გადაწყვეტილება №19574/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 25.05.2023
№ დოკუმენტი 19574/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№19574/2/2023

25 მაისი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ---------- (ს/ნ ----------)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 25.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---------- 1.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19574/2/2023).

 

დავის საგანი:

სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 15.03.2023 წლის №CB1448163 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 12.04.2023 წლის №8181 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 5 000 ლარი და საქონლის ჩამორთმევა.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმიდან ირკვევა, რომ ---------- (ს/ნ ----------) მართვის ქვეშ მყოფი „ფორდ ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანით (სახ. ნომრით ----------). ხორციელდებოდა მომჩივნის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი 3.1მ³ დახერხილი ფოთლოვანი ჯიშის ხის მასალის ტრანსპორტირება ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე.

აღნიშნულ ფაქტზე მომჩივანს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 15.03.2023 წლის №CB1448163 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია 5 000 (ხუთი ათასი) ლარი და ჩამოერთვა ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონელი.

აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 12.04.2023 წლის №8181 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 136-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 269-ე მუხლის პირველი ნაწილით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 286-ე მუხლის 12 ნაწილით, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების, სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

20.02.2023 წელს სასაქონლო ზედნადებით გადაჰქონდა აუქციონის წესით შეძენილი ცაცხვის ჯიშის 3.10. მ3 ფიცარი ---------- მიმართულებით. ---------- მიმდებარედ გააჩერა გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურმა და შეამოწმეს, რომ გამოწერილი იყო სასაქონლო ზედნადები, სადაც ერთ-ერთ გრაფაში აკლდა ცნობის ნომერი, თუმცა მისთვის გაუგებარია რა ცნობის ნომერზე იყო საუბარი. მომჩივანმა წარადგინა ყველა ცნობა, მათ შორის აუქციონზე შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი, მიღება-ჩაბარების აქტი.

ზედამხედველობის სამსახურმა ტვირთიანი ავტომობილი ---------- სადგომზე გადაიყვანა. რის შემდგომაც მოიწვია ექსპერტი, რომელმაც დაადასტურა გადამხდელის მიერ მითითებული ხის ჯიში და მოცულობა. გარემოს დაცვის თანამშრომლების განცხადებით, არსებული ფიცარი იყო არა ცაცხვი არამედ ალვის ხე. მათ მიერ ჩამორთმეულ იქნა აღნიშნული მასალა.

ელ ----------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მიერ არ იქნა მხედველობაში მიღებული. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ზედნადებში არ იყო საამქროდან გატანის ცნობები. სახერხი საამქროდან გატანის დროს მითითებული ცნობის ნომერი რომ არ ყოფილიყო მითითებული, ვერ მოხერხდებოდა გადამუშავება. ეს არის ტექნიკური შეცდომა, რაც გამოწვეულია შემთხვევითობით. ამის გამო გადამხდელმა მიიღო მატერიალური ზიანი და ითხოვს დაუბრუნდეს კანონიერად მოპოვებული ფიცარი და გაუქმდეს ჯარიმა.

მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს 15.03.2023 წლის №CB1448163 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის და შემოსავლების სამსახურის 12.04.2023 წლის №8181 ბრძანება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით:

1. საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.

2. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის მიზნით, პირის და სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, სატრანსპორტო საშუალების ვიზუალურ დათვალიერებას, საქონლის დათვლას თანმხლებ საბუთებთან შესაბამისობის დასადგენად, სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის თანმხლები საბუთების, ასევე პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული პროცედურების დასაფიქსირებლად ტექნიკური საშუალებების გამოყენებას ახორციელებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი. ამასთან, შესაბამისი პირისა და სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

3. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ან/და საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილი პირები, კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ახორციელებენ დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებული/შეძენილი საქონლის ან/და ამ საქონლის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, რაზედაც ადგენენ შესაბამის ოქმს;

ბ) უზრუნველყოფენ საქონლის განთავსებას და დალუქვას საწყობებში ან ამ მიზნისათვის გამოსაყენებელ სხვა ადგილებში;

გ) საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილი პირი საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების/შეძენის შესახებ ინფორმაციას, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად უგზავნის უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოს.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.

სადავო საკითხზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი 5.05.2023 წლის №---------- წერილიდან ირკვევა, რომ ხორციელდებოდა მომჩივნის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი 3.1მ³ დახერხილი ფოთლოვანი ჯიშის ხის მასალის ტრანსპორტირება ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე. გადამოწმების მომენტში ატვირთულ №---------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებში არ იყო მითითებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის სახერხი საამქროდან გატანის ცნობები. მის ნაცვლად მითითებული იყო მორის ფირნიშის ნომრები. ხეტყის წარმოშობის დოკუმენტების მიხედვით, ხე-ტყე არის ცაცხვის და ალვის სახეობები, ხოლო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია მხოლოდ დახერხილი ფოთლოვანი ცაცხვის ჯიში.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილია №---------- ექპერტიზის დასკვნა, რომლიდანაც ირკვევა, რომ დახერხილი, ფოთლოვანი ჯიშის ცაცხვის ხის მასალის მოცულობამ შეადგინა 3.1 მ3 . აღნიშნული ფოთლოვანი ჯიშის ცაცხვის დახერხილი ხე-მასალის (ფიცარი) შეფასებისას ექსპერტის მიერ გათვალისწინებულ იქნა ნაწარმის სახეობა, ხარისხი და ბაზარზე მსგავსი საქონლის მიმართ მოთხოვნა. მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 1მ3 ფოთლოვანი ჯიშის ცაცხვი დახერხილი ხე-მასალის (ფიცარი) ღირებულება მერყეობს 1800-1900 ლარის ფარგლებში დღგ-ის ჩათვლით. ადგილზე ტრანსპორტირების გარეშე. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ფოთლოვანი ჯიშის ცაცხვის დახერხილი ხე-მასალის სიგრძეა 1.30-2.50 მეტრი და გააჩნია გარკვეული ხარვეზები, შესაბამისად ღირებულება განისაზღვრა 1500 ლარით, დღგ-ის ჩათვლით. გადამოწმების მომენტში ატვირთულ №---------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებში არ იყო მითითებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის სახერხი საამქროდან გატანის ცნობები. მის ნაცვლად მითითებული იყო მორის ფირნიშის ნომრები. აღნიშნულზე შედგენილ იქნა №CB1448163 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდამრღვევს შეეფარდა სანქცია 5 000 (ხუთი ათასი) ლარი და ჩამოერთვა ტრანსპორტირებული ხე-მასალა.

მომჩივნის განმარტებით, გააჩნია საკუთარი ხის საამქრო, მოხდა შეცდომა და ბუღალტერს გამორჩა ცნობის ნომრების მითითება გრაფაში, ვინაიდან ადრე მხოლოდ ფირნიშის ნომრებს უთითებდა. დამადასტურებელ მტკიცებულებად გააჩნია მიღება-ჩაბარების აქტი, აუქციონზე შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი, შიდა გადაზიდვის ზედნადებები. მისი განცხადებით აღნიშნული სახერხი საამქროდან ხდებოდა მასალის გადაზიდვა, შესაბამისად, გატანის დროს ცნობის ნომერი რომ არ ყოფილიყო მითითებული, ვერ მოხერხდებოდა გადამუშავება. ეს არის ტექნიკური შეცდომა, რაც გამოწვეულია შემთხვევითობით.

საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის თანახმად, პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა, იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 69-ე მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტების თანახმად:

5. თუ საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება, რომლითაც პირს საგადასახადო სანქციის სახით შეეფარდა სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევა, ან საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა შესაბამისი საგადასახადო სანქციისაგან, პირი უფლებამოსილია წერილობითი ან ელექტრონული ფორმით განცხადებით მიმართოს საგადასახადო ორგანოს საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დაბრუნების თაობაზე, რომელსაც უნდა ერთოდეს დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.

7. ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული განცხადების რეგისტრაციის შემთხვევაში, რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, საგადასახადო ორგანო ადგენს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ დასრულებულია თუ არა განკარგვის პროცედურები და იმ შემთხვევაში, თუ:

ა) საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე დასრულებულია განკარგვის პროცედურები „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე პრივატიზების, რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 15 ივნისის №125 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს ამ პროცედურების შეჩერების ან შედეგების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, პირს/გადასახადის გადამხდელს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ უბრუნდება საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის საგადასახადო ორგანოს წერილობითი მიმართვით წარდგენილი საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ბრძანების შესაბამისად, საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე არ არის დასრულებული განკარგვის პროცედურები, პირს უბრუნდება ჩამორთმეული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება.

აღნიშნულ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, საბჭოს დადასტურებულად მიაჩნია მექანიკური შეცდომის არსებობის ფაქტი, შესაბამისად, მომჩივანს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ნაცვლად, უნდა შეეფარდოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა 100 ლარის ოდენობით.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 12.04.2023 წლის №8181 ბრძანება;

3. გაუქმდეს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 15.03.2023 წლის №CB1448163 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

4. მომჩივანს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ნაცვლად, შეეფარდოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

5. დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს სათანადო ღონისძიებების განხორციელება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;

6. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადამხდელი არ ეთანხმება მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილ სამართალდარღვევის ოქმს და ითხოვს სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისათვის დაკისრებული სანქციების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმიდან ირკვევა, რომ მომჩივნის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი ხის მასალის ტრანსპორტირებას ახორციელებდა ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე. აღნიშნულ ფაქტზე მომჩივანს შეეფარდა, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია 5 000 ლარი და ჩამოერთვა ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონელი. აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, 12.04.2023 წლის №8181 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

მომჩივნის განმარტებით, მის მიერ გამოწერილი იყო სასაქონლო ზედნადები, მაგრამ ბუღალტრის შეცდომით სასაქონლო ზედნადებში არ იყო მითითებული ცნობის ნომერი.

 

გადაწყვეტილება

აღნიშნულ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, საბჭოს დადასტურებულად მიაჩნია მექანიკური შეცდომის არსებობის ფაქტი, შესაბამისად, მომჩივანს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ნაცვლად, უნდა შეეფარდოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა 100 ლარის ოდენობით.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286(12); 291;

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანება - მუხლი 72 (2-3); 69(5);