გადაწყვეტილება №20796/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.12.2023
№ დოკუმენტი 20796/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 20796/2/2023

07 დეკემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----------- 11.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20796/2/2023).

 

დავის საგანი:

დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 7.08.2023 წლის №001-177 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 8.09.2023 წლის №21914 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 52 523 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 33 775

ჯარიმა - 16 988

საურავი - 1 760

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სამშენებლო-სარემონტო და სადემონტაჟო სამუშაოების განხორციელება.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2023 წლის თებერვლისა და აპრილის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 28 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

2023 წლის თებერვლისა და აპრილის თვეებში, გადასახადის გადამხდელს გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, როგორც გაწეულ სადემონტაჟო მომსახურებაზე, ასევე, მიღებულ ავანსზე (188 575 ლარი დღგ-ის გარეშე). გადასახადის გადამხდელს აღნიშნული თანხა არ აქვს დაბეგრილი შესაბამისი პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში. შემოწმების მიერ, დღგ-ით დაიბეგრა შესამოწმებელ პერიოდში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული თანხა დღგ-ის გარეშე.

შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 4.08.2023 წლის №19222 ბრძანება და 7.08.2023 წლის №001-177 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 8.09.2023 წლის №21914 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და ამავე მუხლის მე-6 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 1601 მუხლის პირველ ნაწილზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 180-ე მუხლის პირველ ნაწილზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად, ხოლო საგადასახადო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მომჩივნის პოზიციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

დღგ-ით დაბეგვრა, განხორციელებული შემოწმების აქტში დაფიქსირებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით, შეიძლება იყოს პერიოდის ცვლილება, აქედან გამომდინარე, შემოწმებას დარიცხული თანხა უნდა შეემცირებინათ იმ პერიოდისათვის როცა კომპანიამ დაადეკლარირა და დაბეგრა აღნიშნული თანხები. ასევე, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის დარიცხვაც არაკანონიერია, ვინაიდან შემოწმების შედეგად უნდა განხორციელებულიყო პერიოდის ცვლილება, დარიცხვა და შემცირება ერთდროულად, შესაბამისად, გადასახადი არ დაერიცხებოდა, ხოლო საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებულია, რომ ჯარიმა არ უნდა აღემატებოდეს ძირითად თანხას, შესაბამისად თუ არ დაერიცხებოდა ძირითადი თანხა არც ჯარიმა არ უნდა დარიცხვოდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი აღნიშნავს, რომ გასაუქმებელია აქტით დარიცხული გადასახადები და სანქციები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 1601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მომსახურების გაწევა არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის

გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში შესაძლებელია გამოიწეროს გამარტივებული ფორმის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მონაცემები შეიტანება საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დღგ-ის დეკლარაციაში.

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს 2023 წლის თებერვლისა და აპრილის თვეებში, გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, როგორც გაწეულ სადემონტაჟო მომსახურებაზე, ასევე მიღებულ ავანსზე, რომელიც არ აქვს დაბეგრილი და ასახული შესაბამისი პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში.

მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმებით განხორციელებულ დარიცხვას, მაგრამ არც შემოსავლების სამსახურში დავის ეტაპზე არ წარუდგენია და არც ამჟამად არ წარმოადგენს დოკუმენტს/მტკიცებულებას, რაც მის არგუმენტს გაამყარებდა და შემოწმებით განხორციელებული დარიცხვის კორექტირების საფუძველი გახდებოდა.

ამგვარად, საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, ამდენად შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. აუდიტის დეპარტამენტის 7.08.2023 წლის №001-177 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 8.09.2023 წლის №21914 ბრძანება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სამშენებლო-სარემონტო და სადემონტაჟო სამუშაოების განხორციელება. გადასახადის გადამხდელს 2023 წლის თებერვლისა და აპრილის თვეებში, გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, როგორც გაწეულ სადემონტაჟო მომსახურებაზე, ასევე მიღებულ ავანსზე, რომელიც არ აქვს დაბეგრილი და ასახული შესაბამისი პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;158(1);159(1);1601(1);163(1,2);164(1);168(1);180(1);