ბრძანება N 31324
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 31324
30/09/2021
ფ/პ -------------
(მის.: ---------)
2021 წლის 6 სექტემბრის საჩივრის
დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა განიხილა ფ/პ ------- №185863/21-11 საჩივარი მომსახურების დეპარტამენტის 2021 წლის 6 სექტემბრის №21-11/110406 წერილის თაობაზე, რომლითაც უარი ეთქვა საგადასახადო შეღავათით სარგებლობის შესახებ ცნობის გაცემაზე. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 24 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №88).
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ გადახდის წყაროსთან ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალზე შეღავათით სარგებლობაზე წარდგენილი ჰქონდა ცნობა შპს „--------“ -ში. აღნიშნული ორგანიზაცია აღარ ფუნქციონირებს და გადამხდელი ითხოვს ახალი ცნობის გაცემას ახალ დამსაქმებელთან წარსადგენად.
ფაქტობრივი გარემოებები:
მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციითა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით დგინდება, რომ -----ის მიერ 2010 წლის 7 მაისს რეგისტრირებულია განცხადება - (დაქირავებულის მომართვის შემთხვევაში) ცნობა გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლების შესახებ „---------“ -ში წარსადგენად, ხოლო 2021 წლის 11 აგვისტოს რეგისტრირებულია განცხადება N170074/21-11, რომლითაც იგი ითხოვს შუამდგომლობას ძველი დამქირავებლისგან, „-----„- დან გადახდის წყაროსთან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლების შეწყვეტასთან დაკავშირებით შეტყობინების მიღებაში.
აღნიშნულ საკითხზე რეაგირებისა და შეტყობინების მოთხოვნით 2021 წლის 17 აგვისტოს ფ/პ „----------"-ს სართველოს ფოსტის მეშვეობით, გაეგზავნა წერილი N 21-11/-------- თუმცა სსიპ შემოსავლების სამსახურის საქმისწარმოების სამმართველოში დაცული ინფორმაციიის თანახმად გზავნილი ადრესატს არ ჩაბარებია.
გადამხდელს გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების შესახებ ახალი ცნობის გაცემაზე უარი ეცნობა მომსახურების დეპარტამენტის 2021 წლის 6 სექტემბრის №21-11/110406 წერილით.
შემოსავლების სამსახურის განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო წლის მიხედვით გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების მიზნით დაქირავებული პირი ვალდებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით წარუდგინოს დამქირავებელს შეღავათით სარგებლობის შესახებ საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ცნობა. ერთზე მეტი სამუშაო ადგილის არსებობის შემთხვევაში გადახდის წყაროს, სადაც უნდა გავრცელდეს შეღავათი, განსაზღვრავს დაქირავებული პირი.
გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 391 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული წესის მიხედვით, ცნობა საგადასახადო შეღავათით სარგებლობის შესახებ (შემდგომში-ცნობა) საგადასახადო ორგანოს მიერ გაიცემა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და უფლებას აძლევს დაქირავებულს ისარგებლოს კუთვნილი საგადასახადო შეღავათით გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ცნობა გამოიყენება მხოლოდ ხელფასის სახითმიღებულ შემოსავლებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული შეღავათების გავრცელებისას ამასთან, იგი არ წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს. შესაბამისად, შეღავათის გამოყენების მიზნით ამ პუნქტით გათვალისწინებულმა დაქირავებულმა პირებმა დამქირავებელს (საგადასახადო აგენტს) ცნობასთან ერთად უნდა წარუდგინონ შეღავათით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, ცნობა დაქირავებულს უფლებას აძლევს საგადასახადო წლის მიხედვით ისარგებლოს კუთვნილი საგადასახადო შეღავათით მხოლოდ ერთი დამქირავებლიდან (საგადასახადო აგენტიდან) მიღებული შემოსავლების მიხედვით. ერთზე მეტი სამუშაო ადგილის შემთხვევაში გადახდის წყაროს, სადაც უნდა გავრცელდეს კუთვნილი საგადასახადო შეღავათი, განსაზღვრავს დაქირავებული; დაქირავებულმა პირმა ცნობის მისაღებად წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს საგადასახადო ორგანოს. ამასთან, თუ ფიზიკური პირი (დაქირავებული) იცვლის სამუშაო ადგილს ან სურვილი აქვს სხვა დამქირავებელთან (საგადასახადო აგენტთან) გამოიყენოს საგადასახადო კანონმდებლობით მინიჭებული შეღავათი, ახალი ცნობის ასაღებად საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ განცხადებას უნდა დაურთოს შესაბამისი სამუშაო ადგილიდან გაცემული შეტყობინება გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლების შეწყვეტის თაობაზე. საგადასახადო ორგანო ვალდებულია განცხადების მიღებიდან სამი დღის ვადაში გასცეს ცნობა გადახდის წყაროდან მიღებულ შეღავათებზე შეღავათის გამოყენების შესახებ.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომ მომჩივანს არ აქვს წინა დამქირავებლისგან გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლების შეწყვეტის თაობაზე შეტყობინების წარმოდგენის შესაძლებლობა, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მომსახურების დეპარტამენტს უნდა დაევალოს, ფ/პ ------- ს სახელზე გასცეს „ცნობა გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების შესახებ“, ხოლო „-----------“-ში წარდგენილი „ცნობა გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების შესახებ“ გამოცხადდეს ძალადაკარგულად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ფ/პ -------ის საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, ფ/პ ---- ის მიმართ გასცეს ცნობა გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების შესახებ;
3. „-------“ - ში წარდგენილი „ცნობა გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების შესახებ“ გამოცხადდეს ძალადაკარგულად;
4. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი განმარტავს, რომ გადახდის წყაროსთან ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალზე შეღავათით სარგებლობაზე ცნობა წარდგენილი ჰქონდა ორგანიზაციაში, რომელიც აღარ ფუნქციონირებს და ითხოვს ახალი ცნობის გაცემას ახალ დამსაქმებელთან წარსადგენად.
ფაქტობრივი გარემოებები
მომსახურების დეპარტამენტის ინფორმაციით დგინდება, რომ მომჩივანის მიერ 2010 წელს რეგისტრირებულია განცხადება - (დაქირავებულის მომართვის შემთხვევაში) ცნობა გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლების შესახებ“ დამსაქმებელთან წარსადგენად, ხოლო 2021 წელს რეგისტრირებულია განცხადება, რომლითაც მომჩივანი ითხოვს შუამდგომლობას ძველი დამქირავებლისგან გადახდის წყაროსთან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლების შეწყვეტასთან დაკავშირებით შეტყობინების მიღებაზე.
აღნიშნული შეტყობინების მოთხოვნით ძველ დამსაქმებელს საქართველოს ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა წერილი, თუმცა გზავნილი ადრესატს არ ჩაბარებია.
გადამხდელს გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების შესახებ ახალი ცნობის გაცემაზე უარი ეცნობა მომსახურების დეპარტამენტის წერილით.
გადაწყვეტილება
მომსახურების დეპარტამენტს დაევალა მომჩივანზე გასცეს „ცნობა გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების შესახებ“, ხოლო ძველ დამქირავებელთან წარდგენილი ცნობა გამოცხადდა ძალადაკარგულად.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 82(2); 82(5)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 391 მუხლი