ბრძანება N 18116

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.08.2026
№ დოკუმენტი 18116
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 18116

11 აგვისტო 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს„-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2026 წლის 15 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 22 ივლისის სხდომაზე (ოქმი №65) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ ----) 2026 წლის 15 ივლისის №103462/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 23 ივნისის №002-90 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის პროცედურის შედეგად აღურიცხველი სმფ-ების გამოვლენისა და ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის საფუძვლით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილებით დარიცხულ ჯარიმებს. აცხადებს, რომ შემოწმების აქტის პროექტით აღურიცხველი საქონლის თვითღირებულება შეადგენდა 21 163 ლარს, ხოლო საბოლოო აქტის მიხედვით, აღურიცხველი საქონლის საბაზრო ღირებულება გახდა 85 554 ლარი. ამასთან, მიაჩნია, რომ შემმწომებლის მიერ განსაზღვრული საშუალო შეწონილი ფასნამატი

108%-ით ობიექტურია, თუმცა გაურკვევლია რატომ ადგენს შემმოწმებელი, რომ 21 163 ლარის 108% შეადგენს 85 554 ლარს. მიუთითებს, რომ შემოწმებამ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაზარდა საბაზრო ღირებულება, თუმცა გაუგებარია რეალურად რატომ გაავრცელა საშუალო შეწონილი ფასნამატი 209%-ის ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელი ითხოვს შეფარდებული ჯარიმების გაუქმებას და არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი პროცენტის გონივრული პროცენტით (65-70%) შეცვლას, რომელიც გამოიყენება ყველა მსგავს საქმიანობაში.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 24 მარტის №6326 და 18 ივნისის №13400 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „----“ (ს/ნ ----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2025 წლის 31 ოქტომბრიდან 2026 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანის მიზნებისთვის 2026 წლის 25 მარტის ჩათვლით საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 19 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 23 ივნისის №13803 ბრძანება და ამავე თარიღის №002-90 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 62 699 ლარი, მათ შორის, გადასახადი 2 753 ლარი, ჯარიმა 59 922 ლარი, საურავი 24 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 25 მარტის №6445 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა გადამხდელის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის პროცედურა, რომლის შედეგად აღრიცხულ იქნა 40 372 ცალი სხვადასხვა დასახელების საქონელი, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 433 352 ლარს. შემოწმებით ნაშთად არსებული აღრიცხული საქონლის თვითღირებულება განისაზღვრა 166 550 ლარის ოდენობით (საბაზრო ღირებულება 347 798 ლარი), ხოლო ნაშთად არსებული აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე არსებული საქონლის საბაზრო ღირებულება 85 554 ლარით. ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემით ინვენტარიზაციის მომენტისთვის ნაშთის ღირებულება განსაზღვრულია 232 052 ლარის ოდენობით, შესაბამისად, დანაკლისის თვითღირებულება შეადგენს 65 502 ლარს. დანაკლისის საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით თვითღირებულებაზე გავრცელდა შემოწმებით დადგენილი საშუალო შეწონილი ფასნამატი 108.86%. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შეეფარდა ჯარიმა 42 777 ლარის ოდენობით, ასევე ამავე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე განსაზღვრული ჯარიმა 16 143 ლარი. ამასთან, გადამხდელი ვალდებულია ინვენტარიზაციით გამოვლენილი დანაკლისის საბაზრო ღირებულება აღმოჩენის საანგარიშო პერიოდში დაბეგროს დღგ-ით და მოგების გადასახადით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის შემადგენლობაში შეიტანოს თავის საკუთრებაში არსებული დამუშავებული ან ნაწილობრივ დამუშავებული საქონელი, მისი ადგილმდებარეობის მიუხედავად, კერძოდ, ნედლეული ან/და მასალები (გარდა კაპიტალიზებადი ხარჯებისა), რომლებიც შეძენილია შემდგომი რეალიზაციისათვის ან საქონლის წარმოებისათვის/ მომსახურების გაწევისათვის.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის აღრიცხვისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია წარმოებული ან შეძენილი საქონლის ღირებულება აღრიცხვაში ასახოს ამ საქონლის წარმოებაზე გაწეული ხარჯების (გარდა საამორტიზაციო ანარიცხებისა) ან შეძენის ფასად. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელი საქონლის ღირებულებაში შეიტანს მისი შენახვისა და ტრანსპორტირების ხარჯებს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი – გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად საქონლის არამატერიალური ფორმით მარკირების/ნიშანდების შემთხვევაში დანაკლისად არ ჩაითვლება ამ საქონლის წარმოების პროცესში მწარმოებლის მიერ გამოვლენილი დანაკარგი.

ამავე მუხლის 22-ე ნაწილის მიხედვით, სააღრიცხვო დოკუმენტაცია – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის თანახმად:

1. პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

2. პირველადი საგადასახადო დოკუმენტი დგება არანაკლებ ორ იდენტურ ეგზემპლარად, რომლებიც რჩება სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეებთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით.

ამავე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადამხდელის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის პროცედურა, რომლის შედეგად აღრიცხულ იქნა 40 372 ცალი სხვადასხვა დასახელების საქონელი, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 433 352 ლარს. შემოწმებით ნაშთად არსებული აღრიცხული საქონლის თვითღირებულება განისაზღვრა 166 550 ლარის ოდენობით (საბაზრო ღირებულება 347 798 ლარი), ხოლო ნაშთად არსებული აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე არსებული საქონლის საბაზრო ღირებულება 85 554 ლარით. ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემით ინვენტარიზაციის მომენტისთვის ნაშთის ღირებულება განსაზღვრულია 232 052 ლარის ოდენობით, შესაბამისად, დანაკლისის თვითღირებულება შეადგენს 65 502 ლარს. დანაკლისის საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით თვითღირებულებაზე გავრცელდა შემოწმებით დადგენილი საშუალო შეწონილი ფასნამატი 108.86%. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილების საფუძველზე შეეფარდა ჯარიმა.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტაციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის კანონიერ წარმომადგენელთან 2026 წლის 9 ივნისს ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი მონაცემები არ განსხვავდება საგადასახადო შემოწმების აქტში ასახული მონაცემებისგან. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ აღრიცხულ იქნა 40 372 ცალი სხვადასხვა დასახელების საქონელი, რომლის საბაზრო ღირებულება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონაცემებით განსაზღვრულია 433 352 ლარით. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ცხრილით ნაშთად არსებული აღრიცხული საქონლის თვითღირებულება შეადგენს 195 219 ლარს (საბაზრო ღირებულება 385 203 ლარი), ხოლო აღურიცხველი საქონლის თვითღირებულება შეადგენს 21 163 ლარს (საბაზრო ღირებულება 48 149 ლარი). გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ცხრილის შესწავლით გამოვლინდა შეუსაბამობები და ცხრილმა განიცადა კორექტირება.

კერძოდ, გადამხდელის მიერ აღურიცხველ საქონლად ჩათვლილი 48 149 ლარის საბაზრო ღირებულების საქონლის ნაწილი 25 910 ლარის ოდენობით მიჩნეულ იქნა აღრიცხულად, ხოლო აღრიცხულ საქონლად მიჩნეული საქონლის ნაწილიდან (საბაზრო ღირებულება 80 783) აღურიცხველად ჩაითვალა 63 257 ლარის საბაზრო ღირებულების საქონელი. აღურიცხველ საქონელს დაემატა ასევე 58 ლარის საბაზრო ღირებულების საქონელი. შესაბამისად, აღურიცხველი საქონლის საბაზრო ფასი გამოვიდა 85 554 ლარის ტოლი (48 149-25 910+63 257+58). თუ 85 554 ლარიდან ამოვრიცხავთ დღგ-ის და საშუალო შეწონილ ფასნამატს (108.86%), აღურიცხველი საქონლის თვითღირებულება გამოდის 34 713 ლარის ტოლი. აღნიშნული ინფორმაცია გადამხდელის წარმომადგენელს მოთხოვნისთანავე ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიეწოდა 2026 წლის 18 ივნისს. ამასთან, შემოწმების მიერ თითოეული საქონელი დაჯგუფებულია მსგავსი მახასიათებლების მიხედვით. აღნიშნული ჯგუფების საფუძველზე დადგინდა თითოეული ჯგუფიდან რეალიზებული საქონლის თვითღირებულება და ფასნამატი. დანაკლისის საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით დანაკლისის თვითღირებულებაზე გავრცელდა ინვენტარიზაციის მონაცემების საფუძველზე დადგენილი საშუალო შეწონილი ფასნამატი 108.86%-ის ოდენობით. საგულისხმოა, რომ გადამხდელის ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემით საშუალო შეწონილი ფასნამატი შეადგენს 198.67%-ს. გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლებთან ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილ ცხრილებში ერთსა და იმავე სტრიქონში არის ასახული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის, გადასახადის გადამხდელისა და აუდიტის დეპარტამენტის მონაცემები, შესაბამის შენიშვნებთან ერთად, თუმცა ცხრილებთან დაკავშირებით შენიშვნების წარმოდგენა გადამხდელის მიერ არ განხორციელებულა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით ჯარიმები შეფარდებულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

გადაწყვეტილება

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: