ბრძანება N 22309
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 22309
16 ოქტომბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ---ს (ს/ნ ---)
(მის:---)
2024 წლის 11 სექტემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 10 ოქტომბრის (ოქმი №109) სხდომაზე განიხილა ი/მ --- ის (ს/ნ ---) №151607/21 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 13 აგვისტოს NCB1657919 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ ბუღალტერი, რომლის მიზეზითაც დროულად ვერ ახდენდა რეაგირებას კანონიერ მოთხოვნებზე, საქართველოდან წავიდა ისე, რომ ამის შესახებ არაფერი არ იცოდა. ამას თან დაერთო მინდობილი პირის მძიმე ოჯახური მდგომარეობა და სრულიად უმწეო მდგომარეობაში ჩავარდა. ვინაიდან მის სავაჭრო ობიექტში არანაირ მიტაცებას ან შეგნებულად ჩადენილ დანაშაულს არ ჰქონდა ადგილი, შეუსაბამობა დოკუმენტებში აღრიცხულ-დაფიქსირებულსა და რეალურად არსებულს შორის გამოიწვია ე.წ. ნისიებმა. ითხოვს დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას.
ფაქტების აღწერა:
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 8 თებერვლის N2357 ბრძანებით მიმდინარე კონტროლის სამმართველოს ოფიცრებმა ი/მ --- ის (პ/ნ ---) ობიექტში ჩააატარეს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ი/მ --- (პ/ნ ---) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2022 წლის 14 სექტემბერს. გადამხდელის სამეწარმეო საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სასურსათო პროდუქტების და სასმელების შეძენა-რეალიზაცია. ი/მ --- ის (პ/ნ ---) მინდობილ პირს 2024 წლის 8 თებერვალს ჩაბარდა ბრძანება სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის შესახებ, აგრეთვე გადამხდელს ჩამოერთვა ხელწერილი, რომ ყველა ბუღალტრული საბუთი დამუშავებულია, მიღებული სასაქონლო- მატერიალური ფასეულობები აღებულია შემოსავალში, ხოლო რეალიზებული ჩამოწერილია გასავალში. ასევე, ინვენტარიზაციის ბრძანების ჩაბარებამდე მას სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია არ აქვს ჩატარებული და საგადასახადო ორგანოში არ აქვს ნაცნობები სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის ან/და აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესახებ. ჩამოერთვა ინფორმაცია ინვენტარიზაციის დაწყებამდე ბოლო საანგარიშო პერიოდ(ებ)ში, (რომლის მიხედვით დეკლარირების ვადა არ არის დამდგარი/გასული) მიწოდებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესახებ დანართი N19-ის II ცხრილის შესაბამისად.
ი/მ ---ს (პ/ნ --- ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ფაქტიური აღწერა დაიწყო 2024 წლის 8 თებერვალს და დასრულდა იმავე წლის 9 თებერვალს, რაზედაც შედგა დანართი N16 (ოქმი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტიური ნაშთების შესახებ). ი/მ ---ის (პ/ნ ---) მინდობილი პირის მიერ წარმოდგენილ სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ ოქმი (დანართი №19) არასრულყოფილად იყო შევსებული, რის გამოც მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ მოხდა დანართი №19-ის და დანართი N22-ის შევსება საგადასახადო ორგანოში აღნიშნული გადასახადის გადამხდელის შესახებ არსებული მონაცემების საფუძველზე.
- საანგარიშო პერიოდად აღებულ იქნა პერიოდი 2022 წლის პირველი იანვრიდან ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე (2024 წლის 8 თებერვალი);- ფაქტობრივად აღწერილი (დანართი N16) და სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები (პირვანდელი ღირებულებით) შეადგენს – 20345 ლარს, საბაზრო ღირებულებით 22605 ლარს; - ფასნამატის გაანგარიშება მოხდა ფაქტობრივად აღწერილი და ამავდროულად სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული (დანართი N21) სმფ–ების მონაცემებიდან და შეადგინა 8.49%;
საინვენტარიზაციო კომისიის მიერ შევსებული დანართი N22–ის მონაცემების შესაბამისად: - სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ნაშთი ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის (პირვანდელი ღირებულებით) შეადგენდა - 439013 ლარს; - ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო–მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 418668 ლარი, - სასაქონლო–მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისმა საბაზრო ღირებულებით შეადგინა 454213 ლარი; გადასახადის გადამხდელს ელექტრონული წესით ჩაბარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების ოქმის პროექტი, რაზედაც გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა წერილობითი პოზიცია, სადაც გადამხდელი აღნიშნავდა, რომ გათვალისწინებული ყოფილიყო ფიზიკურ პირებზე კონსიგნაციით განხორციელებული რეალიზაციები.
საგადასახადო მონიტორინგის მედიაციის საბჭოს სხდომა ჩატარებული იქნა 2024 წლის 4 ივნისს. მედიაციის საბჭომ 2024 წლის 4 ივნისის N38 სხდომის ოქმით მიიღო გადაწყვეტილება გადამხდელის პოზიციის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, კერძოდ:
გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგების მიხედვით მოხდა ინვენტარიზაციის შედეგების კორექტირება. ი/მ --- ის (პ/ნ ----) მინდობილი პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის (ნისიების სია) მიხედვით გაირკვა, რომ გადამხდელის მიერ კონსიგნაციით გაცემული საქონლის ღირებულებამ სულ შეადგინა 29546 ლარი, რითაც შემცირდა სმფ-ების ინვენტარიზაციით დადგენილი დანაკლისის თანხა და სხვაობის (დანაკლისის) თანხა განისაზღვრა 424667 ლარის ოდენობით. გამოვლენილ სხვაობაზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2024 წლის 13 აგვისტოს შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი NCB1657919. სადავო ოქმს გადამხდელი გაეცნო 2024 წლის 15 აგვისტოს.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარს თან არ ურთავს ისეთ მტკიცებულებებს, რომელიც გავლენას მოახდენს (შეამცირებს) ინვენტარიზაციის შედეგებზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ --- ის (ს/ნ --- ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში ითხოვს დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
მედიაციის საბჭომ სხდომის ოქმით მიიღო გადაწყვეტილება გადამხდელის პოზიციის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, კერძოდ: გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგების მიხედვით მოხდა ინვენტარიზაციის შედეგების კორექტირება. გაირკვა, რომ გადამხდელის მიერ კონსიგნაციით გაცემული საქონლის ღირებულებამ სულ შეადგინა 29546 ლარი, რითაც შემცირდა სმფ-ების ინვენტარიზაციით დადგენილი დანაკლისის თანხა და სხვაობის (დანაკლისის) თანხა განისაზღვრა 424667 ლარის ოდენობით. გამოვლენილ სხვაობაზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286 (9).