გადაწყვეტილება №22948/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22948/2/2024
02 სექტემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --- ს 24.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22948/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 13.03.2024 წლის №5492 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 29.03.2024 წლის №007-56 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 12.04.2024 წლის №8282 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 222 242.85 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 125 783
ჯარიმა - 62 892
საურავი - 33 567.85
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანიის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა საყოფაცხოვრებო საქონლით. აუდიტის დეპარტამენტის 22.09.2023 წლის №23295 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.08.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 6.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: საწარმოს დირექტორის განმარტებით, გადაწყვიტა დაეწყო ქვიშა-ბეტონის წარმოება და რეალიზაცია. ამ მიზნით 2019 წლის ბოლოს მოხდა სს --- გან, ლიზინგით მოძრავი ქონებების შეძენა: 1. ქვის სამსხვრევი დანადგარი; 2. ბეტონის ქარხანა, 3. თვითმცლელი, 4. ფრონტალური დამტვირთველი, 5. ქვიშის სამსხვრევი დანადგარი.
24.09.2021 წელს მოხდა ლიზინგის ხელშეკრულებებსა და მათ საფუძველზე წარმოშობილ ურთიერთობებში მხარის ჩანაცვლების შესახებ შეთანხმებების გაფორმება, რითაც კომპანია ჩანაცვლდა ახალი მიმღები სუბიექტებით (შპს --- (ს/ნ ----) და შპს --- (ს/ნ ---)), რის საფუძველზეც, ლიზინგის ახალ მიმღებებზე გადავიდა დამატებითი ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ყველა უფლება და ვალდებულება. გადამხდელის განმარტებით, აღნიშნული ხელშეკრულებების გარდა სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობა კომპანიას ამ კომპანიებთან არ ჰქონია. ამასთან, საწარმოს დირექტორის განმარტებით, კომპანიას სამეწარმეო საქმიანობა არ განუხორციელებია.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით ირკვევა, რომ სს ---ის მიერ ზემოაღნიშნული ძირითადი საშუალებების შეძენა/მომსახურებასთან დაკავშირებით კომპანიის მიმართ გამოწერილია საგადასახადო ანგარიშფაქტურები (სულ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 824 585 ლარი), რომელთა საფუძველზეც კომპანიას სრულად აქვს განხორციელებული დღგ-ის ჩათვლა 125 784 ლარის ოდენობით. შემოწმების შედეგად განისაზღვრა, რომ აღნიშნული ოპერაცია წარმოადგენს ლიზინგის საგნის გამოყენების უფლების გადაცემას, რომელიც დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას 2021 წლის სექტემბრის თვის საანგარიშო პერიოდში (როდესაც განხორციელდა --- თან გაფორმებულ ხელშეკრულებაში კომპანიის ჩანაცვლება სხვა იურიდიული პირებით).
შემოწმების შედეგად საწარმოს დაერიცხა დღგ, ასევე, დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 18.12.2023 წლის №31807 ბრძანება და ამავე თარიღის №007- 377 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 28.12.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 13.03.2024 წლის №5492 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, განხორციელებულ ოპერაციაზე კვალიფიკაცია განსაზღვროს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება, დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 13.03.2024 წლის №5492 ბრძანება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში არ გასაჩივრებულა. შემოსავლების სამსახურის 13.03.2024 წლის №5492 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 20.03.2024 წლის დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ შემოსავლების სამსახურის ხსენებული ბრძანების შესაბამისად, განხორციელდა ოპერაციაზე კვალიფიკაციის ცვლილება და აღნიშნული ცვლილებით შემოწმების შედეგად დარიცხულ თანხებს კორექტირება არ განუცდია. დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 29.03.2024 წლის №6933 ბრძანება და ამავე თარიღის №007-56 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 5.04.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 12.04.2024 წლის №8282 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, და აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტს დაევალა განხორციელებულ ოპერაციაზე კვალიფიკაცია განესაზღვრა საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესრულდა, თუმცა აღნიშნულმა ცვლილებამ არ გამოიწვია საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება. საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი შეიცავს შემდეგ დეფინიციას: „დასაბეგრი პირის მიერ საქონლის მიწოდება მისი დაქირავებული პირის პირადი სარგებლობისთვის ან მიწოდება/გამოყენება საკუთარი საქმიანობის მიზნისგან განსხვავებული მიზნით, თუ მას ამ საქონელზე ან მასზე გაწეულ ხარჯზე დღგ სრულად ან ნაწილობრივ აქვს ჩათვლილი“. მოცემული ნორმა საერთოდ არ ესადაგება სადავო შემთხვევასთან არსებულ ფაქტობრივ გარემოებას და შემოსავლების სამსახური აკეთებს მცდარ კვალიფიკაციას ამ ნორმის მიმართ. აღნიშნული მუხლი შეეხება საქონლის მიწოდების შემთხვევას, რომლის სუბიექტი კომპანია არ არის, ვინაიდან იგი არ წარმოადგენდა ამ საქონლის მესაკუთრეს და განმკარგავ პირს. სალიზინგო მოძრავი ქონების მიმწოდებელი სუბიექტი არის მისი მესაკუთრე სალიზინგო კომპანია „---“, ხოლო კომპანია იყო ამ საქონლის მიმღები პირი, რომელსაც ლიზინგის ხელშეკრულების გრაფიკის მიხედვით უნდა გამოესყიდა ეს ქონება. კომპანიას არ გააჩნდა საკუთრების უფლება სალიზინგო ქონებაზე და შესაბამისად იურიდიული კომპეტენცია ვინმესთვის მიეწოდებინა ეს ქონება. კომპანია სალიზინგო ქონების მესაკუთრე არასოდეს ყოფილა და ვერ იქნებოდა, ვიდრე სრულად არ გადაიხდიდა ლიზინგის თანხას ყოველთვიური გრაფიკის მიხედვით. უდავოა ის გარემოება, რომ კომპანიას გააჩნდა სალიზინგო დავალიანება. სწორედ იმის გამო, რომ ვერ იხდიდა ლიზინგის თანხებს, სალიზინგო კომპანიამ გაყიდა ეს ქონება მესამე პირებზე ანუ მიაწოდა საქონელი. სადავო საკითხზე, ყურადღება უნდა მიექცეს იმ გამოებას, რომ კომპანიას და „----ს“ შორის 29.11.2019 წელს ლიზინგის გენერალური ხელშეკრულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ლიზინგის საგნის მესაკუთრეს წარმოადგენს ლიზინგის გამცემი. შესაბამისად, ეს უკანასკნელი არის საქონლის მიმწოდებელი პირი. ხოლო მე-4 პუნქტის მიხედვით ლიზინგის მიმღებს არ შეუძლია თავისი უფლება გადასცეს მესამე პირს ლიზინგის გამცემის წერილობითი თანხმობის გარეშე. ლიზინგის გამცემს, მიმღების თანხმობის გარეშე შეუძლია საკუთარი უფლება-მოვალეობები ლიზინგის მიმღების მიმართ გადასცეს მესამე პირებს. ამდენად, სალიზინგო ქონების მიწოდებას ვერ განახორციელებდა კომპანია მესამე პირზე ანუ იმ პირზე ვისაც „---მა“ გადასცა ეს ქონება და ჩაანაცვლა შპს „---“. საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი მიუთითებს დასაბეგრი პირის მიერ საქონლის მიწოდება/გამოყენებაზე. დასაბეგრი პირი, ვინაც საქონელი მიაწოდა მესამე პირს, ამ შემთხვევაში არ არის შპს „---“, არამედ არის „---“.
კომპანიის მიერ სალიზინგო ქონების ფაქტობრივად მიღების შემდეგ არც უსარგებლია ამ ქონებით და წარმოება არც დაუწყია. ანუ „არ გამოუყენებია საკუთარი საქმიანობის მიზნებისთვის“ და არც „განსახვავებული მიზნით“. ამის დადასტურება მარტივად შესაძლებელია RS.GE პორტალზე ბრუნვების შემოწმებით. შედეგად ბუნებრივია დღგ-ის ჩათვლა ქონების გამოყენების შედეგად ვერ მოხდებოდა ვერც სრულად და ვერც ნაწილობრივ. კომპანიამ დღგ-ის თანხები ჩაითვალა სრულად სხვა მომდინარე წყაროდან და ეს იყო „---თვის“ ყოველთვიურად გადასახდელი ქონების გამოსასყიდი თანხებზე დარიცხული დღგ-დან. კერძოდ:
ლიზინგის ხელშეკრულების თანდართული გადახდის გრაფიკის მიხედვით კომპანიის მიერ სალიზინგო კომპანიისათვის ყოველთვიურად გადასახდელი იყო სხვადასხვა ოდენობის თანხები. მაგალითად, 2021 წლის სექტემბერში კომპანიის მიერ გადახდილი იყო 38 508.62 ლარი (დღგ-ის ჩათვლით). კომპანიის მიერ ლიზინგისთვის გადახდილი ამ თანხიდან დღგ-ის თანხა იყო 5 874.19 ლარი, რომელსაც ბიუჯეტში იხდიდა სალიზინგო კომპანია. ამ გადახდილ დღგ-ის თანხას ავტომატურად ითვლიდა კომპანია, თანახმად საგადასახადო კანონმდებლობისა. ამდენად, დღგ-ის ჩათვლას კომპანია ახდენდა ყოველთვიურად გადასახდელი ქონების გამოსასყიდ თანხებზე დარიცხული დღგ-დან და არა სალიზინგო საგნის ეკონომიკური საქმიანობაში ჩართვაგამოყენების შედეგად. ასეთი საქმიანობა კომპანიას საერთოდ არ უწარმოებია (დამონტაჟებულიც არ ყოფილა) და სალიზინგო ქონების დანიშნულებით ექსპლუატაცია არ განხორციელებულა სხვადასხვა მიზეზების გამო. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სალიზინგო ქონების გამოსასყიდი ყოველთვიური თანხების გადახდა (და დღგ-ის ჩათვლა) ხდებოდა კომპანიის პარტნიორის პირადი სახსრებიდან, რადგან ამ ქონების გამოყენება დანიშნულებით (ქვიშა-ღორღის გადამუშავება) და ფულადი სახსრების გენერირება ვერ ხდებოდა. ამიტომაც, ისეთ კალენდარულ თვეებში, როდესაც კომპანია ვერ ახერხებდა ლიზინგის ხელშეკრულების გრაფიკით გადასახდელი თანხის გადახდას (პარტნიორი ვერ აფინანსებდა პირადი სახსრებით), სალიზინგო კომპანია თავად იხდიდა სახელმწიფო ბიუჯეტში დღგ-ის ვადამოსულ თანხებს, რომ არ დაერღვია საბიუჯეტო ვალდებულება, ხოლო დღგ-ის თანხა ავტომატურად უჯდებოდა ზედმეტობაში და ხდებოდა ჩათვლა. აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების აქტშიც მითითებულია, რომ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა იყო 824 585 ლარი, ხოლო ამ თანხიდან დღგ 125 784 ჩათვლა განხორციელდა კომპანიის მიერ ანუ დღგ წარმოიშვა მხოლოდ ყოველთვიურად სალიზინგო კომპანიისათვის გრაფიკით გადასახდელი გამოსასყიდი თანხების ოდენობებიდან. ამდენად, უდავოა, რომ დღგ-ის ჩათვლა არ მომხდარა სალიზინგო საქონლის მიწოდება/გამოყენებიდან საკუთარი საქმიანობის მიზნისაგან განსხვავებული მიზნით, ხოლო დღგ-ის ჩათვლა გრაფიკით „---თვის“ გადასახდელი თანხებიდან და ამიტომაც ეს შემთხვევა არ კვალიფიცირდება საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 მუხლის არცერთი ქვეპუნქტით. საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის გამოყენება სრულიად სხვა ფაქტობრივ შემთხვევას შეეხება და უკავშირდება სალიზინგო ქონების გამოყენების შედეგად ჩათვლილ დღგ-ის. აქედან გამომდინარე, მიაჩნია, რომ სადაო ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის გარეშე და ისინი უკანონოა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 13.03.2024 წლის №5492 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, განხორციელებულ ოპერაციაზე კვალიფიკაცია განსაზღვროს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
შემოსავლების სამსახურის 13.03.2024 წლის №5492 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 20.03.2024 წლის დასკვნით: საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, შპს ---ის მიერ ძირითადი საშუალებების შეძენა/მომსახურებასთან დაკავშირებით კომპანიის მიმართ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების (სულ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 824 585 ლარი) საფუძველზე სრულად აქვს განხორციელებული დღგ-ის ჩათვლა 125 784 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის 13.03.2024 წლის №5492 ბრძანების შესაბამისად, განხორციელდა ოპერაციაზე კვალიფიკაციის ცვლილება. ამასთან, აღნიშნული ცვლილებით, შემოწმების შედეგად დარიცხულ თანხებს კორექტირება არ განუცდია.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სალიზინგო ქონების მიწოდებას ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან ქონების მესაკუთრე არის ---. კომპანიას ქონება ეკონომიკურ საქმიანობაში არ გამოუყენებია პანდემიის და სხვა ეკონომიკური გარემოებების გამო. განხორციელებული ოპერაცია არის ქონების მფლობელის ჩანაცვლების და არა მიწოდების ოპერაცია. კომპანიის მიერ დღგ-ის ჩათვლის ოპერაცია სწორად არის განხორციელებული. ---ის მიერ კორექტირებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არ ყოფილა გამოწერილი. მომჩივნის არგუმენტზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, მომჩივანი სრულად ახორციელებდა ჩათვლას. ---მა ჩანაცვლება გააკეთა სამმხრივად გაფორმებული ხელშეკრულებით და ქონება გადავიდა მესამე პირის მფლობელობაში, აღნიშნული ქონებით კომპანიას არ უწარმოებია საქმიანობა, არ ჰქონდა გამოყენებული ეკონომიკურ საქმიანობაში. ანგარიშ-ფაქტურები სრულად იყო გამოწერილი 824 000 ლარზე და ჩათვლილი იყო 125 000 ლარი. ჩათვლილი თანხის აღდგენა მოხდა მიწოდების მომენტში.
ზემოთ აღნიშნულიდან და მხარეთა არგუმენტებიდან გამომდინარე, იმ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომ მომჩივნის მიზანი იყო ლიზინგით მიღებული ქონების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება, თუმცა სადავოს არ წარმოადგენს, რომ აღნიშნული ქონება კომპანიამ არ/ვერ გამოიყენა, სხვადასხვა მიზეზთა გამო, ეკონომიკურ საქმიანობაში და ვეღარც მომავალში მოხდება მისი გამოიყენება, რადგან აღარ არის მის მფლობელობაში, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 13.03.2024 წლის №5492 ბრძანება აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. ამდენად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 13.03.2024 წლის №5492 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების შედეგად საწარმოს დაერიცხა დღგ, ასევე, დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით. საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 13.03.2024 წლის №5492 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, განხორციელებულ ოპერაციაზე კვალიფიკაცია განსაზღვროს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება, დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა. იმ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომ მომჩივნის მიზანი იყო ლიზინგით მიღებული ქონების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება, თუმცა სადავოს არ წარმოადგენს, რომ აღნიშნული ქონება კომპანიამ არ/ვერ გამოიყენა, სხვადასხვა მიზეზთა გამო, ეკონომიკურ საქმიანობაში და ვეღარც მომავალში მოხდება მისი გამოიყენება, რადგან აღარ არის მის მფლობელობაში, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 13.03.2024 წლის №5492 ბრძანება აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. ამდენად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 (1,გ).