გადაწყვეტილება №88786/1/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 24.07.2024
№ დოკუმენტი 88786/1/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№ 88786/1/2024

24 ივლისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ------------ 1.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №88786/1/2024)

 

დავის საგანი:

დავის განახლება ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების გამო.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 29 დეკემბრის №086-75 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 18 იანვრის №627 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 571 946 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 229 241

დღგ - 160 066

იმპორტის გადასახადი - 8 662

საშემოსავლო გადასახადი - 60 513

ჯარიმა - 108 099

საურავი - 234 606

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 17 სექტემბრის №40259 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შემოწმების შედეგები აისახა 2015 წლის 18 აგვისტოს საგადასახო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 26 აგვისტოს №32320 ბრძანება და

№081-180 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 1 159 134 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2015 წლის 22 სექტემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 4.11.2015 წლის №41336 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.

შემოსავლების სამსახურის 4.11.2015 წლის №41336 ბრძანება 22.12.2015 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 17.03.2017 წლის №11738/2/15 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.

აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 26 აგვისტოს №081-180 საგადასახადო მოთხოვნა, შემოსავლების სამსახურის 4.11.2015 წლის №41336 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 17.03.2017 წლის №11738/2/15 გადაწყვეტილება გასაჩივრდა ---------საქალაქო სასამართლოში, რომელმაც 28.06.2022 წლის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა გადასახადის გადამხდელის სარჩელი.

აღნიშნული აქტები გასაჩივრდა ---------- სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც 6.12.2022 წლის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა ----------- საქალაქო სასამართლოს 28.06.2022 წლის გადაწყვეტილება და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ნაწილობრივ (შემოწმების შედეგად, სხვა კომპანიის შპს „---------“ ფასნამატის გავრცელების ნაწილში) ბათილად იქნა ცნობილი აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 26 აგვისტოს №081-180 საგადასახადო მოთხოვნა, შემოსავლების სამსახურის 4.11.2015 წლის №41336 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 17.03.2017 წლის №11738/2/15 გადაწყვეტილება. დაევალა შემოსავლების სამსახურს, სადავო საკითხზე, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 11.05.2023 წლის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა ------------- სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2023 წლის დასკვნა, 29.12.2023 წლის №33912 ბრძანება და №086-75 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 471 828 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 571 946 ლარი.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 8 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 18 იანვრის №627 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 26.01.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 22.03.2024 წლის №22068/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

გადასახადის გადამხდელმა კვლავ წარმოადგინა საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში და ითხოვა დავის განახლება ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების საფუძვლით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ მომჩივანი უარს აცხადებს დავის გაგრძელებაზე.

გადასახადის გადამხდელმა 1.04.2024 წელს წარმოადგინა №88786/1/2024 საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში და ითხოვა დავის განახლება ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების საფუძვლით და სადავო აქტების გაუქმება.

2024 წლის 9 ივლისს დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია გადასახადის გადამხდელის №114170/01 განცხადება, სადაც მომჩივანი აღნიშნავს, რომ დავალიანების თანხების ჩამოწერის თაობაზე საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებიდან გამომდინარე აღარ არსებობს №88786/1/2024 საჩივრის განხილვის საჭიროება. შესაბამისად, უარს აცხადებს აღნიშნულ საჩივარზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ ვინაიდან მომჩივანი უარს აცხადებს დავის გაგრძელებაზე, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დავის განახლება ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების გამო.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 4.11.2015 წლის №41336 ბრძანება 22.12.2015 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 17.03.2017 წლის №11738/2/15 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საჩივარი. უდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 26 აგვისტოს №081-180 საგადასახადო მოთხოვნა, შემოსავლების სამსახურის 4.11.2015 წლის №41336 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 17.03.2017 წლის №11738/2/15 გადაწყვეტილება გასაჩივრდა საქალაქო სასამართლოში, რომელმაც 28.06.2022 წლის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა გადასახადის გადამხდელის სარჩელი.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დარჩეს განუხილველი;

საბჭომ მიიჩნია, რომ ვინაიდან მომჩივანი უარს აცხადებს დავის გაგრძელებაზე, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 301(ა)