გადაწყვეტილება №28181/2/2026

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.11.2026
№ დოკუმენტი 28181/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№28181/2/2026

03 ნოემბერი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,30.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“ 28.09.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №28181/2/2026).

 

დავის საგანი:

ტურისტული მომსახურების დღგ-ით დაბეგვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 15 ივნისის №006-207 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 24 აგვისტოს №19050 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 213 267.76 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 132 734

დღგ - 88 507

საშემოსავლო გადასახადი - 44 227

ჯარიმა - 67 615

საურავი - 12 918.76

 

ფაქტების აღწერა

კომპანიის საქმიანობაა „ტურისტული სააგენტოების საქმიანობები“. საწარმო გადასახადის გადამხდელად და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2023 წლის 2 ნოემბერს.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 15 ოქტომბრის №21839 და 2026 წლის 31 მარტის №7326 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2023 წლის 2 ნოემბრიდან 2026 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2026 წლის 12 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადი გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში მიღებულია დღგ-ის ჩათვლა მხოლოდ სასტუმროს მომსახურებებზე. ამავე თვეში მიღებული ძირითადი შემოსავალი ფიქსირდება საბანკო ანგარიშებზე შეტანილი თანხებით დანიშნულებით - „ნავაჭრი“. გადასახადის გადამხდელი მიღებულ შემოსავალს ადეკლარირებს, როგორც დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ბრუნვას. კომპანია არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. შემოწმების ფარგლებში მოთხოვნილ იქნა შესასწავლ პერიოდთან დაკავშირებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა. წარდგენილ საბანკო ამონაწერებში არ ფიქსირდება სასტუმროს მომსახურების გარდა სხვა ტიპის მომსახურებაზე ხარჯის გაწევა. მიღებულ შემოსავალზე წარდგენილია ხელმოუწერელი ინვოისები, სადაც საფუძველში მითითებულია FULL SERVICES, თუმცა რას გულისხმობს აღნიშნული მომსახურება, შესრულდა თუ არა ან/და ვის გაეწია მომსახურება წარდგენილი მასალებით ვერ დგინდება. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციით/დოკუმენტაციით არ დასტურდება ტუროპერატორის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელი ტურისტის ორგანიზებული შემოყვანა და მისთვის საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული პროდუქტის მიწოდება. შესაბამისად, ვერ აკმაყოფილებს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მოთხოვნებს და არ იკვეთება დეკლარირებული ბრუნვის დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლების საფუძველი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების საფუძველზე, შესამოწმებელ პერიოდში მიღებული შემოსავალი დაიბეგრა დღგ-ით. მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 15 ივნისის №13052 ბრძანება და №006-207 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 213 267.76 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2026 წლის 29 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2026 წლის 24 აგვისტოს №19050 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2026 წლის 13 აგვისტოს 13:30 საათზე, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 61-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 157- ე, 172-ე, 168-ე, 43-ე მუხლებზე, „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე, ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში მიღებული შემოსავლის დღგ-ით დაბეგვრა მართლზომიერია.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო ორგანო თავის გადაწყვეტილებას ძირითადად აფუძნებს იმ გარემოებაზე, რომ კომპანიის მიერ წარდგენილი ინვოისები შეიცავს ზოგად მითითებას – "FULL SERVICES", ხოლო წარდგენილი დოკუმენტაციით, მისი შეფასებით, არ დასტურდება ტურისტული პროდუქტის სრულყოფილად მიწოდება. აღნიშნული მსჯელობა ვერ იქნება საკმარისი საფუძველი საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათის გამოყენებაზე უარის სათქმელად. კომპანიის საქმიანობა რეალურად დაკავშირებული იყო უცხოელი ტურისტებისთვის ტურისტული მომსახურების ორგანიზებასთან, რომელიც მოიცავდა სასტუმროში განთავსების უზრუნველყოფას, ტრანსპორტირების ორგანიზებასა და კვების უზრუნველყოფას. წარდგენილი დოკუმენტაცია სრულყოფილად ვერ ასახავდა მომსახურების ყველა კომპონენტს, თუმცა აღნიშნული გარემოება თავისთავად არ ნიშნავს, რომ შესაბამისი მომსახურება ფაქტობრივად არ განხორციელებულა. საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ყველა მომსახურებაზე არ იყო დაცული სრულყოფილი დოკუმენტური კვალი, თუმცა ეს გარემოება ვერ გახდება საგადასახადო შეღავათის გამოყენების ავტომატური უარყოფის საფუძველი. საგადასახადო ორგანოს ეკისრებოდა ვალდებულება, შეეფასებინა არსებული მტკიცებულებები მათი ერთობლიობით, საქმის ეკონომიკური შინაარსისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და არა მხოლოდ ცალკეული დოკუმენტების ფორმალური შეფასების საფუძველზე. საწარმოს საქმიანობა რეალურად დაკავშირებული იყო უცხოელი ტურისტებისთვის საქართველოში ტურისტული მომსახურების ორგანიზებასთან. კომპანიის მიერ გაწეული მომსახურება მოიცავდა ტურისტების სასტუმროში განთავსების უზრუნველყოფას, ტრანსპორტირების ორგანიზებასა და კვების უზრუნველყოფას, რაც ერთობლივად წარმოადგენდა ტურისტული მომსახურების კომპლექსს. მართალია, წარდგენილი დოკუმენტაცია სრულყოფილად არ ასახავდა აღნიშნული მომსახურების თითოეულ კომპონენტს, თუმცა აღნიშნული გარემოება თავისთავად ვერ ადასტურებს, რომ შესაბამისი მომსახურება ფაქტობრივად არ განხორციელებულა. საგადასახადო ორგანო ვალდებული იყო, საქმის გარემოებები შეეფასებინა არა მხოლოდ ცალკეული დოკუმენტების ფორმალური ნიშნების მიხედვით, არამედ არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით, მათი შინაარსისა და ეკონომიკური არსის გათვალისწინებით. გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს დასაბუთებულ მსჯელობას იმის შესახებ, თუ რატომ არ იქნა გათვალისწინებული წარდგენილი დოკუმენტაცია ერთობლიობაში და რის საფუძველზე იქნა მიჩნეული, რომ კომპანიის საქმიანობა არ აკმაყოფილებდა საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლით დადგენილ პირობებს. საგადასახადო ორგანო შემოიფარგლა მხოლოდ იმ მითითებით, რომ ინვოისებში გამოყენებულია ზოგადი აღწერა („FULL SERVICES“) და წარდგენილი არ არის ცალკეული მომსახურების დეტალური დოკუმენტაცია, რაც თავისთავად ვერ იქნება საგადასახადო შეღავათის გამოყენებაზე უარის თქმის საკმარისი სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს სრულყოფილად გამოკვლეულ ფაქტობრივ გარემოებებსა და სათანადოდ შეფასებულ მტკიცებულებებს. მხოლოდ დოკუმენტაციის არასრულყოფილებაზე მითითება, ფაქტობრივი გარემოებების სიღრმისეული გამოკვლევის გარეშე, ვერ ჩაითვლება კანონით დადგენილი სტანდარტის შესაბამის დასაბუთებად. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საზოგადოების დირექტორი არ არის საქართველოს მოქალაქე, არ ფლობს ქართულ ენას და არ არის გათვითცნობიერებული საქართველოს საგადასახადო და საბუღალტრო კანონმდებლობის სპეციფიკაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომსახურების განხორციელებასთან დაკავშირებული პირველადი დოკუმენტაციის მომზადებისა და საბუღალტრო სამსახურისთვის წარდგენისას იგი მოქმედებდა იმ ინფორმაციისა და განმარტებების საფუძველზე, რომელიც მისთვის ხელმისაწვდომი იყო. დირექტორს კეთილსინდისიერად ჰქონდა რწმენა, რომ მის მიერ ბუღალტრული აღრიცხვისთვის გადაცემული დოკუმენტაცია საკმარისი იყო განხორციელებული ოპერაციების სათანადოდ ასასახად და საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. შესაბამისად, დოკუმენტაციის ფორმაში არსებული ხარვეზები ან არასრულყოფილება არ წარმოადგენდა საგადასახადო ვალდებულებების არასწორად შესრულების ან ინფორმაციის დამალვის განზრახ ქმედებას, არამედ განპირობებული იყო ენობრივი ბარიერით, ადგილობრივი რეგულაციების არასაკმარისი ცოდნითა და იმ პრაქტიკით, რომლის საფუძველზეც დირექტორი საბუღალტრო სამსახურს გადასცემდა შესაბამის დოკუმენტაციას. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათის მიზანს წარმოადგენს ტურიზმის სექტორის მხარდაჭერა, უცხოელი ტურისტების მოზიდვის ხელშეწყობა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტიმულირება. აღნიშნული ნორმის ზედმეტად ფორმალისტური განმარტება და საგადასახადო შეღავათის გამოყენებაზე უარის თქმა მხოლოდ დოკუმენტაციის ფორმალური შეფასების საფუძველზე ქმნის გაუმართლებელ ბარიერს იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც რეალურად ემსახურებიან უცხოელი ტურისტების საქართველოში შემოყვანასა და მათთვის ტურისტული მომსახურების გაწევას. ასეთი მიდგომა უარყოფითად აისახება ტურიზმის სექტორის განვითარებაზე, ამცირებს ბიზნესის მოტივაციას განახორციელოს მსგავსი საქმიანობა და, საბოლოოდ, ეწინააღმდეგება როგორც საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მიზანს, ისე სახელმწიფოს ინტერესს ტურისტული ნაკადების ზრდისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით. კომპანია მთელი საქმიანობის განმავლობაში მოქმედებდა კეთილსინდისიერად, არ ჰქონია საგადასახადო ვალდებულებებისთვის თავის არიდების ან არამართლზომიერი საგადასახადო უპირატესობის მიღების მიზანი, ხოლო ყველა განხორციელებული ოპერაცია ასახული იყო საგადასახადო დეკლარაციებსა და საბუღალტრო აღრიცხვაში. ამასთან, საგადასახადო ორგანომ საქმის შეფასებისას უპირატესობა მიანიჭა მხოლოდ დოკუმენტაციის ფორმალურ მხარეს და სათანადოდ არ გამოიკვლია ოპერაციების რეალური ეკონომიკური შინაარსი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სადავო საკითხი უკავშირდება საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის გამოყენების სამართლებრივ შეფასებას და არა გადასახადის დამალვას ან სახელმწიფო ბიუჯეტისთვის ზიანის განზრახ მიყენებას. დოკუმენტაციის ფორმალური ხარვეზების საფუძველზე კომპანიისთვის მნიშვნელოვანი საგადასახადო ვალდებულებების დაკისრება არაპროპორციული ღონისძიებაა, ხოლო აღნიშნული ნორმის ზედმეტად ფორმალისტური განმარტება ეწინააღმდეგება მის მიზანს, რომელიც მიმართულია უცხოელი ტურისტების საქართველოში მოზიდვის, ტურიზმის სექტორის განვითარების და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისკენ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი სადავო საგადასახადო მოთხოვნა და გაუქმდეს დამატებით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის „შ“, „ჩ“ და „ც“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ამ კარის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

შ) ტუროპერატორი − პირი, რომელიც ახორციელებს ტურისტული პროდუქტის ფორმირებას და ტურისტისთვის მიწოდებას;

ჩ) ტურისტი – ფიზიკური პირი, რომელსაც მიეწოდება ტურისტული პროდუქტი, საქართველოში არანაკლებ 24 საათის და არაუმეტეს ერთი წლის ვადით მოგზაურობის (მათ შორის, დასვენების ან/და გაჯანსაღების) მიზნით;

ც) ტურისტული პროდუქტი – ტურისტული მომსახურების სახეობათა (მათ შორის, ტრანსპორტირება, განთავსება, კვება, გიდის მომსახურება, აგრეთვე ტურისტული მომსახურების დამხმარე მომსახურება) არანაკლებ ორი კომპონენტის ერთობლიობა.

საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, ასევე გათავისუფლებულია ტუროპერატორის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელი ტურისტის ორგანიზებული შემოყვანა და მისთვის საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული პროდუქტის მიწოდება.

„ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ“ ქვეპუნქტის თანახმად, ტურისტული მომსახურება − ტურისტული საქმიანობის სუბიექტების მიერ მოგზაურობის დროს ტურისტების მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებული მომსახურება. ტურისტული მომსახურება ხორციელდება ტურისტის ჯგუფური ან ინდივიდუალური მოგზაურობისას. ტურისტული პაკეტისა და დაკავშირებული ტურისტული მომსახურების მიზნებისთვის ტურისტული მომსახურებებია:

ჰ.ა) ტურისტის ტრანსპორტირება;

ჰ.ბ) განთავსების მომსახურება, რომელიც ტურისტის ტრანსპორტირების შემადგენელი ნაწილი არ არის და განკუთვნილი არ არის საცხოვრებელი მიზნებისთვის;

ჰ.გ) ავტომობილის, სხვა ძრავიანი სატრანსპორტო საშუალების (რომელიც არანაკლებ 25 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდება, ან მოტოციკლის, რომლის მართვა A კატეგორიის მართვის მოწმობას მოითხოვს) გაქირავება;

ჰ.დ) ნებისმიერი სხვა ტურისტული მომსახურება, რომელიც ამ მუხლის „ჰ.ა“, „ჰ.ბ“ და „ჰ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ტურისტული მომსახურებების ნაწილი არ არის.

საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

სადავო საკითხზე, აუდიტის დეპარტამენტის 23.10.2026 წლის № ------ წერილით, წარმოდგენილია მოპასუხის პოზიცია, სადაც მითითებულია შემდეგი:

კომპანიის საქმიანობაა „ტურისტული სააგენტოების საქმიანობები“. გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში მიღებულია დღგ-ის ჩათვლა მხოლოდ სასტუმროს მომსახურებებზე. შესამოწმებელ პერიოდში მიღებული ძირითადი შემოსავალი ფიქსირდება საბანკო ანგარიშებზე შეტანილი თანხები დანიშნულებით „ნავაჭრი“. გადასახადის გადამხდელი მიღებულ შემოსავალს ადეკლარირებს, როგორც დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ბრუნვას. კომპანია არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. შემოწმების ფარგლებში მოთხოვნილ იქნა შესასწავლ პერიოდთან დაკავშირებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა. წარდგენილ საბანკო ამონაწერებში არ ფიქსირდება სასტუმროს მომსახურების გარდა სხვა ტიპის მომსახურებაზე ხარჯის გაწევა. მიღებულ შემოსავალზე წარდგენილია ხელმოუწერელი ინვოისები, სადაც საფუძველში მითითებულია FULL SERVICES, თუმცა რას გულისხმობს აღნიშნული მომსახურება, შესრულდა თუ არა ან/და ვის გაეწია მომსახურება წარდგენილი მასალებით ვერ დგინდება. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციით/დოკუმენტაციით არ დასტურდება ტუროპერატორის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელი ტურისტის ორგანიზებული შემოყვანა და მისთვის საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული პროდუქტის მიწოდება. შესაბამისად, ვერ აკმაყოფილებს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მოთხოვნებს და არ იკვეთება დეკლარირებული ბრუნვის დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლების საფუძველი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163- ე მუხლების შესაბამისად, შესამოწმებელ პერიოდში მიღებული შემოსავალი დაიბეგრა დღგ-ით. გადასახადის გადამხდელი საჩივარშიც აღნიშნავს, რომ არ აქვს შესაბამისი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა კომპანიის საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლით გათავისუფლების მოთხოვნებს. კომპანიას არ აქვს სააღრიცხვო პროგრამა და ასევე არ წარუდგენია შესაბამისი მასალა, რითაც დადასტურდებოდა ტურისტების ორგანიზებული შემოყვანა. შესაბამისად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საგადასახდო შემოწმების აქტით განსაზღვრულია დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები.

აღსანიშნავია, რომ მომჩივანს არც შემოწმების პროცესში და არც საგადასახადო დავის არცერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რაც შეიძლება გამხდარიყო დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი სადავო საგადასახადო მოთხოვნა და გაუქმდეს დამატებით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში მიღებულია დღგ-ის ჩათვლა მხოლოდ სასტუმროს მომსახურებებზე. გადამხდელი მიღებულ შემოსავალს ადეკლარირებს, როგორც დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ბრუნვას.

წარდგენილ საბანკო ამონაწერებში არ ფიქსირდება სასტუმროს მომსახურების გარდა სხვა ტიპის მომსახურებაზე ხარჯის გაწევა. მიღებულ შემოსავალზე წარდგენილია ხელმოუწერელი ინვოისები, სადაც საფუძველში მითითებულია FULL SERVICES, თუმცა რას გულისხმობს აღნიშნული მომსახურება ვერ დგინდება.

გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციით/დოკუმენტაციით არ დასტურდება ტუროპერატორის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელი ტურისტის ორგანიზებული შემოყვანა და მისთვის საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული პროდუქტის მიწოდება. შესაბამისად, ვერ აკმაყოფილებს სსკ-ის 172-ე მუხლის მოთხოვნებს და არ იკვეთება დეკლარირებული ბრუნვის დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლების საფუძველი.სსკ-ის 159-ე და 163-ე მუხლების საფუძველზე, შესამოწმებელ პერიოდში მიღებული შემოსავალი დაიბეგრა დღგ-ით. მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

163,164,172(4-"პ").

„ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონი.