N 15252 - 07/07/2026 - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №15252
2026 წლის 7 ივლისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის“ (დანართი №1) მე-9 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამსახურის ყველა სტრუქტურულ ერთეულში (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულებისა და ამავე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) მომუშავე თანამშრომელთათვის განსაზღვრულია:“;
ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:
„8. დეპარტამენტის იმ სტრუქტურული ერთეულის, რომელიც ახორციელებს საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, თანამშრომელს სამუშაოს დაწყების, დასრულების და შესვენების დრო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ ზეპირად ან წერილობით შესაძლებელია განესაზღვროს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი საათებისაგან განსხვავებული დროით. ამასთან, სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლის სამუშაო დრო შესაძლებელია განისაზღვროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე დღეს, ასევე შაბათს ან კვირას. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანამშრომლის სამუშაო საათების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსი მიხეილ მაღლაკელიძე
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე