გადაწყვეტილება №20117/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20117/2/2023
20 სექტემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ ------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“-ის 30.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20117/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 14.12.2022 წლის №31487 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 17.01.2023 წლის №513 ბრძანება;
2. შემოსავლების სამსახურის 10.05.2023 წლის №10480 ბრძანება.
ფაქტების აღწერა
მომჩივანმა, 11.03.2022 წელს, ელექტრონულად წარადგინა 2019 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის, მაისის, ივნისის, ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის, 2020 წლის თებერვლის, მარტის, ივნისის და აგვისტოს თვეების დღგ-ის დაზუსტებული დეკლარაციები (№№:-----).
აუდიტის დეპარტამენტის 17.02.2021 წლის №3905 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.01.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 31.05.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში. შესაბამისად, 2019 წლის იანვრის, თებერვლის, აპრილის, მაისის, ივნისის, ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის, 2020 წლის თებერვლის, მარტის, ივნისის და აგვისტოს თვეების დღგ-ის საანგარიშო პერიოდები (რომლებზეც გადასახადის გადამხდელის მიერ ელექტრონულად წარდგენილი დაზუსტებული დეკლარაციები) შესწავლილი და ასახულია საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის შედეგებიც გადატანილია გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.
კომპანიის წარმომადგენელთან გასაუბრების შედეგად გაირკვა, რომ გადასახადის გადამხდელს დეკლარაციის დაზუსტების მეშვეობით სურს იმ ანგარიშ-ფაქტურების ასახვა და დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გაზრდა, რაც არ მოიცვა საგადასახადო შემოწმებამ.
ამ ეტაპზე კომპანიის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში გასაჩივრებულია 31.05.2021 წლის საგადასახადო შემოწმებით გამოვლენილი საკითხები (თემები), რაც მოიცავს ზემოხსენებულ საკითხს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიის მიერ დაზუსტებული დეკლარაციები (2019 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის, მაისის, ივნისის, ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის, 2020 წლის თებერვლის, მარტის, ივნისის და აგვისტოს თვეების დღგ-ის დაზუსტებული დეკლარაციები №№-------) არ დაექვემდებარა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას.
აუდიტის დეპარტამენტის 10.06.2022 წლის დასკვნის საფუძველზე გამოიცა ამავე დეპარტამენტის 30.06.2022 წლის №16974 ბრძანება, რომლითაც მომჩივანს უარი ეთქვა აუდიტის დეპარტამენტის 17.02.2021 წლის №9305 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული 1.01.2018 წლიდან 1.01.2021 წლამდე კამერალური საგადასახადო შემოწმებით მოცულ საანგარიშო პერიოდებზე დამატებით ელექტრონულად წარდგენილი 2019 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის, მაისის, ივნისის, ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის, 2020 წლის თებერვლის, მარტის, ივნისის და აგვისტოს თვეების დღგ-ის დაზუსტებული დეკლარაციების (№№:-------) გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვაზე.
აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2022 წლის №16974 ბრძანება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 14.12.2022 წლის №31487 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი (პირველადი/დაზუსტებული) დეკლარაციების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 14.12.2022 წლის №31487 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის დასკვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელის მიერ 10.04.2022 წელს წარმოდგენილი 2019 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის, მაისის, ივნისის, ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის, 2020 წლის თებერვლის, მარტის, ივნისის და აგვისტოს თვეების დღგ-ის დაზუსტებული დეკლარაციების (№№: ------) შესწავლით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელი აზუსტებს დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს, ცალკეულ თვეებში ზრდის, ხოლო ცალკეულ თვეებში შემცირების მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ დეკლარაციებით წარმოდგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები გათვალისწინებულია 31.05.2021 წელს შედგენილ საგადასახადო შემოწმების აქტის შედეგებში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელის მიერ 10.04.2022 წელს წარმოდგენილი 2019 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის, მაისის, ივნისის, ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის, 2020 წლის თებერვლის, მარტის, ივნისის და აგვისტოს თვეების დღგ-ის დაზუსტებული დეკლარაციები (№№: -------) არ ექვემდებარება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას.
აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის დასკვნის საფუძველზე გამოცემული 17.01.2023 წლის №513 ბრძანებით მომჩივანს უარი ეთქვა აუდიტის დეპარტამენტის 17.02.2021 წლის №9305 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული 1.01.2018 წლიდან 1.01.2021 წლამდე კამერალური საგადასახადო შემოწმებით მოცულ საანგარიშო პერიოდებზე დამატებით ელექტრონულად წარდგენილი 2019 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის, მაისის, ივნისის, ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის, 2020 წლის თებერვლის, მარტის, ივნისის და აგვისტოს თვეების დღგ-ის დაზუსტებული დეკლარაციების (№№:------) გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვაზე.
აუდიტის დეპარტამენტის 17.01.2023 წლის №513 ბრძანება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 10.05.2023 წლის №10480 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და იმ გარემოებებზე, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საკითხის ყოველმხრივ შესწავლა/გამოკვლევა, ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გადამხდელის მიერ წარდგენილი პირველადი/დაზუსტებული დეკლარაციების გგპაბ-ზე ასახვა.
აღნიშნულთან მიმართებით 29.12.2022 წლის დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა საქმის გარემოებები. კერძოდ, გადამხდელის მიერ 10.04.2022 წელს წარმოდგენილი 2019 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის, მაისის, ივნისის, ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის, 2020 წლის თებერვლის, მარტის, ივნისის და აგვისტოს თვეების დღგის ყოველთვიური დეკლარაციების შესწავლით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელი აზუსტებს დღგით დასაბეგრ ბრუნვებს, ცალკეულ თვეებში ზრდის, ხოლო ცალკეულ თვეებში ამცირებს. აღსანიშნავია, რომ დეკლარაციებით წარმოდგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები გათვალისწინებულია 31.05.2021 წელს შედგენილ საგადასახადო შემოწმების აქტის შედეგებში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დეკლარაციები არ დაექვემდებარა გგპაბ-ზე ასახვას. ამასთან, საკითხის ზეპირ განხილვაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია იმგვარი არგუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც გახდებოდა დეკლარაციებში მითითებული მონაცემების გგპაბზე ასახვის საფუძველი. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს საჩივარში მითითებული აქვს მხოლოდ ის გარემოებები, თუ რომელი დაზუსტებული დეკლარაციით რა ოდენობის თანხები უნდა დაექვემდებაროს შემცირებას, თუმცა წარმოდგენილი არ არის იმგვარი არგუმენტაცია ან კონკრეტულ ფაქტზე მითითება, რაც წარმოდგენილი დეკლარაციების გგპაბ-ზე ასახვის საფუძველი გახდებოდა.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად იქნა შესწავლილი გადამხდელის მიერ წარდგენილი დეკლარაციების გგპაბ-ზე ასახვის საკითხი, დასკვნაში აღნიშნულია ის გარემოებები, რომელთა საფუძველზეც არ იქნა მიზანშეწონილად მიჩნეული წარდგენილი დეკლარაციების გგპაბ-ზე ასახვა, შესაბამისად შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება მართლზომიერადაა განხორციელებული.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო შემოწმების შემდეგ კომპანიის დირექცია გაეცნო შემოწმების შედეგებს, გაარკვია ჯარიმების მიზეზი და დაადგინა, რომ 2019 და 2020 წელში განხორციელებული რეალიზაცია შემმოწმებლის მიერ არ არის სწორედ ასახული. ამიტომ, დააზუსტა დღგ-ის დეკლარაციები. ამ ქმედების მიზანია მხოლოდ დავალიანების სწორად განსაზღვრა, რაც იწვევს დარიცხული დავალიანების შემცირებას და გადახდის შესაძლებლობას.
შემოსავლების სამსახურის №10480 ბრძანებაში ასახული გარემოებები არასწორია და საჭიროა მისი გაუქმება. 2019 წლის აპრილის თვის დღგ-ის დაზუსტებულ დეკლარაციაში ასახულია 112 832,58 ლარის დასაბეგრი რეალიზაცია, რაც შემოწმების შედეგებზე 12 299,46 ლარით ნაკლებია, ხოლო ჩათვლა 7 679 ლარი, შეესაბამება შემოწმების შედეგებს.
2019 წლის აგვისტოს თვის დღგ-ის დაზუსტებულ დეკლარაციაში ასახულია 12 354,25 ლარის დასაბეგრი რეალიზაცია, რაც შემოწმების შედეგებზე 48 279,75 ლარით ნაკლებია, ხოლო ჩათვლა 1 675 ლარი შეესაბამება შემოწმების შედეგებს.
2019 წლის ნოემბრის თვის დღგ-ის დაზუსტებულ დეკლარაციაში ასახულია 126 983,65 ლარის დასაბეგრი რეალიზაცია და 5 041,35 ავანსი, რაც შემოწმების შედეგებზე 60 022,35 ლარით ნაკლებია.
2020 წლის თებერვლის თვის დღგ-ის დაზუსტებულ დეკლარაციაში ასახულია 23 982,2 ლარის დასაბეგრი რეალიზაცია და 2 932,17 ლარის ჩათვლა, რაც შემოწმების შედეგებისგან 1 380,63 ლარით ზრდის გადასახადის ოდენობას.
2020 წლის აგვისტოს თვის დღგ-ის დაზუსტებულ დეკლარაციაში ასახულია 9 801 ლარის დასაბეგრი რეალიზაციის გაუქმება და 1 741 ლარის ჩათვლა, რაც შემოწმების შედეგებს შეესაბამება.
2020 წლის სექტემბრის თვის დღგ-ის დეკლარაციის დაზუსტებით მოთხოვნილია შპს -----ს მომსახურების 26 734,74 ლარის დასაბეგრი რეალიზაციის ასახვა, რაც შემოწმების შედეგებზე 53 469,26 ლარით ნაკლებია, ეს ოპერაცია გაუქმებულია და მიღებული თანხები გადარიცხულია უკან 23.09.2020 წელს, შემოწმების პერიოდში. ე.ი. დაზუსტებული დეკლარაციების ასახვით დასაბეგრი ბრუნვა მცირდება 173 816,56 ლარით, ხოლო კუთვნილი დღგ 31 286,98 ლარით, 1 380,63 ლარის დამატებით დასარიცხი გადასახადის გათვალისწინებით სულ გადასახადი უნდა შემცირდეს 29 906,35 ლარით.
ასევე, საერთოდ არ განიხილეს 2020 წლის დეკემბრის თვის დაზუსტების საკითხი და არც ბარათზე იქნა ასახული, ამიტომ უნდა აისახოს აღნიშნული დეკლარაცია და დღგ-ის თანხა შემცირდეს 15 722,34 ლარით (ეა-----; ეა-72 ----).
აქტში ასახული დასაბეგრი ბრუნვები არ შეესაბამება, რეალურად განხორციელებულ გაყიდვებს, ამიტომ მოხდა დეკლარაციების დაზუსტება. თვეების მიხედვით რეალიზაციის განსაზღვრისთვის წარმოდგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია.
უნდა გაუქმდეს №10480 ბრძანება და დაზუსტებული დღგ-ის დეკლარაციები აისახოს ბარათზე, რათა დადგინდეს კომპანიის კუთვნილი დღგ. კომპანია დაფარავს კუთვნილ დავალიანებას. უნდა დაინიშნოს დამოუკიდებელი აუდიტორი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის პირველი-მე-3 ნაწილების თანახმად:
1. თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება.
2. შესწორებული საგადასახადო დეკლარაცია ჩაითვლება თავდაპირველად წარდგენილად, თუ იგი საგადასახადო ორგანოში წარდგენილია ამ საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გასვლამდე.
3. იმ პერიოდზე ან საკითხზე, რომელზედაც საგადასახადო ორგანომ უკვე განახორციელა საგადასახადო შემოწმება ან დარიცხვა, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) წარდგენის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღრიცხვა განახორციელოს ამ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) მიხედვით. აღნიშნულის შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს მოტივირებულ ბრძანებას.
საქმის გარემოებებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 17.02.2021 წლის №3905 ბრძანების საფუძველზე ჩატარებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.01.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგად 31.05.2021 წელს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. მომჩივნის მიერ 11.03.2022 წელს ელექტრონულად წარდგენილია 2019 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის, მაისის, ივნისის, ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის, 2020 წლის თებერვლის, მარტის, ივნისის და აგვისტოს თვეების დღგ-ის დაზუსტებული დეკლარაციები.
აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2022 წლის №16974 ბრძანებით მომჩივანს უარი ეთქვა საგადასახადო შემოწმებით მოცულ საანგარიშო პერიოდებზე დამატებით ელექტრონულად წარდგენილი დეკლარაციების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვაზე, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 14.12.2022 წლის №31487 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი (პირველადი/დაზუსტებული) დეკლარაციების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა.
აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის დასკვნის მიხედვით 2019 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის, მაისის, ივნისის, ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის, 2020 წლის თებერვლის, მარტის, ივნისის და აგვისტოს თვეების დღგ-ის დაზუსტებული დეკლარაციების შესწავლით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელი აზუსტებს დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს, ცალკეულ თვეებში ზრდის, ხოლო ცალკეულ თვეებში შემცირების მიმართულებით. დეკლარაციებით წარმოდგენილი დღგით დასაბეგრი ბრუნვები გათვალისწინებულია 31.05.2021 წელს შედგენილ საგადასახადო შემოწმების აქტის შედეგებში.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ სადავო საკითხი შესწავლილია შემოსავლების სამსახურის 14.12.2022 წლის №31487 ბრძანების შესაბამისად, საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების გათვალისწინებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 14.12.2022 წლის №31487 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანმა, 11.03.2022 წელს, ელექტრონულად წარადგინა 2019 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის, მაისის, ივნისის, ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის, 2020 წლის თებერვლის, მარტის, ივნისის და აგვისტოს თვეების დღგ-ის დაზუსტებული დეკლარაციები. აუდიტის დეპარტამენტის 17.02.2021 წლის №3905 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.01.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 31.05.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში. შესაბამისად, 2019 წლის იანვრის, თებერვლის, აპრილის, მაისის, ივნისის, ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის, 2020 წლის თებერვლის, მარტის, ივნისის და აგვისტოს თვეების დღგ-ის საანგარიშო პერიოდები (რომლებზეც გადასახადის გადამხდელის მიერ ელექტრონულად წარდგენილი დაზუსტებული დეკლარაციები) შესწავლილი და ასახულია საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის შედეგებიც გადატანილია გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე. კომპანიის წარმომადგენელთან გასაუბრების შედეგად გაირკვა, რომ გადასახადის გადამხდელს დეკლარაციის დაზუსტების მეშვეობით სურს იმ ანგარიშ-ფაქტურების ასახვა და დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გაზრდა, რაც არ მოიცვა საგადასახადო შემოწმებამ.
ამ ეტაპზე კომპანიის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში გასაჩივრებულია 31.05.2021 წლის საგადასახადო შემოწმებით გამოვლენილი საკითხები (თემები), რაც მოიცავს ზემოხსენებულ საკითხს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიის მიერ დაზუსტებული დეკლარაციები არ დაექვემდებარა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 69(1)(2)(3).