ბრძანება N 13800

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.06.2024
№ დოკუმენტი 13800
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 13800

12 ივნისი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს ,,---ის“ (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2024 წლის 24 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 31 მაისის სხდომაზე (ოქმი №58) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ----) №85952/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 24 აპრილის №--- შეტყობინებას, №--- საბაჟო დეკლარაციაში მითითებულ მონაცემს (სეს ესნ) და დარიცხულ დღგ-ს ოდენობას.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებულ პროდუქციაზე RegenkitBCT-HA-3 და Cellular Natrix A-CP-HA-3, საბაჟო დეპარტამენტმა შეცვალა სეს ესნ კოდი და დაერიცხა დღგ, რასთან დაკავშირებითაც მიიღო შეტყობინება. მომჩივანი მიუთითებს, რომ დეკლარირებული საქონელი არის შვეიცარიული წარმოშობის, რომლის და სეს ესნ კოდი არის 90183900. მომჩივნის მითითებით აღნიშნული დასტურდება შვეიცარიის შესაბამისი სამსახურის ექსპორტის დეკლარაციით, თურქეთის შესაბამისი სამსახურის რეექსპორტის დეკლარაციით და ევრო-1 სერთიფიკატით. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს №---- საბაჟო დეკლარაციაში შესაბამისი ცვლილების განხორციელებას, დარიცხულ დღგ-ს მოხსნას და 2024 წლის 24 აპრილის №--- შეტყობინების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2024 წლის 24 აპრილს შპს „---ს“ (ს/ნ ---) მომართვის საფუძველზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „----ის“ მიერ შევსებულ იქნა №--- საქონლის საბაჟო დეკლარაცია და აღნიშნული პირის სახელზე თურქეთის რესპუბლიკიდან შემოტანილი, 9 180 ევროს ღირებულების საქონელი (ქიმიურ ნივთიერებათა ნაკრები RK-BCT – 60 ერთეული და A-CP-3 – 30 ერთეული) დეკლარირებულ იქნა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში. პროდუქტს „Regenkit- BCT-HA-3“ სასაქონლო კოდი 3824 99 960 00 განესაზღვრა საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს №011644/2023 (19.12.2023 ) ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, ხოლო ვინაიდან მეორე დასახელების პროდუქტი - „Cellular Matrix A-CP-HA-3” წარმოადგენს „Regenkit- BCT-HA-3“-ის ანალოგიურ პროდუქტს, მასაც განესაზღვრა 3824 99 960 00 სასაქონლო კოდი, რომელიც საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით იბეგრება დღგით.

მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის მეშვეობით აღნიშნული დეკლარაციის დამუშავებისას, მასში მითითებული მონაცემების იმპორტის გადასახდელზე საბაჟო ან/და საგადასახადო ვალდებულების შესრულების რისკის პროფილთან თანხვედრის გამო, დეკლარაციისათვის განისაზღვრა „ყვითელ დერეფანში“ და, საქონელი „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და „საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისა და საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურების შესახებ“ (დანართი №12) ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქონელი დაექვემდებარა გარანტიის წარდგენით, კუთვნილი იმპორტის გადასახდელის სრულად გადახდით ან იმპორტის გადასახდელის ნაწილზე გარანტიის წარდგენითა და დანარჩენ ნაწილზე თანხის გადახდით გაშვებას.

იმავე დღეს, საბაჟო დეკლარაციით დარიცხული იმპორტის გადასახდელის (დღგ-5 191.22 ლარი) სრულად გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ, მიღებულ იქნა დეკლარირებული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების გადაწყვეტილება (---) და საქონელმა და სატრანსპორტო საშუალებამ დატოვა საბაჟო კონტროლის ზონა.

№---- საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული პროდუქტი - Cellular Matrix A-CPHA-3 წარმოადგენს Regenkit- BCT-HA3-ის ანალოგიურ საქონელს.

შპს „----ის“ (ს/ნ ---) მომართვის საფუძველზე, საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 2023 წლის 19 დეკემბრის №011644/2023 ექსპერტიზის დასკვნით, საქონელზე - Regenkit- BCT-HA3 განსაზღვრულია 3824 99 960 09 სასაქონლო კოდი.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 34-ე მუხლი ადგენს, რომ ვაჭრობაში დამცავი ღონისძიება გულისხმობს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის პრინციპებისა და ნორმების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შემოღებულ ღონისძიებას.

ამავე კოდექსის 35-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის იდენტიფიკაცია და კლასიფიკაცია ხორციელდება სეს ესნ-ის საფუძველზე, რომელიც დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. მე-2 ნაწილში მითითებულია, რომ სეს ესნ არის სასაქონლო კლასიფიკაციის კოდების სისტემა, რომელიც შეესაბამება „საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის ნომენკლატურას და დეტალიზებულია თერთმეტი ნიშნით, ეროვნული ეკონომიკის სპეციფიკის გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები ადგენს, რომ საქონლის დეკლარირებისას სასაქონლო კოდს სეს ესნ-ის შესაბამისად განსაზღვრავს დეკლარანტი. ამასთან, საბაჟო ორგანო აკონტროლებს დეკლარანტის მიერ განსაზღვრული სასაქონლო კოდის სისწორეს.

„საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ (დანართი №1) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნულ სასაქონლო ნომენკლატურაში (სეს ესნ) საქონლის კლასიფიკაცია ხორციელდება ამ მუხლით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კარების, ჯგუფებისა და ქვეჯგუფების სახელწოდებები მოცემულია მხოლოდ ინფორმაციის ძიების გასაადვილებლად. იურიდიული მიზნებისთვის, საქონლის კლასიფიკაცია სეს ესნ-ში ხორციელდება სასაქონლო პოზიციების ტექსტების, აგრეთვე კარებისა და ჯგუფების შესაბამისი შენიშვნების მიხედვით და, თუ ასეთი ტექსტებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომდევნო წესების დებულებების შესაბამისად.

დადგენილია, რომ შპს „---ის“ (ს/ნ ---) მიმართვის საფუძველზე, საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 2023 წლის 19 დეკემბრის №011644/2023 ექსპერტიზის დასკვნით, ანალოგიურ საქონელზე (BCT-HA-3) განსაზღვრულია 3824 99 960 09 სასაქონლო კოდი. დადგენილია ასევე, რომ ქიმიურ ნივთიერებათა ნაკრები BCT-HA-3 გამოიყენება მუხლში სახსარშიდა ინექციების მოსამზადებლად, სახსრების ტკივილის სიმპტომური მკურნალობის გასაუმჯობესებლად.

ასევე გამოიყენება ინტრადერმული ინექციების მოსამზადებლად, დეჰიდრატირებული და დანაოჭებული კანის ქსოვილების დასატენიანებლად. შესაბამისად მისი სეს ესნ კოდია 3824 99 960 09 „Cellular Matrix A-CP-HA-3” კი, წარმოადგენს ანალოგიურ პროდუქტს.

შესაბამისად, „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ (დანართი №1) მე-3 მუხლის „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის ინტერპრეტაციის ძირითადი წესების“ და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით მისი კლასიფიცირება 3824 99 960 09 სასაქონლო პოზიციაში მართლზომიერია.

2024 წლის 24 აპრილის №--- შეტყობინებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს ინფორმაციული ხასიათის მქონე წერილს, რომლითაც დეკლარანტს წერილობით ეცნობება კონკრეტული საბაჟო დეკლარაციით დარიცხული/გადასახდელი იმპორტის გადასახდელის და/ან მომსახურების საფასურის ოდენობა და მისი გადახდის ბოლო ვადა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ 2024 წლის 24 აპრილის №---- საქონლის საბაჟო დეკლარაციაში მითითებული მონაცემი (სეს ესნ), დარიცხული იმპორტის გადასახდელი 2024 წლის 24 აპრილის №--- შეტყობინება შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადამხდელი ითხოვს საბაჟო დეკლარაციაში დარიცხული დღგ-ს მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, გაფორმების ეკონომიკური ზონის მიერ შევსებულ იქნა საქონლის საბაჟო დეკლარაცია და აღნიშნული პირის სახელზე თურქეთის რესპუბლიკიდან შემოტანილი, 9 180 ევროს ღირებულების საქონელი (ქიმიურ ნივთიერებათა ნაკრები RK-BCT – 60 ერთეული და A-CP-3 – 30 ერთეული) დეკლარირებულ იქნა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში. პროდუქტს „Regenkit- BCT-HA-3“ სასაქონლო კოდი 3824 99 960 00 განესაზღვრა საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს №011644/2023 (19.12.2023 ) ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, ხოლო ვინაიდან მეორე დასახელების პროდუქტი - „Cellular Matrix A-CP-HA-3” წარმოადგენს „Regenkit- BCT-HA-3“-ის ანალოგიურ პროდუქტს, მასაც განესაზღვრა 3824 99 960 00 სასაქონლო კოდი, რომელიც საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით იბეგრება დღგით.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 34; 35.