გადაწყვეტილება №21285/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21285/2/2023
01 თებერვალი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 10.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (№21285/2/2023).
დავის საგანი:
დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 3.10.2023 წლის №039-18 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 23.10.2023 წლის №26055 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 15 627,96 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 10 183
ჯარიმა - 5 192
საურავი - 252,96
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის თემატური კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2023 წლის ივნისის თვის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 29.09.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ შპს „----------" (ს/ნ ----------) წარდგენილი ჰქონდა 2023 წლის ივნისის თვის დღგ-ის დეკლარაცია, სადაც მითითებული იყო დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 48 363 ლარი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურებით ან/და სასაქონლო ზედნადებებით განხორციელებულმა დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების თანხამ აღნიშნულ პერიოდზე შეადგინა 104 940 ლარი. კერძოდ:
- 2023 წლის ივნისის თვეში შპს „----------" (ს/ნ ----------) მიერ შპს „----------“ გაწეული იყო მომსახურება ---------- საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოები, რაზეც გამოწერილი იყო ანგარიშ-ფაქტურა ეა----------, მომსახურება დღგ-ის გარეშე შეადგენდა 56 577 ლარს. აღნიშნული თანხა არ იყო ასახული დღგ-ის დეკლარაციაში. ამასთან, შპს „----------" (ს/ნ ----------) მიერ დღგის დეკლარაციაში ანგარიშ-ფაქტურების რეესტრით არ იყო ასახული სერია ეა---------- ანგარიშფაქტურა, რაზეც გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის მიხედვით.
შემოწმების აქტის საფუძველზე 3.10.2023 წელს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №24355 ბრძანება და გადასახადის გადამხდელს წარედგინა 3.10.2023 წლის №039-18 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 9.10.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 23.10.2023 წლის №26055 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი ითხოვს გათავისუფლდეს 5192.00 ლარიანი ჯარიმისგან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, ვინაიდან მათი მხრიდან ადგილი არ ჰქონია წინასწარ განზრახვას სამართალდარღვევის ჩადენისა და აღნიშნული ჩადენილია მხოლოდ შეცდომით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
მომჩივანი არ უარყოფს სამართალდარღვევის ფაქტს. შემოწმების აქტით ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში პირის მიერ გაწეული იყო დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ოპერაცია და წარდგენილი იყო დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაცია, რომელშიც აღნიშნული ოპერაციის თანხა არ იყო ასახული.
გადასახადი გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.
ამგვარად, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანი არ უარყოფს სამართალდარღვევის ფაქტს. შემოწმების აქტით ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში პირის მიერ გაწეული იყო დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ოპერაცია და წარდგენილი იყო დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაცია, რომელშიც აღნიშნული ოპერაციის თანხა არ იყო ასახული. გადასახადი გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არ არსებობს დაკისრებული სანქციისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7).