ბრძანება N 21677
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 21677
05 სექტემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „--------“ (ს/ნ "------")
(მის.:"------")
2023 წლის 19 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 აგვისტოს გამართულ სხდომაზე (ოქმი №85) განიხილა შპს „------- -ს “ (ს/ნ "------") №81127/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 აპრილის №001-55 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილი საჩივრით არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესრულების შედეგებს. კერძოდ, არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, გაანგარიშებულ ფასნამატს და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუხედავად იმისა, რომ დასკვნის შედეგად შემცირდა დარიცხული თანხები, არ მოხდა შემოსავლების სამსახურის №11595 ბრძანების აღსრულება, რადგან შემმოწმებელმა არ მოახდინა არაპირდაპირი მეთოდის საფუძვლის არსებობა/არ არსებობის საკითხის შესწავლა, რაც გამოიწვევდა დარიცხვის სრულად განულებას. მომჩივნის არგუმენტაციით, კომპანიას აქვს მე-4 კატეგორიის სრულფასოვანი ბუღალტრული აღრიცხვა, ყველა ავტომობილი და ავტომობილის ყველა ნაწილი აღრიცხულია როგორც რაოდენობრივად, ასევე თანხობრივად (თვითღირებულებით). ამასთან, კომპანიას სრულფასოვნად აქვს აღრიცხული ყველა სხვა სამეურნეო ოპერაცია ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ამასთანავე, ბუღალტრული აღრიცხვის საფუძველზე ხდება სრულფასოვანი ფინანსური რეპორტების მომზადება და წარდგენა ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგებისა და აუდიტის სამსახურში (SARAS).გადამხდელი ითხოვს დარიცხული გადასახადისა და სანქციის თანხების გადაანგარიშებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 18 იანვრის №184 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 16 სექტემბრის №001-251 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით შპს ,,------- -ს “ (ს/ნ "------") საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
,,1. შპს ,,--------“-ს (ს/ნ "------") 2020 წლის 13 ოქტომბრის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ფასნამატის მიხედვით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს სადავო საკითხი (მ.შ. ტექნიკური უზუსტობები) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხები კორექტირება (შემცირება);
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს დეკლარირებულ და შემოწმებით გამოვლენილ მონაცემებს შორის სხვაობის ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
4. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრული ჯარიმები განხილული იქნას ერთ სამართალდარღვევად და აღნიშნულ სამართალდარღვევაზე შეფარდებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად გამოყენებული იქნეს გაფრთხილება;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 18 იანვრის №184 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2021 წლის 18 თებერვლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შემცირებას დაექვემდებარა ჯარიმა სულ 4 300 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2021 წლის 1 მარტის №001-26 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გადასახადის გადახდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შედეგად , გამოიცა შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 19 აპრილის №11595 ბრძანება, რომლის თანახმად ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს ,,--------“-ს (ს/ნ "------") საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
,,1. შპს ,,-------“-ს (ს/ნ "------") 2021 წლის 23 მარტის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 18 იანვრის №184 ბრძანების აღსრულების და არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ფასნამატის მიხედვით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 19 აპრილის №11595 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 7 აპრილის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შემცირებას დაექვემდებარა ჯარიმა სულ 274 731 ლარი, მათ შორის გადასახადი 185 082 ლარი და ჯარიმა 89 649 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 19 აპრილის №001-55 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
საგადასახადო დავის პროცესში გადასახადის გადამხდელს მოეთხოვა თავის იაპონელი მომწოდებელი კომპანიისგან გამოეთხოვა მიღებული საქონლის (მეორადი ავტონაწილები) შესაბამისი ინვოისები, სადაც პირველადი ინვოისებისგან განსხვავებით შესაძლებელი იქნებოდა თითოეული საქონლის და მისი შესაბამისი ღირებულების იდენტიფიცირება. გადამხდელის მიერ სრულად იქნა წარმოდგენილი აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შედეგად, წარმოდგენილი ინვოისების საფუძველზე მოხდა შპს „------ -ს " მიერ დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის ფასნამატების გაანგარიშება (მათ შორის, ზედნადებებში დაფიქსირებული დაშლილი მანქანების რეალიზაციის შემთხვევაში, მხედველობაში იქნა მიღებული გადამხდელის განმარტება იმის შესახებ, რომ თითოეული დაშლილი მანქანის კომპლექტაცია ხდება კონკრეტულ ინვოისში მითითებული ცალკეული ავტონაწილების ერთმანეთზე დამატების შედეგად). მოცემული მეთოდით გაანგარიშებული დოკუმენტური საშუალო შეწონილი ფასნამატი შეადგენს 19.44%-ს, რისი გავრცელებაც მოხდა წლების მიხედვით არადოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დაექვემდებარა შემცირებას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება განხორციელებულია წარმოდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებით, წარმოდგენილი ინვოისების საფუძველზე გაანგარიშდა შპს „------- -ის “ მიერ დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის ფასნამატები (მათ შორის, ზედნადებებში დაფიქსირებული დაშლილი მანქანების რეალიზაციის შემთხვევაში, მხედველობაში იქნა მიღებული გადამხდელის განმარტება იმის შესახებ, რომ თითოეული დაშლილი მანქანის კომპლექტაცია ხდება კონკრეტულ ინვოისში მითითებული ცალკეული ავტონაწილების ერთმანეთზე დამატების შედეგად). მოცემული მეთოდით გაანგარიშებული დოკუმენტური საშუალო შეწონილი ფასნამატი გავრცელდა წლების მიხედვით არადოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „------- - ს “ (ს/ნ "------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, გაანგარიშებულ ფასნამატს და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
მომჩივანი ითხოვს დარიცხული გადასახადისა და სანქციის თანხების გადაანგარიშებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინვოისების საფუძველზე მოხდა მომჩივანის მიერ დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის ფასნამატების გაანგარიშება.მოცემული მეთოდით გაანგარიშებული დოკუმენტური საშუალო შეწონილი ფასნამატი შეადგენს 19.44%-ს, რისი გავრცელებაც მოხდა წლების მიხედვით არადოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დაექვემდებარა შემცირებას.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
291,302(6),304