გადაწყვეტილება №22955/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22955/2/2024
27 ივნისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ----------ძე (ს/ნ -----------------)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,23.05.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---------ის 24.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22955/2/2024).
დავის საგანი:
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 7.08.2023 წლის № --------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 4.04.2024 წლის №7448 ბრძანება.
დარიცხული თანხა: ჯარიმა - 1 513,17 ლარი.
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა იმპორტირებული ხის მასალის რეალიზაცია. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2022 წლის 27 ივლისს, 2022 წლის 9 ნოემბრიდან რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად, ხოლო 2022 წლის პირველი დეკემბრიდან მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი.
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 9 მარტის №4411 ბრძანების საფუძველზე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის კუთვნილი სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია.
ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 15,89 მ 3 სასაქონლო–მატერიალურ ფასეულობათა (დახერხილი ხე-მასალა) დანაკლისი, რომლის საბაზრო ღირებულებამ შეადგინა – 15 131.65 ლარი. აღურიცხავი სასაქონლო–მატერიალური ფასეულობები არ გამოვლინდა.
სმფ-ების გამოვლენილ დანაკლისზე, მომჩივანს, №----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1 513,17 ლარის ოდენობით.
საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი 2023 წლის 5 სექტემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 26.09.2023 წლის №23488 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 2023 წლის პირველი დეკემბრის №21074/2/2023 გადაწყვეტილებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 26.09.2023 წლის №23488 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს, დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 4 აპრილის №7448 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საბაჟო დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, 2022 წლის 17 სექტემბერს და 7 ოქტომბერს ი/მ --------ის საბაჟო წარმომადგენელის – ფ/პ -----------ის (პ/ნ ------------) მომართვის საფუძველზე, საბაჟო ორგანოსთვის წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისად, საბაჟო დეპარტამენტის -----ის გაფორმების განყოფილებაში შევსებული №-----/----- და №---/--- საქონლის საბაჟო დეკლარაციებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დეკლარირებულ იქნა ------ის სახელზე -----ის ----დან შემოტანილი „ფიჭვის დახერხილი ფიცარი“ (სეს ესნ-ის კოდით -----), კერძოდ:
– №------/------ საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებულ იქნა 69 871.08 ლარის საბაჟო ღირებულების „ფიჭვის დახერხილი ფიცარი“, ნომინალური მოცულობით 98.894 მ 3 , ფაქტიური მოცულობით 112.313 მ 3 .
– №-----/------ საქონლის საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებულ იქნა 136 624.09 ლარის საბაჟო ღირებულების „ფიჭვის დახერხილი ფიცარი“, ნომინალური მოცულობით 194.878 მ 3 , ფაქტიური მოცულობით 234.16 მ 3 .
საქონლის მფლობელის განცხადებით, დეკლარირებისათვის წარდგენილი საქონელი შეძენილი იყო ნომინალური მოცულობით და გამყიდველისათვის გადახდილი იქნა აღნიშნული მოცულობის შესაბამისი ღირებულება. ფაქტობრივ მოცულობაში კი მოიაზრებოდა საქონლის მთლიანი მოცულობა, რომელიც მოიცავდა სატრანსპორტო საშუალებაში საქონლის ჩასატვირთად და დასამაგრებლად საჭირო მასალას, ასევე საქონლის შემადგენელ, თუმცა მისი გამოყენებისთვის და რეალიზაციისათვის უვარგისი მასალის მოცულობას (საქონლის დასაშვები გადახრები და ნარჩენი), რომელიც არ წარმოადგენდა ვაჭრობის ობიექტს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი აღნიშნავს რომ 2022 წლის 29 ივლისს დარეგისტრირდა ინდივიდუალურ მეწარმედ და გადაწყვიტა მისი საქმიანობის საქართველოში განხორციელება, კერძოდ ხე-ტყის მასალების ვაჭრობა, აღნიშნული მასალები იმპორტირებული იქნება -----დან, რაზეც აიღო იმპორტისთვის საჭირო ფიტოსანიტარული ნებართვა. 2022 წლის 07 ოქტომბერს განაბაჟა ხე-ტყის მასალით დატვირთულ 4 ვაგონი. აქედან სამი ვაგონი ფიჭვის ფიცრებით (ფიჭვის დახერხილი ფიცარი- ნომინალური მოცულობით 98.894 მ 3 ფაქტიური მოცულობით- 112.313 მ 3 და ფიჭვის დახერხილი ფიცარი-ნომინალური მოცულობით 194.878 მ 3 ფაქტიური მოცულობით - 234.16 მ 3 იხ. საბაჟო დეკლარაციები A----, A----), და ერთი ვაგონი ფიჭვის დახერხილი მასალა პროფილური პაგონაჟის სახით 110.082 მ 3 ; ლარიქსის მასალა პროფ. პაგონჟის სახით-6.924 მ 3 (საბ. დეკ. A----), 17 ოქტომბერს განაბაჟა ერთი ვაგონი ლარექსი 82.287 მ 3 ( საბ. დეკ. A----). ოქტომბრიდან მარტის ჩათვლით ძალიან მცირე რეალიზაცია ჰქონდა. ყველა რეალიზაციაზე გააქტიურებული ჰქონდა სასაქონლო ზედნადები. 2023 წლის 9 მარტს შემოსავლების სამსახურის №4411 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციის დროს ფასეულობის დათვლა მოხდა არა ფიცრების ცალობით რაოდენობით (რაც გარკვეულად უფრო რთული იყო) არამედ კუბატურობის გაზომვით. აღწერის შედეგად მასალებზე, რომლებიც უკვე გამომშრალ მდგომარეობაში იყო შეძენილი, დანაკლისი არ დაფიქსირდა (კერძოდ ლარექსი და გამომშრალი ფიჭვი), ხოლო ის მასალა, რომელიც შეძენილი იყო ჯერ კიდევ გამოუმშრალი და განიცდიდა ბუნებრივ შრობას (სწორედ ამიტომ შეძენის დოკუმენტებში ფიქსირდებოდა როგორც ნომინალური, ისე ფაქტობრივი რაოდენობით, გადახდა მოხდა ნომინალური რაოდენობით და ორივე განზომილება მოცემული იყო საბაჟო დეკლარაციაში, ხოლო დღგ-ს დაბეგვრის ბაზად აღებულია ნომინალური ღირებულება) დაფიქსირდა დანაკლისი 15.7311 მ 3 . აღნიშნული მასალის ფიცრების ცალობით დათვლა რომ მომხდარიყო დანაკლისი არ ექნებოდა, რადგანაც ეს სხვაობა გამოწვეული იყო ბუნებრივი შრობის შედეგად (რაც მითითებულიც არის სტანდარტში), ასევე მოწოდების დროს საბაჟო დეკლარაციაში A --- ფიჭვის ნომინალური მოცულობაა 98.894 მ 3 და ფაქტობრივი 112.313 მ 3 , ანუ ნომინალურსა და ფაქტობრივს შორის სხვაობა 13%, ხოლო საბაჟო დეკლარაციაში A---- ფიჭვის ნომინალური მოცულობაა 194.878 მ 3 და ფაქტობრივი 234.16 მ 3 ანუ ნომინალურსა და ფაქტობრივს შორის სხვაობაა 20.15%, თვითონ რეალიზაციას ახდენდა ნომინალური რაოდენობის მიხედვით და შენიშვნაში უთითებდა ფაქტობრივსაც. შემოსავლების სამსახურის არგუმენტით: ფაქტობრივ მოცულობაში კი მოიაზრებოდა საქონლის მთლიანი მოცულობა, რომელიც მოიცავდა სატრანსპორტო საშუალებაში საქონლის ჩასატვირთად და დასამაგრებლად საჭირო მასალას, ასევე საქონლის შემადგენელ, თუმცა მისი გამოყენებისთვის და რეალიზაციისათვის უვარგისი მასალის მოცულობას (საქონლის დასაშვები გადახრები და ნარჩენი), რომელიც არ წარმოადგენდა ვაჭრობის ობიექტს, რაც არასწორია, თუ დასამაგრებელი მასალად მიიჩნეოდა მაშინ დათვლის დროს ეს მასალა უვარგისობის გამო აღარც არსებობდა. გარდა ამისა 2 და 5 ვაგონის ფაქტობრივი რაოდენობა პროცენტულად მეტია, ვიდრე 1 ვაგონის. მასალას ასევე მოჰყვება სერთიფიკატი სადაც წერია, რომ შრობა არის 8-10%.
ვინაიდან არ არის შრობის ნორმა საგადასახადო მიზნებისთვის დადგენილი შეძენილ მასალასაც მოჰყვება სტანდარტი, სადაც შრობის ზღვრული ნორმა 10-12 % მითითებული. შეძენილი მასალა განიცდის ბუნებრივ შრობას და აღნიშნული დანაკლისი არ წარმოადგენს განზრახ ჩადენილ სამართალდარღვევის ფაქტს, მომჩივანი ითხოვს 15131.65 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისისთვის დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.
საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.
საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ №----/------ საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებულ იქნა 69 871.08 ლარის საბაჟო ღირებულების „ფიჭვის დახერხილი ფიცარი“, ნომინალური მოცულობით 98.894 მ 3 , ფაქტიური მოცულობით 112.313 მ 3 .
– №----/----- საქონლის საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებულ იქნა 136 624.09 ლარის საბაჟო ღირებულების „ფიჭვის დახერხილი ფიცარი“, ნომინალური მოცულობით 194.878 მ 3 , ფაქტიური მოცულობით 234.16 მ 3 .
საქონლის მფლობელის განცხადებით, დეკლარირებისათვის წარდგენილი საქონელი შეძენილი იყო ნომინალური მოცულობით და გამყიდველისათვის გადახდილი იქნა აღნიშნული მოცულობის შესაბამისი ღირებულება. ფაქტობრივ მოცულობაში კი მოიაზრებოდა საქონლის მთლიანი მოცულობა, რომელიც მოიცავდა სატრანსპორტო საშუალებაში საქონლის ჩასატვირთად და დასამაგრებლად საჭირო მასალას, ასევე საქონლის შემადგენელ, თუმცა მისი გამოყენებისთვის და რეალიზაციისათვის უვარგისი მასალის მოცულობას (საქონლის დასაშვები გადახრები და ნარჩენი), რომელიც არ წარმოადგენდა ვაჭრობის ობიექტს.
ინვენტარიზაციის პროცესში საანგარიშო პერიოდად აღებული იქნა პერიოდი 2022 წლის 27 ივლისიდან (რეგისტრაციის თარიღი) ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე (9 მარტი 2023 წელი). საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საბაჟო დეკლარაციებით შეძენილი სმფ-ების (დახერხილი ხემასალა) მოცულობამ შეადგინა - 545.77 მ 3 .
2022 წლის 27 ივლისიდან 2023 წლის 9 სექტემბრის ჩათვლით გადამხდელის მიერ ხე-ტყის ელექტრონული სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებულმა ხე-მასალის მოცულობამ შეადგინა - 1,580 მ 3 . ზემოაღნიშნული მონაცემების საფუძველზე ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის (2023 წლის 9 მარტი) სასაქონლო–მატერიალურ ფასეულობათა (დახერხილი ხე-მასალა) მოცულობამ (დანართი №19–ის I ცხრილის მე–2 სვეტის ბოლო სტრიქონი) შეადგინა: - 544,18 მ 3 .
საინვენტარიზაციო კომისიის მიერ შევსებული იქნა დანართი №22–ის I ცხრილი (პროექტი), რომლის მიხედვით აღურიცხავი სასაქონლო–მატერიალური ფასეულობები არ გამოვლინდა.
საინვენტარიზაციო კომისიის მიერ შევსებულ იქნა დანართი №22–ის II ცხრილი (პროექტი) – დანართი №19–ის I ცხრილისა და დანართი №21-ის საფუძველზე. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 15,89 მ 3 სასაქონლო–მატერიალურ ფასეულობათა (დახერხილი ხე-მასალა) დანაკლისი, რომლის საბაზრო ღირებულებამ შეადგინა – 15131.65 ლარი.
მომჩივნის განმარტებით, მის მიერ საქონელი ფაქტობრივად შეძენილ რაოდენობაზე ნაკლები ოდენობით იყო სარეალიზაციო სახის და აგრეთვე მისი ნაწილი იყო გამოუმშრალი და ამ გარემოებებმა განაპირობა 15 131,65 ლარის ღირებულების 15,89 მ 3 ოდენობის საქონლის დანაკლისის არსებობა, რაც ქმნიდა საფუძველს სამართალდარღვევის ფაქტი არ მიჩნეულიყო განზრახ ჩადენილი ქმედებით განპირობებულად.
მომჩივნის აღნიშნული არგუმენტი საფუძველს მოკლებულია. მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებები ვერ მოახდენს გავლენას სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგებზე. შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 7.08.2023 წლის №----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი მართლზომიერია.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით და შესაბამისად, მიზანშეწონილად არ მიიჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის გათავისუფლება დაკისრებული სანქციისგან.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავითაღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №4411 ბრძანების საფუძველზე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის კუთვნილი სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია.ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა სასაქონლო–მატერიალურ ფასეულობათა (დახერხილი ხე-მასალა) დანაკლისი, რომლის საბაზრო ღირებულებამ შეადგინა – 15 131.65 ლარი. აღურიცხავი სასაქონლო–მატერიალური ფასეულობები არ გამოვლინდა.
სმფ-ების გამოვლენილ დანაკლისზე, მომჩივანს, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა .
საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის №23488 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს №21074/2/2023 გადაწყვეტილებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის №23488 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს, დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის №7448 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი მართლზომიერია. განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით და შესაბამისად, მიზანშეწონილად არ მიიჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის გათავისუფლება დაკისრებული სანქციისგან.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7); 286(9);