გადაწყვეტილება №23178/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 17.07.2024
№ დოკუმენტი 23178/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№23178/2/2024

17 ივლისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------------ი (ს/ნ ---------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------ის 3.06.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23178/2/2024).

 

დავის საგანი:

ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე რეალიზებული ბინების დღგ-ით დაბეგვრა და შემოწმებით გამოვლენილი ფულადი სახსრების სხვაობის ხელფასად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის №081-281 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 19.07.2023 წლის №17571 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

1 188 928.04 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 599 881

დღგ - 271 087

საშემოსავლო გადასახადი - 328 794

ჯარიმა - 299 941

საურავი - 289 106.04

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა.

აუდიტის დეპარტამენტის 25.07.2022 წლის №19772 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.05.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 7.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის №32563 ბრძანება და ამავე თარიღის №081-281 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები 2.02.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 19.07.2023 წლის №17571 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-4, მე-9, მე-10 და მე-11 ნაწილების შესაბამისად:

4. პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი.

9. საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

10. საგადასახადო/დავის განმხილველ ორგანოს ან აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ გადასახადის გადამხდელი (გარდა ფიზიკური პირისა) საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია.

11. დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ან აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

შემოსავლების სამსახურის 5.06.2024 წლის №------21-04 წერილით და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებიდან დადგენილია, რომ სადავო აქტს მომჩივანი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაგზავნიდან (19.07.2023 წლიდან) 30 დღის განმავლობაში არ გაცნობია. შედეგად საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, განხორციელდა შემოსავლების სამსახურის 19.07.2023 წლის №17571 ბრძანების საჯაროდ გავრცელება 31.08.2023 წელს და ჩაბარებულად ჩაითვალა 20.09.2023 წელს.

ამასთან, მომჩივანი სადავო დოკუმენტს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 28.10.2023 წელს.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის 19.07.2023 წლის №17571 ბრძანების გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 10.10.2023 წელი, ხოლო საჩივარი საბჭოში წარმოდგენილია 3.06.2024 წელს, გასაჩივრებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ. შესაბამისად, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.

მომჩივანის საჩივარში მიუთითებს, რომ ჩატარებული შემოწმებით, კომპანიას დამატებით დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი. სამწუხაროდ ვერ იქნა მიწოდებული სრულყოფილი დოკუმენტაცია, რის გამოც დარიცხვა განხორციელდა დოკუმენტების განხილვის გარეშე, ძალიან მკაცრი მიდგომით, განსაკუთრებით საშემოსავლო გადასახადის ნაწილში. შემოწმების პერიოდში საბანკო ანგარიშებზე არსებული ნაშთები ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. აცნობიერებს პასუხისმგებლობას დოკუმენტაციის მოწოდების ნაწილში, რამაც გამოიწვია საშემოსავლო გადასახადის რეალობასთან შეუსაბამო ციფრის დაანგარიშება. თუმცა ფიქრობს, რომ ძალიან მკაცრი გადაწყვეტილებაა. ასევე იცის, რომ დარღვეულია გასაჩივრების ვადები. ითხოვს საჩივრის განხილვას და არსებული გარემოებების გათვალისწინებით გაუქმდეს საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განხორციელებული დარიცხვა და არ ჩაითვალოს ნაშთები, როგორც დირექტორზე გაცემული ხელფასი.

მომჩივანი არ წარმოადგენს ისეთი სახის მტკიცებულებას ან/და არგუმენტაციას, რაც დარღვეული ვადის აღდგენის საფუძველი გახდებოდა. შესაბამისად, ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე რეალიზებული ბინების დღგ-ით დაბეგვრა და შემოწმებით გამოვლენილი ფულადი სახსრების სხვაობის ხელფასად განხილვა

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის №19772 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.05.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №32563 ბრძანება და №081-281 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №17571 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301( „ე“);