გადაწყვეტილება 19914/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19914/2/2023
02 აგვისტო 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 7.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19914/2/2023).
დავის საგანი:
1. ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა;
2. შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების შედეგები;
3. საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 აპრილის №007-91 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 18 აგვისტოს №21770 ბრძანება;
3. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 თებერვლის №007-25 საგადასახადო მოთხოვნა;
4. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 26 აპრილის №9001 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 216 579,29 ლარი (13.02.2023 წლის №007-25 საგადასახადო მოთხოვნა).
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 105 752
ჯარიმა - 52 876
საურავი - 57 951,29
დარიცხული თანხა: 214 094,62 ლარი (14.04.2022 წლის №007-91 საგადასახადო მოთხოვნა).
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 105 752
ჯარიმა - 52 876
საურავი - 55 466,62
პროცედურული გარემოებები:
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ხე-ტყის შეძენა/რეალიზაცია. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 15 მარტის №6458 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის 2019 წლის 4 თებერვლიდან 2022 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 30 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზეც გამოიცა 2022 წლის 13 აპრილის №9384 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 14 აპრილის №007-91 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 18.08.2022 წლის №21770 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
გ) დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 18 აგვისტოს №21770 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 8 თებერვლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, მომჩივანს წარედგინა 2023 წლის 13 თებერვლის №007-25 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივნის მიერ, 2022 წლის 14 აპრილის №007-91 და 2023 წლის 13 თებერვლის №007-25 საგადასახადო მოთხოვნები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 26.04.2023 წლის №9001 ბრძანებით საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 თებერვლის №007-25 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 აპრილის №007-91 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი.
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 18 აგვისტოს №21770 და 26.04.2023 წლის №9001 ბრძანებები გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
ამავე კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
შემოსავლების სამსახურის 4.07.2023 წლის №64253-21-04 წერილის მიხედვით დგინდება, რომ მომჩივანი შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 18 აგვისტოს №21770 ბრძანებას გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 2022 წლის 9 სექტემბერს. გასაჩივრების 20 დღიანი ვადა ამოიწურა 2022 წლის 29 სექტემბერს.
საჩივარი, დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია 2023 წლის 7 ივნისს, გასაჩივრების 20 დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ. ამასთან, მომჩივანი შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 26 აპრილის №9001 ბრძანებას გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 2023 წლის 16 მაისს. გასაჩივრების 20 დღიანი ვადა ამოიწურა 2023 წლის 6 ივნისს. საჩივარი, ელექტრონულად, დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია 2023 წლის 7 ივნისს, გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ. მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე არგუმენტი/მტკიცებულება, საჩივრის წარდგენის კანონმდებლობით დადგენილი ვადის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით გაშვებასთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან გასულია შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 18 აგვისტოს №21770 და 2023 წლის 26 აპრილის №9001 ბრძანებების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და ამასთან არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა;
2. შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების შედეგები;
3. საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 26.04.2023 წლის №9001 ბრძანებით საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 თებერვლის №007-25 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 აპრილის №007-91 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი.
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 18 აგვისტოს №21770 და 26.04.2023 წლის №9001 ბრძანებები გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
ვინაიდან გასულია შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 18 აგვისტოს №21770 და 2023 წლის 26 აპრილის №9001 ბრძანებების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და ამასთან არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს : 305 (1); 44 (9); 301 (ე); 299 (10).