გადაწყვეტილება №23242/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 29.07.2024
№ დოკუმენტი 23242/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 23242/2/2024

29 ივლისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, მ. ბარათაშვილის (სხდომის თავმჯდომარე), მ. ადეიშვილის, დ. გაბლიშვილის, შ. გვენეტაძის, გ. მაისურაძის, დ. მოლოდინის, დ. რუხაძის შემადგენლობით, 20.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ --- ის 11.06.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23242/2/2024).

 

დავის საგანი:

სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 27.03.2024 წლის №CB1607725 სამართალდარღვევის ოქმი;

2. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 27.03.2024 წლის №CB1607728 სამართალდარღვევის ოქმი;

3. შემოსავლების სამსახურის 22.05.2024 წლის №11738 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 69 976,11 ლარი.

მათ შორის: ჯარიმა - 69 776,11 (286.9)

ჯარიმა - 200 (286.11)

 

ფაქტების აღწერა

გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა სასმელებით სპეციალიზებულ მაღაზიებში. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2010 წლის 14 სექტემბრიდან, 2020 წლის 16 ივნისიდან გააჩნია მცირე ბიზნესის სტატუსი. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 25 იანვრის №1134 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ --- ის (ს/ნ --- ) სასაქონლო– მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 697 761.06 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლომატერიალური ფასეულობების დანაკლისი, რაზეც მომჩივანს, №CB1607725 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 69 776,11 ლარის ოდენობით. ასევე, გამოვლინდა აღურიცხავი საქონელი 135 ლარის ოდენობით. აღურიცხავი საქონლის გამოვლენის ფაქტზე პირს №CB1607728 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 200 ლარის ოდენობით.

აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 22.05.2024 წლის №11738 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარს თან არ ურთავს ისეთ მტკიცებულებებს, რომელიც გავლენას მოახდენს (შეამცირებს) ინვენტარიზაციის შედეგებზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არის ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც საგადასახადო მიზნებისთვის რეგისტრირებულია მცირე მეწარმედ და რომლის მოღვაწეობის ერთადერთ საგანს წარმოადგენს ჩამოსასხმელი ლუდით და ლუდისთვის განკუთვნილი სხვადასხვა სახის წვრილმანი პროდუქტების (მიწის თხილი, მარილიანი ჩიფსი და სხვა მსგავსი წვრილი საქონელი) საცალო ვაჭრობა. ლუდის და განსაკუთრებით ჩამოსასხმელი ლუდის რეალიზაცია მეტწილად დამოკიდებულია გარე ფაქტორებზე, როგორიცაა ამინდი, სეზონურობა და სხვა. აღნიშნული საქმიანობის საბუღალტრო უზრუნველყოფას, მოცემულ საკითხში არასაკმარისი კომპეტენციის გამო, ახორციელებდა მისივე თხოვნით ოჯახის ნათესავი. 2024 წლის 27 მარტს სავაჭრო ჯიხურში რომელიც მდებარეობს საცხოვრებელი სახლის ეზოში შევიდა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მთავარი ოფიცრები ---. აღნიშნულმა პირებმა შეადგინეს ორი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. კერძოდ 2024 წლის 27 მარტის საგადასახადო სამართალდარღვევის №1607725 ოქმი და 2024 წლის 27 მარტის საგადასახადო სამართალდარღვევის №1607725 ოქმი. საგადასახადო სამართალდარღვევის №1607725 ოქმი გულისხმობს ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი 697 761,06 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისს, რომლის შეფარდებითი სანქციაა 69 776,11 ლარი. რაც შეეხება მეორე ოქმს კერძოდ საგადასახადო სამართალდარღვევის №1607725 ოქმს ის გულისხმობს ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ იქნა 135 ლარის საბაზრო ღირებულების სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლომატერიალური ფასეულობები, რაც იწვევს 200 ლარიან ჯარიმას. (ოქმები თან ახლავს საჩივარს).

ზემოთხსენებული ოქმებით შემოსავლების სამსახურის ოფიცრების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ ასახავს სრულად და ზუსტად იმ რეალურ ვითარებას, რომელიც საფუძვლად დაედო ხსენებული ოქმების შედგენას და ჯამში ასეთი უმკაცრესი სანქციის შეფარდებას. ამასთან აღსანიშნავია ის გარემოება რომ საგადასახდო მონიტორინგის ოფიცრების მხრიდან არ იქნა გათვალისწინებული არც ბუღალტერია და არც გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ნაშთების შესახებ. მათმა ასეთმა ქმედებამ გამოიწვია ი/მ ----ის სამართლიანი პროტესტი, თან მისი მხრიდან გაჟღერებული იქნა თხოვნა ბუღალტერის დასწრების შესახებ, რაც როგორც სხვა თხოვნები არ იქნა გათვალისწინებული. მიუხედავად მოკლედ აღწერილი ვითარებისა შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მიერ შედგენილი იქნა ოქმი, რომელზედაც სავალდებულოობის მოტივით ----ს მოაწერინეს ხელი ისე რომ არც კი იცოდა რა ოქმზე და რა შედეგების გამომწვევ დოკუმენტზე მოაწერა ხელი. კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე რომ ბუღალტერიას ინდივიდუალურ მეწარმეს უკეთებდა მათი ოჯახის ნათესავი, რომელიც იქ არ იმყოფებოდა იმ მომენტში და თხოვნა დალოდებოდნენ მას არ იქნა გათვალისწინებული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 22 მაისის № 11738 ბრძანება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და ახალი გადაწყვეტილებით გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 27 მარტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №1607725 და 27.03.2024 წლის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №1607725.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.

საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით. საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა – იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით, ხოლო ამავე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენა, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 1 000 ლარს, იწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

ინვენტარიზაციის დაწყებამდე მომჩივანს ჩაბარდა ბრძანება სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ. ბრძანების ჩაბარების შემდეგ ჩამოერთვა ხელწერილი, რომ ინვენტარიზაციის დაწყებამდე შემოსავლისა და გასავლის ყველა დოკუმენტი ჩაბარებული იყო ბუღალტერიაში, ყველა მიღებული ფასეულობა აღებული იყო შემოსავალში, ხოლო გაცემული ჩამოწერილი იყო გასავალში, ასევე ობიექტში მათ მიერ შიდა ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა და შესაბამისად ზედმეტობა ან/და დანაკლისი არ გამოვლენილა.

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტიური აღწერა დაიწყო 2024 წლის 25 იანვარს და დასრულდა იმავე წლის 25 იანვარს, რომლის ღირებულებამ საბაზრო ფასებით შეადგინა 801 ლარი, რის შემდეგაც ი/მ ---ს ჩაბარდა საინვენტარიზაციო კომისიის მიერ შედგენილი დანართი №16 (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის შესახებ), რაზედაც ჩამოერთვა ხელწერილი, რომ ფაქტობრივი აღრიცხვა მოხდა მისი თანდასწრებით, საინვენტარიზაციო კომისიასთან პრეტენზია არ გააჩნდა და აღწერილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებს შესანახად იღებდა პირადი პასუხისმგებლობის ქვეშ.

საინვენტარიზაციო კომისიის მიერ გამოყვანილი იქნა სმფ-ების ბუღალტრული ნაშთი 2024 წლის 25 იანვრის მდგომარეობით, თვითღირებულებით 498 891.18 ლარის ოდენობით, დანართი №19. ამის შემდეგ განხორციელდა ფაქტობრივად აღწერილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სააღრიცხვო დოკუმენტებთან შედარება და შეტანილ იქნა დანართ №21-ში (ოქმი ფაქტობრივად აღწერილი აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენის შესახებ).

ფინანსთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად გამოვლენილ სხვაობებზე შევსებული იქნა დანართი №22 (ოქმი ასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების შესახებ).

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო არ მიიჩნევს სარწმუნოდ მომჩივნის არგუმენტებს იმასთან დაკავშირებით, რომ --- არ იყო ჩართული ინვენტარიზაციის პროცესში ან/და მის მიერ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის გათვალისწინება არ მომხდარა. ამდენად, საბჭო მიიჩნევს რომ არ არსებობს შემოსავლების სამსახურის 22.05.2024 წლის №11738 ბრძანების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავითაღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მეწარმის სასაქონლო– მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 697 761.06 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლომატერიალური ფასეულობების დანაკლისი, რაზეც მომჩივანს, სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 69 776,11 ლარის ოდენობით. ასევე, გამოვლინდა აღურიცხავი საქონელი 135 ლარის ოდენობით. აღურიცხავი საქონლის გამოვლენის ფაქტზე პირს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 200 ლარის ოდენობით.

აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 22.05.2024 წლის №11738 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა, საბჭო მიიჩნევს რომ არ არსებობს შემოსავლების სამსახურის 22.05.2024 წლის №11738 ბრძანების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286 (9, 11).