გადაწყვეტილება №20328/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 20328/2/2023
30 ოქტომბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი:შპს„----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------------- 19.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20328/2/2023)
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 23.12.2022 წლის №32547 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 19.05.2023 წლის №006-194 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 26.06.2023 წლის №14585 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 66 911 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 40 407
დღგ - 37 321
საშემოსავლო გადასახადი - 3 086
ჯარიმა - 19 230
საურავი - 7 274
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.07.2021 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 27 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელს 2012 წელს შეძენილ მიწის ნაკვეთზე აშენებული აქვს ორი ბლოკი, საიდანაც ნაწილი რეალიზებული აქვს შესამოწმებელ პერიოდამდე, ხოლო ნაწილის რეალიზაციას ახდენდა შესამოწმებელ პერიოდში. 1მ2 ღირებულება საშუალოდ შეადგენს 1 100 აშშ დოლარს. კომპანია სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს ქვეკონტრაქტორების საშუალებით. ამავდროულად სამუშაოს ნაწილს ასრულებს მის მიერ დაქირავებული პირების მეშვეობით. რეალიზაციას ახდენს როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით. შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა, როგორც საბანკო ანგარიშები, ასევე საკონტროლო-სალარო აპარატით მიღებული შემოსავლები. გამოვლინდა სხვაობა დეკლარირებულ მონაცემებსა და შემოწმების შედეგებს შორის. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2021 წლის №41327 ბრძანება და №006-1033 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 30.05.2022 წლის №13333 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ:
ა) შეცდომით ამობეჭდილი ჩეკის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, სადავო საკითხის ყოველმხრივ შესწავლა, საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
ბ) საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) ცვლილებით განსაზღვრულ ვალდებულებებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
გ) დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს არის თუ არა გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირება გამოწვეული საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 10%-იანი სანქციის გამოყენების შესაძლებლობაზე მსჯელობა;
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 30 მაისის №13333 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 23 ივნისის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 10 745 ლარით (გადასახადი 8 596 ლარი და ჯარიმა 2 149 ლარი), რაზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 20 ივლისის №006-328 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 23.12.2022 წლის №32547 ბრძანებით საჩივარი კვლავ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 30 მაისის №13333 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და დაადგინოს არის თუ არა საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირება გამოწვეული საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, იმსჯელოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 10%-იანი სანქციის გამოყენების შესაძლებლობაზე. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 23 დეკემბრის №32547 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 მაისის დასკვნით, შემოწმებით დარიცხული ჯარიმა შემცირდა 361 ლარის ოდენობით, აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 მაისის №006-194 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 26.06.2023 წლის №14585 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შინაარსზე, განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 23 დეკემბრის №32547 ბრძანების აღსრულების შედეგებზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დაკორექტირდა (შემცირდა) დღგ-ის ნაწილში დარიცხული ჯარიმა. კერძოდ, საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებაზე, რომელიც გამოწვეული იყო საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, დარიცხულ ჯარიმაზე გამოყენებული იქნა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 10%-იანი განაკვეთი, აღნიშნავს, რომ წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებულია ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც თავდაპირველ საჩივარში მომჩივანს სადავოდ არ გაუხდია და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს. აღნიშნავს, რომ მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები დეტალურად არ არის შესწავლილი და ითხოვს დარიცხული ჯარიმების გადაანგარიშებას შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოწმების მიერ დროში იქნა გადანაცვლებული დასაბეგრი ოპერაციები იმის გამო, რომ კომპანიის მიერ ავანსების ანგარიშში ამობეჭდილი ჩეკები პროგრამულად და დეკლარაციებში რეალიზაციაში ასახულია არაერთხელ ერთი თვით ადრე პერიოდში, ხოლო შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე აღნიშნული ჩეკები ჩანს ზეტის ამოღების მომენტში. მაგალითად, 2018 წლის მარტის თვეში კომპანიის მიერ სალაროს შემოსავალში აღებულია და ამავე თვეში დაბეგრილია ------------ მიღებული 5 200 აშშ დოლარის ექვივალენტი 11 586.36 ლარი, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის მიერ ეს თანხა დაბეგრილია 2018 წლის აპრილის თვეში (ზეტის ამოღების დრო 2018 წლის 2 აპრილი). ანალოგიურად, 2018 წლის 29 სექტემბერს, კომპანიის მიერ სალაროს შემოსავალში აღებულია და ამავე თვეში დაბეგრილია ------------ მიღებული მეორე, 5 200 აშშ დოლარის ექვივალენტი 13 605.8 ლარი, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის მიერ ეს თანხა დაბეგრილია 2018 წლის ოქტომბრის თვეში (ზეტის ამოღების დრო 2018 წლის 1 ოქტომბერი).
2018 წლის 7 ნოემბრის ზეტში ჩანს 14 050 ლარი, რომელიც აუდიტის დეპარტამენტის მიერ დაბეგრილია ნოემბრის თვეში. ხოლო, კომპანიის მიერ რეალურად, სალაროში მიღებულია ისევ ------------ (მესამე, 5 200 აშშ დოლარის ექვივალენტი 14 050 ლარი) 2018 წლის 30 ოქტომბერს, სრულად დაბეგრილია 2018 წლის ოქტომბრის თვეში და რეალიზაციაში ასახულია ამ თვეში (ჩანს საბუღალტრო პროგრამაშიც და ასახულია ამ თვის დეკლარაციაშიც). ასევე, 2018 წლის 29 დეკემბერს კომპანიის მიერ სალაროში მიღებულია ------------- 2 300 აშშ დოლარის ექვივალენტი 6 156.18 ლარი და ეს თანხა დაბეგრილია 2018 წლის დეკემბრის თვეში, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის მიერ დაბეგვრა განხორციელებულია 2019 წლის იანვრის თვეში (ამ თანხის ანგარიშში ზეტის ამოღების დროა 4.01.2019 წელი). ანალოგიურად, 2019 წლის ივნისს სალაროში მიღებულია ისევ ------------- მეორე, 2 300 აშშ დოლარის ექვივალენტი 6 598.01 ლარი და ეს თანხა დაბეგრილია 2019 წლის ივნისის თვეში (ჩანს საბუღალტრო პროგრამაში და დეკლარაციაშიც ასახულია). აუდიტის დეპარტამენტის მიერ ეს თანხა დაბეგრილია 2019 წლის ივლისის თვეში იმის გამო, რომ სალაროს ზეტი ამოღებულია 2019 წლის 1 ივლისს.
ასეთი მაგალითები არის აბსოლუტურად ყველა საანგარიშო თვეში, შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ დარიცხვა მოხდენილია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე ზეტის ამოღების დროის მიხედვით, თუმცა ჩეკები, სალაროს შემოსავლის ორდერები, საბუღალტრო ჩანაწერები ზემოაღნიშნულ გარემოებას ცალსახად ადასტურებს, რის გამოც, დასაბეგრი ოპერაციები ამ ნაწილში არასწორად არის ასახული, რის გამოც დარიცხვაც და დაკისრებული ჯარიმის თანხები არასწორია.
ასე მაგალითად, 2018 წლის ნოემბრის თვეში 14 050 ლარის შესაბამის დასაბეგრ ოპერაციაში ასახვის გამო, ზედმეტად არის დარიცხული გადასახადი
2 143 ლარი ოდენობით, ასევე მასთან დაკავშირებული ჯარიმა 1 072 ლარი და ისედაც, მასზე ჯარიმის სახით გავრცელებულია 50%-ი 1 072 ლარის ოდენობით და ეს მაშინ, როცა ასეთ დროში გადანაცვლების გამო ჯარიმის თანხა არ შეიძლება იყოს 10%-ზე მეტი. ანუ, მარტო ამის გამო ზედმეტად არის დარიცხული ჯარიმის თანხა 40%-ის ოდენობით 858 ლარი.
ანალოგიური სიტუაციაა 2019 წლის იანვრის თვეში, სადაც დეკემბერში დაბეგრილი თანხის ანგარიშში ზედმეტად აქვს დარიცხული გადასახადი 938 ლარი და მასზე ჯარიმა 469 ლარი, ანუ ჯარიმის განაკვეთი არის 50%, თუმცა უნდა იყოს 10%. იმის გამო, რომ იანვარში ზეტში ასახული თანხა კომპანიის მიერ დაბეგრილია 2018 წლის დეკემბრის თვეში, ამ თვეში ზედმეტად დარიცხულია როგორც გადასახადი, ასევე ჯარიმაც, ჯარიმის თანხა შეადგენს 40%-ს 375 ლარს. ასეთივე მდგომარეობაა 2020 წლის თებერვლის თვეში, სადაც ზეტში ასახული თანხა კომპანიის მიერ რეალიზაციაში ასახულია 2020 წლის იანვრის თვეში, ანუ ამ ნაწილში, ზედმეტად დარიცხული ჯარიმის თანხა შეადგენს 15%-ს ანუ 236 ლარს.
აქტის დანართის მიხედვით, 2018 წლის ოქტომბერ-ნოემბერ-დეკემბრის თვეში დასაბეგრი ოპერაციები გადანაცვლებულია დროში და ოქტომბერში ხდება გადასახადის შემცირება 1 075 ლარით, ნოემბერში გადასახადის დარიცხვა 3 219 ლარის ოდენობით, ხოლო დეკემბრის თვეში ისევ შემცირება 2 143 ლარის ოდენობით, ანუ ამ სამი თვის ჭრილში როცა გადასახადი არის ნული, გაუგებარია რატომ რჩება გადაანგარიშების შედეგად 2018 წლის ნოემბრის თვეში ჯარიმის სახით, 3 219 ლარის 10%-ის (322 ლარი) ნაცვლად, 1 180 ლარი, ანუ 858 ლარით მეტი.
ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ 2018 წლის იანვრის თვეში დარიცხული გადასახადი 2 975 ლარი, ასევე წარმოადგენს 2017 წლის დეკემბრის თვეში დეკლარირებულ გადასახადის თანხას, რომელიც საგადასახადო ორგანომ დუბლირებულად დაბეგრა 2018 წლის იანვრის თვეში, ანუ ზეტის ამოღების თვეში, ვინაიდან ის ვერ შეეხებოდა ხანდაზმულ 2017 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდს, ხოლო სალაროში თანხა რეალურად ასევე შემოსული და დაბეგრილია 2017 წლის დეკემბრის თვეში.
ფაქტია, რომ გადასახადის დარიცხვა გადანაცვლებულია დროში, ჯამურად თუნდაც 2018 წლის ოქტომბერ-ნოემბერ-დეკემბრის თვეში დარიცხული გადასახადი გამოდის ნული, ხოლო მასზე ჯარიმის თანხა კი 10%-ის ნაცვლად მაინც 50%-ია დარჩენილი, რაც დაუშვებელია.
მომჩივანი ითხოვს წარდგენილი მტკიცებულებების დეტალურად გამოკვლევას და შესწავლას, დარიცხული ჯარიმების გადაანგარიშებას, ასევე სადავო აქტის ბათილად ცნობას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოწმებით დარიცხული თანხები გადასახადის გადამხდელის მიერ არაერთხელ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში და საჩივარი, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 2022 წლის 30 მაისის №13333 და 23.12.2022 წლის №32547 ბრძანებებით.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის 23.12.2022 წლის №32547 ბრძანებით, შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 30 მაისის №13333 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა (მ.შ. საჩივარზე თანდართულის) და დადგენა არის თუ არა გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირება გამოწვეული საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, იმსჯელოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 10%-იანი სანქციის გამოყენების შესაძლებლობაზე.
ხსენებული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 მაისის დასკვნის მიხედვით კი დგინდება შემდეგი:
შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებაზე, რომელიც გამოწვეული იყო საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, დარიცხულ ჯარიმაზე გამოყენებული იქნა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 10%- იანი განაკვეთი. შესაბამისად, დღგ-ში დარიცხული ჯარიმა შემცირდა 361 ლარის ოდენობით.
მომჩივანი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და შემოსავლების სამსახურში წარდგენილი არგუმენტების ანალოგიურად აღნიშნავს, რომ მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები დეტალურად არ არის შესწავლილი, ითხოვს დარიცხული ჯარიმების გადაანგარიშებას, შემოწმების მიერ დროში იქნა გადანაცვლებული დასაბეგრი ოპერაციები იმის გამო, რომ კომპანიის მიერ ავანსების ანგარიშში ამობეჭდილი ჩეკები პროგრამულად და დეკლარაციებში რეალიზაციაში ასახულია არაერთხელ ერთი თვით ადრე პერიოდში, ხოლო შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე აღნიშნული ჩეკები ჩანს ზეტის ამოღების მომენტში. წარმოადგენს მაგალითებს და აღნიშნავს, რომ აბსოლუტურად ყველა საანგარიშო თვეში, აუდიტის დეპარტამენტის მიერ დარიცხვა მოხდენილია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე ზეტის ამოღების დროის მიხედვით, თუმცა ჩეკები, სალაროს შემოსავლის ორდერები, საბუღალტრო ჩანაწერები ზემოაღნიშნულ გარემოებას ცალსახად ადასტურებს, რის გამოც, დასაბეგრი ოპერაციები ამ ნაწილში არასწორად არის ასახული, რის გამოც დარიცხვაც და დაკისრებული ჯარიმის თანხები არასწორია. გადასახადის დარიცხვა გადანაცვლებულია დროში, ჯამურად თუნდაც 2018 წლის ოქტომბერნოემბერ-დეკემბრის თვეში დარიცხული გადასახადი გამოდის ნული, ხოლო მასზე ჯარიმის თანხა კი 10%-ის ნაცვლად მაინც 50%-ია დარჩენილი, რაც დაუშვებლად მიაჩნია. ითხოვს წარდგენილი მტკიცებულებების დეტალურად გამოკვლევას და შესწავლას, დარიცხული ჯარიმების გადაანგარიშებას.
აუდიტის დეპარტამენტი 14.08.2023 წლის №---------- წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში არ წარმოადგენს დასკვნაში დაფიქსირებული ინფორმაციისაგან განსხვავებულ გარემოებებს. ამასთან აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ იგი ჩაერთო მოგვიანებით და რომ სადავო დასკვნით ჯარიმის შემცირება გაანგარიშებულია მის მიერ, კერძოდ აღმოჩენილი იქნა სამ სადავო პერიოდში შემმოწმებელი აუდიტორის მიერ დაშვებული შეცდომა, შედეგად დაექვემდებარა ოპერაცია დარიცხვას კუთვნილ პერიოდში და დაერიცხა შესაბამისი ჯარიმა, ხოლო პერიოდის მიხედვით დასარიცხმა თანხის სწორად განსაზღვრამ გამოიწვია ჯარიმის 361 ლარით შემცირება.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირ განხილვისას გადასახადი გადამხდელის წარმომადგენლმა აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელის საქმიანობის ერთერთი სფეროა საცხოვრებელი შენობის აშენება და შედეგად ბინების რეალიზაცია, შემოწმებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადის და დღგ-ის ნაწილში, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში არ დავობს, ხოლო დღგ-ის ნაწილში დავობს მე-3 ეპიზოდის ნაწილში, კერძოდ კვლავაც აღნიშნავს და საჩივარშიც მიუთითებს, რომ მაგალითად, 28 ივნისის ჩეკი ამობეჭდილია, ჩანს, რომ სალაროშიც გატარებულია ჩეკი და დაბეგრილია ივნისის თვეში, მაგრამ ზეტი ამოღებულია 1 ივლისს, ამდენად შემოწმების მიერ დაბეგრილია ივლისის თვეში, ანუ დარიცხვა განხორციელებულია ზეტის ამოღების დროის მიხედვით და ასეთი შემთხვევებია თითქმის ყველა თვეში. ანუ საუბარია იმაზე, რომ შემმოწმებელმა ოქტომბერში თანხა შეამცირა, ნოემბერში დაარიცხა, დეკემბერში ისევ შეამცირა, შესაბამისად დასაბეგრი გამოდის 0 ლარი, ოპერაცია არის ერთი, ბინების რეალიზაცია, მისი გადანაცვლება ხდება დროში მაგრამ ნაცვლად 10%-იანი ჯარიმის დარიცხვისა, დატოვებულია 50%-იანი, ზოგან 25%-იანი ჯარიმა, მაშინ როდესაც გადასახადი გამოდის 0 ლარი. წარმოდგენილი მაგალითების მიხედვით, შემოწმებით დარიცხული ჯარიმების ნაწილში სადავოდ რჩება ჯარიმის სახით 2 938 ლარის დარიცხვა.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს შემოსავლების სამსახურის 23.12.2022 წლის №32547 ბრძანებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე და აღნიშნავს, რომ ხსენებული ბრძანებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების (მ.შ. საჩივარზე თანდართულის) შესწავლა და დადგენა იმისა, არის თუ არა გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირება გამოწვეული საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 10%-იანი სანქციის გამოყენების შესაძლებლობაზე მსჯელობა, რაც როგორც ირკვევა, სრულად არ არის შესრულებული, დასაბუთებული, კერძოდ მომჩივნის არგუმენტების შესაბამისად გამოკვლეული და შესწავლილი. ამასთან, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვა მოხდა მომჩივნის პოზიციების მოსმენის გარეშე და გადაწყვეტილება მიღებულია მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების შესწავლა/გაანალიზების გარეშე, რის გამოც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
საბჭო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების
სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საქმესთან არსებული მასალების, მომჩივნის არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 26.06.2023 წლის №14585 ბრძანება;
3. საჩივარი გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 23.12.2022 წლის №32547 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა. გადასახადის გადამხდელს 2012 წელს შეძენილ მიწის ნაკვეთზე აშენებული აქვს ორი ბლოკი, საიდანაც ნაწილი რეალიზებული აქვს შესამოწმებელ პერიოდამდე, ხოლო ნაწილის რეალიზაციას ახდენდა შესამოწმებელ პერიოდში.
კომპანია სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს ქვეკონტრაქტორების საშუალებით. ამავდროულად სამუშაოს ნაწილს ასრულებს მის მიერ დაქირავებული პირების მეშვეობით. რეალიზაციას ახდენს როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით. შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა, როგორც საბანკო ანგარიშები, ასევე საკონტროლო-სალარო აპარატით მიღებული შემოსავლები. გამოვლინდა სხვაობა დეკლარირებულ მონაცემებსა და შემოწმების შედეგებს შორის. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;275(1);