გადაწყვეტილება №20750/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 10.01.2024
№ დოკუმენტი 20750/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20750/2/2023

10 იანვარი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ „------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,30.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს„------“-ის 4.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20750/2/2023).

 

დავის საგანი:

1. არარეზიდენტისთვის გადახდილი პროცენტის გადახდის წყაროსთან დაბეგვრა;

2. ფიზიკური პირისთვის გადახდილი თანხის უპროცენტო სესხად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №094-112 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 17.08.2023 წლის №20373 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 254 127,1 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 108 377

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებელი - 1 199

დღგ - (- 218 259)

მიწაზე (არასასოფლო) ქონების გადასახადი - 218

მოგების გადასახადი - 111 652

საშემოსავლო გადასახადი - 207 725

ქონების გადასახადი - 5 842

ჯარიმა - 107 309

საურავი - 38 441,1

 

აუდიტის დეპარტამენტის 7.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №094-112 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 17.08.2023 წლის №20373 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. არარეზიდენტისთვის გადახდილი პროცენტის გადახდის წყაროსთან დაბეგვრა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 7.06.2011 წელს. 27.09.2022 წელს საზოგადოების 50%-იანი წილის მფლობელი გახდა ლატვიის რეზიდენტი შპს N1 (ს/ნ „------“). აღნიშნული კომპანიის მიმართ შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანს უფიქსირდება სასესხო ვალდებულება. აღნიშნულ სასესხო ვალდებულებაზე გადახდილი პროცენტი შეადგენს 2 266 602 ლარს. საგადასახადო კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების ან რეზიდენტის მიერ მათი სახელით ფიზიკური პირისთვის ან საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტისთვის გადახდილი პროცენტი იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.

22.02.2005 წლის №1000Iს დადგენილებით საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის დადებულია შეთანხმება შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ, რის საფუძველზეც გადასახადის გადამხდელი არარეზიდენტისათვის გადახდილ პროცენტს არ ბეგრავს გადახდის წყაროსთან, თუმცა აღნიშნული შეთანხმების მე-11 მუხლის პირველი პუნქტით ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტი შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში, რაც წარმოადგენს OECD მოდალური კონვენციის შესაბამისად შედგენილ ტექსტს და შემოსავლის დაბეგვრაზე არ განსაზღვრავს ექსკლუზიურ უფლებას (რიგ შემთხვევებში ასეთი უფლება განსაზღვრულია და შემოსავალი იბეგრება მხოლოდ იმ ქვეყანაში, სადაც მიმღები წარმოადგენს რეზიდენტს), ამავე შეთანხმების 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი განმარტავს, თუ როგორ განახორციელებს ლატვია ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებას იმ შემოსავალზე, რომელიც მიღებულია მისი რეზიდენტის მიერ და შეიძლება დაიბეგროს საქართველოში. შედეგად, ლატვიის რეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, ხოლო ლატვია უზრუნველყოფს, რომ საქართველოში დაკავებული გადასახადი მეორედ არ იქნას დაბეგრილი შეთანხმებით განსაზღვრულ ნორმაზე მეტი ოდენობით. საზოგადოებას, საგადასახადო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, მე-2 მუხლის მე-7 ნაწილზე, 125-ე მუხლზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 28.12.2011 წლის №633 ბრძანებით დამტკიცებული „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესის“ პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე, 131-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 134-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, „საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 22.02.2005 წლის №1000 – Iს დადგენილებით) მე-11 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე და 24-ე მუხლის მე-2 პუნქტზე და საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, 27.09.2022 წელს საწარმოს 50%-იანი წილის მფლობელი გახდა ლატვიის რეზიდენტი შპს N1, რომლის მიმართ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს უფიქსირდება სასესხო ვალდებულება. აღნიშნულ სასესხო ვალდებულებაზე გადახდილია პროცენტი, რომელიც შეადგენს 2 266 602 ლარს. გადასახადის გადამხდელი არარეზიდენტისათვის გადახდილ პროცენტს არ ბეგრავს გადახდის წყაროსთან. შემოწმების შედეგად, ლატვიის რეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ლატვიის რეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილის და „საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების მე-11 მუხლის გათვალისწინებით.

აღნიშნული ნორმის მიხედვით ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტი შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში, რაც წარმოადგენს OECD მოდალური კონვენციის შესაბამისად შედგენილ ტექსტს და შემოსავლის დაბეგვრაზე არ განსაზღვრას ექსკლუზიურ უფლებას. ამავე შეთანხმების 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი განმარტავს, თუ როგორ განახორციელებს ლატვია ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებას იმ შემოსავალზე, რომელიც მიღებულია მისი რეზიდენტის მიერ და შეიძლება დაიბეგროს საქართველოში.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო შემოწმების აქტის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის ნაწილში აღნიშნულია, რომ კომპანიას უფიქსირდება სასესხო ვალდებულება შპს N1-ის მიმართ, რომელზეც გადახდილი პროცენტი შეადგენს 2 266 602 ლარს. 22.02.2005 წლის 1000-Iს დადგენილების საფუძველზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით კომპანია არ ბეგრავდა გადახდილ პროცენტს საგადასახადო კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული გადასახადით 5-პროცენტით, რადგან ზემოთ აღნიშნული სესხი იბეგრებოდა შპს N1-ის მიერ ლატვიაში, როგორც რეზიდენტის მიერ არარეზიდენტზე ორგანიზაციიდან მიღებული შემოსავალი 10-პროცენტით.

7.12.2022 წლის შემოწმების აქტის სამართლებრივი დასაბუთების ნაწილი ზუსტად განსაზღვრავს საჩივრის ავტორის დასაბუთების ძირითად საფუძველს, ვინაიდან სწორედ მასში მითითებული 22.02.2005 წლის №1000-I დადგენილების (საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის დადებული საერთაშორისო რატიფიცირებული დადგენილება), მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ზუსტად მიუთითებს, ხელშემკვრელი მხარეების უფლებამოსილებაზე.

კერძოდ, ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილი (იგულისხმება საქართველოს სახელმწიფო, დადგენილების ტერმინთა განმარტების ნაწილი) და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტი შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში (იგულისხმება ლატვიის სახელმწიფო, ვინაიდან პროცენტის მიმღებს წარმოადგენს შპს N1, რომელიც რეგისტრირებულია ლატვიის სახელმწიფო კანონმდებლობის შესაბამისად, ამავე სახელმწიფოს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ.

შესაბამისად, საერთაშორისო შეთანხმების მე-11 მუხლი პირდაპირ და ერთმნიშვნელოვნად აძლევს უფლებას საქართველოში რეგისტრირებულ და ლატვიის სახელმწიფოში რეგისტრირებულ კომპანიებს, დაბეგვრა განახორციელონ ან ერთ ხელშემკვრელ სახელწიფოში ან მეორე მხარესთან.

„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ კანონსა და კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.

შესაბამისად, საყურადღებოა, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, გამხდარიყო საერთაშორისო ხელშეკრულების ხელშემკვრელი მხარე, რის საფუძველზეც სწორედ საქართველოს რეზიდენტისა და ლატვიის რეზიდენტ პირებს მიენიჭათ უფლებამოსილება, აერიდებინა თავიდან შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის საკითხი და სწორედ ამ მიზნებიდან გამომდინარე დაიდო ორ სახელმწიფოს შორის საერთაშორისო შეთანხმება.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამოდელო კონვენციის (OECD) საფუძველზე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 1980 წელს მიიღო სამოდელო კონვენცია შემოსავალისა და კაპიტალის ორმაგი დაბეგვრის საკითხებზე განვითარებული და განვითარებადი ქვეყნებისათვის. აღნიშნული სამოდელო კონვენციით განისაზღვრა ქვეყნებს შორის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების პრინციპები, ფორმები და მეთოდები. ამ კონვენციის მიხედვით, ერთი ქვეყნის იურიდიული და/ან ფიზიკური პირის მიერ მეორე ქვეყანაში გაწეული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი იბეგრება იმ ქვეყანაში, სადაც უშუალოდ მოხდა შემოსავლის მიღება, ან რეზიდენტ ქვეყანაში. წყაროს ქვეყანაში შემოსავლის დაბეგვრისას, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით, რეზიდენტი ქვეყანა იღებს ვალდებულებას, გადასახადის გადამხდელს ჩაუთვალოს წყაროს ქვეყანაში გადახდილი გადასახადი. შეთანხმების მთავარ პრიორიტეტად იქცა გადასახადების გადაუხდელობისაგან თავის არიდება, რომლის უზრუნველსაყოფად გათვალისწინებულია საგადასახადო მიზნებისათვის ინფორმაციის გაცვლის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა.

საკითხის არსის გახსნისა და აზრის შემდგომი განვითარებისთვის, საჭიროა შევეხოთ საკუთრივ ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულების სტატუსს, რას ნიშნავს ან რა არის ეს ხელშეკრულება. საერთაშორისო სამართალში აღიარებული განმარტების თანახმად, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ ხელშეკრულება (E. Treaties for avoiding double taxation), ესაა „საერთაშორისო ხელშეკრულება ორ ან რამდენიმე სახელმწიფოს შორის, რომლითაც ხელშემკვრელ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე უცხო ფიზიკური და იურიდიული პირები (კომპანიები) თავისუფლდებიან მოვალეობისაგან, უხადონ შემოსავლიდან, მოგებიდან გადასახადი, როგორც ადგილსამყოფელ სახელწიფოს, ასევე თავის სახელმწიფოსაც ან სახელმწიფოს, სადაც ისინი რეგისტრირებული არიან (კომპანიის იურიდიული მისამართი). ამ ხელშეკრულებით მათ ეძლევათ უფლება, გადაუხადონ ეს თანხები მხოლოდ ერთ-ერთ სახელმწიფოს (ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი: ლექსიკონი-ცნობარი [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 – 283 გვ.; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]).

საერთაშორისო ორმაგი დაბეგვრა და შესაბამისად, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების პრინციპი, ზოგადად საფუძვლად უდევს საერთაშორისო საგადასახადო დაგეგმვას. საერთაშორისო საგადასახადო დაგეგმვის აუცილებლობას განაპირობებს ქვეყნების მონაწილეობა საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში. საგადასახადო დაგეგმვა, როგორც სამეწარმეო-ეკონომიკური საქმიანობის ფინანსური დაგეგმვის განუყოფელი ნაწილი, გულისხმობს ცალკეული მეწარმე სუბიექტების მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის რეგულირების პროცესს. ეს, ერთი მხრივ, მოიცავს პროგნოზირებული საგადასახადო ვალდებულებების სიდიდის დასაბუთებას და მართვას, მეორე მხრივ, კი უფლებას კანონის ფარგლებში მოახდინოს საგადასახადო ვალდებულებების შემცირება. მაშასადამე, საგადასახადო დაგეგმვის ქვეშ იგულისხმება საწარმოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის დაგეგმვის ისეთი მექანიზმის შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს გადასახადების მინიმიზაციას.

სამოდელო კონვენციების მიხედვით, განვითარებული ქვეყნები, კონკრეტული სიტუაციების გათვალისწინებით, იყენებენ საერთაშორისო ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ორ საყოველთაოდ ცნობილ მეთოდს: ა) განთავისუფლების და ბ) ჩათვლის მეთოდებს.

გადასახადებისგან გათავისუფლების მეთოდი გულისხმობს, რომ შეთანხმების მონაწილე ერთი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მიღებული ერთობლივი შემოსავალი, საიდანაც გადასახადი კავდება მეორე მონაწილე სახელმწიფოში, უნდა გათავისუფლდეს დაბეგვრისაგან პირველ სახელმწიფოში. ეს ნიშნავს იმას, რომ „თუ არარეზიდენტი პირი დაბეგრა არარეზიდენტმა ქვეყანამ, მაშინ რეზიდენტი ქვეყანა ათავისუფლებს ამ პირს შესაბამისი გადასახადისაგან და ამით ორმაგი იურიდიული დაბეგვრა გამოირიცხება“ (ურიდია გ. საერთაშორისო დაბეგვრა, გამომცემლობა მერიდიანი, თბ. 2014, გვ. 31).

საქართველოში ისევე, როგორც საერთაშორისო საგადასახადო ხელშეკრულებების ხელმომწერ სხვა სახელმწიფოებში, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების საერთო მეთოდოლოგიურ საფუძველს წარმოადგენს 1977 წელს მიღებული კონვენციის ტიპიური მოდელი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების შესახებ (The model Convention with respect to taxes on income and on capital).

ამ მიზანს ემსახურება, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული სიის შენიშვნის მე-3 პუნქტიც, რომლის შესაბამისადაც, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანად არ განიხილება ის ქვეყანა, რომელთანაც საქართველოს გაფორმებული აქვს ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულება და მასთან მიმართებით არ გამოიყენება გადახდის წყაროსთან დაბეგვრის და პირებს შორის ურთიერთდამოკიდებულების დადგენის გარეშე, საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციებისთვის დადგენილი წესით განსაზღვრული კორექტირების თანხის, როგორც განაწილებული მოგების, მოგების გადასახადით დაბეგვრა.

აღნიშნული ნორმის შესაბამისად, თუ ჩამონათვალით განსაზღვრულ ქვეყანასა და საქართველოს შორის არსებობს საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ან ძალაში შესული საერთაშორისო შეთანხმება, შემოსავლებისა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ, აღნიშნული ქვეყანა შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნად ითვლება მხოლოდ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“-„ე“ ქვეპუნქტების მიზნებისთვის.

შემოწმების აქტშივე დაფიქსირებულია, რომ გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება აღნიშნულ საკითხს და გასცა განმარტება, რომ აღნიშნული განაცემი დაბეგრილია ლატვიის სახელმწიფოში.

კომპანიას არ გააჩნია რაიმე ბერკეტი სხვა სახელმწიფოს საგადასახადო ორგანოდან გამოითხოვოს იურიდიული პირის საგადასახადო ინფორმაცია/დოკუმენტაცია იქ რეგისტრირებული/რეზიდენტი კომპანიის გადასახადების თაობაზე.

ზემოხსენებული საერთაშორისო ხელშეკრულების 27-ე მუხლი აწესრიგებს ინფორმაციის გაცვლის საკითხებს, სადაც მკაფიოდ და ნათლად არის განსაზღვრული, რომ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები ცვლიან იმ ინფორმაციას, რომელიც გათვალისწინებულია ამ შეთანხმების დებულებებით, ან ხელშემკვრელი სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობით იმ გადასახადებთან დაკავშირებით, რომლებსაც მოიცავს ეს შეთანხმება და რომლებით დაბეგვრა არ ეწინააღმდეგება ამ შეთანხმებას, ინფორმაციის გაცვლა არ არის შეზღუდული პირველი მუხლით.

გარდა ამისა, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს, მოიძიოს ყველა საჭირო დოკუმენტი/მტკიცებულება და მხოლოდ მის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო პროცედურების ჩაუტარებლობა არღვევს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან და ფუნდამენტურ მოთხოვნას პროცედურული დემოკრატიის უზრუნველყოფის შესახებ, რომლის ხარისხი თავის მხრივ, უზრუნველყოფს სახელმწიფოს ქვეშევრდომების კანონიერ მოლოდინს - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მმართველობის განხორციელება კანონიერების პრინციპის საფუძველზე, რასაც ადმინისტრაციულ სამართალში კანონიერი ნდობის უფლება ეწოდება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს წარმოადგენს კანონიერი ნდობა. კანონიერი ნდობის უფლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობებში განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს, რადგან ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობას თავისი არსით სუბორდინაციული ხასიათი გააჩნია.

კანონიერი ნდობის უფლება იცავს პირს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივი შეცდომის და მომავალში განსახორციელებელი მოქმედების შეუსრულებლობისაგან. აღნიშნული ინსტიტუტის სრულფასოვანი დამკვიდრება უზრუნველყოფს მმართველობის კანონიერებას, სტაბილურობას, მის ავტორიტეტს საზოგადოებაში.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენა და დამრღვევის დასჯა ემსახურება მმართველობის კანონიერებას, საჯარო წესრიგს, ხოლო პროცედურული მოქმედებების ჩატარების ვალდებულება - კერძო ინტერესის - ადამიანის უფლების მაქსიმალური დაცვის უზრუნველყოფას. ასეთის იგნორირების პირობებში ირღვევა ადმინისტრაციული სამართლის ასევე უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი - კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი.

შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული.

ამასთან საყურადღებოა, „საქართველოს ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოში მოქმედ ნებისმიერ მარეგულირებელ კანონზე (მათ შორის ორგანულ კანონზე) იერარქიულად მაღლა დგას საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება.

სწორედ ამ საერთაშორისო შეთანხმების 27-ე მუხლმა იმპერატიულად მიუთითა, რომ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები ცვლიან ინფორმაციას, რაც ამავე შეთანხმების მიზნებისთვის გამოიყენება და როგორც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კანონმდებლობისა, ეს ჩანაწერი პირდაპირ განსაზღვრავს ვალდებულებას შესაბამისი კომპეტენტური (ადმინისტრაციული) ორგანოსი, მოიპოვოს ხელშემკვრელი მხარისაგან ყველა საჭირო ინფორმაცია და სწორედ ისე მოახდინოს შეფასება და გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან ხსენებული გადაწყვეტილება ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება საერთაშორისო შეთანხმების მე-11 მუხლს და ზოგადად ორმაგი დაბეგვრისგან თავის არიდების პრინციპს, რომელიც სახელმწიფოებმა ურთიერთთანამშრომლობის გაუმჯობესების მიზნით შექმნეს ჯერ კიდევ 2005 წელს.

ორმაგი დაბეგვრის თავიდან არიდების მიზანიც, მისი ტელეოლოგიური განმარტების ფარგლებშიც კი (პრინციპულ დონეზე) ხომ ისაა, რომ ხელშემკვრელმა სახელმწიფოებმა ორმაგად არ განახორციელონ რეზიდენტი/არარეზიდენტი პირების დაბეგვრა და ამ მიზნით, მისცენ სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირებს შესაძლებლობა, დაბეგვრა განხორციელდეს ერთ რომელიმე სახელმწიფოში.

მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების პირველივე მუხლში ვკითხულობთ, რომ სახელშეკრულებო თანხა წარმოადგენს ძირ თანხას, შესაბამისად გაცემულ და მიღებულ თანხას, რომელზეც ირიცხება პროცენტი. შესაბამისად, ამ თანხის საქართველოში დაბეგვრის შემთხვევაში, ძირ თანხასთან ერთად გათვალისწინებული იქნებოდა მისი დაბეგვრის გადასახადი, ხოლო მხარეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული საკითხი თავად რეგულირდება საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე და სახელშეკრულებო ტექსტში მიეთითა ძირი თანხა (მიღებული სარგებელი).

ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, არასწორია აქტში მითითებული გარემოებები და როგორც დაბეგვრის გადასახადის თანხა, ასევე ჯარიმა და შესაბამისი პირგასამტეხლო უნდა გაუქმდეს, საერთაშორისო ხელშეკრულებით მონიჭებული უფლებამოსილება და აქტის შედგენისათვის, საკმარისი მტკიცებულებების მოუპოვებლობის გამო.

შემოსავლების სამსახურის 17.08.2023 წლის №20373 ბრძანებით არცერთი ფაქტობრივი გარემოების შესწავლა და განმარტება არ განხორციელებულა, ფაქტობრივად „გადაკოპირება“ განხორციელდა საჩივრის ტექსტში მითითებული საკანონმდებლო ნორმებისა და საპირისპიროდ სარეზოლუციო ნაწილში, მხოლოდ ერთი აბზაცით მიეთითა, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია. დაუსაბუთებლობის ნაწილში ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მიუთითოს ფაქტობრივ გარემოებებზე, თუ რატომ არის დაუსაბუთებელი, ვინაიდან შემოწმების აქტში მითითებული გარემოებანი და კვალიფიკაცია ისედაც ცნობილი იყო. გასაჩივრების მექანიზმი თავისი არსით ხომ მოიცავს საკითხის სრულყოფილად შესწავლის დასაბუთებას. საკვირველია, რომ შემოსავლების სამსახურმა გამოიყენა საერთაშორისო კონვენცია, მიუთითა სწორედ ის მუხლი, რომელიც მომჩივნის სამართლებრივი დასაბუთების ძირითადი არგუმენტია (დაბეგვრა განხორციელდება რომელიმე ქვეყანაში), ხოლო თუ რატომ მიიჩნია, რომ იერარქიულად ზემდგომ აქტში მითითებული უფლებამოსილება მომჩივანმა არასწორად გამოიყენა, ეს უცნობია.

შესაბამისად არასწორია შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება და უნდა გაუქმდეს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებულ საკითხზე საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულ და ძალაში შესულ საერთაშორისო ხელშეკრულებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა ამ კოდექსის მიმართ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 28.12.2011 წლის №633 ბრძანებით დამტკიცებული „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესის“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს წესი განსაზღვრავს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის მიზნით საქართველოს მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო შეთანხმების შესაბამისად საგადასახადო შეღავათით სარგებლობის, ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნების და საქართველოს რეზიდენტობის დადასტურების პროცედურებს.

„საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 22.02.2005 წლის №1000 – Iს დადგენილებით) მე-11 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად:

1. ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტი შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. ამასთან, ასეთი პროცენტი შეიძლება დაიბეგროს აგრეთვე იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ის წარმოქმნება, ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ თუ პროცენტის ბენეფიციალური მფლობელი წარმოდგენს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ ასეთი სახით დაკისრებული გადასახადის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს პროცენტის მთლიანი თანხის 10 პროცენტს.

ამავე შეთანხმების 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ლატვიის რეზიდენტის შემთხვევაში ორმაგი დაბეგვრა თავიდან აცილებული იქნება შემდეგნაირად:

ხმად შეიძლება დაიბეგროს საქართველოში, თუ მისი ეროვნული კანონმდებლობით უფრო ხელსაყრელი პირობები არ არის გათვალისწინებული, ლატვია დაუშვებს:

(i) ამ რეზიდენტის შემოსავლებზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც საქართველოში მიღებულ შემოსავალზე გადახდილი გადასახადის ტოლია;

(ii) ამ რეზიდენტის კაპიტალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც საქართველოში კაპიტალზე გადახდილი გადასახადის ტოლია;

ამასთან, ასეთი გამოქვითვა, ნებისმიერ შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს ლატვიაში შემოსავლისა ან კაპიტალზე გადასახადის იმ ნაწილს, რომელიც გამოქვითვამდე იყო დაანგარიშებული და მიეწერება ვითარების შესაბამისად შემოსავალსა და კაპიტალს, რომელიც შეიძლება დაიბეგროს საქართველოში.

საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კარის მიზნებისათვის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება პროცენტი, თუ პროცენტის გადამხდელი არის საქართველოს რეზიდენტი.

საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული პროცენტები, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, ამ კოდექსის 131-ე მუხლის მიხედვით

საგადასახადო კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების ან რეზიდენტის მიერ ან მათი სახელით ფიზიკური პირისთვის ან საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტისთვის გადახდილი პროცენტი იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც იხდის ამ კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ გადასახდელებს.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ 27.09.2022 წელს მომჩივნის 50%-იანი წილის მფლობელი გახდა ლატვიის რეზიდენტი შპს N1(ს/ნ „------“). აღნიშნული კომპანიის მიმართ შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანს უფიქსირდება სასესხო ვალდებულება, რომელზეც გადახდილია პროცენტი 2 266 602 ლარი.

საბჭო მითითებული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიიჩნევს, რომ მითითებული საერთაშორისო შეთანხმების მიხედვით, საქართველოში წარმოქმნილი და ლატვიის რესპუბლიკის რეზიდენტისთვის გადახდილი პროცენტი შეიძლება დაიბეგროს ლატვიის რესპუბლიკაში, რაც შემოსავლის დაბეგვრაზე არ განსაზღვრას ექსკლუზიურ უფლებას და ამავე შეთანხმების 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი განმარტავს, თუ როგორ განახორციელებს ლატვია ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებას იმ შემოსავალზე, რომელიც მიღებულია ლატვიის რესპუბლიკის რეზიდენტის მიერ და შეიძლება დაიბეგროს საქართველოში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. ფიზიკური პირისთვის გადახდილი თანხის უპროცენტო სესხად განხილვა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივანს , წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციით 2021 წლის ივნისიდან უფიქსირდება ავანსის სახით თანხის გაცემა ფ/პ „------“-ზე (პ/ნ „------“), სულ გადახდილი აქვს 632 712 ლარი. აღნიშნული პირი წარმოადგენს საზოგადოების დაქირავებულ პირს. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, აღნიშნული განაცემი წარმოადგენს შპს N2-ის (ს/ნ „------“) 40%-იანი წილის ნასყიდობის საფასურს. ნასყიდობის საგნის მთლიანი ღირებულება განისაზღვრა 800 000 ლარით. აღნიშნული წილის მფლობელს წარმოადგენს ფ/პ „------“. დღეის მდგომარეობით, წილი მომჩივანის საკუთრებაში რეგისტრირებული არ არის. გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების შესწავლით, შპს N2 ფაქტობრივად აღარ ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, გამოწერილი აქვს მხოლოდ 45 400 ლარის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ტექნიკის იჯარაზე. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით შემოწმების მიერ, ფ/პ „------“ ზე გადახდილი თანხები პერიოდების მიხედვით ნაშთების ცვლილების გათვალისწინებით განხილულ იქნა უპროცენტო სესხად, რაც საგადასახადო კოდექსის 98-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაიბეგრა მოგების გადასახადით. ასევე განხორციელდა უპროცენტო სესხზე სარგებლის გაანგარიშება და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის გათვალისწინებით დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის 20%-იანი განაკვეთით. გადასახადის გადამხდელს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე და მე-8 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 28.01.2011 წლის №34 ბრძანების პირველ პუნქტზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, საწარმოს უფიქსირდება ავანსის სახით თანხის გაცემა ფ/პ „------“-ზე სულ 632 712 ლარის ოდენობით. გადამხდელის განმარტებით, აღნიშნული განაცემი წარმოადგენს შპს N2-ის(ს/ნ „------“ ) 40%-იანი წილის ნასყიდობის საფასურს. ნასყიდობის საგნის მთლიანი ღირებულება განისაზღვრა 800 000 ლარით. შპს N2 ფაქტობრივად აღარ ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, გამოწერილი აქვს მხოლოდ 45 400 ლარის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ტექნიკის იჯარაზე. შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, კომპანიის მიერ ფ/პ „------“-ზე გადახდილი თანხები პერიოდების მიხედვით ნაშთების ცვლილების გათვალისწინებით განხილულ იქნა უპროცენტო სესხად.

ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, შპს N2-ს საკუთრებაში უფიქსირდება 5 000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი "-----"-ის რაიონში. 2021 წლის ქონების გადასახადის დეკლარაციის მიხედვით, უფიქსირდება შენობა-ნაგებობები და მანქანამოწყობილობები, რომელთა წლიურმა საბალანსო ღირებულებამ შეადგინა 133 226 ლარი.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, მომჩივანსა და შპს N2-ის პარტნიორ „------“- ს შორის წილის ნასყიდობის ხელშეკრულება და ასევე, მომჩივანის პარტნიორთა კრების ოქმი დათარიღებულია 1.06.2021 წლით. ამავე პერიოდიდან ფიქსირდება ავანსის სახით თანხის გადახდა ფ/პ„------“- ზე. საგადასახადო შემოწმების პროცესში შპს N2-ის წილი მომჩივანის საკუთრებაში რეგისტრირებული არ იყო, წილის გადაფორმება განხორციელდა კამერალური საგადასახადო შემოწმების თაობაზე აუდიტის დეპარატამენტის მიერ გამოცემული ბრძანების შემდეგ და საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენამდე 1 დღით ადრე, 6.12.2022 წელს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომპანიის მიერ ფ/პ„------“-ზე გადახდილი თანხების უპროცენტო სესხად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად. ამდენად, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო შემოწმების აქტის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის ნაწილში აღნიშნულია, რომ მომჩივანს უფიქსირდება ავანსის სახით თანხის გაცემა ფ/პ „------“-ზე (პ/ნ „------“), სულ გადახდილი თანხა შეადგენს 632 712 ლარს.

ზემოაღნიშნული ოპერაციის და მასზე გადახდილი თანხის უპროცენტო სესხად მიჩნევის არავითარი საფუძველი არ არსებობს, რადგან არსებობს წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, პარტნიორების კრების ოქმი და ასევე წილის კომპანიის საკუთრებაში გადმოსვლის ამონაწერი, რომელიც ჯერ კიდევ შემოწმების აქტის შედგენის თარიღამდე, ხოლო შესაბამისი დავალების (ბრძანების) გამოცემამდე, 6.12.2022 წელს მომზადდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.

ამ საკითხთან დაკავშირებით, სრულიად გაუგებარია ოქმის შედგენის მტკიცება, რომ ხსენებული ურთიერთობა დაკვალიფიცირდა სესხის ხელშეკრულებად.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულების მიჩნევისათვის არსებითი პირობების თაობაზე შეთანხმებაა სავალდებულო, მათ შორის შესაბამის პროცენტზე.

საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, როგორც სამეწარმეო კანონმდებლობის ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად უფლება აქვს მინიჭებული შეისყიდოს წილი სხვა კომპანიაში, ყოველგვარი შესაბამისი დასაბუთების გარეშე.

სამოქალაქო ბრუნვის თავისუფალი პრინციპის საფუძველზე, მხარე თავად წყვეტს ვისთან და რა ფორმით გააფორმოს ესა თუ ის ხელშეკრულება.

ამასთან, წარმოდგენილია მომჩივანის პარტნიორთა კრების ოქმი, სადაც ნათლად არის მითითებული, რომ პარტნიორები ერთხმად თანხმდებიან შეიძინონ შპს N2-ისწილი. ამასთან, კომპანიის გენერალური დირექტორის მიერ გაფორმდა შპს N2-ის 40%-იანი წილის მფლობელ პარტნიორთან წილის ნასყიდობის ხელშეკრულება და ეს დოკუმენტები გაფორმდა ნოტარიულად.

აღნიშნულის შემდგომ, მომჩივანმა კონკრეტული გადახდების განხორციელების შემდგომ მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, გადახდილი საფასურის სანაცვლოდ, საჯაროდ ასახულიყო შპს N2-ის ამონაწერში წილის ნასყიდობა და ამ ქმედებების შედეგად, მომჩივანი გახდა შპს N2-ის 40%-იანი წილის მესაკუთრე.

შემოწმების აქტში მითითებული დასაბუთება სრულად გაუგებარია, თუ რა საფუძვლით მიიჩნია/დააკვალიფიცირა შესაბამისმა პირმა ეს ურთიერთობა, როგორც სესხის ხელშეკრულება.

თავად შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული მეთოდური მითითების „სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილების შესახებ“ საფუძველზე, მიგვითითებს იმ პროცედურებს და მაგალითებს, თუ რისი კვალიფიკაციის შეცვლის უფლებამოსილება აქვს. ამასთან ზუსტად არის მითითებული ის პროცედურები, რაც შესაბამისმა აუდიტორმა უნდა გაიროს კვალიფიკაციის შეცვლის მიზნით. მაგალითის სახით მოყვანილი წილის ნასყიდობის საკითხი, სრულად შეუსაბამოა არსებულ მდგომარეობასთან, ვინაიდან ერთ-ერთ მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორად მითითებულია ორივე კომპანიის ერთი და იმავე ხელმძღვანელი პირები, რაც თავსი შინაარსით სხვა იურიდიულ პირში წილის ნასყიდობას შესაძლოა გამორიცხავდეს, ვინაიდან მიზანი ისედაც მიღწეულია (თუმცა ეს გარემოებაც არ არის სრულყოფილად დასაბუთებული).

კონკრეტულ შემთხვევაში შპს N2-ის არცერთი პირი არ წარმოადგენს მომჩივანის რომელიმე სტრუქტურულ ერთეულში პარტნიორ/წარმომადგენელ პირს, შესაბამისად, კომპანიის სურვილი, რომელიც პარტნიორთა კრების შესაბამისად იქნა მიღებული, სრულად იზიარებს მხარეთა ნებას - მომხდარიყო შპს N2-ის წილის ნასყიდობა.

ის გარემოება, რომ შპს N2-ის პარტნიორი არის მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში სამართლებრივ ურთიერთობაში მყოფი პირი, მხოლოდ ეს გარემოება ვერ მიიღება იმის დასტურად, რომ მხარეს რაიმე გადასახადის დამალვა სურდა.

მხარეთა შორის გაფორმებული წილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე და შესაბამისი გრაფიკით ხდებოდა მომჩივანისგან შესაბამისი თანხის გადახდა პარტნიორისათვის, ხოლო სახელშეკრულებო ღირებულების 80%-ის გადახდის შემდეგ, აღნიშნული გარიგებით მოხდა წილის ნასყიდობის რეგისტრაცია.

ამ ურთიერთობის ფარგლებში, სწორედ, რომ თანმიმდევრულად, ხელშეკრულებით დადგენილი პერიოდულობით ხდებოდა ნასყიდობის ღირებულების გადახდა, ხოლო პარტნიორის მიერ არანაირი სარგებლის უკან დაბრუნება არ ფიქსირდება.

შეუძლებელია წარმოვიდგინოთ, რომ კომპანია უბრალოდ სხვა ფიზიკურ პირს, წლების განმავლობაში უხდის ფულს, მისი დაბრუნების და სარგებლის მიღების გარეშე.

აღნიშნული სრულად ლოგიკას არის მოკლებული.

ამ ქრონოლოგიით, ყველა წილის ნასყიდობის ხელშეკრულება (გადახდის განვადებით) უნდა გადაკვალიფიცირდეს აუდიტორის ნებაზე დაყრდნობით, ვინაიდან თუ მტკიცებულებათა მოპოვებისა და გამოკვლევის მსგავს სტანდარტს ემყარება, საქართველოში მოქმედი ყველა იურიდიული პირი, რომელსაც სხვა კომპანიასთან/ფიზიკურ პირთან აქვს მომსახურების ხელშეკრულება გაფორმებული, უნდა გადაკვალიფიცირდეს. არ არსებობს სამართლებრივი ნორმა, რომელითაც იზღუდება ერთი შპს-საგან მეორე შპს-ში წილის ყიდვა. მომჩივანის ქმედება, მიზანიც და შედეგიც სწორედ მხარეთა ნებას შეესაბამება.

ყურადღებას გავამახვილებთ, მსგავს სამართლებრივ ურთიერთობაზე მიღებულ სასამართლო პრაქტიკაზე - საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ დაუშვებელია, მხოლოდ მოსაზრება იყოს სამეურნეო ოპერაციის ფორმის შეცვლისა და დარიცხვის საფუძველი, რადგან საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენება უკავშირდება საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის იმგვარ შემთხვევას, როდესაც ერთმანეთს არ შეესაბამება მხარეთა ნების გამოხატვის ფორმა და მისი შინაარსი. ასეთ შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება სწორედ შინაარსობრივ მხარეს და არა მხარეთა მიერ გამოყენებულ ფორმას. თუკი მხარეებმა დადეს კონკრეტული სახის შეთანხმება, მაგრამ შეთანხმებით გამოხატული ნება არ შეესაბამება იმ შეთანხმების ფორმას, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, შეცვალოს სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაცია. აღნიშნული გამომდინარეობს საგადასახადო ორგანოთა ფუნქციებისა და მიზნებიდან, რამეთუ სწორედ საგადასახადო ორგანო უზრუნველყოფს გადასახადების ადმინისტრირებას, მათი ჯეროვნად და დროულად გადახდის კონტროლს. ამგვარი უფლებამოსილების განხორციელება გამორიცხავს, ერთი მხრივ, კონკრეტული სამართლებრივი ფორმის გამოყენების შედეგად გადასახადის გადამხდელის მიერ გადასახადის გადახდისაგან თავის არიდებას, ხოლო, მეორე მხრივ, შეცდომის დაშვებისას იცავს გადასახადის გადამხდელის ინტერესებს, რათა არ მოხდეს მისთვის გადასახადების გაუმართლებელი ან ზედმეტი ოდენობით დარიცხვა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ აღნიშნული უფლებამოსილების გამოყენებისათვის განმსაზღვრელი იყო დადგენა ფაქტისა, რომ მხარის მიერ გამოყენებული საკანონმდებლო აქტით გათვალისწინებული კონკრეტული ფორმა არ შეესაბამებოდა მეწარმის რეალურ ნებას და მიუხედავად დოკუმენტაციაში ნაშთის არსებობის დაფიქსირებისა, თანხა რეალურად არ ინახებოდა სალაროში. სწორედ აღნიშნულიდან და არა მოსარჩელის მიერ მითითებული დასაბუთებიდან, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზოგადად არ არსებობდა სამეურნეო ოპერაცია, რომ მას ფორმა შეცვლოდა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენება, განსახილველ შემთხვევაში, უსაფუძვლოა“ (საქმე №ბს-1579(2კ-18)).

თავად შემოსავლების მიერ გამოქვეყნებული მეთოდური მითითების მიზნის შესაბამისად (მე-2 პუნქტი) მეთოდური მითითების მიზანია საგადასახადო შემოწმებისას, გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული სამეურნეო ოპერაციების კვალიფიკაციის ცვლილების შემთხვევაში, არგუმენტაციის მაღალი ხარისხისა და შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის უზრუნველსაყოფად, ერთიანი მეთოდოლოგიური მიდგომის ჩამოყალიბება.

საეჭვო სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილების ფარგლებში, აუდიტორის მიერ გასავლელი სავალდებულო საფეხურებია: საფეხური I - საეჭვო სამეურნეო ოპერაციის მოძიება და პირველადი შესწავლა. საფეხური II - საეჭვო სამეურნეო ოპერაციის აღწერა და ანალიზი. საფეხური III - საეჭვო სამეურნეო ოპერაციის არსებითობის შეფასება. საფეხური IV - გადასახადის გადამხდელის გამოკითხვა. საფეხური V- მესამე პირებისგან ინფორმაციის გამოთხოვა. საფეხური VI - საეჭვო სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილება და შედეგების გაფორმება.

სამეურნეო ოპერაციის შინაარსი, რომელიც სავალდებულო პროცედურებთაგან ერთ-ერთი პუნქტია, უნდა დადგინდეს სამეურნეო ოპერაციის განმახორციელებელ მხარეთა ნამდვილი ნება/მიზანი.

წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ორივე მხარის მიერ ნება ყველაზე საჯარო (პრეზუმირებული) ფორმით არის გამოხატული, წილის ნასყიდობის სსიპ საჯარო რეესტრში გაფორმების ფორმით.

ამასთან, თვალსაჩინოდ ეს გადაწყვეტილება მიიღო პარტნიორთა კრებამ და დაადასტურა კომპანიის მიზანი და შედეგის მიღების სურვილი.

საკასაციო სასამართლო უთითებს, რომ საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება, ერთი მხრივ, გამორიცხავს, კონკრეტული სამართლებრივი ფორმის გამოყენების შედეგად გადასახადის გადამხდელის მიერ გადასახადის გადახდისაგან თავის არიდებას, ხოლო, მეორე მხრივ, შეცდომის დაშვებისას იცავს გადასახადის გადამხდელის ინტერესებს, რათა არ მოხდეს მისთვის გადასახადების გაუმართლებელი ან ზედმეტი ოდენობით დარიცხვა. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოსათვის საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საჭიროება სათანადოდ უნდა დასაბუთდეს. მოცემულ შემთხვევაში, შპს „... - ს’’ მიერ განხორციელებული ოპერაციისთვის კვალიფიკაციის განსაზღვრისას, საგადასახადო ორგანო ვალდებული იყო, სრულყოფილად გამოეკვლია შესაბამისი გარემოებები. დადგენილია, რომ საგადასახადო ორგანომ გამოკითხა დებიტორული დავალიანების მქონე მხოლოდ რამდენიმე პირი და არ გაითვალისწინა მათგან მოპოვებული ინფორმაცია. არ არის დასაბუთებული როგორც დებიტორული დავალიანების ოდენობა, ისე პერიოდი (თუ რა პერიოდში მიღებულად ჩათვალა საგადასახადო ორგანომ საზოგადოების მიერ დავალიანება რეალურად მიღებულად და რის საფუძველზე) (გადაწყვეტილება №ბს-1204(2კ-21)).

ასევე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ოპერაციის ფორმის და შინაარსის შეუსაბამობის, კვალიფიკაციის შეცვლის საჭიროების მტკიცების ტვირთი აკისრია აღნიშნულის შესახებ აქტის გამომცემ ორგანოს. სზაკ-ის მე-5 მუხლის თანახმად ადმინისტრაციულ ორგანოს არა აქვს უფლება კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, სასკ-ის მე-17 მუხლის მიხედვით აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთი ეკისრება აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. სადავო აქტებით არ დასტურდება ისეთი გარემოების არსებობა, რომელიც მიუთითებს ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქციური გარიგების შესახებ შეთანხმებაზე, ეკონომიკური რეალობის, შინაარსის და სამართლებრივი ფორმის შეუსაბამობაზე, მოცემულ შემთხვევაში ოპერაციის ფორმა შეესაბამება მის შინაარსს (გადაწყვეტილება ბს-854-846(კ-16)).

რაც შეეხება მიზნობრიობის დასაბუთებას, შპს N2-ს გააჩნია ქონება "------"-ში , კერძოდ კლინკერის საფქვავი წისქვილი, რომელიც კომპანიისთვის არის სტრატეგიულად აუცილებელი და ასეთი დანადგარის ახალის მდგომარეობაში შესაძენი ფასი იწყება 500 000 აშშ დოლარიდან (ჩინეთში, ტრანსპორტირებისა და მონტაჟის გარეშე).

შესაბამისად, კომპანიის ინტერესებს სწორედ პასუხობდა წილის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება, რომელზეც გადაწყვეტილება მიიღო მომჩივანის უმრავლესმა პარტნიორმა.

აქვე, მსგავსად პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართლებრივ მსჯელობაზე, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული.

საყურადღებოა, რომ შემოსავლების სამსახურის 17.08.2023 წლის №20373 ბრძანების საფუძველზე, ასევე არანაირი განმარტება არ არსებობს, თუ რატომ უნდა მიეჩნია ადმინისტრაციულ ორგანოს სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში დადებული წილის ნასყიდობის ხელშეკრულება სესხის ხელშეკრულებად. საკვირველია, რომ შინაარსობრივი ნაწილი ნახსენებიც არ არის №20373 ბრძანებაში, თუმცა კი ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს დაასაბუთოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება (აქტი). არც ერთი მაგალითი ან/და არგუმენტი არ არის მოყვანილი ბრძანებაში, რომელიც კვალიფიკაციის შეცვლას განმარტავდა, არამედ მხოლოდ სამართლებრივი ნორმების ე.წ. „კოპირების“ საფუძველზე დააყრდნო ადმინისტრაციულმა ორგანომ თავისი გადაწყვეტილება, ხოლო თუნდაც ამ სამართლებრივი აქტებით მოწესრიგების ფარგლებშიც კი, არც ერთი ნორმა არ განსაზღვრავს კონკრეტულ მაგალითს, კვალიფიკაციის შეცვლის საფუძვლად.

როდესაც, ადმინისტრაციული ორგანო ცვლის ორმხრივი ნების გამოვლენის საფუძველზე და პრეზუმირებად მიღებული/რეგისტრირებული უფლების შინაარსს, მხოლოდ ზოგადი საკანონმდებლო ნორმის მითითება, რომ ზოგადად უფლებამოსილი კვალიფიკაცია შეუცვალოს სამართლებრივ ურთიერთობას, არასაკმარისი მტკიცებულებაა, ვინაიდან მსგავსი პრაქტიკით, სამართლებრივ ურთიერთობაში ყველა შეთანხმების რეკვალიფიკაციის შესაძლებლობად აღიქმება, ხოლო დასაბუთების ნაწილის არქონა, ხომ საერთოდ კანონიერი ნდობის პრინციპის პირდაპირი რღვევაა. სამწუხაროდ, არც შემოწმების აქტში და არც საჩივრის საფუძველზე მიღებულ ბრძანებაში, არ ვხვდებით მისი შინაარსობრივი რეკვალიფიკაციის არგუმენტაციას, რაც არასამართლიანია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:

ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;

ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ მომჩივანს 2021 წლის ივნისიდან უფიქსირდება ავანსის სახით თანხის გაცემა ფ/პ „------“-ზე (პ/ნ „------“), სულ გადახდილი აქვს 632 712 ლარი. აღნიშნული პირი წარმოადგენს მომჩივანის დაქირავებულ პირს. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, აღნიშნული განაცემი წარმოადგენს შპს N2-ის (ს/ნ „------“ ) 40%-იანი წილის ნასყიდობის საფასურს. ნასყიდობის საგნის მთლიანი ღირებულება განისაზღვრა 800 000 ლარით. აღნიშნული წილის მფლობელს წარმოადგენს ფ/პ „------“. შემოწმების მიერ, ფ/პ „------“-ზე გადახდილი თანხები პერიოდების მიხედვით ნაშთების ცვლილების გათვალისწინებით განხილულ იქნა უპროცენტო სესხად.

აუდიტის დეპარტამენტის 19.09.2023 წლის №„------“ წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, შპს N2 (ს/ნ „------“) დაფუძნდა 11.04.2013 წელს. 80%-იანი წილის მფლობელს წარმოადგენდა „------“ (პ/ნ „------“), ხოლო 20%-იანი წილის მფლობელს „------“ (ს/ნ „------“). დარეგისტრირდა მომჩივანის (ს/ნ „------“) კუთვნილ მისამართზე. 27.12.2016 წელს„------“-მა წილის 40% უსასყიდლოდ გადასცა „------“- ს (პ/ნ „------“). 5.10.2021 წელს „------“-ის (ს/ნ „------“) წილი გადაეცა მემკვიდრეობით „------“- ს (პ/ნ „------“). 6.12.2022 წელს საზოგადობის 40%-იანი წილის მფლობელი გახდა მომჩივანი (ს/ნ „------“), რაც „------“- გან შეიძინა 800 000 ლარად. შპს N2-ს (ს/ნ „------“ ) საკუთრებაში უფიქსირდება 5 000 კვ. მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი "------"-ში , სოფ. „------“-ში. გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით საზოგადოებას 2021 წლის ქონების გადასახადის დეკლარაციით უფიქსირდება შენობა-ნაგებობები და მანქანა-მოწყობილობები, რომელთა საშუალო წლიურმა საბალანსო ღირებულებამ შეადგინა 133 226 ლარი.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე და მიუთითებს, რომ მომჩივნის მიერ შეძენილი წილის რეგისტრაცია განხორციელებულია 6.12.2022 წელს. იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა დადგინდეს მომჩივნის და წილის გამყიდველი ფიზიკური პირის ურთიერთდამოკიდებულება და კომპანიას, რომლის წილიც შეძენილია მომჩივნის მიერ გააჩნდეს გარკვეული ღირებულების აქტივები/ქონება, შესასწავლია წილის ღირებულებასა (სადავო შემთხვევაში, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისთვის, მომჩივნის მიერ გადახდილი თანხას) და შპს N2-ის (ს/ნ „------“) აქტივების/ქონების ღირებულებას (საბალანსო/საბაზრო) შორის სხვაობის კვალიფიკაციის განსაზღვრის საკითხი.

საბჭო მიუთითებს მხარეთა არგუმენტაციაზე, საქმის გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ამ ნაწილში, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 17.08.2023 წლის №20373 ბრძანება;

3. საჩივარი მე-2 დავის საგნის (ფიზიკური პირისთვის გადახდილი თანხის უპროცენტო სესხად განხილვა) ნაწილში, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.მომჩივანი მიიჩნევს,რომ არასწორია აქტში მითითებული გარემოებები,როგორც დაბეგვრის გადასახადის თანხა, ასევე ჯარიმა და შესაბამისი პირგასამტეხლო უნდა გაუქმდესშემოსავლების სამსახურის 17.08.2023 წლის №20373 ბრძანებით არცერთი ფაქტობრივი გარემოების შესწავლა და განმარტება არ განხორციელებულა.მომჩივანი მიიჩნევს,რომ არასწორია შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება და უნდა გაუქმდეს.

2.მოჩივანი მიიჩნევს რომ,გაუგებარია ოქმის შედგენის მტკიცება, რომ საჩივარში ხსენებული ურთიერთობა დაკვალიფიცირდა სესხის ხელშეკრულებად.

გადამხდელი თვლის, რომ არც ერთი მაგალითი ან/და არგუმენტი არ არის მოყვანილი ბრძანებაში, რომელიც კვალიფიკაციის შეცვლას განმარტავდა. სამწუხაროდ, არც შემოწმების აქტში და არც საჩივრის საფუძველზე მიღებულ ბრძანებაში, არ ვხვდებით მისი შინაარსობრივი რეკვალიფიკაციის არგუმენტაციას, რაც არასამართლიანია.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 7.06.2011 წელს. 27.09.2022 წელს საზოგადოების 50%-იანი წილის მფლობელი გახდა ლატვიის რეზიდენტი საწარმო აღნიშნული კომპანიის მიმართ შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანს უფიქსირდება სასესხო ვალდებულება.

საგადასახადო კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების ან რეზიდენტის მიერ მათი სახელით ფიზიკური პირისთვის ან საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტისთვის გადახდილი პროცენტი იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.

ლატვიის რეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, ხოლო ლატვია უზრუნველყოფს, რომ საქართველოში დაკავებული გადასახადი მეორედ არ იქნას დაბეგრილი შეთანხმებით განსაზღვრულ ნორმაზე მეტი ოდენობით. საზოგადოებას, საგადასახადო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

2.მომჩივანს უფიქსირდება ავანსის სახით თანხის გაცემა ფიზიკურ პირზე. აღნიშნული პირი წარმოადგენს საზოგადოების დაქირავებულ პირს. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, აღნიშნული განაცემი წარმოადგენს ერთ-ერთი საწარმოს 40%-იანი წილის ნასყიდობის საფასურს.

ფ/პ-ზე გადახდილი თანხები პერიოდების მიხედვით ნაშთების ცვლილების გათვალისწინებით განხილულ იქნა უპროცენტო სესხად, რაც დაიბეგრა მოგების გადასახადით. ასევე განხორციელდა უპროცენტო სესხზე სარგებლის გაანგარიშება და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის 20%-იანი განაკვეთით. გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

1.საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

2.საბჭო აღნიშნავს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ამ ნაწილში, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(9),104,125,131,134,154.