გადაწყვეტილება №25492/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25492/2/2025
11 აგვისტო 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 25.07.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 18.07.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25492/2/2025).
დავის საგანი:
ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 10.03.2017 წლის №081-66 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;
2. აუდიტის დეპარტამენტის 17.05.2017 წლის №081-132 საგადასახადო მოთხოვნა;
3. შემოსავლების სამსახურის 24.12.2024 წლის №------- ბრძანება.
დარიცხული თანხა: 52 177.69 ლარი (10.03.2017 წლის №081-66 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა).
მათ შორის:
გადასახადი - 34 533
დღგ - 956
მოგების გადასახადი -2 488
საშემოსავლო გადასახადი - 1 045
ქონების გადასახადი - 30 044
ჯარიმა - 17 413
საურავი - 231.69
დარიცხული თანხა: 567 500 ლარი (17.05.2017 წლის №081-132 საგადასახადო მოთხოვნა).
მათ შორის:
გადასახადი - 374 844
დღგ - (-10 299)
მოგების გადასახადი - 2 512
საშემოსავლო გადასახადი - 4 614
უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ - 82 015
ქონების გადასახადი - 296 002
ჯარიმა - 192 656
პროცედურული გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის:
- 12.01.2012 წლიდან 1.01.2014 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2016 წლის 9 ნოემბრის შუალედურ აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 10.11.2016 წლის №31162 ბრძანება, №081-215 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 31.01.2017 წლის №2161 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. შემოსავლების სამსახურის 31.01.2017 წლის №2161 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 6.03.2017 წელს დასკვნის საფუძველზე, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 10.03.2017 წლის №081-66 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 26.04.2017 წლის №11137 ბრძანებით საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის (გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად) საფუძველზე, დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 21.09.2017 წლის №14619/2/17 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დააკმაყოფილა;
- 1.01.2014 წლიდან 1.08.2016 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2017 წლის 11 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 16.05.2017 წლის №12974 ბრძანება და 17.05.2017 წლის №081-132 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 3.07.2017 წლის №17714 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაგრამ სადავო საკითხის, კერძოდ ქონების გადასახადის ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 21.09.2017 წლის №4305/2/17 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დააკმაყოფილა.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნები, შემოსავლების სამსახურის ბრძანებები და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებები (ქონების გადასახადის ნაწილში), გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, რომლის 2022 წლის 4 მარტის (საქმე №3/1259-17/22):
ა) განჩინებით, შეწყდა საქმის წარმოება აუდიტის დეპარტამენტის 10.11.2016 წლის №081-215 საგადასახადო მოთხოვნის (ქონების გადასახადის ნაწილში) და შემოსავლების სამსახურის 31.01.2017 წლის №2161 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში;
ბ) გადაწყვეტილებით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 10 მარტის №081-66 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა და 2017 წლის 17 მაისის №081-132 საგადასახადო მოთხოვნა (ქონების გადასახადის ნაწილში), შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 26 აპრილის №11137 და 3 ივლისის №17714 ბრძანებები (ქონების გადასახადის ნაწილში), საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 21 სექტემბრის №14619/2/17 და №4305/2/17 გადაწყვეტილებები (ქონების გადასახადის ნაწილში);
გ) შემოსავლების სამსახურს დაევალა, საკითხის სრულად გამოკვლევის შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 13 ივლისის (საქმე №3/ბ-234-22) და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 14 მაისის (საქმე №ბს-49(2კ-23) განჩინებებით.
შემოსავლების სამსახურმა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 4 მარტის (საქმე №3/1259- 17/22) გადაწყვეტილების საფუძველზე, განიხილა შპს ------- 2017 წლის 22 მარტის №14325/2/17 და 13 ივნისის №23775/1/2017 საჩივრები, აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 10 მარტის №081-66 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასა და 2017 წლის 17 მაისის №081-132 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით და 24.12.2024 წლის №------- ბრძანებით საჩივრები არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი და მე-9 ნაწილების შესაბამისად, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ გადასახადის გადამხდელი (გარდა ფიზიკური პირისა) საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია. ამავე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
შემოსავლების სამსახურის 23.07.2025 წლის №65187-21-04 წერილის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის 24.12.2024 წლის №------- ბრძანება გაიგზავნა გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე 2024 წლის 24 დეკემბერს და 2025 წლის 23 ივლისის მდგომარეობით გაცნობა არ ფიქსირდება. ვინაიდან, ბრძანების განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია, საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის, ასევე „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-14 და 151 მუხლებისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურმა ავტომატურ რეჟიმში განახორციელა 2024 წლის 24 დეკემბრის №------- ბრძანების საჯაროდ გავრცელება შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.rs.ge) 2025 წლის 24 იანვარს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანება საჯაროდ გავრცელდა 2025 წლის 24 იანვარს, ჩაბარებულად ითვლება 13.02.2025 წელს, შესაბამისად, გასაჩივრების ბოლო დღე იყო 5.03.2025 წელი. საჩივარი გამოგზავნილია საფოსტო დაწესებულების მეშვეობით 17.07.2025 წელს, გასაჩივრების 20 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ.
მომჩივანი ითხოვს შემოსავლების სამსახურის 24.12.2024 წლის №------- ბრძანების ბათილად ცნობას და აღნიშნავს, რომ სადავო გადაწყვეტილება მინდობილ პირებს ჩაბარდა 2025 წლის 30 ივნისს ოფიციალური გამოთხოვის გზით. კომპანია არ ოპერირებს, შესაბამისად, მისი პროგრამული გაცნობა ვერ იქნებოდა უზრუნველყოფილი. ამასთან, შემოსავლების სამსახურში, დავის განხილვის სხვადასხვა სტადიაზე, ცნობილი იყო შესაბამისი პირებისათვის კომპანიის წარმომადგენლების შესახებ ოფიციალური მინდობილობით და შესაბამისად, გაუგებარია რატომ მოხდა სადავო აქტის პუბლიკაცია იმ ვითარებაში, როდესაც კომპანია განხილვისას წარმოდგენილი იყო ადვოკატებით. ითხოვს აღნიშნული გარემოების ცნობად მიღებას.
მომჩივნის არგუმენტზე, კერძოდ, კომპანიის მინდობილი პირისათვის შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების ოფიციალური გამოთხოვის გზით ჩაბარების თაობაზე, საქმის მასალებით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მინდობილ პირს (ადვოკატ -------) მისი 2025 წლის 23 ივნისის №97460/21-11 განცხადების პასუხად ეცნობა შემოსავლების სამსახურის 24.12.2024 წლის №------- ბრძანების გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე 2024 წლის 24 დეკემბერს გაგზავნის და მისი საჯაროდ გავრცელების წინაპირობების თაობაზე, ამასთან გაეგზავნა ხსენებული ბრძანება.
ამგვარად, ვინაიდან გასულია შემოსავლების სამსახურის 24.12.2024 წლის №------- ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანი ითხოვს შემოსავლების სამსახურის 24.12.2024 წლის №27061 ბრძანების ბათილად ცნობას და აღნიშნავს, რომ სადავო გადაწყვეტილება მინდობილ პირებს ჩაბარდა 2025 წლის 30 ივნისს ოფიციალური გამოთხოვის გზით.
მომჩივნის არგუმენტზე, კერძოდ, კომპანიის მინდობილი პირისათვის შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების ოფიციალური გამოთხოვის გზით ჩაბარების თაობაზე, საქმის მასალებით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მინდობილ პირს მისი 2025 წლის 23 ივნისის №97460/21-11 განცხადების პასუხად ეცნობა შემოსავლების სამსახურის 24.12.2024 წლის №27061 ბრძანების გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე 2024 წლის 24 დეკემბერს გაგზავნის და მისი საჯაროდ გავრცელების წინაპირობების თაობაზე, ამასთან გაეგზავნა ხსენებული ბრძანება.
გადაწყვეტილება
ვინაიდან გასულია შემოსავლების სამსახურის 24.12.2024 წლის №27061 ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301(ე)