ბრძანება N 1720
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 1720
01 თებერვალი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -----)
(მის.: ------)
2024 წლის 9 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 25 იანვრის სხდომაზე (ოქმი №7) განიხილა შპს „---------“ (ს/ნ --------) 2024 წლის 9 იანვრის №21832/2/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №001-340 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
1. გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას, მათ შორის შემოწმების მიერ გაანგარიშებულ ფასნამატს. აღნიშნავს, რომ კომპანია ახორციელებს სრულყოფილ ბუღალტრულ აღრიცხვას და იყენებს კომპიუტერულ საბუღალტრო პროგრამას, რომლის ასლიც მიწოდებულ იქნა შემმოწმებელი აუდიტორებისათვის მოთხოვნის შესაბამისად. ასევე მიუთითებს, რომ შემოწმების მიერ დადგენილი ფასნამატები არ შეესაბამება რეალობას და ბაზარზე არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას. შედეგად, ითხოვს ფქვილის და ქატოს რეალიზაციასთან მიმართებით, დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშებისას შემოწმებამ იხელმძღვანელოს გადამხდელის მხრიდან წარდგენილი ცხრილით, ხოლო შაქართან მიმართებით ითხოვს მთლიანი რეალიზაციის საშუალო ფასნამატის გავრცელებას, ვინაიდან არ აქვს დოკუმენტური რეალიზაცია. შემმოწმებლის მიერ ხორბლის დამსხვრეულ მარცვალთან მიმართებაში ფქვილის ფასნამატის გამოყენებასთან დაკავშირებით, გადამხდელი აღნიშნავს, რომ აღნიშნულ პროდუქტს თავისი დანიშნულებით ქატოსთან გაცილებით მეტი აქვს საერთო, ვიდრე ფქვილთან და ითხოვს ხორბლის დამსხვრეული მარცვლის ფასნამატის გაანგარიშებისას გამოყენებულ იქნეს ქატოს ფასნამატი.
2. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებულ და დეკლარირებულ შემოსავლებს შორის სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.
3. გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტი კომპანიისგან შეძენილი საქონლის საინვოისო ღირებულების 25%-ის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. აღნიშნავს, რომ შემოწმების პროცესში ვერ წარმოადგინა იმპორტირებულ პროდუქციაზე თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რადგან მომწოდებელი არის ---------- და იმ პერიოდში ჰქონდათ რელიგიური დღესასწაულები.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 ოქტომბრის №24384 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „------------“ (ს/ნ -----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ხორბლის დამსხვრეულ მარცვალთან მიმართებაში გამოიყენოს ქატოს ფასნამატი და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული შემოსავლის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
4. მე-3 სადავო საკითხთან დაკაშირებით;
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 ოქტომბრის №24384 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 11 დეკემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 1 326 ლარი, მათ შორის, გადასახადი 883 ლარი, ჯარიმა 443 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 27 დეკემბრის №001-340 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
1. შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, შემოწმებამ საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ ხორბლის დამსხვრეულ მარცვალთან მიმართებაში (42 322 ლარი თვითღირებულება) ფქვილის ფასნამატის ნაცვლად გამოიყენა ქატოს ფასნამატი (29.7%), რის შედეგად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შემცირდა 1 866 ლარით.
2. პირველი სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიცირებული სალაროს არაგონივრული ნაშთის ოდენობა ასევე შემცირდა 2 202 ლარით, რამაც გამოიწვია საშემოსავლო გადასახადის შემცირება 550 ლარით.
3. გადაანგარიშების ეტაპზე, გადასახადის გადამხდელს ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში აუდიტის დეპარტამენტისთვის არ წარმოუდგენია სათანადო წესით დამოწმებული დამატებითი მტკიცებულებები, კერძოდ იმპორტული საქონლის ღირებულების არარეზიდენტისთვის გადახდის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება არ განხორციელდა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ გადაანგარიშების ეტაპზე განხორციელდა საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ ხორბლის დამსხვრეულ მარცვალთან მიმართებაში (42 322 ლარი თვითღირებულება) ფქვილის ფასნამატის ნაცვლად ქატოს ფასნამატის (29.7%) გამოყენება, რის საფუძველზეც შემცირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიცირებული სალაროს არაგონივრული ნაშთის ოდენობა. ხოლო, საწარმოს მიერ არარეზიდენტი კომპანიისგან შეძენილი საქონლის საინვოისო ღირებულების 25%- ის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვასთან მიმართებით, გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის არ იქნა წარდგენილი სათანადო წესით დამოწმებული დამატებითი მტკიცებულებები, რის გამოც შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება არ განხორციელდა.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---------“ (ს/ნ--------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას, მათ შორის შემოწმების მიერ გაანგარიშებულ ფასნამატს.
2. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებულ და დეკლარირებულ შემოსავლებს შორის სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.
3. გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტი კომპანიისგან შეძენილი საქონლის საინვოისო ღირებულების 25%-ის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების მიერ გადაანგარიშების ეტაპზე განხორციელდა საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ ხორბლის დამსხვრეულ მარცვალთან მიმართებაში ფქვილის ფასნამატის ნაცვლად ქატოს ფასნამატის (29.7%) გამოყენება, რის საფუძველზეც შემცირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიცირებული სალაროს არაგონივრული ნაშთის ოდენობა. ხოლო, საწარმოს მიერ არარეზიდენტი კომპანიისგან შეძენილი საქონლის საინვოისო ღირებულების 25%- ის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვასთან მიმართებით, გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის არ იქნა წარდგენილი სათანადო წესით დამოწმებული დამატებითი მტკიცებულებები, რის გამოც შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება არ განხორციელდა.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:302(6);304(21);