გადაწყვეტილება №19567/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 18.05.2023
№ დოკუმენტი 19567/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19567/2/2023

18.05.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 18.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 1.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19567/2/2023).

 

დავის საგანი:

ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 19.10.2022 წლის №005-157 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 29.03.2023 წლის №6211 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 35 973,94

მათ შორის:

ქონების გადასახადი - 21 829

ჯარიმა - 7 932

საურავი - 6 212,94

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის საქმიანობაა კომერციული ფართის იჯარით გაცემა.

აუდიტის დეპარტამენტის 30.09.2022 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.02.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდი.

შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2.07.2000 წელს. კომერციულ ფართს ფლობს ----------ში. მისი განმარტებით აღნიშნული ფართში ეწეოდა სარესტორნო მომსახურებას. ხოლო, საქმიანობის შეწყვეტის შემდეგ გაქირავებული ჰქონდა სხვადასხვა პირებზე, რომლებიც ეწეოდნენ ასევე სარესტორნო მომსახურებას.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით დგინდება, რომ გადამხდელს აღნიშნული ფართი 2012 წლის ივლისის შემდგომ არ გაუქირავებია. ასევე ვერ წარმოადგინა დოკუმენტაცია, რაც დაადასტურებდა, რომ აღნიშნული ფართი ფუნქციონირებდა, როგორც რესტორანი.

გადამხდელი აღნიშნულ ქონებაზე იხდიდა ქონების გადასახადს. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით აღნიშნული ფართი შეფასდა 193 000 ამერიკულ დოლარად.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე განისაზღვრა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა და გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 201-ე და 202-ე მუხლების შესაბამისად დაერიცხა კუთვნილი ქონების გადასახადი და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 19.10.2022 წლის №005-157 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 29.03.2023 წლის №6211 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, 2021 წლის საანგარიშო პერიოდის ქონების გადასახადზე გაავრცელოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 1151 ნაწილით დადგენილი შეღავათი და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 29.03.2023 წლის №6211 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, 202-ე მუხლის პირველ და 41 ნაწილებზე, 205-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, მე-18 მუხლის მე-7 ნაწილზე, 309-ე მუხლის 115-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 309-ე მუხლის 1151 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლის მე-7 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარესტორნო საქმიანობაში გამოყენების ფაქტს 2021 წელს. შესაბამისად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, 2021 წლის საანგარიშო პერიოდის ქონების გადასახადზე გაავრცელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 1151 ნაწილით დადგენილი შეღავათი და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი სადავოდ არ ხდის გადასახადის დარიცხვის მეთოდოლოგიასა და სისწორეს. ეთანხმება ქონების გადასახადის დარიცხვას 2019 წლისთვის, მაგრამ 2020 წელს ეკუთვნის საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 115-ე ნაწილით განსაზღვრული შეღავათი, რადგან ფართი გამოიყენება მხოლოდ 56.1 კოდით გათვალისწინებულ საქმიანობაში და ეს შეღავათი ვრცელდება იჯარით გადაცემულ ქონებაზე, რომელიც 115-ე ნაწილით განსაზღვრულ საქმიანობაში გამოიყენებოდა.

მომჩივანი ასევე ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმებისგან.

კომპანიას ჰყავდა 5 დამფუძნებელი, მათ შორის ორი ---------- მოქალაქეა, რომლებიც საქართველოში ძალიან იშვიათად ჩამოდიან. სამეწარმეო საქმიანობას წლების მანძილზე დაარსების დღიდან 2020 წლამდე ხელმძღვანელობდა ----------, რომელიც 27.04.2020 წელს გარდაიცვალა. კომპანია მისის დირექტორობის პერიოდში ყოველთვის დროულად და სწორად იხდიდა კუთვნილ გადასახადებს. მისი გარდაცვალების შემდეგ 40% წილის მფლობელი ქართველი დამფუძნებლები ცდილობდნენ პარტნიორთა კრების ჩატარებას, მაგრამ ---------- მოქალაქე დამფუძნებელთა საქართველოში ჩამოსვლის თარიღი პანდემიის გამო რამდენჯერმე გადაიდო, შესაბამისად ვერ მოხერხდა ახალი დირექტორის დროულად დანიშვნა. მომჩივანი წარმოადგენს ---------- დამფუძნებლებთან ამ საკითხზე დაზღვეული წერილების გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტაციას. პანდემიის გამო შეჩერდა შპს „----------“ საქმიანობაც. ამ გარემოების გამო დამფუძნებლებმა ჩათვალეს, რომ მათ არ წარმოეშვებოდათ რაიმე საგადასახადო ვალდებულება. ახალი დირექტორი დაინიშნა 13.01.2023 წელს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.

საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).

საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. აღნიშნული ნორმა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას:

ა) პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხება ქონების გადასახადის ძირითადი თანხა. ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება;

ბ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, წესი არ ვრცელდება:

ა) საწარმოზე, თუ იგი მის ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას გადაფასების მეთოდის გამოყენებით აღრიცხავს და აქვს აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება. ამასთანავე, აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ 4 წლის ვადით;

ბ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სახელმწიფო საწარმოებზე;

გ) იმ შემთხვევაზე, როდესაც საგადასახადო კანონმდებლობა ითვალისწინებს ქონების გადასახადში საგადასახადო ვალდებულების საბაზრო ფასით განსაზღვრის შესაძლებლობას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილში მითითებული საფუძვლის გარეშე (მაგალითად: ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონების ღირებულება; ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის აღურიცხველობის გამოვლენა; გადამხდელთან არსებული სააღრიცხვო დოკუმენტაციით დაბეგვრის ობიექტის საბალანსო ღირებულების განსაზღვრის შეუძლებლობა და ა. შ.).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 115-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადისგან, რომლის დეკლარირება ამ კოდექსით 2020 ან 2021 წელსაა გათვალისწინებული, გათავისუფლებულია „ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის“ (სეკ 006-2016): 56.1 კოდით (რესტორნები და საკვებით მობილური მომსახურების საქმიანობები) გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება. შენიშვნა: ამ ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი ვრცელდება იჯარით, ლიზინგით ან სხვა ამგვარი ფორმით გადაცემულ ქონებაზედაც, თუ ეს ქონება ამავე ნაწილით განსაზღვრულ რომელიმე საქმიანობაში გამოიყენება.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ქონება, რომელზეც მოხდა ქონების გადასახადის დარიცხვა, თავის განლაგებითა და დაგეგმარებით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ სარესტორნო საქმიანობისთვის. აღნიშნული ფართი 2020 და 2021 წლებში პერიოდულად ქირავდებოდა სარესტორნო საქმიანობის განმახორციელებელ კომპანიებზე და შესაბამისად შპს „----------“ ჰქონდა უფლება, რომ ესარგებლა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 115-ე ნაწილით გათვალისწინებული შეღავათით.

შემოსავლების სამსახურის 29.03.2023 წლის №6211 ბრძანებით დადგენილია, რომ შპს „----------“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება 2021 წელს გამოიყენებოდა სარესტორნო საქმიანობაში. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც არ დასტურდება აღნიშნული ფართის განსხვავებულ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი.

საბჭო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, არ დასტურდება სადავო უძრავი ქონების 2020 წელს ხსენებული შეღავათით გათვალისწინებულ საქმიანობისგან განსხვავებულ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი. შესაბამისად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, 2020 წლის საანგარიშო პერიოდის ქონების გადასახადზე გაავრცელოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 115-ე ნაწილით დადგენილი შეღავათი და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

მომჩივანი ასევე ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე სანქციებისგან გათავისუფლებას. საბჭო ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების და მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 29.03.2023 წლის №6211 ბრძანება;

3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს 2020 წლის საანგარიშო პერიოდის ქონების გადასახადზე გაავრცელოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 115-ე ნაწილით დადგენილი შეღავათი და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე განახორციელოს შესაბამისი კორექტირება;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის საქმიანობაა კომერციული ფართის იჯარით გაცემა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით დგინდება, რომ გადამხდელს აღნიშნული ფართი 2012 წლის ივლისის შემდგომ არ გაუქირავებია. ასევე ვერ წარმოადგინა დოკუმენტაცია, რაც დაადასტურებდა, რომ აღნიშნული ფართი ფუნქციონირებდა, როგორც რესტორანი. გადამხდელი აღნიშნულ ქონებაზე იხდიდა ქონების გადასახადს. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით აღნიშნული ფართი შეფასდა 193 000 ამერიკულ დოლარად. მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ქონება, რომელზეც მოხდა ქონების გადასახადის დარიცხვა, თავის განლაგებითა და დაგეგმარებით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ სარესტორნო საქმიანობისთვის. აღნიშნული ფართი 2020 და 2021 წლებში პერიოდულად ქირავდებოდა სარესტორნო საქმიანობის განმახორციელებელ კომპანიებზე და შესაბამისად მომჩივანს ჰქონდა უფლება, რომ ესარგებლა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 115-ე ნაწილით გათვალისწინებული შეღავათით.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, არ დასტურდება სადავო უძრავი ქონების 2020 წელს ხსენებული შეღავათით გათვალისწინებულ საქმიანობისგან განსხვავებულ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი. შესაბამისად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, 2020 წლის საანგარიშო პერიოდის ქონების გადასახადზე გაავრცელოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 115-ე ნაწილით დადგენილი შეღავათი და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). მომჩივანი ასევე ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე სანქციებისგან გათავისუფლებას. საბჭო ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების და მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 201(1„ა.ა“); 202(1; 41); 205(2); 275.