ბრძანება N 28928-1

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.10.2018
№ დოკუმენტი 28928
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 28928

12/10/2018

შპს ------------

(მის: ---------)

სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2018 წლის 21 აგვისტოს გამართულ სხდომაზე (ოქმი N77) განიხილა შპს ----- საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება 2018 წლის 1 აგვისტოს N006-344 ,,საგადასახადო მოთხოვნას“.

გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საჩივარში გამოყოფილია შემდეგი სადავო საკითხი:

ქურდობის შედეგად მოპარული თანხის ხელფასის სახით განაცემად დაკვალიფიცირება.

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 17 ნოემბრის №30841 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს ----- საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2018 წლის 26 ივლისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2018 წლის 30 ივლისის N20212 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა 2018 წლის 1 აგვისტოს N006-344 ,,საგადასახადო მოთხოვნა“, რომლის თანახმად საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა სულ - 51417 ლარით, მათ შორის: ძირითადი გადასახადი - 35176 ლარი და ჯარიმა 16241 ლარი.

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტიდან ირკვევა:

გადამხდელის განმარტებით 2015 წლის მარტის თვეში გაქურდვის შედეგად დაიკარგა სეიფიდან 30 716 ლარი, რომელიც ბუღალტრულადაც ჩამოწერილია. აღნიშნულ შემთხვევაზე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ბრალეულობა დადგენილი არ არის.

შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა ვერ წარმოადგინა ქურდობის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად სსკ-ის 101-ე მუხლის საფუძველზე აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო მიუთითებს სსკ-ის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილზე, რომლის თანახმად საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:

ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;

ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო მიუთითებს სსკ-ის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ: ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები; ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან; გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საბჭომ საკითხის განხილვისას ასევე, მიუთითა სსკ-ის 101-ე მუხლის თანახმად ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. სზაკ–ის 96–ე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ– სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

მომჩივნის განმარტებით განსახილველ შემთხვევაში 2015 წლის მარტის თვეში კომპანიაში მომხდარი ქურდობის შედეგად სეიფიდან დაიკარდა 30716 ლარი, რომელიც ბუღალტრულად არის ჩამოწერილი. მოცემულ საკითხზე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ბრალეული პირი ჯერჯერობით გამოვლნილი არ არის და საქმეზე ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საბჭოს სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით საბჭომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში შემმოწმებელს ჰქონდა საკმარისი საფუძვლები სსკ-ის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით შეეცვალა ოპერაციის ფორმა შინაარსის მიხედვით და საწარმოში ბუღალტრულად ჩამოწერილი ფულადი სახსრები ჩაეთვალა ანგარიშვალდებული პირის მიერ მიღებულ ხელფასად და სსკ-ის 101-ე მუხლის შესაბამისად დაებეგრა საშემოსავლო გადასახადით, ვინაიდან სამართალდამცავი ორგანოების მიერ არ არის დადგენილი ქურდობის ფაქტი. საბჭომ მიიჩნია, რომ შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან და არ არსებობს მომჩივნის მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი საჩივრის აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შპს ----- ს საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი ვ. გორგასლის ქ. N16), ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება ქურდობის შედეგად მოპარული თანხის ხელფასის სახით განაცემად დაკვალიფიცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ გადამხდელის განმარტებით გაქურდვის შედეგად დაიკარგა სეიფიდან 30 716 ლარი, რომელიც ბუღალტრულადაც ჩამოწერილია. აღნიშნულ შემთხვევაზე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ბრალეულობა დადგენილი არ არის. შემოწმების პროცესში გადამხდელმა ვერ წარმოადგინა ქურდობის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად სსკ-ის 101-ე მუხლის საფუძველზე აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში შემმოწმებელს ჰქონდა საკმარისი საფუძვლები სსკ-ის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით შეეცვალა ოპერაციის ფორმა შინაარსის მიხედვით და საწარმოში ბუღალტრულად ჩამოწერილი ფულადი სახსრები ჩაეთვალა ანგარიშვალდებული პირის მიერ მიღებულ ხელფასად და სსკ-ის 101-ე მუხლის შესაბამისად დაებეგრა საშემოსავლო გადასახადით, ვინაიდან სამართალდამცავი ორგანოების მიერ არ არის დადგენილი ქურდობის ფაქტი. საბჭომ მიიჩნია, რომ შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან და არ არსებობს მომჩივნის მიერ საჩივრის აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 100;(3); 101