ბრძანება N 20257
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20257
15 სექტემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ის“ (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2025 წლის პირველი მაისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 27 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №71) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2025 წლის პირველი მაისის №563030 (რეგ.: №66695-21-14) საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 3 აპრილის №136-4 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ დღგ-ს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ნომრით ეა---, რომლის მიხედვითაც მოხდა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ხარვეზის აღმოჩენა და გადასახადის დარიცხვა, წარმოადგენს არატიპიურ შემთხვევას. მომჩივანი განმარტავს, რომ აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის შექმნის საფუძველს წარმოადგენდა ინვოისი, რომელიც ნოემბრის სადეკლარაციო პერიოდის გასვლის შემდეგ შეიქმნა და არის დათარიღებული 2024 წლის 20 დეკემბრით, მაგრამ ინვოისის შაბლონის მიხედვით ბრუნვის თვედ ნოემბერი იყო მითითებული, რადგან მოცემული მოთხოვნა უფრო ჯარიმას და ზარალის ანაზღაურებას ჰგავს (რომელზეც შეთანხმება მიღწეულ იქნა მხოლოდ 20 დეკემბერს - ინვოისის თარიღში) და არა შესრულებულ საოპერაციო მოთხოვნას. თავდაპირველად გასარკვევი მოცემული მოთხოვნა იყო თუ არა დღგ-ის დაბეგვრის ობიექტი და საჭიროებდა თუ არა დღგ-თი დასაბეგრ საგადასახადო ანგარიშფაქტურის გაგზავნას და იმის გამო, რომ წელიწადის დასასრული იყო, ოპერატიულად არ/ვერ მოხერხდა შესაბამის პირებთან დაკავშირება და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. აცხადებს, რომ სხვა თვეების დაზუსტებასთან ერთად ნოემბრის დასაზუსტებელ დეკლარაციაში, უკვე ასახული ჰქონდა შესაბამისი დასაბეგრი თანხა, თუმცა იმ დროისთვის დღგ-ს ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ნომრით ეა--- კვლავ არ იყო დადასტურებული და შესაბამისად ვერ მოხერხდა მიბმა. 2025 წლის 11 აპრილს, როდესაც მოხდა შესაბამისი ინვოისის კორექტირება, რომლის ნიადაგზეც მოთხოვნის თანხა ცალსახად ზარალის ანაზღაურების მოთხოვნაა და არ შეიცავს დღგ-ს და შესაბამისად არც საჭიროებს მის ნიადაგზე დღგ-ს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გაგზავნას ელექტრონულად, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ სათადარიგოდ (დროებით თავის დაზღვევის მიზნით) გაგზავნილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა იქცა დარღვევის აღმოჩენის ობიექტად და შესაბამისად დარიცხვის საფუძვლად, არ წაიშალა, არამედ დროებით დაკორექტირდა, როგორც დღგ-თი არდაბეგვრის საფუძველი. გადამხდელი მიუთითებს, რომ სინამდვილეში ხსენებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა საერთოდ უნდა წაიშალოს. ითხოვს ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებას.
2. გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ კომპანია არსებობს 2018 წლიდან, აქვს უწყვეტი და საკმაოდ დიდი ბრუნვები, ყოველთვის ზედმიწევნით/დროულად იხდიდა გადასახადებს, შესაბამისად ითხოვს ჯარიმის მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 10 თებერვლის №2213 და 11 თებერვლის მაისის №2302 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2024 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორესთან დაკავშირებით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 28 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 2 აპრილის №6314 ბრძანება და 3 აპრილის №136-4 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 23 541 ლარი, მათ შორის, გადასახადი 15 569 ლარი, ჯარიმა 7 784 ლარი და საურავი 188 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
შპს ,,---ის" საქმიანობის სფეროს წარმოადგენს გამანაწილებელი ობიექტების მშენებლობა, ელექტროენერგიითა და ტელეკომუნიკაციებით უზრუნველსაყოფად. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ანალიზის შედეგად, განხორციელდა გადამხდელის მიერ 2024 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდში ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორის ანალიზი. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს 2024 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდში გამოწერილი ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურა ეა--- არ აქვს მიბმული შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაზე.
შესაბამისად, შემცირებული აქვს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ჯამში 89 389 ლარის ოდენობით. ამასთან, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ ამავე თვეში მიღებული ანგარიშ-ფაქტურები. ანალიზის შედეგად, დაკორექტირდა (გაიზარდა 522 ლარით) დღგ-ს დეკლარაციაში დღგ-ს ჩასათვლელი თანხის ოდენობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების თანახმად, საწარმოს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ამავე კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
შემოწმების შედეგად დადგენილი გარემოებაა, რომ საწარმოს 2024 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდში გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა--- არ აქვს მიბმული შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაზე და შემცირებული აქვს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ჯამში 89 389 ლარის ოდენობით. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის განმარტებაზე, რომლის თანახმად, დღგ-ს ელექტრონულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა---, რომლის ნიადაგზეც მოხდა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადასახადის დარიცხვა, წარმოადგენს არატიპიურ შემთხვევის ასახვას - კერძოდ, კომპანიის მხრიდან მოხდა შესაბამისი ინვოისის დაკორექტირება, ვინაიდან მოთხოვნის თანხა ცალსახად ზარალის ანაზღაურების მოთხოვნაა და არ შეიცავს დღგ-ს, შესაბამისად არც საჭიროებს მის ნიადაგზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გაგზავნას ელექტრონულად.
მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ სათადარიგოდ (დროებით თავის დაზღვევის მიზნით) გაგზავნილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა იქცა დარღვევის აღმოჩენის ობიექტად და დარიცხვის საფუძვლად, არ წაიშალა, არამედ დროებით დაკორექტირდა, როგორც დღგ-თი არდაბეგვრის საფუძველი. გადამხდელი მიუთითებს, რომ სინამდვილეში ხსენებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა საერთოდ უნდა წაიშალოს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი სჭიროებს დამატებით შესაწავლას, კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით. შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები და საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე სანქციის შეფარდება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.
ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „--ს“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ დღგ-ს ელექტრონულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომლის ნიადაგზეც მოხდა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადასახადის დარიცხვა, წარმოადგენს არატიპიურ შემთხვევის ასახვას - კერძოდ, კომპანიის მხრიდან მოხდა შესაბამისი ინვოისის დაკორექტირება, ვინაიდან მოთხოვნის თანხა ცალსახად ზარალის ანაზღაურების მოთხოვნაა და არ შეიცავს დღგ-ს, შესაბამისად არც საჭიროებს მის ნიადაგზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გაგზავნას ელექტრონულად.
2. გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ კომპანია არსებობს 2018 წლიდან, აქვს უწყვეტი და საკმაოდ დიდი ბრუნვები, ყოველთვის ზედმიწევნით/დროულად იხდიდა გადასახადებს, შესაბამისად ითხოვს ჯარიმის მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს გამანაწილებელი ობიექტების მშენებლობა, ელექტროენერგიითა და ტელეკომუნიკაციებით უზრუნველსაყოფად. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ანალიზის შედეგად, განხორციელდა გადამხდელის მიერ 2024 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდში ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორის ანალიზი. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს 2024 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდში გამოწერილი ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურა არ აქვს მიბმული შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაზე.
შესაბამისად, შემცირებული აქვს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ჯამში 89 389 ლარის ოდენობით. ამასთან, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ ამავე თვეში მიღებული ანგარიშ-ფაქტურები. ანალიზის შედეგად, დაკორექტირდა (გაიზარდა 522 ლარით) დღგ-ს დეკლარაციაში დღგ-ს ჩასათვლელი თანხის ოდენობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საწარმოს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ პირველი სადავო საკითხი სჭიროებს დამატებით შესაწავლას, კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მეორე სადავო საკითხის ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 163 (1;2); 159 (1); 164 (1); 269 (7).