გადაწყვეტილება №26197/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.12.2025
№ დოკუმენტი 26197/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№26197/2/2025

11 დეკემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,5.12.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ს 21.11.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26197/2/2025).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 4.07.2025 წლის №15115 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2.09.2025 წლის №077-29 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 3.11.2025 წლის №24224 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 203 131.88 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 111 494.39

დღგ - 13 321.39

საშემოსავლო გადასახადი - 98 173

ჯარიმა - 58 117

საურავი - 33 520.49

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა შიდა გადაზიდვის მომსახურების გაწევა შპს „------ -თან“ გაფორმებული გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 4.06.2021 წლიდან 1.01.2025 წლამდე პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 15 აპრილის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგ გარემოებათა გამო:

გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა საბუღალტრო აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ინფორმაციისა და ხარჯის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაციაზე დაყრდნობით გაანალიზდა ფულადი სახსრების მოძრაობა. კომპანიის ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მიღებული შემოსავალი ასახულია საბანკო ინფორმაციაში (გარდა ფქვილის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლისა). ასევე, ამავე დოკუმენტით ფიქსირდება ერთობლივი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული გადახდები და დამფუძნებლის მიერ ფულადი სახსრების გატანა კვალიფიკაციის გარეშე. დადგინდა დამფუძნებლის მიერ მიღებული სარგებლის ოდენობა წლების ჭრილში, რაც დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. დასაბეგრი თანხის გაანგარიშებაში გათვალისწინებული იქნა: უნაღდო ანგარიშსწორებით დაფარული კრედიტორული დავალიანებები, შესყიდვის აქტებით სარწმუნოდ მიჩნეული ხარჯი, ფქვილის იმპორტთან დაკავშირებული ხარჯი და ასევე, დოკუმენტის გარეშე შეძენილი ხე-მასალისთვის გაწეული ხარჯის 75%. შედეგად, ყოველი საანგარიშო წლის ბოლოს დადგენილი განკარგვადი ფულადი სახსრები დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 28.04.2025 წლის №7822 ბრძანება და №077-11 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 4.07.2025 წლის №15115 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მე-3 სადავო საკითხთან, კერძოდ, ფულის ნაშთის გაანგარიშებისას ავანსად გადახდილი თანხის გათვალისწინებასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ავანსად გადარიცხულ თანხებთან დაკავშირებით დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, დავის განხილვის პროცესში წარდგენილი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის 4.07.2025 წლის №15115 ბრძანება, არ დაკმაყოფილებული საკითხების ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 5.09.2025 წლის №25483/2/2025 გადაწყვეტილებით, საჩივარი არ დააკმაყოფილა.

შემოსავლების სამსახურის 4.07.2025 წლის №15115 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 აგვისტოს დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა, აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 2 სექტემბრის №077-29 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 3.11.2025 წლის №24224 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შინაარსზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე და აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც არ დაკორექტირდა (არ შემცირდა) დარიცხული თანხები. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტი მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია არ წარმოადგენს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველს. მიუხედავად კომპანიის საბანკო ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრებისა (2025 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით 226 037 ლარი) გადასახადის გადამხდელმა, 2024 წლის სექტემბრის თვეში, ნაღდი ანგარიშსწორებით განახორციელა 172 667 ლარის გადახდა კომპანიებისთვის კონკრეტული სპეციალური ტექნიკის შესაძენად და აღნიშნულის დასადასტურებლად წარადგინა ახსნა-განმარტება, სავაჭრო ხელშეკრულებები და ვიდეო მასალა, სადაც ფიქსირდება ტექნიკა საქართველოს ფარგლებს გარეთ. ამასთან, გადასახადის გადამხდელმა არ წარადგინა რაიმე სახის დოკუმენტი, რომელიც ცხადყოფს „-------“ კომპანიის მიერ ნაღდი ანგარიშსწორებით თანხების მიღებას 2024 წლის სექტემბრის თვეში. ასევე, შემოწმების პროცესში და შემდგომ გადაანგარიშების ეტაპზე წარდგენილი სავაჭრო ხელშეკრულებებიდან იკვეთება, რომ გაფორმებულია სამი სახეობის ტექნიკის სავაჭრო პირობა, რაც გულისხმობს საფასურის ავანსად გადახდას 2025 წლის მარტის თვეში (შემდგომ წარდგენილ ხელშეკრულებებში შეცვლილია საფასურის გადახდის თარიღი და დაფიქსირებულია 2024 წლის სექტემბერი).

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარდგენილ არგუმენტთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ შემოწმების მიერ დადგენილი განკარგვადი თანხების ნაწილში ზემოთ აღნიშნული ტექნიკისთვის ნაღდი ანგარიშსწორებით გაწეული ხარჯის დამატებით გაწეულ ხარჯად დაკვალიფიცირება საფუძველს მოკლებულია. ამასთან, არ არსებობს შესაბამისი მტკიცებულება, რომ ნამდვილად 2024 წლის სექტემბრის თვეში მიიღო „-------“-მა კომპანიამ აღნიშნული თანხა (მაგალითად: აპოსტილით დამოწმებული ცნობა ან სხვა). დღევანდელი მდგომარეობით კომპანიის სახელზე შემოსულია ტექნიკა ("-------" (ცემენტის ტექნიკა)), რომლისთვისაც 190 000 „-------“ გადარიცხულია ბანკით, შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ პერიოდში, ხოლო ის ტექნიკა, რომლის შესაძენად გადასახადის გადამხდელმა სალაროდან გაიტანა თანხა, ამ დრომდე არ შემოსულა ქვეყნის საზღვარზე.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

თანხების მოძრაობასთან დაკავშირებით, შემმოწმებელს წარედგინა საგადასახადო კოდექსის მიხედვით გათვალისწინებული პირველადი დოკუმენტაცია, კერძოდ გასავლის ორდერები, შესყიდვის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაცია/ინვოისები, რომელიც გამოგზავნილია „-------“ კომპანიის მხრიდან (რითაც დასტურდება, რომ თანხა 2024 წელს გასულია, კერძოდ ავანსად არის გადახდილი უცხოური მომწოდებლისთვის სპეც. ტექნიკის შესაძენად) აღნიშნული თანხა შეადგენს 172 667.20 ლარს.

შემოსავლების სამსახურის 4.07.2025 წლის №15115 ბრძანების აღსრულების საფუძველზე გამოცემულ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 აგვისტოს დასკვნას არ ეთანხმება, რადგან წარდგენილია ის პირველადი დოკუმენტაცია, რაც ადასტურებს, რომ ავანსად თანხის გადახდა მოხდა 2024 წლის სექტემბრის თვეში.

ითხოვს საკითხის განხილვას მათი თანდასწრებით, რათა წარმოადგინოს დოკუმენტაცია, რომლითაც ხდება 2024 წლის სექტემბრის თვეში ავანსად გადახდილი თანხების დადასტურება.

დღეის მდგომარეობით, კომპანიის ბალანსზე აყვანილია ახლადშეძენილი სატვირთო მანქანა და კიდევ უნდა მოხდეს უცხოური მომწოდებლისგან სხვა მანქანის მოწოდებაც.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოწმებით დარიცხული თანხები გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა და შემოსავლების სამსახურის 4.07.2025 წლის №15115 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მე-3 სადავო საკითხთან, კერძოდ, ფულის ნაშთის გაანგარიშებისას ავანსად გადახდილი თანხის გათვალისწინებასთან დაკავშირებით და გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა ავანსად გადარიცხულ თანხებთან დაკავშირებით დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების (მათ შორის, დავის განხილვის პროცესში წარდგენილი) ყოველმხრივ შესწავლა/გამოკვლევა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის ხსენებული ბრძანების აღსრულების შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას, ხოლო საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 აგვისტოს დასკვნაში აღნიშნულია შემდეგი:

სადავო საკითხს წარმოადგენს დამფუძნებლის მიერ მიღებული სარგებლიდან (ბანკიდან გატანილი თანხები) ნაღდი ანგარიშსწორებით ავანსის გადახდის გათვალისწინება, როგორც ეკონომიკური საქმიანობის გაფართოებისთვის გაწეული ხარჯი (სპეციალური ტექნიკის შეძენა). მიუხედავად კომპანიის საბანკო ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრებისა (2025 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით 226 037 ლარი), გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ 2024 წლის სექტემბრის თვეში, ნაღდი ანგარიშსწორებით განხორციელდა 172 667 ლარის გადახდა „-------“ კომპანიებისთვის, კონკრეტული სპეციალური ტექნიკის შესაძენად, რომლის დასადასტურებლად წარმოდგენილი აქვს ახსნა-განმარტება, სავაჭრო ხელშეკრულებები და ვიდეო მასალა, სადაც ფიქსირდება ტექნიკა საქართველოს ფარგლებს გარეთ. ამასთან, რაიმე სახის დოკუმენტი, რომელიც ცხადყოფს „-------“კომპანიის მიერ ნაღდი ანგარიშსწორებით თანხების მიღებას, 2024 წლის სექტემბრის თვეში, გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი. შემოწმების პროცესში და გადაანგარიშების ეტაპზე წარმოდგენილი სავაჭრო ხელშეკრულებებიდან იკვეთება, რომ გაფორმებულია სამი სახეობის ტექნიკის სავაჭრო პირობა („-------“ - 190 000 „-------“ ,„-------“ - 43 055 აშშ დოლარი და „-------“ - 20 200 აშშ დოლარი), რაც გულისხმობს საფასურის ავანსად გადახდას 2025 წლის მარტის თვეში (შემდგომ წარმოდგენილ ხელშეკრულებებში შეცვლილია საფასურის გადახდის თარიღი და დაფიქსირებულია 2024 წლის სექტემბერი). ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, სადავო საკითხის ირგვლივ სათანადო მტკიცებულებების არ არსებობის საფუძველზე, კომპანიის მიმართ დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში, არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან დაკავშირებით, საყურადღებოა შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში დაფიქსირებული, აუდიტის დეპარტამენტის განმარტება, რომ შემოწმების მიერ დადგენილი განკარგვადი თანხების ნაწილში ტექნიკისთვის ნაღდი ანგარიშსწორებით გაწეული ხარჯის დამატებით გაწეულ ხარჯად დაკვალიფიცირება საფუძველს მოკლებულია. ამასთან, არ არსებობს შესაბამისი მტკიცებულება, რომ ნამდვილად 2024 წლის სექტემბრის თვეში მიიღო „-------“-მა კომპანიამ აღნიშნული თანხა (მაგალითად: აპოსტილით დამოწმებული ცნობა ან სხვა). დღევანდელი მდგომარეობით კომპანიის სახელზე შემოსულია ტექნიკა („-------“ 3000 (ცემენტის ტექნიკა)), რომლისთვისაც 190 000 „-------“ გადარიცხულია ბანკით, შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ პერიოდში, ხოლო ის ტექნიკა, რომლის შესაძენად გადასახადის გადამხდელმა სალაროდან გაიტანა თანხა, ამ დრომდე არ შემოსულა ქვეყნის საზღვარზე.

საჩივრის ზეპირი განხილვა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლების მონაწილეობით, რომლებმაც წარმოადგინეს გარკვეული ფაქტობრივი გარემოებები თანხების სპეციალური ტექნიკის შესაძენად გატანის, გარკვეული ტექნიკის შეძენის და ხარვეზის (გაუმართაობის) გამო, დაშლის, გაყიდვის და მეორის ნაცვლად, ახალი ტექნიკის გამოგზავნის მოლოდინის თაობაზე, ამასთან სხვა ტექნიკის შეძენის და კომპანიის ბალანსზე აყვანის შესახებ, მაგრამ არ წარმოუდგენიათ ისეთი არგუმენტი ანდა მტკიცებულება, რაც 2024 წლის სექტემბრის თვეში, კონკრეტული სპეციალური ტექნიკის შესაძენად, ნაღდი ანგარიშსწორებით გატანილი თანხების (172 667 ლარის) „-------“კომპანიისთვის გადახდას, ხოლო ამ კომპანიის მხრიდან აღნიშნული თანხის მიღებას და სანაცვლოდ კონკრეტული სპეციალური ტექნიკის გამოგზავნას დაადასტურებდა.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა წარმოადგინა დასკვნაში დაფიქსირებულის ანალოგიური არგუმენტები/გარემოებები, ამასთან აღნიშნა, რომ შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ პერიოდში, კომპანიის მიერ შეძენილია სპეც. ტექნიკა, ანგარიშსწორება განხორციელებულია საბანკო გადარიცხვით, მაგრამ შესამოწმებელ პერიოდში, სპეციალური ტექნიკის შესაძენად გატანილი ნაღდი ფულის გადახდის და მეორე მხარის, „-------“კომპანიის მიერ აღნიშნული თანხის (იმავე პერიოდში) მიღების დამადასტურებელი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი.

საბჭო აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის 4.07.2025 წლის №15115 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა ავანსად გადარიცხულ თანხებთან დაკავშირებით დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა. მომჩივანი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, მაგრამ ვერ უთითებს და არ წარმოადგენს რა ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე დაყრდნობით, რა ნაწილში მიიჩნევს აღსრულებას შემოსავლების სამსახურის 4.07.2025 წლის №15115 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შეუსაბამოდ, ამასთან, არ წარმოადგენს ისეთ არგუმენტს ანდა მტკიცებულებას, რაც დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა.

საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 4.07.2025 წლის №15115 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების შესწავლის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს საკითხის განხილვას მათი თანდასწრებით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელის საქმიანობაა შიდა გადაზიდვის მომსახურების გაწევა შპს-სთან გაფორმებული გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე.

კომპანიის ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მიღებული შემოსავალი ასახულია საბანკო ინფორმაციაში.ასევე, ამავე დოკუმენტით ფიქსირდება ერთობლივი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული გადახდები და დამფუძნებლის მიერ ფულადი სახსრების გატანა კვალიფიკაციის გარეშე. ყოველი საანგარიშო წლის ბოლოს დადგენილი განკარგვადი ფულადი სახსრები დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 4.07.2025 წლის №15115 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების შესწავლის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

304.