ბრძანება N 19960

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 09.09.2026
№ დოკუმენტი 19960
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 19960

09 სექტემბერი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ------- (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2026 წლის 13 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 29 იანვრისა და 2 სექტემბრის სხდომებზე (ოქმები №8 და №77) განიხილა ი/მ ------- (ს/ნ -------) 2026 წლის 13 იანვრის №99954/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 9 დეკემბრის №006-498 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:

1. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ მის მიერ მოხდა მოკვლევა რა ადამიანურ, დროით და ფინანსურ რესურსს მოითხოვდა, შესრულებული სამუშაო და აქედან გამომდინარე რა ოდენობის ხელფასის გაცემა იქნებოდა საჭირო მის მიერ. მოცემულ გაანგარიშებას თან ურთავს საჩივარს და აღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს საგადასახადო ვალდებულებების ხელახალ გადაანგარიშებას.

2. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია შეცდომა/არცოდნით. შესაბამისად, კეთილსინდისიერებაზე მითითებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს შეფარდებული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 3 დეკემბრის №26544 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების ეტაპზე წარმოდგენილი გაანგარიშება და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 3 დეკემბრის №26544 აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2025 წლის 2 დეკემბერს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად ი/მ ------- (ს/ნ -------) შეუმცირდა დარიცხული თანხები სულ 120 037 ლარით, მათ შორის, გადასახადი 80 024 ლარით და ჯარიმა 40 013 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 9 დეკემბრის №006-498 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების ეტაპზე წარმოდგენილ იქნა გაანგარიშების ცხრილი, საიდანაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელდა მოკვლევა საქმიანობების მიხედვით რა ადამიანურ, დროით და ფინანსურ რესურსებთან იქნებოდა დაკავშირებული მის მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობა. განისაზღვრა რა ოდენობით ხელფასის გაცემა იქნებოდა საჭირო კონკრეტული სამუშაოს შესრულებისთვის კატეგორიების მიხედვით.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოხდა დავების წარმოების ეტაპზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა, რომელიც შედარებულ იქნა ანალოგიური საქმიანობის მქონე კომპანიების მიერ გაწეულ ხარჯებთან შესაბამისი ადამიანური, დროითი და ფინანსური რესურსების გათვალისწინებით. აღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების ეტაპზე წარდგენილ იქნა გაანგარიშების ცხრილი, საიდანაც გაირკვა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელდა მოკვლევა რა ადამიანურ, დროით და ფინანსურ რესურსებთან იქნებოდა დაკავშირებული მის მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობა. ამასთან, განისაზღვრა რა ოდენობით ხელფასის გაცემა იქნებოდა საჭირო კონკრეტული სამუშაოს შესრულებისთვის კატეგორიების მიხედვით. შემოწმების მიერ განხორციელდა წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა, რომელიც შედარებულ იქნა ანალოგიური საქმიანობის მქონე კომპანიების მიერ გაწეულ ხარჯებთან შესაბამისი ადამიანური, დროითი და ფინანსური რესურსების გათვალისწინებით. აღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივრებში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.