გადაწყვეტილება № 25495/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 01.10.2025
№ დოკუმენტი 25495/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 25495/2/2025

01 ოქტომბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.09.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“ 21.07.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25495/2/2025).

 

დავის საგანი:

მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. მომსახურების დეპარტამენტის 27.05.2025 წლის №ID35370483 გადაწყვეტილება;

2. შემოსავლების სამსახურის 4.07.2025 წლის №15066 ბრძანება.

 

ფაქტების აღწერა

მომჩივანმა 2025 წლის 23 მაისს ID:----- განაცხადით მიმართა შემოსავლების სამსახურს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. მომსახურების დეპარტამენტის 27.05.2025 წლის №------ გადაწყვეტილებით მომჩივანს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, იმ საფუძვლით, რომ გადასახადის გადამხდელი ახორციელებს ლიცენზირებას დაქვემდებარებულ საქმიანობას.

აღნიშნული უარი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 4.07.2025 წლის №15066 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სიტემის მონაცემების თანახმად, შპს „-----“ (ს/ნ ------) ფლობს მინერალური წყლებითა და მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლებით სარგებლობისათვის და მიწისქვეშა მტკნარი წყლების სხვა სამეწარმეო მიზნით გამოყენების ლიცენზიებს. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მინერალური წყლის ჩამოსასხმელი საწარმო მდებარეობს ----- მუნიციპალიტეტის სოფელ ------ მიმდებარე ტერიტორიაზე, აწარმოებს წყლის რესურსის მოპოვებას, გადამუშავებასა და ჩამოსხმული პროდუქციის რეალიზაციას, აკმაყოფილებს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის პირობას, ამიტომ მოთხოვნა იყო შემოსავლების სამსახურის შესაბამის სამსახურს განეხილა „მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების“ შესახებ განაცხადი და მიეცა მასზე შესაბამისი მსვლელობა, რათა მინიჭებოდა მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი.

2025 წლის 23 მაისს განაცხადი ჰქონდა გაკეთებული „მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭებაზე“. შემოსავლების სამსახურისაგან მიიღეს პასუხი, რომ „დღეის მდგომარეობით უარი ეთქვათ“ მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების განაცხადის განხილვაზე. პასუხი „დღეის მდგომარეობით უარი გეთქვათ“. უცნაურად ჟღერს. ე.ი. საზოგადოება აწარმოებს ისეთ საქმიანობას, რომელიც დღეის მდგომარეობით, როგორც წერილშია ნათქვამი არ ექვემდებარება მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების განაცხადის განხილვას, მაგრამ დღეის მდგომარეობით უარის ქვეშ სამომავლოდ ქვეტექსტად იგულისხმება, რომ ეს სტატუსი შეიძლება მიენიჭოთ. შემოსავლების სამსახურის უარის არგუმენტი, არგუმენტს მოკლებულია.

რა საქმიანობას ეწევიან და რისთვის ეთქვათ უარი დღეის მდგომარეობით ამოუხსნელია და მომსახურეობის დეპარტამენტის პასუხმა საზოგადოება გადაიყვანა მოლოდინის რეჟიმში, რომელსაც შემოსავლების სამსახურმა საბჭომ სრულად დაუჭირა მხარი. უნდა აღინიშნოს, რომ შპს „-----“ საქმიანობაზე, ზედმიწევნით, დეტალური ინფორმაცია იყო მიწოდებული, რაც დავების განხილვის საბჭოს მხედველობაში არ მიუღია. შემოსავლების სამსახურს არგუმენტად მოყვანილი აქვს, რომ „საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დადგენილებით განსაზღვროს, ამავე მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული ეკონომიკური საქმიანობის ის სახეები, რომლებზედაც აგრეთვე გავრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი“, რაც მიმდინარე პერიოდისათვის განსაზღვრული არ არის.

აღნიშნულ შემთხვევაში ზემოთ მოყვანილი ციტატა გადმოწერილია „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონიდან, მაგრამ აღნიშნული მუხლის, ქვეპუნქტების შინაარსი არ არის შედარებული შპს „-----“-ს იმ საქმიანობასთან, რომელსაც ახორციელებს საზოგადოება, ------მუნიციპალიტეტის სოფელ ------ მიმდებარე ტერიტორიაზე და ასკვნის, რომ ეკონომიკური საქმიანობის ის სახე, რომელსაც აღნიშნულ ტერიტორიაზე ახორციელებს მიმდინარე პერიოდისათვის, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონში განსაზღვრული არ არის. მოყვანილი არგუმენტი აცდენილია ფაქტიურად არსებულ რეალობას. უნდა აღინიშნოს, რომ ----- მუნიციპალიტეტის სოფელ ------ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საწარმოზე, „მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების“ განაცხადის განხილვაზე შემოსავლების უარი ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. რა საქმიანობას ეწევა საზოგადოება კანონში მიმდინარე პერიოდისთვის რა არ არის განსაზღვრული, შემოსავლების სამსახურმა საიდუმლოდ შეინახა და უარის არგუმენტი განხილული არ აქვს.

შპს „------“ (ს/კ ------), დამოკიდებულად ფუნქციონირებდა - რაიონის -------სოფელ -------, სადაც წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის საფუძველზე აწარმოებდა სასმელი წყლის მოპოვებას, ჩამოსხმას და რეალიზაციას. შპს „------“ (ს/კ-----) დამოუკიდებლად ფუნქციონირებდა ----- მუნიციპალიტეტის სოფელ ------ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის საფუძველზე აწარმოებდა მიწისქვეშა მინერალური სასმელი წყლის მოპოვების ჩამოსხმას და რეალიზაციას. 2025 წლის 25 აპრილს, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი საწარმოები - შპს „------“ და შპს „------“ „შეერწყა“ ერთმანეთს და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გატარდა რეგისტრაციაში. რეორგანიზაციის შედეგად, რეგისტრირებული სუბიექტის დასახელებაა შპს „------“ და ენიჭება საინდენტიფიკაციო კოდი №------. რეორგანიზებული სუბიექტის იურიდიული მისამართია საქართველო, ------რაიონი სოფელი ------. ზემოთ მოყვანილი ფაქტიდან გამომდინარე რეორგანიზაციის შემდეგ სუბიექტს შპს „------“-ს, ბალანსზე ერიცხება ერთმანეთისაგან ტერიტორიულად დაშორებული და ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი, დიდი წარმადობის ორი საწარმო, კერძოდ: სასმელი მტკნარი წყლის ჩამოსასხმელი საწარმო, ------ რაიონ სოფელ ------ და ------ მუნიციპალიტეტის, სოფელ ------- მიმდებარე ტერიტორიაზე, მინერალური-სასმელი წყლის ჩამოსასხმელი საწარმო.

----- მუნიციპალიტეტის ------ მიმდებარე ტერიტორია, მიეკუთვნება მაღალმთიან რეგიონს. შპს ------“-ს აღნიშნულ ტერიტორიაზე აშენებული აქვს საწარმო, სადაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ „--------“ სასარგებლო წიაღის მოპოვების ლიცენზიის საფუძველზე აწარმოებს, მინერალური წყლის რესურსის მოპოვებას. შემდეგ ხდება წყლის რესურსის დამუშავება, ჩამოსხმა და პროდუქციის გამოშვება, სასმელი მინერალური წყლის სახით. აღნიშნული საწარმო ციკლი არის წყლის რესურსის მოპოვება, გადამუშავება, ბოთლებში ჩამოსხმა და მიწოდება, რომელიც სულ თანხვედრაშია მაღალმთიანი რეგიონის განვითარების შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტთან, სადაც განმარტებულია, რომ მეწარმე სუბიექტს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი ან მიენიჭება თუ იგი ახორციელებს საქონლით ვაჭრობას, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აგრეთვე იმ შემთხვევისა, როდესაც ხორციელდება საქონლის გადამუშავება და მიწოდება. მათ შემთხვევაში ხდება ლიცენზიის საფუძველზე რესურსის (ნედლეულის) მოპოვება, დამუშავება, პროდუქციის გამოშვება და რეალიზაცია.

კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი სრულ უფლებას აძლევს ------- მუნიციპალიტეტის, ------ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საწარმოს მიენიჭოს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის მომსახურეობის დეპარტამენტის პასუხი. „დღეის მდგომარეობით უარი გეთქვათ მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების“ განცხადების განხილვაზე, საფუძველს მოკლებულია. სსიპ შემოსავლების სამსახურმა საჩივრის განხილვის დროს სრული იგნორირება მოახდინა „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის, აგრეთვე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, რომელიც აისახა შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 4 ივლისის №15066 ბრძანებაში და დაადგინა, რომ მომსახურეობის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია.

აღნიშნული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება აცდენილია ფაქტიურად არსებულ რეალობას. შაბლონურ განაცხადში მითითებული ტექსტის საფუძველზე ადგენს საქმიანობის სახეს, რომელიც მცდარია. განაცხადის ფორმაში საქმიანობის სფეროს მოკლე მითითებამ არ შეიძლება ჩაანაცვლოს „ლიცენზიებისა ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე–6 მუხლი არეგულირებს „საქმიანობის ლიცენზიის სახეებს“, ხოლო მე–7 მუხლი „სარგებლობის ლიცენზიის სახეებს“. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ „------“ „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში“ დაფიქსირებულია, მიწისქვეშა მინერალური წყლის მოპოვება, რომელიც სრულ თანხვედრაშია „ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–7 მუხლის პირველ ნაწილთან, რომელსაც ეწოდება „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია“. ზემოთ აღნიშნული საქართველოს კანონის მე–7 მუხლი განსაზღვრავს ლიცენზიის სახეს და არ წარმოადგენს საქმიანობის სახის განმსაზღვრელს.

„ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–6 მუხლი, სადაც ჩამოთვლილია საქმიანობის ლიცენზიის სახეები, – „მინერალური წყლის ჩამოსხმა“ არ შედის ლიცენზიის საქმიანობის ჩამონათვალში, ამიტომ „მაღალმთიანი რეგიონის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის, მე–4 ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებულ „ლიცენზირებისადმი/ნებართვის გაცემისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობას“ არ წარმოადგენს. მათი საქმიანობა არის ლიცენზიის საფუძველზე წყლის რესურსის მოპოვება, რეზერვუარებში განთავსება, გადამუშავება და ყველა სტანდარტის დაცვით პროდუქციის გამოშვება, სასმელი მინერალური წყლის სახით და რეალიზაცია, რომელიც აკმაყოფილებს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნას, სადაც განმარტებულია, რომ მეწარმე სუბიექტს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი არ მიენიჭება ან ეს სტატუსი შეიძლება შეუწყდეს, თუ იგი ახორციელებს „საქონლით ვაჭრობას, გარდა ამ მუხლის მე–5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აგრეთვე იმ შემთხვევებისა, როდესაც ხორციელდება საქონლის გადამუშავება და მიწოდება.

------ მუნიციპალიტეტის სოფელ ------- მიმდებარე ტერიტორიაზე, შპს „------“-ს საკუთრებაში არსებული მინერალური წყლის ჩამოსასხმელი საწარმოს, ზემოთ მოყვანილი ფაქტობრივად საქართველოს კანონებით დადასტურებული გარემოებების გამო, უნდა მიენიჭოს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი. შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს უარი, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების განაცხადის განხილვაზე კანონსაწინააღმდეგოა.

აღნიშვნის ღირსია შემდეგი გარემოება: დავების განხილვის საბჭოს ბრძანებაში „ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–7 მუხლის შინაარსის პერეფრაზირება ის მოახდინეს, რომ მოერგოთ თავის, უკანონო გადაწყვეტილებაზე. კანონის მე–7 მუხლი განსაზღვრავს „სარგებლობის ლიცენზიის სახეებს“ და საქმიანობის ლიცენზიასთან კავშირი არ აქვს. „საქმიანობის ლიცენზიის სახეები“ ჩამოთვლილია მე–6 მუხლში და „საქმიანობის ლიცენზიის გაცემის წესი“ განსაზღვრულია მე–8 მუხლით, რომლითაც უნდა მოხდეს ხელმძღვანელობა. რაც შეეხება შემოსავლების სამსახურის განაცხადის ფორმაში „საქმიანობის სფეროს“ და „საქმიანობის მოკლე აღწერას“ სხვა ვერაფერს ვერ დაწერდნენ. განაცხადის შაბლონური ფორმა არ წარმოადგენს „საქმიანობის ლიცენზიის სახის“ დამდგენ დოკუმენტს. ამისთვის უნდა ეხელმძღვანელათ „ლიცენზიებისა და ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–6 მუხლით და დაადგენდნენ, რომ საქმიანობის ლიცენზიის სახეებში, მათი საქმიანობა არ შედის და მიიღებდნენ სწორ გადაწყვეტილებას.

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ და „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონებიდან გამომდინარე მოჩივანი ითხოვს:

1. ვინაიდან ------ მუნიციპალიტეტის სოფელ ------ მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული საწარმოს საქმიანობაა, სარგებლობის ლიცენზიის საფუძველზე, მინერალური წყლის რესურსის მოპოვება, რომელიც აკმაყოფილებს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნას, სადაც დაშვებულია საქონლის გადამუშავება და მიწოდება, საქართველოს კანონებით დადასტურებული გარემოებების გამო, მიენიჭოს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი;

2. გათვალისწინებულ იქნეს პირველ პუნქტში მითითებული თხოვნა და ----- მუნიციპალიტეტის სოფელ ------- მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მინერალური წყლის ჩამოსასხმელ საწარმოს განაცხადის განხილვა განხორციელდეს საქართველოს კანონის შესაბამისად და მიეცეს მას შესაბამისი მსვლელობა, რათა საწარმოს მიენიჭოს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ ცდება, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“, საქართველოს კანონის და „მაღალმთიანი რეგიონის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს და ელოდებიან მხარდაჭერას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 42-ე ნაწილის თანახმად, მაღალმთიანი დასახლების საწარმო არის საწარმო/მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს მაღალმთიან დასახლებაში და „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი.

„მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების, შეჩერებისა და შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 დეკემბრის №633 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, შემოსავლების სამსახური ვალდებულია, განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 60 დღის ვადაში:

ა) განცხადება თანდართულ მასალებთან ერთად წარუდგინოს სამინისტროს, საქართველოს მთავრობის სხდომაზე განხილვის მიზნით;

ბ) უარი თქვას განცხადების სამინისტროსათვის წარდგენაზე, რის შესახებაც წერილობით აცნობებს განმცხადებელს.

ამავე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შემოსავლების სამსახური სამინისტროს არ წარუდგენს განცხადებას, თუ მეწარმე სუბიექტი არ აკმაყოფილებს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

აღნიშნული წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მეწარმე სუბიექტს (საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საწარმო/მეწარმე ფიზიკური პირი) მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსს ანიჭებს საქართველოს მთავრობა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარდგინებით.

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების თანახმად:

3. მეწარმე სუბიექტისთვის მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების უფლებამოსილების მქონე ადმინისტრაციული ორგანო, აგრეთვე მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების, შეჩერებისა და შეწყვეტის წესი და პირობები განისაზღვრება მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების, შეჩერებისა და შეწყვეტის წესით, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

4. მეწარმე სუბიექტს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი არ მიენიჭება ან ეს სტატუსი შეიძლება შეუწყდეს, თუ იგი ახორციელებს:

ა) ლიცენზირებისადმი/ნებართვის გაცემისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობას;

ბ) მომსახურების (გარდა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მომსახურებისა) გაწევას;

გ) საქონლით ვაჭრობას, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აგრეთვე იმ შემთხვევისა, როდესაც ხორციელდება საქონლის გადამუშავება და მიწოდება.

5. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია განსაზღვროს ამავე მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული ეკონომიკური საქმიანობის ის სახეები, რომლებზედაც აგრეთვე გავრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი.

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი არეგულირებს ისეთ ორგანიზებულ საქმიანობას ან ქმედებას, რომელიც ეხება პირთა განუსაზღვრელ წრეს, ხასიათდება ადამიანის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხით, მოიცავს განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს ან დაკავშირებულია სახელმწიფო რესურსებით სარგებლობასთან.

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ლიცენზია არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე პირისათვის კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე მინიჭებული განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლება.

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ლიცენზირებას ექვემდებარება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება.

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 25 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ამავე კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიით განსაზღვრულ საქმიანობაზე, როდესაც სასარგებლო წიაღისეულის − მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვებას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ახორციელებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი.

საჩივარში აღნიშნულია, რომ შპს „------“ საქმიანობის საგანია მტკნარი და მინერალური წყლების მოპოვება, გადამუშავება (ჩამოსხმა) და რეალიზაცია, ამასთან მინერალური წყლის მოპოვება და გადამუშავება (ჩამოსხმა) ხორციელდება ------ მუნიციპალიტეტის სოფელ -------, სადაც საქმიანობისთვის მას კანონმდებლობის შესაბამისად უნდა გააჩნდეს მაღალმთიანი საწარმოს სტატუსი. სწორედ ამ სტატუსის მოპოვების მიზნით იყო წარდგენილი განაცხადი შემოსავლების სამსახურისთვის რომელმაც 27.05.2025 წლის №I------- წერილით აცნობა რომ დღეის მდგომარეობით უარი ეთქვა „მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების“ განაცხადის განხილვაზე.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 29.07.2025 წლის №----- წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ განაცხადში საქმიანობის სახედ მითითებულ იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „------“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის საფუძველზე სასმელი წყლის ჩამოსხმა და რეალიზაცია. ვინაიდან, შპს „------“ ახორციელებდა ლიცენზირებას დაქვემდებარებულ საქმიანობას მას უარი ეთქვა მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭებაზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით მომჩივანმა, როგორც საჩივარში ასევე საჩივრის განხილვისას აღნიშნა, რომ შპს “-----” საქმიანობა ------ მუნიციპალიტეტში შედგება მინერალური წყლის მოპოვებისგან და მისი სარეალიზაციოდ გადამუშავებისგან, ამათგან მოპოვების პროცესი შეესაბამება და ხორციელდება ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ანუ საქმიანობის ამ ნაწილზე საზოგადოებას გააჩნია ლიცენზია, ხოლო საქმიანობის ის ნაწილი, რომელიც უკავშირდება მოპოვებული წიაღისეულის სარეალიზაციოდ გადამუშავებას (ჩამოსხმას) არ არის მითითებული ამავე კანონის მე-6 მუხლში არსებულ ჩამონათვალში („საქმიანობის ლიცენზიის სახეები“) და შესაბამისად, არ საჭიროებს ლიცენზირებას, რაც ქმნის წინაპირობას, რომ შპს „------“ მიენიჭოს მაღალმთიანი საწარმოს სტატუსი საბჭო აღნიშნავს, რომ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე5 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი შეზღუდვა, მეწარმე სუბიექტისთვის მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მინიჭებასთან დაკავშირებით, ეხება მეწარმე სუბიექტს, რომლის საქმიანობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე ექვემდებარება ლიცენზიის/ნებართვის გაცემას. განსახილველ შემთხვევაში, როგორც მომჩივანიც აღნიშნავს შპს “------” საქმიანობა ------- მუნიციპალიტეტში მათ შორის შედგება მინერალური წყლის მოპოვებისგან, რაც წარმოადგენს ლიცენზირებას დაქვემდებარებულ საქმიანობას.

ამდენად, ვინაიდან, შპს “------” საქმიანობა (საწარმოო ციკლი - მინერალური წყლის რესურსის მოპოვება, წყლის რესურსის დამუშავება, ჩამოსხმა და პროდუქციის გამოშვება/მიწოდება სასმელი მინერალური წყლის სახით), მისი საქმიანობის პროცესის ცალკეული ციკლი ექვემდებარება ლიცენზირებას, საბჭო მიიჩვენს, რომ შპს “---------” ექცევა „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი შეზღუდვის ფარგლებში.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების შინაარსის და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შპს-ს საქმიანობის საგანია მტკნარი და მინერალური წყლების მოპოვება, გადამუშავება (ჩამოსხმა) და რეალიზაცია, ამასთან მინერალური წყლის მოპოვება და გადამუშავება (ჩამოსხმა) ხორციელდება მაღალმთიან რაინში, სადაც საქმიანობისთვის მას კანონმდებლობის შესაბამისად უნდა გააჩნდეს მაღალმთიანი საწარმოს სტატუსი. სწორედ ამ სტატუსის მოპოვების მიზნით იყო წარდგენილი განაცხადი შემოსავლების სამსახურისთვის რომელმაც აცნობა რომ დღეის მდგომარეობით უარი ეთქვა „მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების“ განაცხადის განხილვაზე.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი