB1506976 და №CB1506962 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებს.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 7 სექტემბრის N23131 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. მიმდინარე კონტროლის განხორციელების შედეგებზე შედგენილი იქნა ოქმის პროექტი, რასთან დაკავშირებითაც 2023 წლის 1 თებერვალს წარადგინეს წერილობით პოზიცია, რომლითაც არ ეთანხმებოდნენ ოქმის პროექტში გამოყვანილ შედეგებს. აღნიშნული პოზიცია განიხილა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მედიაციის საბჭომ 2023 წლის 14 მარტს, რომელიც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე მცირედით გადაანგარიშდა (შემცირდა) ოქმის პროექტით გამოყვანილი შედეგები (დანაკლისი/ზედმეტობა). შედეგად, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა 2023 წლის 15 სექტემბერს გამოსცა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის შედეგების შესახებ შემაჯამებელი სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები, რის შედეგადაც გამოვლინდა სმფ-ს დანაკლისი და აღურიცხავი საქონელი.
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ინვენტარიზაციით გამოყვანილ ფასნამატს და აცხადებს, რომ 50.39% ფასნამატი არ შეესაბამება რეალობას. მისთვის გაუგებარია საიდან განისაზღვრა აღნიშნული ფასნამატი და რა შესადარისი ბაზა იქნა გამოყენებული. კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე, ფიზიკურად წარმოუდგენელია მსგავსი ფასნამატებით საქონლის რეალიზაცია. კომპანიის რეალური ფასნამატი იყო 20-25%-ის ფარგლებში. ამასთან მიუთითებს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა სმფ-ების ინვენტარიზაციისას მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ კომპანიის ბალანსზე აღრიცხული სმფ-ების დიდი ნაწილი არის ძველი მოდელების ავტომობილების მეორადი ნაწილები (ე.წ. „ჩაწოლილი“ საქონელი) და კომპანიას უწევდა მათი რეალიზაცია მიზერული ფასნამატით, ხშირ შემთხვევაში კი - თვითღირებულებაზე დაბალი ფასით. გარდა ამისა, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ზოგ შემთხვევაში სმფ-ების რეესტრში არასწორად არის შეყვანილი საქონლის დასახელება, ზოგ შემთხვევაში კი - არასწორად არის დაფიქსირებული საქონლის საბაზრო ფასები.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება გადაწყვეტილების მისაღებად. შესაბამისად ითხოვს საჩივარში მოყვანილი არგუმენტების გათვალისწინებას და სადავო ოქმების ბათილად ცნობას.
ფაქტების აღწერა:
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ამავე დეპარტამენტის 2022 წლის 7 სექტემბრის №23131 ბრძანების საფუძველზე შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) ობიექტში (მდ: ----------) განხორციელდა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობების ინვენტარიზაცია. შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) საქმიანობის სფეროა ახალი ავტონაწილების იმპორტი, ასევე ადგილობრივ ბაზარზე შეძენა და რეალიზაცია. ინვენტარიზაციის დაწყებამდე შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) დირექტორს ჩაბარდა ბრძანება ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ. ბრძანების ჩაბარების შემდეგ მასვე ჩამოერთვა ხელწერილი, რომ ყველა ბუღალტრული საბუთი დამუშავებულია, მიღებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები აღებულია შემოსავალში, ხოლო რეალიზებული სმფ-ები ჩამოწერილია გასავალში.
2022 წლის 9 სექტემბერს დასრულდა შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) სმფ-ების ფაქტიური აღწერა, რაზეც კომპანიის დირექტორს ჩამოერთვა ხელწერილი მასზედ, რომ საინვენტარიზაციო კომისიამ ფასეულობები აღწერა სწორად და კომისიასთან პრეტენზია არ გააჩნია.
საანგარიშო პერიოდად აღებული იქნა პერიოდი 2022 წლის 1 იანვრიდან ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე. საანგარიშო პერიოდის სმფ-ების საწყისი ნაშთი განისაზღვრა 820 000 ლარით 2022 წლის მარტის თვის მოგების გადასახადის დეკლარაციის მიხედვით; საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შეძენილი სმფ-ს პირვანდელმა ღირებულებამ შეადგინა ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით - 0 ლარი; 2022 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 7 სექტემბრის ჩათვლით რეალიზებული სმფ-ების საბაზრო ღირებულებად (დღგ-ს ჩათვლით) საინვენტარიზაციო კომისიის მიერ აღებულ იქნა 65 048 ლარი დღგ-ს დეკლარაციების მიხედვით.
ფაქტიურ აღწერასა და ბუღალტრულ ნაშთს შორის გამოვლენილი სხვაობების პირველადი შედეგები პროექტის სახით, 2023 წლის 26 იანვარს ჩაბარდა შპს „----------“-ს დირექტორს. პროექტის მიხედვით გამოვლენილმა სმფ-ების დანაკლისმა საბაზრო ფასებით შეადგინა 1327101.45 ლარი, აგრეთვე, გამოვლინდა აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები (ზედმეტობა) საბაზრო ღირებულებით 32 460 ლარის ოდენობით.
პროექტის ჩაბარების შემდეგ, 2023 წლის 1 თებერვალს, შპს „----------“ (ს/ნ ----------) შემოსავლების სამსახურში წარადგინა პოზიცია, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ დაეთანხმა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების ოქმის პროექტს. კერძოდ: სასაქონლომატერიალური ფასეულობებზე გავრცელებულ ფასნამატს. ამასთან, მიუთითებს, რომ რიგ საქონელზე გააჩნია პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია. გადასახადის გადამხდელი ითხოვდა აღნიშნულის გათვალისწინებასა და ინვენტარიზაციის შედეგების შესაბამისად გამოყვანას.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მედიაციის საბჭომ შპს „----------“-ს მიერ წარდგენილი წერილობითი პრეტენზია დააკმაყოფილა ნაწილობრივ. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს დაევალა 20 სამუშაო დღის ვადაში წარედგინა ინვენტარიზაციის განმახორციელებელი ოფიცრებისათვის განსახილველი საკითხის მის მიერ წარდგენილი პოზიციის და არგუმენტაციების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ხოლო ინვენტარიზაციის განმახორციელებელ ჯგუფს დაევალა წარმოდგენილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტების შესწავლა და საკითხის შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში ოქმის პროექტით დასარიცხი თანხების კორექტირება(შემცირება).
საინვენტარიზაციო კომისიამ შეაჯამა მის ხელთ არსებული ინფორმაცია შპს „----------“-ს ობიექტში ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შესახებ, ამასთან, გადასახადის გადამხდელის თანამონაწილეობით განხორციელდა წარმოდგენილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტების შესწავლა.
საკითხის შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სმფ-ების ფაქტიურმა ნაშთმა თვითღირებულებით, რომლებზეც წარმოდგენილ იქნა პირველადი საგადასახადო დოკუმენტები, ნაცვლად 109 284,46 ლარისა შეადგინა 112 918.79 ლარი. შესაბამისად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისმა საბაზრო ღირებულებით ნაცვლად პროექტით გათვალისწინებული 1327101,45 ლარისა, შეადგინა 1189738,24 ლარი (ფასნამატი 66% ის ნაცვლად გამოყენებულ იქნა 50.39%). ასევე, პროექტით გათვალისწინებული აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალურმა ფასეულობებმა (ზედმეტობა) საბაზრო ღირებულებით ნაცვლად 32 460 ლარისა შეადგინა 6 945 ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელის მიმართ 2023 წლის 15 სექტემბერს შედგენილ იქნა №CB1506976 და №CB1506962 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286 მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილების თანახმად დაჯარიმდა 3472.5 და 118973.83 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.
ამავე მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაცია არის პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
ამავე კოდექსის 72-ე მუხლის თანახმად:
1. პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
2. პირველადი საგადასახადო დოკუმენტი დგება არანაკლებ ორ იდენტურ ეგზემპლარად, რომლებიც რჩება სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეებთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.
საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარს თან არ ურთავს ისეთ მტკიცებულებებს, რომელიც გავლენას მოახდენს (შეამცირებს) ინვენტარიზაციის შედეგებზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამდენად, მომჩივანს უარი უნდა ეთქვას საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ინვენტარიზაციით გამოყვანილ ფასნამატს, ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა სმფ-ს დანაკლისი და აღურიცხავი საქონელი. გადასახადის გადამხდელი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება გადაწყვეტილების მისაღებად. შესაბამისად ითხოვს საჩივარში მოყვანილი არგუმენტების გათვალისწინებას და სადავო ოქმების ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე გადამხდელის ობიექტში განხორციელდა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობების ინვენტარიზაცია. მომჩივანის საქმიანობის სფეროა ახალი ავტონაწილების იმპორტი, ასევე ადგილობრივ ბაზარზე შეძენა და რეალიზაცია. ინვენტარიზაციის დაწყებამდე დირექტორს ჩაბარდა ბრძანება ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ. ბრძანების ჩაბარების შემდეგ მასვე ჩამოერთვა ხელწერილი, რომ ყველა ბუღალტრული საბუთი დამუშავებულია, მიღებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები აღებულია შემოსავალში, ხოლო რეალიზებული სმფ-ები ჩამოწერილია გასავალში. 2022 წლის 9 სექტემბერს დასრულდა სმფ-ების ფაქტიური აღწერა, რაზეც კომპანიის დირექტორს ჩამოერთვა ხელწერილი მასზედ, რომ საინვენტარიზაციო კომისიამ ფასეულობები აღწერა სწორად და კომისიასთან პრეტენზია არ გააჩნია. საანგარიშო პერიოდად აღებული იქნა პერიოდი 2022 წლის 1 იანვრიდან ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე. საანგარიშო პერიოდის სმფ-ების საწყისი ნაშთი განისაზღვრა 820 000 ლარით 2022 წლის მარტის თვის მოგების გადასახადის დეკლარაციის მიხედვით; საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შეძენილი სმფ-ს პირვანდელმა ღირებულებამ შეადგინა ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით - 0 ლარი; 2022 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 7 სექტემბრის ჩათვლით რეალიზებული სმფ-ების საბაზრო ღირებულებად (დღგ-ს ჩათვლით) საინვენტარიზაციო კომისიის მიერ აღებულ იქნა 65 048 ლარი დღგ-ს დეკლარაციების მიხედვით. ფაქტიურ აღწერასა და ბუღალტრულ ნაშთს შორის გამოვლენილი სხვაობების პირველადი შედეგები პროექტის სახით, 2023 წლის 26 იანვარს ჩაბარდა დირექტორს. პროექტის მიხედვით გამოვლენილმა სმფ-ების დანაკლისმა საბაზრო ფასებით შეადგინა 1327101.45 ლარი, აგრეთვე, გამოვლინდა აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები (ზედმეტობა) საბაზრო ღირებულებით 32 460 ლარის ოდენობით. პროექტის ჩაბარების შემდეგ, 2023 წლის 1 თებერვალს, მომჩივანმა შემოსავლების სამსახურში წარადგინა პოზიცია, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ დაეთანხმა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების ოქმის პროექტს. კერძოდ: სასაქონლომატერიალური ფასეულობებზე გავრცელებულ ფასნამატს. ამასთან, მიუთითებს, რომ რიგ საქონელზე გააჩნია პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია. გადასახადის გადამხდელი ითხოვდა აღნიშნულის გათვალისწინებასა და ინვენტარიზაციის შედეგების შესაბამისად გამოყვანას. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მედიაციის საბჭომ გადამხდელის მიერ წარდგენილი წერილობითი პრეტენზია დააკმაყოფილა ნაწილობრივ. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს დაევალა 20 სამუშაო დღის ვადაში წარედგინა ინვენტარიზაციის განმახორციელებელი ოფიცრებისათვის განსახილველი საკითხის მის მიერ წარდგენილი პოზიციის და არგუმენტაციების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ხოლო ინვენტარიზაციის განმახორციელებელ ჯგუფს დაევალა წარმოდგენილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტების შესწავლა და საკითხის შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში ოქმის პროექტით დასარიცხი თანხების კორექტირება(შემცირება). საინვენტარიზაციო კომისიამ შეაჯამა მის ხელთ არსებული ინფორმაცია მომჩივანის ობიექტში ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შესახებ, ამასთან, გადასახადის გადამხდელის თანამონაწილეობით განხორციელდა წარმოდგენილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტების შესწავლა. საკითხის შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სმფ-ების ფაქტიურმა ნაშთმა თვითღირებულებით, რომლებზეც წარმოდგენილ იქნა პირველადი საგადასახადო დოკუმენტები, ნაცვლად 109 284,46 ლარისა შეადგინა 112 918.79 ლარი. შესაბამისად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისმა საბაზრო ღირებულებით ნაცვლად პროექტით გათვალისწინებული 1327101,45 ლარისა, შეადგინა 1189738,24 ლარი (ფასნამატი 66% ის ნაცვლად გამოყენებულ იქნა 50.39%). ასევე, პროექტით გათვალისწინებული აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალურმა ფასეულობებმა (ზედმეტობა) საბაზრო ღირებულებით ნაცვლად 32 460 ლარისა შეადგინა 6 945 ლარი. გადასახადის გადამხდელის მიმართ 2023 წლის 15 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები და საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად დაჯარიმდა 3472.5 და 118973.83 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286(4,6)