ბრძანება N 18352

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 14.08.2025
№ დოკუმენტი 18352
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 18352

14 აგვისტო 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ------ეს (ს/ნ -------)

(მის.:---------)

2025 წლის პირველი აგვისტოს საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 14 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №68) განიხილა ი/მ -------ეს (ს/ნ ------) 2025 წლის პირველი აგვისტოს №97282/1/2025 და №25557/2/2025 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 2 ივლისის №006-221 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და აღნიშნავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში ფიზიკური პირის სახელზე რეგისტრირებული და რეალიზებული უძრავი ქონების შესახებ გამოკვლეული მასალა არ არის რეალური მონაცემი. შემმოწმებლებმა დაადგინეს, რომ მეწარმის სახელზე 2020 წელს რეგისტრირებულია ფართები საცხოვრებელ კორპუსში, რომლის დიდი ნაწილიც რეალიზებულია 2022-2023 წლებში. აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოსაკვლევი და დასათვლელია სახელშეკრულებო ღირებულებები და თანხის გადახდის თარიღები, რეალიზებული ფართები არის მშენებარე, ნასყიდობის თანხები არ არის გადახდილი ყველა ფართზე მყიდველის მიერ სრულად და არ წარმოეშვება დღგ-ით დაბეგვრის ვალდებულება, ვინაიდან მიწოდებაც არ განხორციელებულა. ასევე დასადგენია შემმოწმებლების მიერ პირის დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღიც. გადამხდელი აღნიშნავს, რომ უცნობია, თუ რომელი ფართის რეალიზაცია დაიბეგრა დღგ-ით და რა ღირებულებით მოხდა მათი დაბეგვრა. აქედან გამომდინარე, მიაჩნია, რომ შემმოწმებლის მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაანგარიშებულია არასწორად და ასევე, არასწორად არის განსაზღვრული დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღიც.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს აუდიტის დეპარტამენტის მიერ საკითხის ხელახალი შესწავლას და არასწორად დარიცხული გადასახადისა და სანქციის თანხების შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 28 ნოემბრის №29382 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი/მ ------ეს (ს/ნ ------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. ი/მ ------ეს (ს/ნ ------, პ/ნ ------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის მომენტის განსაზღვრის მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

გ) დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 28 ნოემბრის №29382 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 25 ივნისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 148 362 ლარი, მათ შორის, გადასახადი 142 199 ლარი, ჯარიმა 6 163 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 2 ივლისის №006-221 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ შპს „------ს“ მიერ გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ი/მ -------------ვის გაწეულ სამშენებლო მომსახურებაზე, რომელიც საწარმოს დაბეგრილი აქვს დღგ-ით. ამასთან, სამშენებლო მომსახურება დაკავშირებულია გადასახადის გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობასთან. აღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელისთვის დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებარა შემცირებას.

ამასთან, მიწოდებული ქონების დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის მომენტის განსაზღვრის მიზნებისთვის, შემოწმების მიერ განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლა, რის შედეგადაც არ გამოვლინდა ისეთი გარემოება, რომელიც გავლენას მოახდენდა აღნიშნულ ნაწილში შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე, შესაბამისად, შემოწმებით აქტით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე, შემოწმების მიერ დღგ-ის ჩასათვლელ თანხებში გათვალისწინებულ იქნა შპს „------“ მიერ გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ი/მ -------ვის გაწეულ სამშენებლო მომსახურებაზე, რომელიც საწარმოს დაბეგრილი აქვს დღგ-ით. ამასთან, მიწოდებული ქონების დღგ-ით დასაბეგრი მომენტის განსაზღვრის მიზნებისთვის, შემოწმების მიერ განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის შესწავლა, რის შედეგადაც არ გამოვლინდა ისეთი გარემოება, რომელიც გავლენას მოახდენდა შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში შემოწმებით აქტით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ -------ეს (ს/ნ -------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს

 

ფაქტობრივი გარემოებები

მეწარმის სახელზე 2020 წელს რეგისტრირებულია ფართები საცხოვრებელ კორპუსში, რომლის დიდი ნაწილიც რეალიზებულია 2022-2023 წლებში. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე, შემოწმების მიერ დღგ-ის ჩასათვლელ თანხებში გათვალისწინებულ იქნა შპს-ის მიერ გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები მეწარმისთვის გაწეულ სამშენებლო მომსახურებაზე, რომელიც საწარმოს დაბეგრილი აქვს დღგ-ით. ამასთან, მიწოდებული ქონების დღგ-ით დასაბეგრი მომენტის განსაზღვრის მიზნებისთვის, შემოწმების მიერ განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის შესწავლა, რის შედეგადაც არ გამოვლინდა ისეთი გარემოება, რომელიც გავლენას მოახდენდა შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში შემოწმებით აქტით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304-ე მუხლის 21 ნაწილი.