ბრძანება N 14732

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 27.06.2023
№ დოკუმენტი 14732
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N14732

27.06.2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის:--------)

2023 წლის 17 მაისის საჩივრის

განუხილველად დატოვების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 ივნისის სხდომაზე (ოქმი №65) იმსჯელა შპს „------“ (ს/ნ -----) 2023 წლის 17 მაისის №83578/21-11 საჩივარზე, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 3 ნოემბრის №001-96 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურს ან აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ შესრულებულია შემდეგი პირობები: ა) პირს 2-ჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა; ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია. ხოლო ამავე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ან აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შპს „-----“ (ს/ნ ------), მის მიმართ შედგენილი 2014 წლის 27 ოქტომბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, „გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ“ აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 3 ნოემბრის №45475 ბრძანება და ამავე თარიღის №001-96 საგადასახადო მოთხოვნა წერილობითი ფორმით 2-ჯერ (2014 წლის 11 ნოემბერს და 19 ნოემბერს) გაეგზავნა საფოსტო დაწესებულების საშუალებით იურიდიულ მისამართზე (ქ. თბილისი, --------), თუმცა ადრესატისთვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, 2014 წლის 3 დეკემბერს განხორციელდა აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელება და ჩაბარებულად ჩაითვალა 2014 წლის 23 დეკემბერს. გადასახადის გადამხდელი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 3 ნოემბრის №001-96 საგადასახადო მოთხოვნას ელექტრონული ვებგვერდის საშუალებით გაეცნო 2023 წლის 22 აპრილს, ხოლო შემოსავლების სამსახურში საჩივარი წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2023 წლის 17 მაისს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი. შემოსავლების სამსახური იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ გადასახადის გადამხდელს, მის მიმართ შედგენილი 2014 წლის 27 ოქტომბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, „გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ“ აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 3 ნოემბრის №45475 ბრძანება და ამავე თარიღის №001-96 საგადასახადო მოთხოვნა წერილობითი ფორმით 2-ჯერ იურიდიულ მისამართზე გაეგზავნა საფოსტო დაწესებულების საშუალებით, განმარტავს, რომ მართლზომიერად განხორციელდა სადავო საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელება. მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი წარმოდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ წარმოუდგენია პოზიცია გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით გამოწვევასთან დაკავშირებით, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შპს „------“ (ს/ნ ------) საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 3 ნოემბრის №001-96 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1.შპს „------“ (ს/ნ -----) საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2.აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში

 

სადავო საკითხი:

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე განიხილა გადასახადის გადამხდელის საჩივარი, რომელიც შეეხებოდა აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შედეგად გამოცემული საგადასახადო მოთხოვნის მართლზომიერების შესახებ, თუმცა საბჭომ იმსჯელა აღნიშნული საჩივრის დასაშვებობის თაობაზე.

 

ფაქტობრივი გარემოება:

 

აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და ამავე თარიღის საგადასახადო მოთხოვნა წერილობითი ფორმით 2-ჯერ (2014 წლის 11 ნოემბერს და 19 ნოემბერს) გაეგზავნა საფოსტო დაწესებულების საშუალებით იურიდიულ მისამართზე , თუმცა ადრესატისთვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, 2014 წლის 3 დეკემბერს განხორციელდა აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელება და ჩაბარებულად ჩაითვალა 2014 წლის 23 დეკემბერს. გადასახადის გადამხდელი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნას ელექტრონული ვებგვერდის საშუალებით გაეცნო 2023 წლის 22 აპრილს, ხოლო შემოსავლების სამსახურში საჩივარი წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2023 წლის 17 მაისს.

 

გადაწყვეტილება:

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი წარმოდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ წარმოუდგენია პოზიცია გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით გამოწვევასთან დაკავშირებით, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

 

დასაბუთება:

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე, 301-ე მუხლები.