გადაწყვეტილება № 26531/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.03.2026
№ დოკუმენტი 26531/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 26531/2/2026

10 მარტი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.02.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----- 28.01.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26531/2/2026).

 

დავის საგანი:

დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2.12.2025 წლის №005-228 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 23.01.2026 წლის №773 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 76 207,32 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 38 103,62

ჯარიმა - 38 103,7

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საწარმოს საქმიანობის სახეს წარმოადგენს ფიტნეს ობიექტების ფუნქციონირება ----- და -----. გადასახადის გადამხდელად და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2.08.2022 წელს.

აუდიტის დეპარტამენტის 27.11.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 2.08.2022 წლიდან 1.09.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდი, ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების, საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორესთან დაკავშირებით.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ დეკლარაციებში სრულად არ არის ასახული, როგორც პოსტერმინალით და საკონტროლო-სალარო აპარატებით მიღებული თანხები, ასევე, ელექტრონულად გამოწერილი და მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების თანხები.

შედეგად, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ჩასათვლელი დღგ-ის თანხა. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 2.12.2025 წლის №005-228 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 23.01.2026 წლის №773 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136- ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცი

არასწორად განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. ერთი და იგივე თანხა ორჯერ არის დაბეგრილი. გადასახადის გადამხდელი ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მისი მონაწილეობით საკითხის დამატებით შესწავლა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით.

საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შესამოწმებელ პერიოდში წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციებში გადასახადის გადამხდელს სრულად არ აქვს ასახული, როგორც პოს-ტერმინალით და საკონტროლო-სალარო აპარატებით მიღებული თანხები, ასევე, ელექტრონულად გამოწერილი და მიღებული ანგარიშ-ფაქტურების თანხები. შედეგად, დაკორექტირდდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ჩასათვლელი დღგ-ის თანხა.

მომჩივნის მოსაზრება, ერთი და იგივე თანხის დღგ-ით ორჯერ დაბეგვრის თაობაზე, საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან არ არის წარმოდგენილი შესაბამისი არგუმენტაცია/მტკიცებულება.

აღსანიშნავია, რომ საჩივრის განხილვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში ჩანიშნული იყო 26.02.2026 წლის 14:20 საათზე გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა, მომჩივანი არ ჩაერთო საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია საჩივრის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი. შესაბამისად, სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს საქმიანობის სახეს წარმოადგენს ფიტნეს ობიექტების ფუნქციონირება. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ დეკლარაციებში სრულად არ არის ასახული, როგორც პოსტერმინალით და საკონტროლო-სალარო აპარატებით მიღებული თანხები, ასევე, ელექტრონულად გამოწერილი და მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების თანხები. შედეგად, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ჩასათვლელი დღგ-ის თანხა. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;158(1);159(1);163(1,2):164(1);