ბრძანება N 8384
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 8384
18.04.2023
უსფ(წ) „----ის შპს“-ის (ს/ნ ---)
(მის.:---)
2022 წლის 6 დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 23 მარტის სხდომაზე (ოქმი №30) განიხილა უსფ(წ) „---ის შპს“-ის (ს/ნ ---) 2022 წლის 6 დეკემბრის №77053/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 ოქტომბრის №005-162 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა არასრულად აღასრულა შემოსავლების სამსახურის ბრძანება და კომპანიის ხარჯად აღიარა მხოლოდ ხარჯის ჯამური ოდენობის 15,5%. მომჩივანი განმარტავს, რომ ვინაიდან გაუთვალისწინებელი ხარჯი სრულად გაწეულია იმ საქმიანობის ფარგლებში, რომლის შესრულებაც კონტრაქტით ფილიალს ჰქონდა სრულად დაკისრებული, ცალსახაა, რომ ხარჯის სრული ოდენობაც მას მიეკუთვნება. აღნიშნულის საპირისპიროდ, საგადასახადო შემოწმებამ მხოლოდ ჯამური საკონტრაქტო შემოსავლიდან ფილიალის წილის პროპორციულად გაანგარიშებული ხარჯის ოდენობა აღიარა ფილიალის ხარჯად.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 6 ოქტომბრის №25551 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა უსფ(წ) „--- ის შპს“-ის (ს/ნ---) 2022 წლის 8 აპრილის საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
1. უსფ ,,--ის შპს“-ის (ს/ნ --) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, კონტროლირებული ოპერაციების შეფასების ნაწილში, მოგების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების სწორად განსაზღვრის მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, კომპანიის მიერ გაწეული გაუთვალისწინებელი (არასაოპერაციო) ხარჯი გაანაწილოს კონტრაქტის მხარეებს (უცხოურ საწარმოსა და მის ფილიალს) შორის კონტრაქტით მიკუთვნებული შემოსავლის პროპორციულად და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს მოგების გადასახადის გაანგარიშება და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 6 ოქტომბრის №25551 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 27 ოქტომბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 55 038 ლარით, მათ შორის, გადასახადი 36 692 ლარით, ხოლო ჯარიმა 18 346 ლარით. აღნიშნულზე გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 28 ოქტომბრის №005-162 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, განხორციელდა ხარჯის განაწილება უცხოურ საწარმოსა და მის ფილიალს შორის, რის შედეგადაც გადამხდელს შეუმცირდა მოგების გადასახადში შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, უსფ(წ) „--ს“ და შპს „--ს“ შორის გაფორმებულია 2 საკონტრაქტო შეთანხმება ჯამურად 68 200 000 დოლარის ღირებულებით. ხელშეკრულების მიხედვით, უცხოური საწარმო პასუხისმგებლობას იღებს შპს „---ს“ განუხორციელოს სამშენებლო პროექტები, რისთვისაც დააფუძნა საქართველოში ფილიალი. ძირითადი ხელშეკრულების მიხედვით, არ არის გამიჯნული უცხოური საწარმოსა და ფილიალის მიერ შესასრულებელი სამუშაოები და მათი ღირებულება. თუმცა ძირითად ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ კონტრაქტორმა (უცხოურმა საწარმომ) შეიძლება მოითხოვოს კონტრაქტის გაყოფა ხელმოწერიდან 60 დღის მანძილზე ოფშორულ (სათაო ოფისი) და ონშორულ (მუდმივი დაწესებულება) ნაწილებად. აღნიშნულის გათვალისწინებით განხორციელდა კონტრაქტების გაყოფა, რომელთა მიხედვითაც ფილიალის შემოსავალი განისაზღვრა 10 619 800 დოლარის ოდენობით, ხოლო უცხოური საწარმოს შემოსავალი - 57 580 200 დოლარის ოდენობით.
სამუშაო პროცესში სხვისი ქონების ავარიული დაზიანებით გამოწვეული გაუთვალისწინებელი ხარჯების გაწევასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 6 ოქტომბრის №25551 ბრძანებით დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, კომპანიის მიერ გაწეული გაუთვალისწინებელი (არასაოპერაციო) ხარჯის კონტრაქტის მხარეებს (უცხოურ საწარმოსა და მის ფილიალს) შორის კონტრაქტით მიკუთვნებული შემოსავლის პროპორციულად განაწილება და აღნიშნულის გათვალისწინებით, მოგების გადასახადის გაანგარიშება.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე, განხორციელდა საკითხის დამატებით შესწავლა გადამხდელის მონაწილეობით. შედეგად, გაუთვალისწინებელი (არასაოპერაციო) ხარჯი განაწილდა კონტრაქტის მხარეებს (უცხოურ საწარმოსა და მის ფილიალს) შორის კონტრაქტით მიკუთვნებული შემოსავლის პროპორციულად, რამაც გამოიწვია შემოწმებით დარიცხული თანხების შემცირება.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. უსფ (წ) „---ის შპს“-ის (ს/ნ --) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის გადაანგარიშების შედეგებს
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, განხორციელდა ხარჯის განაწილება უცხოურ საწარმოსა და მის ფილიალს შორის, რის შედეგადაც გადამხდელს შეუმცირდა მოგების გადასახადში შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
გადაწყვეტილება
გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 (21);