გადაწყვეტილება №23855/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23855/2/2024
26 ნოემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს -------ა (ს/ნ --------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ას 3.09.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23855/22024).
დავის საგანი:
განაწილებულ მოგებაზე (გაცემულ დივიდენდზე) მოგების გადასახადის და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 5.07.2024 წლის №039-16 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 15.08.2024 წლის №18824 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 419 126 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 236 857
დღგ - 1 712
მოგების გადასახადი - 103 392
საშემოსავლო გადასახადი - 131 753
ჯარიმა - 118 616
საურავი - 63 653
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.03.2021 წლიდან 1.03.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 28.06.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელის წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში გაცემული ჰქონდა დივიდენდი,რომელიც არ იყო მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით დაბეგრილი. გაანალიზდა მოგების გადასახადის ჩათვლის საკითხი წინა პერიოდების მონაცემების მიხედვით და დაანგარიშდა ჩასათვლელი თანხის ოდენობა.
საგადასახადო კოდექსის 97-ე, 981 და 130-ე მუხლების საფუძველზე საწარმოს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები და განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე, გამოიცა 5.07.2024 წლის №15929 ბრძანება და №039-16 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 15.08.2024 წლის №18824 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 15.08.2024 წლის №18824 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 981 მუხლის პირველი ნაწილით, 309-ე მუხლის 92-ე ნაწილით, ამავე მუხლის 93-ე ნაწილით, მე-8 მუხლის მე-12 ნაწილით, ამავე მუხლის 43-ე ნაწილით, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 401 მუხლის მე-6 პუნქტით, საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების თანახმად, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში გაცემული ჰქონდა დივიდენდი, რომელიც არ იყო დაბეგრილი. ამასთან, შემოწმების მიერ, წინა პერიოდების მონაცემების გათვალისწინებით, გაანალიზდა მოგების გადასახადის ჩათვლის საკითხი და დაანგარიშდა ჩასათვლელი თანხის ოდენობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, პირს დაერიცხა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადები.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტებზე, რომელთა თანახმადაც, შესამოწმებელ პერიოდში დივიდენდები გაცემულია 2016 წლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან. ამასთან, მომჩივანი მიუთითებს, რომ შემოწმებამ, მოცემული პერიოდის ანალიზისას, არ გაითვალისწინა საწარმოს მიერ გაწეული მთელი რიგი ხარჯები, როგორიცაა: ძირითადი საშუალებების შეძენის ხარჯი, ფ/პ-ის მიერ გაწეულ მომსახურებებზე გადახდილი თანხები, საიჯარო ქირა და სხვა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები; დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის განმარტებით, 2011 წლიდან 2016 წლის ჩათვლით შემოსავლების სამსახურში წარდგენილი ყოველწლიური დეკლარაციებით დასაბეგრი მოგება წარდგენილი აქვს 2661437 ლარის ოდენობით, რაზედაც დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადი შეადგენს 399211 ლარს, გასანაწილებელი მოგება წარდგენილი დეკლარაციებით შეადგენს 2622226 ლარს. აღნიშნული მოგებიდან საზოგადოებას დამფუძნებელ პარტნიორზე გაცემული აქვს 699157 ლარის დივიდენდი. საწარმოს 1.01.2021 წლის მდგომარეობით ფინანსური შედეგებით ერიცხება წლების მიხედვით დაგროვილი 586373 ლარის გაუნაწილებელი მოგება და 47035 ლარის 2020 წლის დაუფარავი ზარალი. მათ შორის 2016 წლამდე მიღებული გაუნაწილებელი მოგება შეადგენს 333199 ლარს, 2016 წელს მიღებული მოგება 137690 ლარს, 2017 წლის მოგება - 21226 ლარს, 2018 წლის მოგება - 42803 ლარს და 2019 წელს მიღებული მოგება 51415 ლარს. ამავე პერიოდისათვის საზოგადოებას ერიცხება 708610 ლარის აქტივი, მათ შორის: 16784 ლარის ფულადი სახსრები, ძირითადი საშუალებები 609510 ლარის (ისტორიული ღირებულებით), სასაქონლო მატერიალური მარაგები 99485 ლარის, არამატერიალური აქტივები 36 043 ლარის და ავანსად გადახდილი მოგების გადასახადი 289421 ლარის. 1.01.2017 წლისათვის საზოგადოებას ბალანსზე აქტივების სახით ერიცხება 760085 ლარის აქტივი. მათ შორის: ფულადი სახსრები 191242 ლარის და ძირითადი საშუალებები 506820 ლარის (ისტორიული ღირებულებით). ავანსად გადახდილი მოგების გადასახადი 289421 ლარის. ამავე პერიოდისათვის პასივის მხარეს ერიცხება გაუნაწილებელი მოგება 760045 ლარის ოდენობით. აქედან გამომდინარე, განმარტავს, რომ კომპანიას 2017 წლამდე პერიოდში საქმიანობიდან გაცილებით მეტი მოგება აქვს მიღებული, ვიდრე 2017, 2018, 2019 და 2020 წლებში. შესაბამისად 1.01.2021 წლისთვის გაუნაწილებელი მოგების ნაშთი ეკუთვნის 2016 წლის ჩათვლით პერიოდს, შესაბამისად აქტივების ძირითადი ნაწილი მოდის 2017 წლამდე პერიოდიდან. შესამოწმებელ პერიოდში მის მიერ გაცემულია დამფუძნებელ პარტნიორზე დივიდენდი, თუმცა საწარმოს მიერ საგადასახადო ვალდებულება დეკლარაციის წარდგენის მიზნით არ არის განხორციელებული.
აღნიშნული დივიდენდი მიეკუთვნება 2016 წლის ჩათვლით მიღებული გასანაწილებელი მოგებიდან მიღებულ განაცემს, თუმცა შემმოწმებლების მიერ გათვალისწინებული იყო 380336 ლარი 2016 წლის ჩათვლით მიღებული გასანაწილებელი მოგებიდან და აღნიშნულ თანხაზე იყო მოგების გადასახადის ჩათვლა განხორციელებული. მის მიერ შემმოწმებლებზე წარდგენილი იქნა 2016, 2017, 2018, 2019, 2020 წლების კომპანიის საბუღალტრო წლიური ბრუნვითი უწყისები 2021 წლის პირველი იანვრისათვის პერიოდზე გასანაწილებელი მოგების ნაშთის განსაზღვრის მიზნებისათვის, თუმცა შემმოწმებლებმა აღნიშნული პერიოდის ანალიზისას არ გაითვალისწინეს რიგი გაწეული ხარჯები, მათ შორის: ფ.პ. -------ის (პ/ნ ------------) მიერ სხვადასხვა წლებში მოწოდებული სამსხვრეველას მეორადი ნაწილების შეძენისა და მონტაჟის ღირებულება 60000 ლარის ოდენობით; ფ.პ. -------------ის (პ/ნ----------------) მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების საფასური 45000 ლარი; შპს „---------თვის“ გადახდილი საიჯარო ქირის (ტერიტორიის იჯარა ტრანსპორტის განთავსებისათვის) საფასური 12000 ლარი, რაზეც წარმოგიდგენთ საჯარო რეესტრის ამონაწერს შპს „--------ის“ მიერ ტერიტორიის იჯარის შესახებ, რითაც დასტურდება შპს „--------ს“ ტერიტორიის ფლობა (იხ. დანართი 1,2,3), ხოლო რიგი სხვა ხარჯების ოდენობები ჩვენთვის გაურკვეველია რა მიზეზით არ არის გათვალისწინებული. 2018-2019 წლებში სს „---------სგან“ ლიზინგის წესით ორი ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული აქვს 2 ერთეული სატრანსპორტო საშუალება თანხით 330,337,22 ლარი (მ.შ. დღგ 50390,46 ლარი), რომელიც შესაბამისად მონაწილეობას იღებდა 2018 და 2019 წლების მოგების ფორმირებაში, თუმცა შემმოწმებლების მიერ წარმოდგენილ წინა წლების ანალიზში ჩვენთვის გაურკვეველია თუ რა ფორმით და რა ოდენობით იღებს მონაწილეობას ლიზინგის მომსახურება. გარდა აღნიშნულისა 2016 წლის შემდგომ პერიოდებში საწარმოს მიერ რიგი აქტივების შეძენა მოხდა 2017 წლამდე მიღებული გაუნაწილებელი მოგებიდან. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ძირითადი საშუალებებს წლების განმავლობაში ერიცხებოდა ამორტიზაცია და შესაბამისად ყოველწლიურად დარიცხული ცვეთა გამოიქვითებოდა შესაბამისი წლების მიხედვით მოგებიდან. ხოლო დაგროვილი ცვეთა აღირიცხებოდა ბალანსის შესაბამის მუხლში. ძირითადი საშუალებების გასვლის (რეალიზაცია, ჩამოწერა) შემთხვევაში დარიცხული ცვეთა ბუღალტრულად აღიარდება, როგოც არასაოპერაციო შემოსავალი, რომელიც თავის მხრივ მონაწილეობას ღებულობს საზოგადოების მოგების ფორმირებაში. აქედან გამომდინარე 2017 წლიდან შესამოწმებელ პერიოდის დასრულებამდე საზოგადოების მიერ რეალიზებული იქნა 2017 წლამდე მიღებული გაუნაწილებელი რიგი აქტივების გასვლა (რეალიზაცია), რომელმაც მონაწილეობა მიიღო შესაბამისი პერიოდის მიხედვით გაუნაწილებელი მოგების ფორმირებაში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიაჩნია, რომ შესამოწმებელ პერიოდში გაცემული დივიდენდები მიეკუთვნება 2016 წლის ჩათვლით მიღებული გასანაწილებელი მოგებიდან მიღებულ განაცემს. აქედან გამომდინარე მოითხოვს, რომ გათვალისწინდეს ზემოთ აღნიშნული პოზიცია საგადასახადო ვალდებულების შესრულების მიზნებისათვის.
მომჩივანმა 17.10.2024 წელს წარმოადგინა დამატებით (დაზუსტებული) №24126/2/2024 საჩივარი, სადაც განმარტავს, რომ გარდა ზემო აღნიშნულისა საგადასახადო შემოწმების შემდგომ გამოვლინდა ახალი გარემოებები, კერძოდ, საზოგადოების დირექტორის --------ის მიერ შესამოწმებელ პერიოდზე შემოწმების დასრულების შემდგომ ბუღალტერიაში წარმოდგენილი იქნა გამორჩენილი დოკუმენტები საერთო თანხით 176 500 ლარის (იხილეთ დანართი ფიზიკური პირებთან. -----------თან (პ.ნ.----------) და ----------თან (პ.ნ.---------) გაფორმებული ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები და სალაროს გასავლის ორდერები), რომლებიც შემმოწმებლებზე მიწოდებულ საბუღალტრო დოკუმენტაციაში და საბუღალტრო ბაზებში არ იყო ასახული, რომლის ბუღალტერიაში ასახვაც მნიშვნელოვნად შეამცირებდა საგადასახდო მიზნებისათვის დასარიცხ დასაბეგრ ბაზას. აღნიშნული თანხა სხვადასხვა პერიოდში სალაროს ოპერაციებში ჩათვლილი იქნა მის მიერ, როგოც დამფუძნებელზე გაცემული დივიდენდი, თუმცა ახალი გარემოებების აღმოჩენის გამო 176 500 ლარი შესამოწმებელ პერიოდში ჩათვლილი უნდა იყოს საზოგადოების მიერ გაწეულ ხარჯებზე გადახდილი თანხები. აქედან გამომდინარე, ითხოვს დავის განხილვისას გათვალისწინდეს მისი მოსაზრება და 176 500 ლარზე გაცემული დივიდენდი ჩაითვალოს, როგორც მომწოდებლების მიერ გაწეულ მომსახურებაზე გადახდილი ანაზღაურება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თვლის, რომ შესამოწმებელ პერიოდში გაცემული დივიდენდები მიეკუთვნება 2016 წლის ჩათვლით მიღებული გასანაწილებელი მოგებიდან მიღებულ განაცემს. აქედან გამომდინარე, მოითხოვს, რომ გათვალისწინდეს ზემოთ აღნიშნული პოზიცია საგადასახადო ვალდებულების შესრულების მიზნებისათვის.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება. საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე ნაწილის თანახმად, თუ რეზიდენტი საწარმო დივიდენდს გაანაწილებს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან, მას უფლება აქვს, ჩაითვალოს ამ პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის მიხედვით გადასახდელი თანხისა.ამავე მუხლის 93-ე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის 92-ე ნაწილით გათვალისწინებული ჩასათვლელი თანხა გამოიანგარიშება ფორმულით − A×B / (C-D), სადაც: A არის დივიდენდის სახით გასანაწილებელი თანხის ოდენობა; B არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა; C არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ოდენობა; D არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ხარჯზე დივიდენდის სანაცვლოდ საწარმოს მიერ პარტნიორისთვის გადაცემული ამ საწარმოს აქციების/წილის ღირებულება.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 401 მუხლი არეგულირებს მოგების გადასახადის დეკლარაციის შევსების წესს. აღნიშნული მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, დეკლარაციის მე-3 ნაწილის დანართი №1, რომელიც განსაზღვრავს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილებისას ამავე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის ჩასათვლელ თანხას, ივსება შემდეგნაირად:
ა) პირველ სტრიქონში მიეთითება საანგარიშო პერიოდში დივიდენდის სახით განაწილებული თანხის ოდენობა, რომელიც ექვემდებარება დაბეგვრას;
ბ) მე-2 სტრიქონში მიეთითება 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა;
გ) მე-3 სტრიქონში მიეთითება 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ოდენობა ჯამურად (მათ შორის, უარყოფითი ფინანსური შედეგის (ზარალი) გათვალისწინებით);
დ) მე-4 სტრიქონში მიეთითება 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ხარჯზე დივიდენდის სანაცვლოდ საწარმოს მიერ პარტნიორისთვის გადაცემული ამ საწარმოს აქციების/წილის ღირებულება;
ე) მე-5 სტრიქონში მიეთითება საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 93-ე ნაწილის მიხედვით ჩასათვლელი თანხა, რომელიც წარმოადგენს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილებისას ამავე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხას. აღნიშნული თანხის ოდენობა იანგარიშება პირველი და მე-2 სტრიქონების ნამრავლის გაყოფით მე-3 და მე-4 სტრიქონების სხვაობაზე.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილიგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე. ამავე მუხლის 43-ე ნაწილის თანახმად, წმინდა მოგება არის მოგება, რომელიც შესაძლებელია განაწილდეს დივიდენდის სახით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5- პროცენტიანი განაკვეთით.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.
შემოწმებით დადგინდა, რომ მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში გაცემული ჰქონდა დივიდენდი, რომელიც არ იყო მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით დაბეგრილი. შემოწმების მიერ, გაანალიზდა მოგების გადასახადის ჩათვლის საკითხი წინა პერიოდების მონაცემების ანალიზით და გაანგარიშდა ჩასათვლელი თანხის ოდენობა. საგადასახადო კოდექსის 97-ე, 981 და 130-ე მუხლების საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა შესაბამისი გადასახადები.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭოს სხდომაზე, სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას, მომჩივანმა განაცხადა, რომ საგადასახადო შემოწმების შემდგომ გამოვლინდა ახალი გარემოებები, კერძოდ, საწარმოს ბუღალტერიაში წარმოდგენილი იქნა გამორჩენილი დოკუმენტები საერთო თანხით 176 500 ლარის (--------თან და --------სთან გაფორმებული ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები და სალაროს გასავლის ორდერები), რომლებიც შემმოწმებლებზე მიწოდებულ საბუღალტრო დოკუმენტაციაში და საბუღალტრო ბაზებში არ იყო ასახული, რომლის ასახვაც მნიშვნელოვნად შეამცირებდა დასარიცხ დასაბეგრ ბაზას. აღნიშნული თანხა სხვადასხვა პერიოდში სალაროს ოპერაციებში ჩათვლილი იქნა, როგორც დამფუძნებელზე გაცემული დივიდენდი, თუმცა ჩათვლილი უნდა იყოს კომპანიის მიერ გაწეულ ხარჯებზე გადახდილი თანხები. გამომდინარე აქედან, მოითხოვა მისი გათვალისწინება და 176 500 ლარზე გაცემული დივიდენდი ჩაითვალოს, როგორც მომწოდებლების მიერ გაწეულ მომსახურებაზე გადახდილი ანაზღაურება.
საბჭო გადაწყვეტილების მიღებისას ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე და სადავო საქმეზე მის მიერ 17.10.2024 წელს დამატებით წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, რომლის შესწავლა და შესაბამისად, შეფასება შემოსავლების სამსახურს არ მოუხდენია, ვინაიდან აღნიშნული არგუმენტები/მასალები წარმოდგენილია შემოსავლების სამსახურის 15.08.2024 წლის №18824 ბრძანების გამოცემის შემდეგ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მასალების, მითითებული ფაქტობრივი გარემოებების, სამართლებრივი ნორმების და მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი (17.10.2024 წელს №24126/2/2024 საჩივრით დამატებით წარმოდგენილი არგუმენტების და მტკიცებულებების ნაწილში), მომჩივნის მონაწილეობით, განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 15.08.2024 წლის №18824 ბრძანება;
3. საჩივარი, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, მომჩივნის მონაწილეობით, განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
განაწილებულ მოგებაზე (გაცემულ დივიდენდზე) მოგების გადასახადის და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.03.2021 წლიდან 1.03.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ
გადასახადის გადამხდელის წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში გაცემული ჰქონდა დივიდენდი,რომელიც არ იყო მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით დაბეგრილი. გაანალიზდა მოგების გადასახადის ჩათვლის საკითხი წინა პერიოდების მონაცემების მიხედვით და დაანგარიშდა ჩასათვლელი თანხის ოდენობა.
საგადასახადო კოდექსის 97-ე, 981 და 130-ე მუხლების საფუძველზე საწარმოს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები და განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე, გამოიცა №15929 ბრძანება და №039-16 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის №18824 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით, განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 97(1 „ა“); 981(1); 130(1); 154(1 „ზ“); 309( 92);