გადაწყვეტილება №26112/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.01.2026
№ დოკუმენტი 26112/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№26112/2/2025

08 იანვარი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: "--------" (ს/ნ "--------" )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.12.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "--------" -ის 2.11.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26112/2/2025).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 20.02.2025 წლის №3035 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 16.09.2025 წლის №056-63 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 22.10.2025 წლის №23348 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 212 372,29 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 571 208

დღგ - 274 994

საშემოსავლო გადასახადი - 296 214

ჯარიმა - 267 205

საურავი - 373 959,29

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა ტანსაცმლით. აუდიტის დეპარტამენტის 6.12.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.06.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილი აქვს ბუღალტრული პროგრამა „ორისის“ ასლი, მაგრამ, როგორც სასაქონლო ზედნადებებში, ასევე პროგრამაში შეუძლებელია შეძენილი და რეალიზებული პროდუქციის დაკავშირება (მაგ. არსებობს ერთი და იგივე დასახელების სამი პროდუქტი განსხვავებული ფასით, როგორც შეძენაში, ასევე რეალიზაციაში). ბუღალტრულ პროგრამაში არ იდენტიფიცირდება კონკრეტული რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, ხოლო საქონლის ჩამოწერა ხორციელდება ჯამურად 10%-იანი ფასნამატით. ამასთან, ბუღალტრულ პროგრამაში ასახული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების ან საანგარიშო პერიოდში შეძენილი საქონლის ღირებულებების შესახებ ინფორმაცია არ ედრება დეკლარირებულ მონაცემებს. გადასახადის გადამხდელს საქმიანობა აღარ უფიქსირდება 2022 წლის აპრილიდან, შესაბამისად, აღარ წარადგენს დეკლარაციებს. ასევე, დასტურდება სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტა მოლთან. შესამოწმებელ პერიოდში ყოველთვიური სახელფასო განაცემი დეკლარირებულია 300 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 18.07.2024 წლის №17012 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა მეწარმის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ვინაიდან, საგადასახადო ორგანოს მიერ ვერ მოხერხდა გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება და სავაჭრო ადგილის პოვნა, ჩაითვალა, რომ გადასახადის გადამხდელის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი შეადგენს ნულ ლარს. შედეგად, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მეწარმის დოკუმენტებით შეუძლებელი იყო ფასნამატის განსაზღვრა (არსებობს ერთი და იგივე დასახელების პროდუქტი განსხვავებული ფასით, როგორც შეძენაში, ისე რეალიზაციაში და ჯამურად აღებული პროდუქციის ფასნამატი მეტია შემოწმებით გავრცელებულ მსგავსი ობიექტის ფასნამატზე), შემოსავლების დადგენის მიზნით გამოყენებულია მსგავსი საქმიანობის მქონე აუდირებული გადამხდელის დოკუმენტური, საბითუმო რეალიზაციის ფასნამატები. ამასთან, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული, დამატებით მიღებული შემოსავლით გაიზარდა გადასახადის გადამხდელის ერთობლივი შემოსავალი. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 160-ე და მე-80 მუხლების საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე, დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2024 წლის №056-78 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 20.02.2025 წლის №3035 ბრძანებით საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ფასნამატის მიხედვით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, დავის განხილვის პროცესში წარდგენილი) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 20.02.2025 წლის №3035 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 12.09.2025 წლის დასკვნის საფუძველზე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები დარჩა უცვლელად.

აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 16.09.2025 წლის №056-63 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 22.10.2025 წლის №23348 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტის დეპარტამენტმა უარი თქვა გადაანგარიშებაზე და არ გაითვალისწინა წარდგენილი დოკუმენტური ფასნამატის დასაბუთება. მომჩივანი ითხოვს მიეცეს შესაძლებლობა, დეტალურად წარმოადგინოს პოზიცია.იმედოვნებს, რომ სამართლიანი მიდგომა უზრუნველყოფს საქმის ობიექტურად გადაწყვეტას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 20.02.2025 წლის №3035 ბრძანებით საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ფასნამატის მიხედვით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი (მათ შორის, დავის განხილვის პროცესში) მტკიცებულებების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილა.

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული 12.09.2025 წლის დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების საფუძველზე გადასახადის გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტში წარადგინა ექსელის ცხრილი, რომლის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ არ არსებობდა საგადასახადო ვალდებულების კორექტირების სათანადო საფუძველი, კერძოდ, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებების ცხრილი, რომელშიც დაფიქსირებული საქონლის კოდი დაკავშირებულია საბაჟო დეკლარაციებთან (სასაქონლო ზედნადებში დაფიქსირებული საქონლის კოდი და ინვოისში დაფიქსირებული საქონლის კოდი არ ემთხვევა ერთმანეთს, გადამხდელმა უბრალოდ ყველა საბაჟო დეკლარაციას დაურთო ხელით დაწერილი ფურცელი, რომელშიც მითითებულია, რომ ინვოისში დაფიქსირებული საქონლის კოდი არის სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული კოდი). შემოწმების პროცესშიც ზემოაღნიშნულის გამო განხორციელდა მსგავსი პროდუქციით მოვაჭრე პირის ფასნამატის გავრცელება. გადასახადის გადამხდელს აქვს ლავირების საშუალება, კერძოდ, შეუძლია რეალიზაციის დოკუმენტში დაფიქსირებულ საქონელზე ჩამოწეროს ყველაზე დიდი თვითღირებულების მქონე საქონელი (თითქმის ყველა შემთხვევაში არსებობს შეძენაში მსგავსი საქონელი უფრო დაბალი თვითღირებულებით), რაც იწვევს ფასნამატის ხელოვნურად შემცირებას (თუ ავიღებთ შეძენილი საქონლის ერთი სახეობის საშუალო ფასს, ფასნამატი გამოდის 35%, ხოლო თუ რეალიზაციას შევაფარდებთ შესაძლებელ ყველაზე დაბალ შეძენის თვითღირებულებასთან ფასნამატი გამოდის 55%-ზე მეტი).

საბჭოს სხდომაზე მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მთლიანი რეალიზაციის 45% არის დოკუმენტური რეალიზაცია. რეალიზაცია ხორციელდება შიდა კოდით, რომელიც უკავშირდება ზედნადებებში და საბაჟო დეკლარაციებში დაფიქსირებულ კოდს. შესაბამისად, თვითღირებულებები გაშიფრულია და ცხრილი მიწოდებულია აუდიტის დეპარტამენტისთვის.

აღნიშნულთან დაკავშრებით აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ რეალიზაციის დოკუმენტებში დაფიქსირებული კოდი შეძენებს ვერ უკავშირდება. შეძენები მომჩივანმა დააკავშირა მხოლოდ ინვოისებს და არც ეს კოდები არ ემთხვევა ერთმანეთს. ამასთან, არც საბუღალტრო პროგრამაშია დაფიქსირებული გადასახადის გადამხდელის მიერ ხსენებული კოდები. შეძენა ხდება საკმაოდ დიდი რაოდენობით და არის განსხვავებული ღირებულების ერთი და იგივე სახეობის საქონელი. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს თავისივე გაშიფრულ ცხრილში ფასნამატის ხელოვნურად შემცირების მიზნით მაღალი თვითღირებულების საქონელზე მიკუთვნებული აქვს დაბალი სარეალიზაციო ფასი.

ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციით შეუძლებელია შეძენილი და რეალიზებული პროდუქციის დაკავშირება და დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშება, ამასთან, მომჩივნის მიერ მინიჭებული კოდებიც არაზუსტია და არ ემთხვევა ერთმანეთს, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 20.02.2025 წლის №3035 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს მიეცეს შესაძლებლობა, დეტალურად წარმოადგინოს პოზიცია.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელს საქმიანობა არ უფიქსირდება 2022 წლის აპრილიდან, შესაბამისად, აღარ წარადგენს დეკლარაციებს. ასევე, დასტურდება სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტა.შესამოწმებელ პერიოდში ყოველთვიური სახელფასო განაცემი დეკლარირებულია 300 ლარის ოდენობით.საგადასახადო ორგანოს მიერ ვერ მოხერხდა გადამხდელთან დაკავშირება და სავაჭრო ადგილის პოვნა, ჩაითვალა, რომ გადამხდელის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი შეადგენს ნულ ლარს. შედეგად, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. სსკ-ის 160-ე და მე-80 მუხლების საფუძველზე გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე, დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 20.02.2025 წლის №3035 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

304(21).