გადაწყვეტილება №21596/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21596/2/2023
15 თებერვალი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 15.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21596/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 30.05.2023 წლის №11958 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 31 ივლისის №006-387 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 30 ოქტომბრის №26697 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 218 028 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 112 611
ჯარიმა - 56 039
საურავი - 49 378
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 6 ივლისის №17673 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 22 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 23 დეკემბრის №32600 ბრძანება და №006-605 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 23 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 30.05.2023 წლის №11958 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.
შემოსავლების სამსახურის 30.05.2023 წლის №11958 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 20.07.2023 წლის დასკვნა, 31.07.2023 წლის №18681 ბრძანება და №006-387 საგადასახადო მოთხოვნა.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 28 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 30 ოქტომბრის №26697 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
შემოსავლების სამსახურის 19.12.2023 წლის №---------- წერილით და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებას გადასახადის გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე 15.11.2023 წელს, მისი გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 5.12.2023 წელი, ხოლო საჩივარი სადავო აქტის გაუქმების მოთხოვნით დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია ელექტრონულად 15.12.2023 წელს. შესაბამისად, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი 20 დღიანი ვადა.
გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ შეტყობინება შეცდომით გახსნა არაუფლებამოსილმა პირმა - ყოფილმა ბუღალტერმა და მომჩივანი არ იყო ინფორმირებული ბრძანების ჩაბარებისა და გასაჩივრების ვადის თაობაზე. ინფორმაცია აღიარებული საგადასახადო დავალიანების შესახებ გადასახადის გადამხდელმა მიიღო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან. მტკიცებულების სახით წარმოადგენს ყოფილი ბუღალტრის ახსნა-განმარტებას, ინფორმაციას მისი დეკლარირებული შემოსავლების შესახებ, მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის ნომერზე შემავალი და გამავალი სატელეფონო ზარების ამონაწერს, საწარმოდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას და PrtScreen-ებს შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული გვერდიდან. მომჩივანი მიუთითებს, რომ გასაჩივრების ვადა გაშვებულია საპატიო, გასაჩივრებაზე უფლებამოსილი პირისგან დამოუკიდებელი და ობიექტური მიზეზით.
საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია/მტკიცებულებები არ შეიძლება გახდეს დარღვეული ვადის აღდგენის საფუძველი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ შეტყობინება შეცდომით გახსნა არაუფლებამოსილმა პირმა - ყოფილმა ბუღალტერმა და მომჩივანი არ იყო ინფორმირებული ბრძანების ჩაბარებისა და გასაჩივრების ვადის თაობაზე. ინფორმაცია აღიარებული საგადასახადო დავალიანების შესახებ გადასახადის გადამხდელმა მიიღო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან. მტკიცებულების სახით წარმოადგენს ყოფილი ბუღალტრის ახსნა-განმარტებას, ინფორმაციას მისი დეკლარირებული შემოსავლების შესახებ, მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის ნომერზე შემავალი და გამავალი სატელეფონო ზარების ამონაწერს, საწარმოდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას და PrtScreen-ებს შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული გვერდიდან. მომჩივანი მიუთითებს, რომ გასაჩივრების ვადა გაშვებულია საპატიო, გასაჩივრებაზე უფლებამოსილი პირისგან დამოუკიდებელი და ობიექტური მიზეზით. საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია/მტკიცებულებები არ შეიძლება გახდეს დარღვეული ვადის აღდგენის საფუძველი.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301(ე).