ბრძანება N 22935

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 18.09.2023
№ დოკუმენტი 22935
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 22935

18 სექტემბერი 202

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ„---------“ (ს/ნ---------)

(მის.: ---------)

2023 წლის 5 სექტემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №96) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ -----------) №83425/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 17 აგვისტოს №CB1498686 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ ჯარიმის დარიცხვა არ იყო სამართლიანი, რადგან ინფორმაცია მოთხოვნილი იყო საგადასახადო დავალიანების გამო ქონებაზე ყადაღის დადებისა და იძულებითი ღონისძიების განხორციელების მიზნით. დავალიანება კი, რომლის გამოც დაედო ყადაღა კომპანიის ქონებას, სრულად დაიფარა 2023 წლის 15 აგვისტოს საინკასო დავალების საფუძველზე. შესაბამისად, კომპანიას ოქმის შედგენის მომენტში 2023 წლის 17 აგვისტოს არ გააჩნდა საგადასახადო ვალდებულება. შესაბამისად იძულებითი ღონისძიების განხორციელების პროცედურის გაგრძელების ნაცვლად, ყადაღა უნდა გაუქმებულიყო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს სადავო ოქმის ბათილად ცნობას და დარიცხული ჯარიმის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე შპს „-------------“ (ს/ნ -------------) მიმართ გამოცემული იქნა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ 2023 წლის 3 აგვისტოს №036-198 ბრძანება. აღნიშნული ბრძანების მე-5 ნაწილის საფუძველზე გადამხდელს მის საკუთრებაში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ქონების (ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და სხვა მატერიალური აქტივების, არამატერიალური აქტივების, (წილების ან აქციების სხვა საწარმოში, ლიცენზიების, ნებართვების და სხვა ფულადი საშუალებების (სალაროში ნაღდი ფულის, საქვეანგარიშოდ ან/და სესხად გაცემული თანხების და სხვა.) შესახებ ინფორმაციის წარმოდგენის ვადად განესაზღვრა - ბრძანების ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღე. „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ 2023 წლის 3 აგვისტოს №036-198 ბრძანება მომჩივანს გაეგზავნა შემოსავლების სამსახურის ავტორიზებულ ვებ-გვერდზე 18 სექტემბერი 2023 N 22935 www.rs.ge, რომელსაც გაეცნო ელექტრონულად 2023 წლის 9 აგვისტოს. ვინაიდან მოთხოვნილი ინფორმაცია გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი დადგენილ ვადაში, აღნიშნული სამართალდარღვევის ფაქტზე ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა 2023 წლის 17 აგვისტოს №CB1498686 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 400 ლარის ოდენობით. ამასთან, შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, გამოცემული იქნა „ქონებაზე ყადაღის გაუქმების შესახებ“ 2023 წლის 5 სექტემბრის №036-226 ბრძანება, რომლითაც გაუქმდა შპს „-------------“ (ს/ნ -------------) მიმართ გამოცემული „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ 2023 წლის 3 აგვისტოს №036-198 ბრძანება.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირს მოსთხოვოს მისი ქონების ნუსხის წარდგენა. ამავე მუხლის მე5 ნაწილის თანახმად, პირი ვალდებულია მოთხოვნილი ინფორმაცია მითითებულ ვადაში, სწორად და სრულად წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს/აღსრულების ეროვნულ ბიუროს. პირი, რომლის ქონებასაც საგადასახადო ორგანომ ყადაღა დაადო, ვალდებულია ახალი ქონების შეძენის შემთხვევაში ამ ქონების შეძენიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა შეასწოროს მის მიერ წარდგენილი ქონების ნუსხა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მიხედვით:

1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.

2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მითითებულ ვადაში ქონების ნუსხის წარუდგენლობა, იწვევს პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია, საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო სამართალდარღვევა ჩადენილია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისაგან.

რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. შპს „-----------“ (ს/ნ ------------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გათავისუფლდეს ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 17 აგვისტოს №CB1498686 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმისაგან;

3. დაევალოს ვალის მართვის დეპარტამენტს შესაბამისი კორექტირების განხორციელება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დამხდელი ითხოვს სადავო ოქმის ბათილად ცნობას და დარიცხული ჯარიმის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შპს-ს მიმართ გამოცემული იქნა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ 2023 წლის 3 აგვისტოს №036-198 ბრძანება.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:302(6);70(1ბ);269(1,7);270;279(1);