გადაწყვეტილება №27255/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27255/2/2026
09 ივლისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------ი“ (ს/ნ ------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ის 28.04.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27255/2/2026).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 15 ივლისის №15959 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 19.02.2026 წლის №085-1 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 8.04.2026 წლის №8409 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 78 644,94 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 46 291,21
მოგების გადასახადი - 36 071,21
საშემოსავლო გადასახადი - 10 220,00
ჯარიმა - 23 145,66
საურავი - 9 208,07
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საწარმოს საქმიანობის სფეროა სამშენებლო მასალების იმპორტი (---ი) და საბითუმო რეალიზაცია (დოკუმენტური).
აუდიტის დეპარტამენტის 7.05.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.01.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელს იჯარით აქვს აღებული ორი საწყობი:
1. ქ.---ი, ----ის №-, 451 კვ.მ. სასაწყობე ფართი ს/კ ------ ---------ძისაგან, ყოველთვიური საიჯარო ქირა 700 ლარი;
2. ქ.--ი, -----ის ქუჩა №-, 362 კვ.მ. სასაწყობე ფართი ს/კ ----- ------ძისაგან, ყოველთვიური საიჯარო ქირა 500 ლარი. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები შეძენილი აქვს იმპორტით, ასევე ადგილობრივ ბაზარზე სასაქონლო ზედნადებებით. რეალიზაციას აწარმოებს საბითუმოდ. შეძენისა და რეალიზაციის დოკუმენტაცია განთავსებულია გადასახადის გადამხდელის ელექტრონულ გვერდზე (rs.ge). გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ახსნა-განმარტება, საბანკო ამონაწერები, ბუღალტრული პროგრამიდან ბრუნვითი უწყისები და ყველა გატარების რეესტრი (excel). გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/ზედნადებების მიხედვით, დეკლარირებულმა დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 2 406 402 ლარი. იმპორტირებული საქონლის ღირებულებას წარმოადგენს 1 618 255 ლარი (სამშენებლო ბლოკი, აგური, დამუშავებული ქვა, კერამიკული ფილა, ბოჭკოვანი მინა, ტრავერტინის ქვა, მინაბამბა და სხვა), ხოლო ადგილობრივი შეძენები - 84 989 ლარი.
ბუღალტრული პროგრამიდან ამონაწერების, წარდგენილი ახსნა-განმარტების და 2025 წლის დოკუმენტაციის შესწავლით დადგინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს უფიქსირდება 330 735 ლარის სალაროს ნაშთი. ასევე დებიტორული დავალიანება 290 000 ლარის ოდენობით, რაც მესამე პირებთან გადამოწმდა. ასევე გადასახადის გადამხდელის განცხადებით კრედიტორული დავალიანება არ გააჩნია. ბიუჯეტში გადახდილი აქვს სალდირებულად 470 000 ლარი, სახელფასო განაცემები (მ/შ მომსახურება) 72 000 ლარი.
სალაროს ნაშთის შესწავლით დგინდება, რომ 130 735 ლარი გადახდილია საავანსოდ მომწოდებელთან, რაზედაც წარდგენილ იქნა შესაბამისი მტკიცებულებები, ხოლო გადამხდელის თხოვნით ნარჩენი 200 000 ლარი, ჩათვლილ იქნა განაწილებულ დივიდენდად 2024 წლის დეკემბრის თვეში (წარდგენილი განცხადების საფუძველზე).
საგადასახადო კოდექსის 97-ე, 981 და 130-ე მუხლების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები, ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის მიხედვით.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 14.05.2025 წლის №085-4 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 15.07.2025 წლის №15959 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 11.09.2025 წლის №25590/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 15.07.2025 წლის №15959 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 17.02.2026 წლის დასკვნის საფუძველზე, შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 2 080 ლარით, მათ შორის, გადასახადი 1 386 ლარი, ჯარიმა 693 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 19.02.2026 წლის №085-1 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც 19.03.2026 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 8.04.2026 წლის №8409 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსვლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და 304- ე მუხლის 21 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე, გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის დამატებით წარდგენილ იქნა მივლინების ხარჯებთან დაკავშირებით დირექტორის საზღვრის კვეთის შესახებ ცნობა შსს-დან, მივლინების დროს სადღეღამისო ხარჯებისათვის დაქირავების ხარჯების რეესტრი (ნორმის ფარგლებში) და ----ში მივლინების მგზავრობის ხარჯის რეესტრი, ასევე მივლინების ბრძანებები. გადაანგარიშებით გათვალისწინებულ იქნა სადღეღამისო ხარჯები, რის შედეგად დაკორექტირდა საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხები.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების დასკვნით დადგენილ გარემოებებს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
19.03.2026 წლის საჩივარი შეეხება საწარმოს დირექტორი მიერ ----ში მივლინების დროს თვითმფრინავით ფრენის ხარჯების შესაბამისად დარიცხული მოგებისა და დივიდენდების გადასახადების გადაანგარიშებას. წარმოდგენილია დირექტორის -----ში მივლინების დროს დირექტორის საზღვრის გადაკვეთა-კვეთის შესახებ ცნობა შსს-დან, ორი ცალი ელ. ბილეთი და ბილეთების საბაზრო ფასების დამადასტურებელი რეესტრი, რაც იქნას გათვალისწინებული, ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის 8.04.2026 წლის №8409 ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარატამენტის 19.02.2026 წლის №3707 ბრძანება, 17.02.2026 წლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების შესახებ და 19.02.2026 წლის №085-1 საგადასახადო მოთხოვნა და დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მოახდინოს შპს -----ზე დამატებით დარიცხული გადასახადების (მოგება, დივიდენდი) გადაანგარიშება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 15.07.2025 წლის №15959 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სადავო საკითხთან, კერძოდ, მივლინების ხარჯებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 15.07.2025 წლის №15959 ბრძანების აღსრულების შედეგებზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ 17.02.2026 წელს შედგენილ დასკვნაში მითითებულია, გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილ იქნა მივლინების ხარჯებთან დაკავშრებით დირექტორის საზღვრის გადაკვეთა-კვეთის შესახებ ცნობა შსს-დან, მივლინების დროს სადღეღამისო ხარჯებისათვის დაქირავების ხარჯების რეესტრი (ნორმის ფარგლებშo) და ----ში მივლინების მგზავრობის ხარჯის რეესტრი (ექსელის ვერსია, ფრენის დამადასტურებელი დოკუმენტები არ იქნა წარმოდგენილი), ასევე მივლინების ბრძანებები. გადაანგარიშებით გათვალისწინებულ იქნა სადღეღამისო ხარჯები, შესაბამისად გაცემული დივიდენდი შემცირდა 5 816 ლარით. შემცირდა გაცემულ დივიდენდზე დარიცხული მოგებისა და საშემოსავლო გადასახადები და კუთვნილი ჯარიმა. შედეგად, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული თანხები, სულ 2 080 ლარით, მათ შორის, გადასახადი 1 386 ლარი, ჯარიმა 693 ლარი.
საბჭო აღნიშნავს, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს რაიმე მტკიცებულებას, რაც დადგენილი გარემოებების შეცვლის და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 15.07.2025 წლის №15959 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის №15959 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.01.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს იჯარით აქვს აღებული ორი საწყობი.სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები შეძენილი აქვს იმპორტით, ასევე ადგილობრივ ბაზარზე სასაქონლო ზედნადებებით. რეალიზაციას აწარმოებს საბითუმოდ. შეძენისა და რეალიზაციის დოკუმენტაცია განთავსებულია გადასახადის გადამხდელის ელექტრონულ გვერდზე (rs.ge). გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ახსნა-განმარტება, საბანკო ამონაწერები, ბუღალტრული პროგრამიდან ბრუნვითი უწყისები და ყველა გატარების რეესტრი (excel). გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/ზედნადებების მიხედვით, დეკლარირებულმა დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 2 406 402 ლარი. იმპორტირებული საქონლის ღირებულებას წარმოადგენს 1 618 255 ლარი , ხოლო ადგილობრივი შეძენები - 84 989 ლარი.
ამასთან,ბუღალტრული პროგრამიდან ამონაწერების, წარდგენილი ახსნა-განმარტების და 2025 წლის დოკუმენტაციის შესწავლით დადგინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს უფიქსირდება 330 735 ლარის სალაროს ნაშთი. ასევე დებიტორული დავალიანება 290 000 ლარის ოდენობით, რაც მესამე პირებთან გადამოწმდა. ასევე გადასახადის გადამხდელის განცხადებით კრედიტორული დავალიანება არ გააჩნია. ბიუჯეტში გადახდილი აქვს სალდირებულად 470 000 ლარი, სახელფასო განაცემები (მ/შ მომსახურება) 72 000 ლარი.
ხოლო,სალაროს ნაშთის შესწავლით დგინდება, რომ 130 735 ლარი გადახდილია საავანსოდ მომწოდებელთან, რაზედაც წარდგენილ იქნა შესაბამისი მტკიცებულებები, ხოლო გადამხდელის თხოვნით ნარჩენი 200 000 ლარი, ჩათვლილ იქნა განაწილებულ დივიდენდად 2024 წლის დეკემბრის თვეში.საგადასახადო კოდექსის 97-ე, 981 და 130-ე მუხლების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები, ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის მიხედვით.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №085-4 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №15959 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. რომლის №25590/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის №15959 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე, შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 2 080 ლარით, მათ შორის, გადასახადი 1 386 ლარი, ჯარიმა 693 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა №085-1 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №8409 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის №15959 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 97(1 „ა“); 981(1); 130(1); 154(1 „ზ“2 „ა“ და „ბ“);