გადაწყვეტილება №26188/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26188/2/2025
05 დეკემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ----- (ს/ნ ---------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------ის 19.11.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26188/2/2025).
დავის საგანი:
შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული ბინების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2.09.2025 წლის №024-61 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 4.11.2025 წლის №24284 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 88 599.21 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 44 458.2
ჯარიმა - 22 229.1
საურავი - 21 911.91
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.06.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 25.08.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, დარიცხვა განპირობებული შემდეგი გარემოებებით:
კომპანია რეგისტრირებულია 2015 წლის 9 თებერვალს. საწარმომ 2019 წელს ფ.პ. ------სთან გააფორმა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც 220 000 ლარის გადახდის სანაცვლოდ მიიღო ქ. ----ში, ------ის ქუჩა №-- -ში (ს/კ -------) მდებარე 946 კვ.მ მიწის ნაკვეთი, სადაც კომპანიას განხორციელებული აქვს მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა. გადამხდელმა 2022 წლიდან დაიწყო ბინების რეალიზაცია (16 ბინა), რომლის მიხედვითაც დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 685 735 ლარს.
გადასახადის გადამხდელს ბინების რეალიზაციის მიხედვით არასრულყოფილად აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები დღგ-ის ნაწილში, კერძოდ: 2022 წლის სექტემბრის თვის რეალიზებული ბინების მიხედვით დასაბეგრი ბრუნვა 246 991 ლარის ნაცვლად დაფიქსირებულია 0 ლარი. გადასახადის გადამხდელის მიერ ბინების რეალიზაციასთან დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა, რაზეც საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 2.09.2025 წლის №19412 ბრძანება და №024-61 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 4.11.2025 წლის №24284 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 136-ე მუხლით, 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
სრულად ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებას და ითხოვს გასაჩივრებული აქტების და დარიცხული თანხების გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები არის დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოწმებისას დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს რეალიზებული აქვს 16 ბინა, რომლის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს - 685 735 ლარს. კომპანიას არასრულყოფილად აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები და 2022 წლის სექტემბრის თვის რეალიზებული ბინების მიხედვით დასაბეგრი ბრუნვა - 246 991 ლარის ნაცვლად დაფიქსირებული აქვს ნულოვანი მაჩვენებელი. შედეგად, გამოვლინდა სხვაობა დღგ-ით დასაბეგრ დეკლარირებულ ბრუნვასა და შემოწმებით დადგენილ ბრუნვას შორის.
დავების განხილვის საბჭო ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე და გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს რაიმე არგუმენტს ან შესაბამის მტკიცებულებას, რაც შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან, მომჩივანს რეალიზებული ბინების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა არ ჰქონდა დეკლარირებული, შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრ დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ ბრუნვებს შორის სხვაობის გამოვლენა და დღგ-ით დაბეგვრა მართებულია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული ბინების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.06.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 25.08.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში საიდანაც ირკვევ,რომ საწარმომ ფ.პ.-თან გააფორმა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც 220 000 ლარის გადახდის სანაცვლოდ მიიღო 946 კვ.მ მიწის ნაკვეთი, სადაც კომპანიას განხორციელებული აქვს მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა. გადამხდელმა 2022 წლიდან დაიწყო ბინების რეალიზაცია (16 ბინა), რომლის მიხედვითაც დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 685 735 ლარს.გადასახადის გადამხდელს ბინების რეალიზაციის მიხედვით არასრულყოფილად აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები დღგ-ის ნაწილში, კერძოდ: 2022 წლის სექტემბრის თვის რეალიზებული ბინების მიხედვით დასაბეგრი ბრუნვა 246 991 ლარის ნაცვლად დაფიქსირებულია 0 ლარი. გადასახადის გადამხდელის მიერ ბინების რეალიზაციასთან დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა, რაზეც საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა №19412 ბრძანება და №024-61 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №24284 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან, მომჩივანს რეალიზებული ბინების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა არ ჰქონდა დეკლარირებული, შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრ დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ ბრუნვებს შორის სხვაობის გამოვლენა და დღგ-ით დაბეგვრა მართებულია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159(1 „ა“ და „ბ“ ); 163(1.2); 164(1);