ბრძანება N 14394

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე 22.06.2023
№ დოკუმენტი 14394
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი, აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 14394

22 ივნისი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ---------- (ს/ნ ----------)

(მის.: ----------, სოფ. ----------)

2023 წლის 12 ივნისის საჩივრის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 19 ივნისის სხდომაზე (ოქმი №67) იმსჯელა ი/მ ---------- (ს/ნ ----------) 2023 წლის 12 ივნისის №81597/1/2023 საჩივარზე, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 23 თებერვლის №039-2 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან და ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 5 ივნისის №024-2023-094540 საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ ბრძანებასთან დაკავშირებით.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 23 თებერვლის №039-2 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, წერილობითი დოკუმენტი ფიზიკური პირისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ დოკუმენტი ჩაჰბარდა:

ა) ადრესატს პირადად;

ბ) ამ პირის უფლებამოსილ ან კანონიერ წარმომადგენელს;

გ) მის საცხოვრებელ ადგილზე ამ პირთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს;

დ) მეწარმე ფიზიკური პირის საქმიანობის ადგილზე კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს;

ე) საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ან/და საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების შესახებ უფლებამოსილი პირის ბრძანების შემთხვევაში − ფიზიკური პირის ეკონომიკური საქმიანობის უშუალოდ განმახორციელებელ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ი/მ ---------- (ს/ნ ----------) მის მიმართ შედგენილი 2023 წლის 27 იანვრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 22 თებერვლის №3345 ბრძანება და 23 თებერვლის №039-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა ჩაბარდა საფოსტო დაწესებულების საშუალებით 2023 წლის 29 მარტს სარეგისტრაციო დოკუმენტებით განსაზღვრულ იურიდიულ მისამართზე (----------, სოფ. ----------), ხოლო გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 2023 წლის 4 აპრილს.

შემოსავლების სამსახურში საჩივარი წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2023 წლის 12 ივნისს.

მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი წარმოდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანმა ვერ შეძლო დაესაბუთებინა საჩივრის ვადაში წარდგენის შეუძლებლობა, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ი/მ ---------- (ს/ნ ----------) საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 23 თებერვლის №039-2 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.

 

შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 5 ივნისის №024-2023- 094540 საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ ბრძანებასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით დგინდება, რომ 2023 წლის 5 ივნისის მდგომარეობით ი/მ ---------- (ს/ნ ----------) ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელში 5 218.14 ლარი, ჯარიმა 0 ლარი, საურავი 1 208,14 ლარი, ასევე უფიქსირდება ზედმეტად გადახდილი თანხა გადასახადის ნაწილში 7 589.59 ლარი, ხოლო დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არ არის აღიარებული შეადგენდა 0 (ნულ) ლარს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე გამოიცა 2023 წლის 5 ივნისის №024-2023-094540 ბრძანება საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ, რომლის საფუძველზე საბანკო ანგარიშებიდან ჩამოწერილი იქნა 1 011,90 ლარი.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი გადამხდელი ითხოვს საინკასო დავალების გაუქმებას და გასაჩივრებული თანხების სალდირებულად ჩათვლას. განმარტავს, რომ პირადი აღრიცხვის ბარათებზე ერიცხება ზედმეტობა 7 589,59 ლარი, ხოლო ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ბარათზე დავალიანება 6 441,93 ლარი. ამჟამად ფიზიკური პირის პირად ანგარიშზე არის წარდგენილი საინკასო დავალება, რითაც ფიზიკურ პირს ეზღუდება თანხების მიღება საარსებოდ. მიუთითებს, რომ ითხოვდა ზედმეტად გადახდილი თანხის ერთი სახაზინო კოდიდან მეორე კოდზე გადატანას, რომელზეც მიიღო უარი, ამასთან ზედმეტობის დაბრუნებაზეც უარი მიიღო ხანდაზმული პერიოდის გამო.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 5 ივნისის №024-2023-094540 საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ ბრძანებასთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, აღიარებულია საგადასახადო დავალიანება თუ:

ბ) პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად გადამხდელის საბანკო ანგარიშებზე წარადგინოს საინკასო დავალება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში პირის საბანკო ანგარიშებიდან (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშისა) საინკასო დავალებით ჩამოწეროს გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხები და ჩარიცხოს ისინი შესაბამის ბიუჯეტში.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ ი/მ ---------- (ს/ნ ----------) შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით 2023 წლის 5 ივნისის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება, შესაბამისად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ „საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ“ 2023 წლის 5 ივნისის №024-2023-094540 ბრძანება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ ---------- (ს/ნ ----------) საჩივარი ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 5 ივნისის №024-2023-094540 საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ ბრძანებასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;

2. ი/მ ---------- (ს/ნ ----------) საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 23 თებერვლის №039-2 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დარჩეს განუხილველი;

3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნას და საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მეწარმის მის მიმართ შედგენილი კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრებული იქნა გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, რაც წარმოადგენს საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით დგინდება, რომ გადამხდელს ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელში, ასევე უფიქსირდება ზედმეტად გადახდილი თანხა გადასახადის ნაწილში, ხოლო დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არ არის აღიარებული შეადგენდა 0 (ნულ) ლარს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე გამოიცა ბრძანება საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ „საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ“ ბრძანება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 44; 299; 301(ე); 243