გადაწყვეტილება №21465/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.04.2024
№ დოკუმენტი 21465/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21465/2/2023

30 აპრილი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ "--------" (ს/ნ "--------" )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ "-------"-ის 1.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21465/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 22.08.2023 წლის №20660 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის №086-50 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 14.11.2023 წლის №28079 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 665 693 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 371 582

დღგ - 314 339

საშემოსავლო გადასახადი - 56 691

ქონების გადასახადი - 552

ჯარიმა - 188 913

საურავი - 105 198

 

ფაქტების აღწერა

მომჩივნის საქმიანობას წარმოადგენს საბითუმო და საცალო ვაჭრობა საკვები პროდუქტებით, ძირითადად ჩირით, ნუშით, კაკლით, თხილით დ ა.შ.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2023 წლის 14 მარტის ჩათვლით საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 30.03.2023 წელს შედგენილ საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. მეწარმე გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2014 წლის 7 აპრილს. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2017 წლის 28 სექტემბერს, შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტერიას, შიდა აღრიცხვის მასალები, რის საფუძველზეც განისაზღვრებოდა თითოეული საქონლის ჩამოწერა, არ არსებობს.

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 14 მარტის N4812 ბრძანების საფუძველზე მომჩივნის კუთვნილ ობიექტზე ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. შემოწმებისათვის მოწოდებულ იქნა 2023 წლის 14 მარტის მდგომარებით გადასახადის გადამხდელის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტიური ნაშთი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით განისაზღვრა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება სასაქონლო კატეგორიების მიხედვით, რაზეც გავრცელდა გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი.

შემოწმებით დადგენილ მონაცემებსა და დეკლარირებულ ბრუნვებს შორის გამოვლინდა სხვაობა. ასევე დაკორექტირდა საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციებში დაფიქსირებული გამოქვითვები. საგადასახადო კოდექსის მე-100 და 105-ე მუხლების გათვალისწინებით დაანგარიშდა გადასახადის გადამხდელის საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა და გამოვლენილ სხვაობაზე დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

ასევე, 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე და 2021 წლიდან მოქმედი 159-ე და 160-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებსა და შემოწმებით დადგენილ ბრუნვებს შორის გამოვლენილ სხვაობაზე მეწარმეს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

2. შემოწმების აქტი ამ ნაწილში არ შეიცავს ინფორმაციას, გადასახადის გადამხდელი ითხოვდა ბანკის მომსახურებაზე და პროცენტებზე გადახდილი თანხების ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში გათვალისწინებას.

შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 7.04.2023 წლის №7698 ბრძანება და №086-17 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 22.08.2023 წლის №20660 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მე-2 სადავო საკითხზე დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში გაითვალისწინოს კრედიტისათვის (სესხისათვის) გადახდილი ან/და გადასახდელი (დარიცხვის მეთოდის გამოყენების მიხედვით) პროცენტები და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 22.08.2023 წლის №20660 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 სექტემბრის დასკვნის მიხედვით, შემცირებას დაექვემდებარა სულ 3 021 ლარი, მათ შორის გადასახადი 2 014 ლარი, ჯარიმა 1 007 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 29.09.2023 წლის №086-50 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 14.11.2023 წლის №28079 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით.

შემოსავლების სამსახურმა ყურადღება გაამახვილა ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სესხის ხელშეკრულებების და სესხის დაფარვის გრაფიკების მიხედვით, სესხისათვის გადახდილი პროცენტი შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში.

შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის განმარტებით, შესამოწმებელ პერიოდში, გაწერილი რეალიზაციის ზედნადებებით ფიქსირდებოდა იმაზე ბევრად მეტი ნიგოზისა და ლობიოს გაყიდვა, ვიდრე უფიქსირდებოდა შეძენა ამ ორი პროდუქტის იმავე პერიოდში. ვინაიდან მსგავს ფაქტს ადგილი არ უნდა ჰქონოდა და არ წარმოადგენდა რეალობას, დაიწყო შესაბამისი მიზეზის ძიება და დაადგინა შემდეგი:

მისი პირადი rs.ge-ის გვერდიდან სასაქონლო ზედნადებების გაწერას ახდენდა მისი ყოფილი თანამშრომელი - ბუღალტერი. მის მიერ გაწერილია ფიქტიური სასაქონლო ზედნადებები პირადი სარგებლის მიღების მიზნით, მისგან მალულად სხვადასხვა მყიდველებზე. შესამოწმებელ პერიოდში, ჯამში სულ გაწერილია 1 401 816.30 ლარის სასაქონლო ზედნადები და ანგარიშ-ფაქტურები შემდეგ სუბიექტებზე: "--------" პ.ნ. "--------", თანხა - 289 137 ლარი; "--------" პ.ნ. "--------", თანხა - 16 046 ლარი; "--------" პ.ნ. "--------", თანხა - 4 461.3 ლარი; შპს "--------"ს/ნ "--------"თანხა - 299 729 ლარი; შპს "--------" ს/ნ "--------"თანხა - 149 778 ლარი; შპს "--------" ს/ნ "--------", თანხა - 196 872 ლარი; შპს "--------" ს/ნ "--------", თანხა - 445 793 ლარი.

აღნიშნული გარემოება, ასევე დასტურდება ამ პიროვნების წინააღმდეგ ფინანსური პოლიციის აღმოსავლეთ სამმართველოში აღძრული საქმითაც, სადაც ამა წლის სექტემბრის თვეში იმყოფებოდა გამოკითხვაზე ჩვენების მისაცემად. შემოწმებისას შემმოწმებელმა იხელმძღვანელა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისათვის არაპირდაპირი მეთოდით. ზემოაღნიშნულ გადამხდელებზე გაწერილმა ფიქტიურმა რეალიზაციის ზედნადებებმა კი გამოიწვია ის, რომ მის მიერ რეალურად საცალო მომხმარებლებზე გაყიდული ნუშისა და სხვა მარცვლეულის ნაცვლად დოკუმენტურად გაყიდულად დაუფიქსირდა ნიგოზი და ლობიო, რომლის რაოდენობრივი ნაშთი გამინუსდა, ხოლო სხვა დანარჩენ პროდუქტზე (მაგ. ნუშზე და სხვა მარცვლეულზე) დაუდგინდა დიდი ოდენობით დანაკლისი ინვენტარიზაციის შედეგად. აღნიშნული ახალი გარემოებიდან გამომდინარე, ჩემს მიერ 2023 წლის 19 ოქტომბერს წარედგინა ხელახალი საჩივარი, რომლის მიხედვით ითხოვდა, რომ შემმოწმებელს გადასახადების გამოანგარიშებისას მხედველობაში არ მიეღო შესამოწმებელ პერიოდში ზემოხსენებულ გადამხდელებზე გაწერილი ფიქტიური ელექტრონული ზედნადებები, ხოლო გადაანგარიშებისას გამოიყენებინა იგივე პრინციპი/მიდგომა და განსაზღვრული ფასნამატი, რომლის მიხედვითაც მოხდა შემოწმების შედეგად გადასახადების დაანგარიშება, რის საპასუხოდ საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

დავის განხილვის პირველი სხდომის ჩატარებისას, ზემოაღნიშნული გარემოებები ფიქტიურ სასაქონლო ზედნადებებთან დაკავშირებით არ იყო ცნობილი და შესაბამისად არ იყო ასახული მის პირვანდელ საჩივარში. გამომდინარე აქედან, მიმაჩნია, რომ უარი გადაანგარიშების შესახებ უნდა გაუქმდეს, ხოლო აუდიტის დეპარტამენტმა დარიცხული გადასახადები უნდა გადაიანგარიშოს და შეამციროს ზემოთ ხსენებულ გადამხდელებზე გაწერილი ფიქტიური სასაქონლო ზედნადებებისა და ანგარიშფაქტურების გათვალისწინების გარეშე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

შემოსავლების სამსახურის 22.08.2023 წლის №20660 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მე-2 სადავო საკითხზე დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში გაითვალისწინოს კრედიტისათვის (სესხისათვის) გადახდილი ან/და გადასახდელი (დარიცხვის მეთოდის გამოყენების მიხედვით) პროცენტები და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 22.08.2023 წლის №20660 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 სექტემბრის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა სესხის ხელშეკრულებები და სესხის დაფარვის გრაფიკები. შესაბამისად, სესხისათვის გადახდილი პროცენტი გათვალისწინებულ იქნა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში. შედეგად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირებას დაექვემდებარა სულ 3 021 ლარით, მათ შორის გადასახადი 2 014 ლარით, ჯარიმა 1 007 ლარით.

მომჩივანი არ წარმოადგენს სათანადო არგუმენტებს ან დოკუმენტებს თუ რა ნაწილში არ აღსრულდა შემოსავლების სამსახურის 22.08.2023 წლის №20660 ბრძანება და შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემული დასკვნით არ განხორციელდა შესაბამისი გადაანგარიშება.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 22.08.2023 წლის №20660 ბრძანება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანს მიმაჩნია, რომ უარი გადაანგარიშების შესახებ უნდა გაუქმდეს,ხოლო აუდიტის დეპარტამენტმა დარიცხული გადასახადები უნდა გადაიანგარიშოს და შეამციროს გადამხდელებზე გაწერილი ფიქტიური სასაქონლო ზედნადებებისა და ანგარიშფაქტურების გათვალისწინების გარეშე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მეწარმე გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2014 წლის 7 აპრილს. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2017 წლის 28 სექტემბერს, შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტერიას, შიდა აღრიცხვის მასალები, რის საფუძველზეც განისაზღვრებოდა თითოეული საქონლის ჩამოწერა, არ არსებობს.მომჩივნის კუთვნილ ობიექტზე ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. განისაზღვრა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება სასაქონლო კატეგორიების მიხედვით, რაზეც გავრცელდა გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი.

შემოწმებით დადგენილ მონაცემებსა და დეკლარირებულ ბრუნვებს შორის გამოვლინდა სხვაობა. ასევე დაკორექტირდა საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციებში დაფიქსირებული გამოქვითვები.დაანგარიშდა გადამხდელის საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა და გამოვლენილ სხვაობაზე დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

ასევე,გადამხდელის მიერ დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებსა და შემოწმებით დადგენილ ბრუნვებს შორის გამოვლენილ სხვაობაზე მეწარმეს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

2. შემოწმების აქტი ამ ნაწილში არ შეიცავს ინფორმაციას, გადამხდელი ითხოვდა ბანკის მომსახურებაზე და პროცენტებზე გადახდილი თანხების ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში გათვალისწინებას.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 22.08.2023 წლის №20660 ბრძანება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

304(21).