გადაწყვეტილება №22759/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 18.07.2024
№ დოკუმენტი 22759/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№ 22759/2/2024

18 ივლისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----------“ 2.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22757/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 8.12.2023 წლის №30751 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 6 თებერვლის №063-2 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 26 მარტის №6538 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 684 609 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 413 885

ჯარიმა - 206 943

საურავი - 63 781

 

ფაქტების აღწერა

საწარმო გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2020 წლის 18 დეკემბრიდან, ხოლო დღგის გადამხდელად ნებაყოფლობით დარეგისტრირდა 2021 წლის 30 ნოემბერს. კომპანიის საქმიანობაა სამშენებლო მასალების, ნავთობის ბიტუმის იმპორტი და სხვა საქმიანობა.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 მარტის №6525 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 29 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შემოწმების პროცესში დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციოს სისტემის მონაცემები და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (საბუღალტრო პროგრამა (ინფო ბუღალტერია), საბანკო ამონაწერები, ინვოისები და სხვა ელექტრონული დოკუმენტაცია). შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს უფიქსირდება --------- იმპორტით შემოტანილი 7 023 340 ლარის ღირებულების ნავთობის ბიტუმი, რომელიც ამავე პერიოდში რეალიზებულია სრულად ადგილობრივ ბაზარზე. გადასახადის გადამხდელისგან დადგინდა, რომ კომპანიის კრედიტორული დავალიანება შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შეადგენს 404 172 ლარს. კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, უცხოელ მომწოდებლებთან ანგარიშსწორება ხორციელდებოდა ნაღდი ანგარიშსწორებით. კერძოდ, თანხები გაიწერება ანგარიშვალდებულ პირზე საქვეანგარიშოდ, რომელიც ახორციელებს შემდგომში კრედიტორებთან ანგარიშსწორებას. შესამოწმებელ პერიოდში კრედიტორებისთვის ანაზღაურებული თანხა შეადგენს 6 622 168 ლარს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციოს სისტემის მონაცემებით არ ფიქსირდება საბაჟო დეკლარაცია, რომლითაც დადასტურდება საბაჟო საზღვარზე ნაღდი ფულის გატანა, ხოლო კომპანიის მიერ წარდგენილი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ იქნა მიჩნეული სარწმუნოდ (წარდგენილი შედარების აქტი არ არის დამოწმებული სათანადოდ). შესაბამისად, შემოწმების პროცესში ჩატარებული ანალიზისა და მეთოდური მითითების „კრედიტორული დავალიანების შესახებ“ (დანართი 8) მიხედვით, იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადასახდელი თანხის - 6 622 168 ლარის 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად, ხოლო დარჩენილი თანხა - 1 655 542 ლარი ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით გაცემულად. საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 9 ოქტომბრის №24914 ბრძანება და №063-21 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 663 237 ლარი

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 7 ნოემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 8.12.2023 წლის №30751 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადახდილი თანხის სათანადო წესით დამოწმებული მტკიცებულება;

დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 8.12.2023 წლის №30751 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 24.01.2024 წლის დასკვნა, 6.02.2024 წლის №2170 ბრძანება და №063-2 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 29 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 26 მარტის №6538 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნა შედარების აქტები და სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების მიერ თანხის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ნაწილი. მოცემული შედარების აქტები შემოწმების პროცესშიც იყო მიწოდებული. ვინაიდან მოცემული დოკუმენტაცია ვერ იქნა მიჩნეული სარწმუნოდ (არ არის დამოწმებული სათანადოდ), საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას/შემცირებას.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმებისთვის წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ წარმოადგენს გადაანგარიშების საფუძველს და არ ვლინდება დამატებითი გარემოებები, რაც გავლენას მოახდენდა შემოწმების შედეგებზე.

საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების შედეგებს არ დაეთანხმნენ, რადგან საკითხი წინააღმდეგობაში მოდის საგადასახადო კანონმდებლობასთან. მათ შორის, წინააღმდეგობაში მოდის შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული მეთოდური მითითების მაგალითით თვალსაჩინოდ ახსნილ საკითხთან და ზოგადად მკაფიოა, რომ დარიცხვა განხორციელებულია უსაფუძვლოდ. შესაბამისად, წარადგინეს საჩივარი შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 8 დეკემბრის №30751 ბრძანებით დაევალათ აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინათ იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადახდილი თანხის სათანადო წესით დამოწმებული მტკიცებულება. რაც იმას ნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით არამართლზომიერად იქნა მიჩნეული საგადასახადო შემოწმების აქტით გადაწყვეტილი საკითხი.

გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინეს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითებით „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ №8 დანართის „კრედიტორული დავალიანების შესახებ“ განსაზღვრული დოკუმენტაცია, ორმხრივად დამოწმებული შედარების აქტები, რომლითაც დასტურდება, რომ საწარმოს მიერ ბუღალტრულ აღრიცხვაში მითითებული მომწოდებლებისთვის გადახდილი თანხა სრულად აქვს მიღებული ----------- რეგისტრირებულ კომპანიებს. მიუხედავად ამისა, აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2024 წლის 24 იანვარს გამოიცა დასკვნა, ხოლო 2024 წლის 6 თებერვალს საგადასახადო მოთხოვნა №063-2, რომლითაც დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა.

დასკვნაში აღნიშნულია, რომ წარდგენილი დოკუმენტაცია არ არის დამოწმებული სათანადოდ და შესაბამისად არ იქნა მიჩნეული სარწმუნოდ. გამოცემულ დასკვნასა და შესაბამის საგადასახადო მოთხოვნას არ დაეთანხმნენ და კვლავ წარადგინეს საჩივარი შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურმა ამჯერადაც მომჩივნის დაუსწრებლად განიხილა წარდგენილი საჩივარი და არ დააკმაყოფილა. შემოსავლების სამსახურმა ორივე შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის დაუსწრებლად განიხილა საჩივარი და არ მიეცათ საშუალება თუნდაც ზეპირი განმარტება მოესმინათ მათგან თუ რა იგულისხმება შესაბამისი წესით დამოწმებულ დოკუმენტში. დოკუმენტის რაიმე სხვა წესით დამოწმება (რასაც თეორიულად განიხილავენ) დამოკიდებულია მომწოდებელ კომპანიაზე და მომჩივანი მზად არის ამის სანაცვლოდ დამატებით გაწიოს ხარჯი, რათა მიიღონ მათგან „შესაბამისად“ დამოწმებული დოკუმენტი, მაგრამ ამისათვის საჭიროა იცოდნენ თუ რა იგულისხმება დოკუმენტის „შესაბამისი წესით დამოწმებაში“, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში აქვთ სამწუხარო გამოცდილება, რომ შემოსავლების სამსახური სრულიად დაუსაბუთებლად უგულებელყოფს ნებისმიერ დოკუმენტს, რომელსაც წარადგენენ.

შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში აღნიშნეს, რომ აუდიტის დეპარტამენტში წარადგინეს წერილი (---------), რომლითაც ითხოვდნენ განმარტებას თუ რა იგულისხმება დოკუმენტის „სათანადო წესით“ დამოწმებაში. სამწუხაროდ, არ ჰქონდათ მოლოდინი, რომ აუდიტის დეპარტამენტისგან წერილობით მიიღებდნენ რეალურ განმარტებას (მართლაც ასე მოხდა. ამ დრომდე არანაირი განმარტება არ მიუღიათ), ამიტომ ითხოვდნენ, რომ თუ აუდიტის დეპარტამენტის ქმედებას მართლზომიერად ჩათვლიდნენ, იქნებ განემარტათ გადაწყვეტილებაში თუ რას გულისხმობდნენ „სათანადო დამოწმებაში“, რათა მიეღოთ შესაბამისი ზომები და მომწოდებელთან კომუნიკაციის შედეგად წარედგინათ მოთხოვნილი დოკუმენტი. შემოსავლების სამსახურმა საკითხის განხილვის გარეშე, დაუსაბუთებლად უარყო მომჩივნის თხოვნა და წარდგენილი საჩივარი არ დააკმაყოფილა.

გამოცემულ გადაწყვეტილებაში მინიშნებაც კი არ არის თუ რატომ არ აკმაყოფილებს წარდგენილი დოკუმენტაცია თავად შემოსავლების სამსახურის მიერ დამტკიცებული მეთოდური მითითებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

საქმის არსის უკეთ გასაცნობად, დეტალურად წარმოადგენს არსებულ გარემოებას. საწარმოს საქმიანობის სფეროა ბიტუმის იმპორტი ----------- და რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. ბიზნესის ძირითადი იდეა პროდუქტის სწრაფად მიღება და რეალიზაციაა. აღნიშნული განაპირობებს როგორც შესყიდვის, ასევე რეალიზაციის ფასს. საქონლის შესყიდვისას მიწოდების პირობა (CIP) ითვალისწინებს ტვირთის თბილისამდე ტრანსპორტირებას. შესაბამისად, გადახდილი თანხა მოიცავს ტრასპორტირების ღირებულებასაც. მომწოდებლის პირობით, თანხის გადახდა ხდება ნაღდი ანგარიშსწორების გზით. თანხას გასცემენ სატრანსპორტო საშუალების მძღოლს (რომელიც ემსახურება მომწოდებელს და სარგებლობს მათი ნდობით), როგორც წესი თითო ჯერზე 10 000 აშშ დოლარს, რაც არ აღემატება მის მიერ ტრანსპორტირებული ტვირთის ღირებულებას. დროის გარკვეულ პერიოდში, მომწოდებელთან ფორმდება შედარების აქტი, რომლითაც მომწოდებლის ბეჭდითა და ხელმოწერით დასტურდება კომპანიებს შორის არსებული ვალდებულებები.

შესამოწმებელ პერიოდში წარადგინეს საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემები, დოკუმენტაცია საქონლის შესყიდვისა და დეკლარირების შესახებ და მომწოდებლებთან გაფორმებული შედარების აქტები. სულ კომპანიას შესყიდული აქვს 7 023 340 ლარის ღირებულების საქონელი, გადახდილი აქვს 6 622 168 ლარი, ხოლო კრედიტორული დავალიანება შეადგენს 404 172 ლარს. საგადასახადო შემოწმების აქტში აღნიშნულია, რომ არ ფიქსირდება საბაჟო დეკლარაცია, რომლითაც დადასტურდება საბაჟო საზღვარზე ფულის გატანა, ხოლო შედარების აქტები არ არის დამოწმებული სათანადოდ. ამიტომ, შემოწმებით ანაზღაურებულად ჩაითვალა გადახდილი თანხის მხოლოდ 75%, ხოლო 25% - 1 655 542 ლარი დაკვალიფიცირდა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ №8 დანართის „კრედიტორული დავალიანების შესახებ“ კონკრეტულად აღწერილია აბსოლუტურად იდენტური გარემოება (I ვარიანტი) და მითითებულია გადაწყვეტილება: „იმის გათვალისწინებით, რომ სახეზეა ინვოისი და საბაჟო დეკლარაცია, რითიც დადასტურებულია შესაბამისი საქონლის შეძენა-იმპორტი, აგრეთვე, ვინაიდან დამატებითი მტკიცებულების სახით გადასახადის გადამხდელმა წარადგინა სამეურნეო ოპერაციის მხარეთა შორის გაფორმებული და დადასტურებული შედარების აქტი დავალიანების სრულად გადახდის თაობაზე, იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადასახდელი თანხა, შედარების აქტის მონაცემის მიხედვით, ჩაითვლება ანაზღაურებულად.

წარმოადგენს მომწოდებელთან გაფორმებულ შედარების აქტებს, რომლებიც მიაწოდეს აუდიტის დეპარტამენტს შემოწმებისა და გადაწყვეტილების აღსრულების პროცესშიც. დოკუმენტები ხელმოწერილია და დამოწმებულია ბეჭდით. გაუგებარია რას გულისხმობს შემმოწმებელი არასათანადოდ დამოწმებაში. ის, რომ ანგარიშსწორება ნამდვილად ხდება, ამას არც შემმოწმებლები უარყოფენ, მაგრამ თუ 75%-ს თვლიან გადახდილად, მაშინ რა ლოგიკით დგას კითხვის ნიშნის ქვეშ დანარჩენი 25%-ის გადახდა. მომჩივნის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, კომპანიას რჩება შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დავალიანება მომწოდებლის მიმართ 404 172 ლარი. რაც შეეხება საბაჟო დეკლარაციის გარეშე თანხის გატანას, აღნიშნავს, რომ თანხა ქვეყნიდან არ გაჰქონდა შპს „----------“ წარმომადგენელს, შესაბამისად, ვერ გამოჩნდებოდა საბაჟო დეკლარაციაში თანხის კომპანიის მიერ დეკლარირების ფაქტი. მომწოდებელი კომპანიის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს გადაეცემოდა 10 000 აშშ დოლარი ყოველ ჯერზე (თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე არ თავსდება უფრო მეტი ღირებულების ბიტუმი), რაც ნაკლებია 30 000 ლარზე. შესაბამისად, მათ არ ჰქონდათ თანხის დეკლარირების ვალდებულება. ასეც რომ ყოფილიყო, ამაზე შპს „----------“ ვერანაირ პასუხისმგებლობას ვერ აიღებდა. ეს არ არის იშვიათი შემთხვევა. თანხის გადაცემის მსგავსი პრაქტიკის შესახებ ცნობილია შემოსავლების სამსახურისთვის და მეთოდური მითითებაც ითვალისწინებს სწორედ მსგავს შემთხვევებს. თვალსაჩინოებისთვის წარმოადგინეს დოკუმენტაცია, სადაც სატრანსპორტო საშუალების მძღოლები ხელმოწერით ადასტურებენ თანხის მიღების ფაქტს. დოკუმენტს თან ახლავს მათი პასპორტის ასლები. მსგავსი დოკუმენტაციის წარმოებას არ ავალდებულებს კანონი, რასაც ადასტურებს შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული მეთოდური მითითებაც. მომჩივნისთვის მთავარი მტკიცებულება მომწოდებლის მიერ დამოწმებული შედარების აქტია, ამიტომ მსგავსი დოკუმენტაციის წარმოებას ან შენახვას არ ანიჭებდნენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია თანხის მძღოლებზე გადაცემის დამადასტურებელი ის დოკუმენტაცია, რაც ხელთ გააჩნდათ. აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზანია, ახსნან პროცესი, თუ როგორ ხდება ანგარიშსწორება მომწოდებელთან და თუ რატომ არ არის მომჩივნის მიერ საბაჟოზე დეკლარირებული მომწოდებლისთვის გადახდილი ფულადი სახსრები. საკითხი იმდენად მარტივია და გასაგები, ასევე იმდენად მარტივია აღსაქმელად წარმოდგენილი დოკუმენტაცია, ვერ იჯერებენ, რომ ნამდვილად განხორციელდა ამოდენა თანხის დარიცხვა გაუგებარი ეჭვის საფუძველზე. ყველა მომჩივნის არგუმენტი მარტივად და გასაგებადაა გადმოცემული შემოსავლების სამსახურის მიერ დამტკიცებულ მეთოდურ მითითებაში, სადაც მკაფიოდ არის მითითებული თუ რა ტიპის დოკუმენტია მნიშვნელოვანი საკითხის შესწავლისას. მეთოდური მითითების უგულებელყოფა აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან აბსოლუტურად გაუგებარია, მაგრამ ამ ეტაპზე საკუთარი მეთოდური მითითება თავად შემოსავლების სამსახურმაც უგულებელყო და ღირსად არ ჩაგვთვალა თუნდაც ზეპირსიტყვიერად განემარტა მიზეზი.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი გასაჩივრებული აქტები და დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დარიცხული თანხების შემცირება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვა განხორციელდა მისი მონაწილეობის გარეშე. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 26 მარტის №6538 ბრძანება;

3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით); 4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი გასაჩივრებული აქტები და დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დარიცხული თანხების შემცირება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს საქმიანობის სფეროა ბიტუმის იმპორტი და რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. შესამოწმებელ პერიოდში საგადასახადო შემოწმების აქტში აღნიშნულია, რომ არ ფიქსირდება საბაჟო დეკლარაცია, რომლითაც დადასტურდება საბაჟო საზღვარზე ფულის გატანა, ხოლო შედარების აქტები არ არის დამოწმებული სათანადოდ. ამიტომ, შემოწმებით ანაზღაურებულად ჩაითვალა გადახდილი თანხის მხოლოდ 75%, ხოლო 25% დაკვალიფიცირდა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს. .

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 302(6)