ბრძანება N 33113
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 33113
27 დეკემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ფ/პ ------- (პ/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2023 წლის 30 ნოემბრის საჩივრის
დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 25 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №134) განიხილა ფ/პ ------- (პ/ნ -------) №85636/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 17 აგვისტოს №007-231 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი ეთანხმება დარიცხულ გადასახადს, მიუთითებს შეცდომა/არცოდნაზე და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს შემოწმებით დარიცხული ჯარიმა/საურავისგან გათავისუფლებას.
გასაჩივრების ვადასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანის მიმართ შედგენილი 2023 წლის 14 აგვისტოს საგადასახადო შემოწმების აქტი, მის საფუძველზე გამოცემული 16 აგვისტოს №20287 ბრძანება და 17 აგვისტოს №007-231 საგადასახადო მოთხოვნა ფ/პ ------- (პ/ნ -------) 2023 წლის 17 აგვისტოს გაეგზავნა შემოსავლების სამსახურის ავტორიზებულ გვერდზე, ამასთან, წერილობითი ფორმით გაეგზავნა ორჯერ (2023 წლის 18 და 24 აგვისტოს) საფოსტო დაწესებულების საშუალებით, მისამართებზე - -------, ------- და -------, -------, თუმცა ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე10 ნაწილის საფუძველზე, 2023 წლის 5 ოქტომბერს განხორციელდა აღნიშნული ბრძანებისა და საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელება და ჩაბარებულად ჩაითვალა 2023 წლის 25 ოქტომბერს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურს ან აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ შესრულებულია შემდეგი პირობები:
ა) პირს 2-ჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა;
ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია.
ამავე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ან აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მართალია პირს სადავო აქტი 2023 წლის 17 აგვისტოს გაეგზავნა შემოსავლების სამსახურის ავტორიზებულ გვერდზე, ამასთან, წერილობითი ფორმით გაეგზავნა 2-ჯერ და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა, თუმცა საქმეზე არსებული მასალიდან არ დგინდება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ დოკუმენტების საჯაროდ გავრცელებამდე მათი ჩაბარების უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებული ყველა საშუალებები სრულყოფილად გამოიყენა, რაც სადავო დოკუმენტების საჯაროდ გავრცელების წინაპირობა და საფუძველი გახდებოდა.
ამასთან, სადავო საგადასახადო მოთხოვნას მომჩივანი გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 2023 წლის 01 ნოემბერს და საჩივარი წარმოდგენილია ამავე წლის 30 ნოემბერს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტის გასაჩივრების ვადა არ უნდა ჩაითვალოს გაშვებულად და საჩივარი დაშვებული იქნეს განსახილველად.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 ივნისის №13117 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ფ/პ ------- (პ/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020, 2021 და 2022 წლების ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის დაბეგვრის სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 14 აგვისტოს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 16 აგვისტოს გამოსცა №20287 ბრძანება და 17 აგვისტოს №007-231 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 8 926 ლარით მათ შორის: გადასახადი 5 044 ლარი, ჯარიმა 2 696 ლარი და საურავი 1186 ლარი.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ აუდიტის დეპარტმანეტის მიერ 2023 წლის 22 დეკემბერს გამოცემული იქნა დასკვნა და 25 დეკემბრის №32550 ბრძანება, რომლითაც გასწორდა 2023 წლის 17 აგვისტოს №007-231 საგადასახადო მოთხოვნაში დაფიქსირებული ტექნიკური უზუსტობა („ფ/პ ------- (პ/ნ -------) შეუმცირდეს ქონების ძირითად გადასახადში 347 ლარი 2023 წლის 15 ნოემბრის სავადო თარიღით და დაერიცხოს 347 ლარი 2022 წლის 15 ნოემბრის სავადო თარიღით“). აღნიშნულზე 2023 წლის 25 დეკემბერს გამოიცა №007-391 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 9 663 ლარით მათ შორის: გადასახადი 5 291 ლარი, ჯარიმა 2 696 ლარი და საურავი 1 576 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ ფ/პ ------- (პ/ნ -------) 2020 და 2021 წლების საანგარიშო პერიოდებში უფიქსირდება 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი. საგადასახადო შემოწმების საფუძველზე გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების შემოწმების მიზნით გადასახადის გადამხდელთან გასაუბრებითა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით გადამხდელს და მის ოჯახის წევრს (მეუღლე) საკუთრებაში აქვთ 2021 და 2022 წლის ქონების გადასახადით დასაბეგრი ქონება. ქონების გადასახადით დასაბეგრი ობიექტის დასადგენად შემოწმება დაეყრდნო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას/დოკუმენტაციას. აღნიშნული მონაცემების მიხედვით, გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი ქონების გადასახადი (გარდა მიწისა) შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტზე, რომლის თანახმად, სამართალდარღვევა გამოწვეულია საკანონმდებლო ნორმების არცოდნით. ამასთან, საგულისხმოა, რომ გადასახადის გადამხდელს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული გადასახადი გადახდილი აქვს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში, შესაბამისად, ფ/პ ------- (პ/ნ -------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 ივნისის №13117 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმისაგან და აღნიშნული შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის) დარიცხული საურავისგან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ფ/პ ------- (პ/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. ფ/პ ------- (პ/ნ -------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 ივნისის №13117 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმისაგან და აღნიშნული შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის) დარიცხული საურავისგან.
3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადამხდელი ეთანხმება დარიცხულ გადასახადს, მიუთითებს შეცდომა/არცოდნაზე და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს შემოწმებით დარიცხული ჯარიმა/საურავისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებით ირკვევა, რომ ფ/პ 2020 და 2021 წლების საანგარიშო პერიოდებში უფიქსირდება 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი. საგადასახადო შემოწმების საფუძველზე გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების შემოწმების მიზნით გადასახადის გადამხდელთან გასაუბრებითა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით გადამხდელს და მის ოჯახის წევრს (მეუღლე) საკუთრებაში აქვთ 2021 და 2022 წლის ქონების გადასახადით დასაბეგრი ქონება. ქონების გადასახადით დასაბეგრი ობიექტის დასადგენად შემოწმება დაეყრდნო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას/დოკუმენტაციას. აღნიშნული მონაცემების მიხედვით, გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი ქონების გადასახადი (გარდა მიწისა) შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში, შესაბამისად, ფ/პ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმისაგან და აღნიშნული შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის) დარიცხული საურავისგან.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7)