გადაწყვეტილება №26016/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26016/2/2025
09 დეკემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ---- (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“-ს 12.10.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26016/2/2025).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 12 აპრილის №8351 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 16 ივლისის №225-15 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 23 სექტემბრის №20761 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
140 573,46 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 68 478
დღგ - 55 905
საშემოსავლო გადასახადი - 621
მოგების გადასახადი - 11 952
ჯარიმა - 31 449
საურავი - 40 646,46
ფაქტების აღწერა
მომჩივნის საქმიანობის საგანია მეორადი საბურავებით ვაჭრობა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის 2020 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ოქტომბრამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 22 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შესამოწმებელ პერიოდში, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით, გადამხდელს განხორციელებული აქვს დოკუმენტური რეალიზაცია. საქონელი რეალიზებული აქვს საცალოდ საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებით. არ ხდება რეალიზებული საქონლის ინდივიდუალური აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შედეგად, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, საქონლის რეალიზაციის ფასნამატი განისაზღვრა ანალოგიური საქმიანობის მქონე საწარმოს ფასნამატის (საშუალო 43%) მიხედვით, შემოწმებით დადგენილსა და დეკლარირებულს შორის მიღებული სხვაობა 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე და 2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლების შესაბამისად, ჩაირთო შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში.
ამასთან, რეალიზებული საქონლის ღირებულება (დღგ-ის ჩათვლით) ჩაითვალა ნაღდი ფულის შემოსავლად, რომელიც შემცირდა საწესდებო კაპიტალში შეტანილი თანხის ოდენობით. დარჩენილი თანხა ჩაითვალა ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად, რომელიც საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაიბეგრა მოგების გადასახადით, ხოლო მიღებული სარგებელი საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით - საშემოსავლო გადასახადით.
მომჩივანს დაერიცხა დღგ, მოგების და საშემოსავლო გადასახადები და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა, რაზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 მარტის №6144 ბრძანება და ამავე თარიღის №225-1 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 14.06.2023 წლის №13467 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 6.07.2023 წლის №20051/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურის 9.08.2023 წლის №19631 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 27.12.2023 წლის №206962/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებდა დამატებით შესწავლას. შედეგად, საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 14 და 28 მარტის სხდომებზე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს №20696/2/2023 გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული საჩივარი, რომელიც ამავე სამსახურის 2024 წლის 12 აპრილის №8351 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს იხელმძღვანელოს ამავე დეპარტამენტში არსებული ინფორმაციით, კერძოდ, ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ აუდირებულ გადამხდელებთან დადგენილი ფასნამატით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 12 აპრილის №8351 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 26.07.2024 წლის №23004/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 12 აპრილის №8351 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 11 ივლისის დასკვნის საფუძველზე დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 16 ივლისის №225-15 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა კვლავ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 23 სექტემბრის №20761 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს. საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე ვინაიდან მეორად საბურავებს არ აქვთ შტრიხკოდი სკანერით რეალიზაცია ვერ ხორციელდება. ამიტომ საცალო რეალიზაციის აღრიცხვისთვის კომპანია აწარმოებს საცალო გაყიდვის აქტებს, რომელიც მოიცავს სრული 1 დღის საცალო რეალიზაციის შესახებ ინფორმაციას. ამასთან კომპანიას ბუღალტერია ნაწარმოები აქვს საბუღალტრო პროგრამა ორისში, რომლის ასლიც წარდგენილია შემოწმებისთვის. ასევე შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაცია, რომლის მიხედვითაც მომზადდა ფასნამატის ცხრილი. აღნიშნული ცხრილის მიხედვით ფასნამატმა შეადგინა 27%. შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ შემოწმება უნდა დაეყრდნოს წარდგენილ მასალებს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს გაუქმდეს 2025 წლის 23 სექტემბრის N 20761 ბრძანება და დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს აღნიშნული საკითხის დამატებით შესწავლა. ასევე ითხოვს აღნიშნული საჩივარი განხილული იქნას მომჩივნის თანამონაწილეობით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოწმებისას დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატით, კერძოდ, მეორადი საბურავების რეალიზაციაზე გავრცელდა ანალოგიური საქმიანობის მქონე გადასახადის გადამხდელის ფასნამატი (საშუალო 43%). მიღებული სხვაობებით განსაზღვრული იქნა მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 12 აპრილის №8351 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს იხელმძღვანელოს ამავე დეპარტამენტში არსებული ინფორმაციით, კერძოდ, ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ აუდირებულ გადამხდელებთან დადგენილი ფასნამატით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 11 ივლისს №358 დასკვნაში აღნიშნულია, რომ მოძიებულ იქნა ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, აუდირებული ფასნამატები, სხვა, ანალოგიური საქმიანობის მქონე პირებთან, რომლის საფუძველზეც დადგინდა, რომ მეორადი საბურავების სარეალიზაციო ფასნამატმა შეადგინა 61%. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დარჩა უცვლელი.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს არგუმენტებს, თუ რა ნაწილში არ აღსრულდა შემოსავლების სამსახურის 12.04.2024 წლის №8351 ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ განხორციელდა შესაბამისი გადაანგარიშება, ამასთან, სადავოდ ხდის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას. აღნიშნულზე საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 12.04.2024 წლის №8351 ბრძანების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს საგადასახადო ორგანოს პოზიციას და მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 12.04.2024 წლის №8351 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 12 აპრილის №8351 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 12 აპრილის №8351 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს იხელმძღვანელოს ამავე დეპარტამენტში არსებული ინფორმაციით, კერძოდ, ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ აუდირებულ გადამხდელებთან დადგენილი ფასნამატით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 11 ივლისს №358 დასკვნაში აღნიშნულია, რომ მოძიებულ იქნა ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, აუდირებული ფასნამატები, სხვა, ანალოგიური საქმიანობის მქონე პირებთან, რომლის საფუძველზეც დადგინდა, რომ მეორადი საბურავების სარეალიზაციო ფასნამატმა შეადგინა 61%. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დარჩა უცვლელი.
გადაწყვეტილება
საბჭო იზიარებს საგადასახადო ორგანოს პოზიციას და მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 12.04.2024 წლის №8351 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 21.