ბრძანება N 15458

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 01.07.2024
№ დოკუმენტი 15458
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

N 15458

01 ივლისი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------ის“ (ს/ნ ------------)

(ფაქტ. მის.:---------------------;

იურ. მის.: ----------------------)

2024 წლის 19 ივნისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 26 ივნისის სხდომაზე (ოქმი №69) განიხილა შპს „-------ის“ (ს/ნ ------------) 2024 წლის 19 ივნისის №90265/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2024 წლის 29 მაისის №12540 ბრძანებასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი ითხოვს აუდიტის დეპარტამენტის გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2024 წლის 29 მაისის №12540 ბრძანების გაუქმებას, რომლითაც გადასახადის გადამხდელს უარი ეთქვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, 2024 წლის 31 იანვრის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული ჯარიმის თანხის შემცირებაზე. აცხადებს, რომ საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული გადასახადის თანხა და ჯარიმის ნახევარი გადახდილი აქვს, რომლის გათვალისწინებით ითხოვს ჯარიმის თანხის ნახევრის შემცირებას.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2024 წლის 27 მაისს გამოცემული დასკვნით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 23 იანვრის №885 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------ის“ (ს/ნ ------------) კამერალური საგადასახადო შემოწმება ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის 22 იანვრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. 2024 წლის 31 იანვარს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის მიხედვითაც გადამხდელს დაერიცხა სულ 3 532 ლარი, მათ შორის გადასახადი - 2 221 ლარი და ჯარიმა - 1 311 ლარი. საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 2024 წლის 20 თებერვლის №032-1 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გადასახადის გადამხდელს ჩაბარდა 2024 წლის 23 თებერვალს. 2024 წლის 28 მარტს წარმოადგინა განცხადება მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ.

ამასთანავე, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 29 მარტის (№29472-21-04) წერილის თანახმად, შპს „-------ის“ (ს/ნ ------------) 2024 წლის 28 მარტის №52704- 11 განცხადების საფუძველზე 2024 წლის 20 თებერვლის №031-1 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხა გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ მიმდინარე წლის 28 მარტს გადატანილი იქნა გადასახადის გადამხდელის დროებითი/არაღიარებული აღრიცხვის ბარათიდან გადასახადის გადამხდელის ძირითად/პირად აღრიცხვის ბარათზე.

საწარმომ დარიცხული გადასახადი და ჯარიმის 50% გადაიხადა 2024 წლის 27 მარტს და განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს 2024 წლის 28 მარტს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილით სარგებლობაზე (ჯარიმის 50%-ის შემცირება).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილის მოთხოვნები, კერძოდ აღიარება და თანხის გადახდა არ მოხდა საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, შპს „-------ის“ (ს/ნ ------------) შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის 50% არ დაექვემდებარა შემცირებას.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმების თანხების 50 პროცენტი უქმდება, თუ გადასახადის გადამხდელს ამ საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოცემული საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში ბიუჯეტში სრულად აქვს გადახდილი საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული გადასახადების, აგრეთვე ჯარიმების 50 პროცენტის ტოლფასი თანხა და პირის მიერ ამავე ვადაში აღიარებულია შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული თანხა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საგადასახადო დავალიანება აღიარებულია, თუ:

ბ) პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა;

ე) პირი წერილობითი/ელექტრონული განცხადებით უარს აცხადებს საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე;

ვ) პირს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოში წარდგენილი აქვს წერილობითი განცხადება საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 171 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირი უფლებამოსილია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს წერილობითი განცხადება „საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ“ (შემდგომში – განცხადება).

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილით სარგებლობისთვის ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული გადასახადებისა და ჯარიმების 50 პროცენტის გადახდა საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღეში. საგადასახადო შემოწმების შედეგების გასაჩივრების შემთხვევაში, გადამხდელი კარგავს აღნიშნული შეღავათით სარგებლობის უფლებას.

საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმების თანხების 50 პროცენტი უქმდება, თუ გადასახადის გადამხდელს ამ საგადასახადო შემოწმების შედეგად გაცემული საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში ბიუჯეტში სრულად აქვს გადახდილი საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული გადასახადების, აგრეთვე, ჯარიმების 50 პროცენტის ტოლფასი თანხა და პირის მიერ ამავე ვადაში აღიარებულია შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული თანხა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 27 მაისის დასკვნაზე, რომლის თანახმადაც დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოცემული 2024 წლის 20 თებერვლის №032-1 საგადასახადო მოთხოვნა ელექტრონულად ჩაბარდა 2024 წლის 23 თებერვალს, აღნიშნული მოთხოვნით განსაზღვრული გადასახადების გადახდა სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე განხორციელდა 2024 წლის 27 მარტს, ხოლო მის მიერ 2024 წლის 28 მარტს წარდგენილ იქნა განცხადება, ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ.

აგრეთვე, გადასახადის გადამხდელი 2024 წლის 27 მარტს წარდგენილი განცხადებით ითხოვდა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილით სარგებლობის უფლებას, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმების თანხების 50 პროცენტის გაუქმებას.

ამდენად, ვინაიდან, დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილის მოთხოვნები, კერძოდ, საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხების აღიარება და საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული გადასახადების, აგრეთვე ჯარიმების 50%-ის ტოლფასი თანხის გადახდა საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში არ განხორციელდა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული ჯარიმების თანხის 50% შემცირებას არ დაექვემდებარა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის შესრულებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 20 თებერვლის №032-1 საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში არ არის აღიარებული და ბიუჯეტში გადახდილი აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული გადასახადების, აგრეთვე, ჯარიმების 50 პროცენტის ტოლფასი თანხა. ამდენად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------ის“ (ს/ნ ------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი ითხოვს აუდიტის დეპარტამენტის გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ №12540 ბრძანების გაუქმებას, რომლითაც გადასახადის გადამხდელს უარი ეთქვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, 2024 წლის 31 იანვრის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული ჯარიმის თანხის შემცირებაზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №885 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის კამერალური საგადასახადო შემოწმება ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის 22 იანვრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის მიხედვითაც გადამხდელს დაერიცხა სულ 3 532 ლარი. საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა №032-1 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გადასახადის გადამხდელს ჩაბარდა 2024 წლის 23 თებერვალს. 2024 წლის 28 მარტს წარმოადგინა განცხადება მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ.

ამასთანავე, შემოსავლების სამსახურის წერილის თანახმად, მომჩივანის განცხადების საფუძველზე 2024 წლის 20 თებერვლის №031-1 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხა გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ მიმდინარე წლის 28 მარტს გადატანილი იქნა გადასახადის გადამხდელის დროებითი/არაღიარებული აღრიცხვის ბარათიდან გადასახადის გადამხდელის ძირითად/პირად აღრიცხვის ბარათზე.საწარმომ დარიცხული გადასახადი და ჯარიმის 50% გადაიხადა 2024 წლის 27 მარტს და განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილით სარგებლობაზე (ჯარიმის 50%-ის შემცირება).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილის მოთხოვნები, კერძოდ აღიარება და თანხის გადახდა არ მოხდა საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, მომჩივანს შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის 50% არ დაექვემდებარა შემცირებას.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(11);